წმინდა ვუკაშინი სერბი გახლდათ, მანდარაპების - ვაჭართა ძველი გვარისა, წარმოშობით სერბეთის ჰერცეგოვენის სოფელ კლეპაციდან.
როცა გაიზარდა, მშობლიური სოფელი დატოვა და ფულის საშოვნელად ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ჩავიდა, სადაც ხელი ვაჭრობას მიჰყო. 1941 წლის ივნისში ახალშექმნილი ხორვატიის სახელმწიფოს მეთაურმა სერბების გენოციდი წამოიწყო. მაშინ ბევრმა ქალაქი დატოვა, ზოგი სერბეთში გაიქცა, ზოგმა ტყეს შეაფარა თავი, ხოლო წმინდა ვუკაშინი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. ხორვატმა უსტაშებმა ვუკაშინის ოჯახის ყველა წევრი მოკლეს, თვითონ ვუკაშინი სხვა სერბებთან ერთად იასენოვაცის საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს. 1943 წლის იანვარში იგი სასტიკად მოკლა იასენოვაცის უსტაშების ბანაკის ჯალათმა ჟილო ფრიგნოვიჩმა.
ჯალათის მოწმობა (ჩაიწერა ექიმმა ნედო ზეცემ).
- აგვისტოში ბევრი ტყვე მოიყვანეს. იერე მარიჩიჩმა სამი ათასი ტყვის მოსაკლავად გამაგზავნა. ჩვენ - პერო ბრზიცამ, ზრინუშიჩმა, შიპკამ და მე ნაძლევი დავდეთ, ვინ მეტ ტყვეს მოკლავდა ღამის განმავლობაში. სასაკლაო გაიმართა, უკვე ერთ საათში მოკლულების რიცხვით სხვებს გავუსწარი. იმ ღამეს აღფრთოვანებული ვიყავი, მეჩვენებოდა, თითქოს მიწას მოვწყდი და ზეცაში დავფრინავდი: მანამდე ასეთი ნეტარება არასოდეს განმიცდია. რამდენიმე საათში ათასზე მეტი კაცი მოვკალი, მაშინ როცა ჩემმა მეტოქეებმა 300-400 კაცი გამოასალმეს წუთისოფელს. ამ სრული ნეტარებისას, თვალი მოვკარი მოხუც გლეხს, რომელიც ენით აუწერელი სიმშვიდით უცქერდა ერთიმეორის მიყოლებით როგორ ვხოცავდი ხალხს და ისინი საშინელი სიკვდილით კვდებოდნენ. მისმა მზერამ ერთ ადგილზე გამაშეშა, რამდენიმე წამი ვერ გავინძერი.
თავი ხელში ავიყვანე და მივედი მისი ვინაობის გასაგებად. მითხრა, ვუკაშინი მქვია, სოფელ კლეპაციდან ვარ, ნათესავები ყველანი უსტაშებმა დამიხოცეს, მე კი იასენოვეცში გამომგზავნესო. ამას ისე მშვიდად ამბობდა, ხალხის კვნესა-ყვირილზე მეტად იმოქმედა ჩემზე. ვუსმენდი მოხუცს და ვუცქერდი მის ზეციურ წმინდა თვალებს, უეცრად დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა, ეს მისი, ჩემთვის მიუწდომელი სიმშვიდე დამერღვია, რათა მისი ტანჯვით, კვნესითა და წამებით დავბრუნებოდი სისხლის ღვრითა და ხალხის კვნესა-ვაებით ჩემს ძველებურ ნეტარ მდგომარეობას.
განზე გავიყვანე, ხვირთქლზე დავსვი და ვუბრძანე, ეყვირა - "გაუმარჯოს პაველიჩს!" თუ არა და, ყურის მოჭრით დავემუქრე. ვუკაშინი დუმდა, ერთი ყური მოვაჭერი. კვლავ ვუბრძანე, პაველიჩი განედიდებინა, დუმდა. მეორე ყურიც მოვაჭერი. დაიყვირე, თორემ ცხვირს მოგაჭრი-მეთქი. მოხუცი ხმას არ იღებდა. ცხვირი მოვაჭერი. მეოთხედ - გულს ამოგაცლი-მეთქი, ვუყვირე. გამჭოლი მზერით შემომხედა, თითქოს მე კი არა, სადღაც მარადისობაში იყურებოდა და მშვიდად, მკაფიოდ წარმოთქა: "შვილო, გააკეთე შენი საქმე!"
ამ სიტყვებმა სულმთლად გადამრია, ვეცი, თვალები ამოვჩიჩქნე, გული ამოვაცალე, ყელი გამოვჭერი და წიხლის კვრით ორმოში ჩავაგდე. ამ დროს თითქოს შიგნით რაღაც ჩამწყდა. კაცის კვლა მეტად აღარ შემეძლო. პერო ბრზიცამ მოიგო სანაძლეო - 1350 ტყვე მოკლა, მდუმარედ ჩავუთვალე წაგებული თანხა. მას მერე სიმშვიდე დავკარგე. სმა დავიწყე, უფრო და უფრო ბევრს ვსვამ, ალკოჰოლი ცოტა ხნით მავიწყებს, მაგრამ მთვრალსაც მესმის ეს ხმა: "შვილო გააკეთე შენი საქმე!" ამ დროს კედლებს ვეხლები, გავრბივარ ქუჩაში და გზად რაც და ვინც შემხვდება, ყველას ვურტყამ. ღამე ძილი არა მაქვს, ჩამეძინება თუ არა, ვხედავ მოხუცს და მესმის მისი აუტანელი ნათქვამი: "შვილო, გააკეთე შენი საქმე!" მე უძლური ვარ ამ კოშმართან. დღედაღამ თან მდევს ნათელი, მშვიდი სახე კლეპცელი ვუკაშინისა".
1998 წლის 22 მაისს სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ვუკაშინ მანდრაპი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 16 მაისი დააწესა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი