ძველი სტილით 23 მარტს ეკლესია იხსენიებს III საუკუნის მღვდელმოწამე ნიკონს თავის 199 ბერთან ერთად. წმინდა ნიკონი ქალაქ ნეაპოლში დაიბადა.
მისი მშობლები კეთილშობილი ადამიანები იყვნენ. მამა წარმართი გახლდათ, დედა - ქრისტიანი. ნიკონი მამის სარწმუნოებისამებრ იზრდებოდა. სრულწლოვანი - ჯარისკაცი გახდა. გარდა სიმამაცისა, გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა. ნიკონი რომის ერთ-ერთ პოლკში მსახურობდა და გამორჩეული ოფიცერი იყო. ამასობაში მამა გარდაეცვალა. ნიკონს სურდა, ოჯახისთვის ძველი დიდება შეენარჩუნებინა და კვლავ ანთხევდა სისხლს სამშობლოსთვის. დედის გული კი შიშით ძრწოდა, ვაითუ ჩემი შვილი ამ ბრძოლებში, როგორც კერპთაყვანისმცემელი, მოკვდესო. ის ხომ მამამისს წარმართული წესებით ჰყავდა აღზრდილი, ყრმობაში დედას მისთვის ქრისტიანობის სწავლების ნება არ ჰქონდა. მოიზარდა, დაკაცდა და სულ ბრძოლის ველზე იყო. ეს სოფელიც თავისი საცთურებით ახშობდა მასში რწმენის ნატამალს. ბევრჯერ სცადა დედამ მისი მოქცევა ჭეშმარიტებისკენ, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, ქალი ღვთის ნებას მიენდო, შვილს კი უთხრა: "ჩემო საყვარელო შვილო, ვერ დაგარწმუნე საუკუნო სიცოცხლის სიყვარულში. ერთს გთხოვ, თავს გაუფრთხილდი. თუკი ბრძოლის ველზე ხიფათს და განსაცდელს გადაეყრები, ხშირად გარდაისახე ჯვარი, მისი ძალით არც ტყვედ ჩავარდები და ვერც მტრის მახვილი მოგაყენებს სასიკვდილო ჭრილობას. როცა სასიკვდინე საფრთხე შეგემთხვევა, ჯვარი გამოისახე და ნახავ, თუ რომელია ჭეშმარიტი ღმერთი და ვის უნდა ეთაყვანოო".
დედის რჩევამ მალევე იხსნა ვაჟი. რომის ჯარმა ბარბაროსებზე გაილაშქრა. საშინელი სისხლის მღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. მოხდა ისე, რომ ნიკონი მარტო დარჩა მტრის ალყაში. საცაა, მტრის ისარი განგმირავდა. გაახსენდა დედის დარიგება. გამოისახა პატიოსანი ჯვარი და წამოიძახა: "ყოვლადძლიერო იესო, გამოაჩინე ძალი შენი, რათა შენი მონა შევიქმნაო". მერე კი ვაჟკაცურად შეერკინა მტერს. მისი მახვილით მოკლული 180 მტრის ჯარისკაცი დაეცა ბრძოლის ველზე, თვითონ კი უვნებელი გამოვიდა და თავისი გმირობით თანამემამულენიც განამხნევა.
ამ ბრძოლის შემდეგ ნიკონმა ხმამაღლა ადიდა ღმერთი. გაოცებას მისი მეომრებიც ვერ მალავდნენ, ამბობდნენ, რომ ნამდვილი სასწაული იხილეს. ლაშქრობიდან ნიკონი შინ დაბრუნდა. ჩაეკონა დედას და უთხრა: - დიდია ქრისტიანთა ღმერთი. ამიერიდან მეც მისი მონა ვარ და შენთან ერთად შევაჩვენებ წარმართთა რწმენასო.
გახარებულმა დედამ წამოიძახა:
- გმადლობ, ყოვლადწმინდა უფალო, შენ გსურს ყველას ხსნა და ყველასთვის ჭეშმარიტი გზის ჩვენება. ახლა ჩემი ვაჟი მიიღებს წმინდა ნათლობას და განიწმინდება ცოდვებისგან, ასწავლე მას, აღასრულოს შენი ნება და იაროს ჭეშმარიტების გზით".
ნიკონმა დედას ჰკითხა როგორ უნდა გამხდარიყო ქრისტიანი. ქალმა მიუგო:
- ორმოცი დღე გჭირდება, რომ ნათლისღებისთვის მოემზადო, მღვდელმა უნდა შეგასწავლოს რწმენის საფუძვლები. შემდეგ უარყოფ ეშმაკს და მის საქმეებს და მოინათლები წყლითა და სულიწმიდით. გახდები უფალი იესო ქრისტეს მონა.
- მირჩევნია, ქრისტეს მონა ვიყო, ვიდრე კერპთაყვანისმცემელი და უსულო ქვებს ვცე თაყვანი. ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს შევუდგები და მისი მონა ვიქნები, ვიდრე აღსასრულამდე, - მტკიცედ თქვა ნიკონმა, - შენ კი ილოცე დედაჩემო, რათა უფლის ანგელოზმა მაპოვნინოს ღირსეული ღვთისმსახური, რომელიც მომნათლავს და მასწავლის უფლის მცნებებს.
დედამ სთხოვა ნიკონს, ნათლისღების შემდეგ კვლავ დაბრუნებულიყო შინ და დაემარხა დედა. ქალი გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს. ასე წავიდა ნიკონი დედის რჩევით მღვდლის საძებნელად. იმდროინდელი დევნულობის გამო ხუცესის პოვნა ერთობ ძნელი იყო. წმინდა ნიკონმა კუნძულ ქიოსს მიაღწია, მაღალ მთაზე ავიდა, რვა დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა და უფალს შეევედრა, შემწეობა აღმოეჩინა. მას ანგელოზი გამოეცხადა და გზა ასწავლა. წმინდა ნიკონმა განოსის მთას მიაშურა, სადაც ბერები იმალებოდნენ. ბერებს ფარულად მონასტერი ჰქონდათ მთაზე, მათი იღუმენი ეპისკოპოსი თეოდოსი იყო. მღვდელმთავარმა უფლის ანგელოზისგან იცოდა ნიკონის შესახებ, ამიტომ პირველად ის შეეგება ყოფილ ჯარისკაცს მთაზე, მიიღო თავის საძმოში და მონათლა კიდეც. ეპისკოპოს თეოდოსისაგან ნათელღებული ნიკონი ბერად აღიკვეცა. ბერი ნიკონი მთის ერთ გამოქვაბულში ცხოვრობდა და მოძღვრის კურთხევას ასრულებდა. მოშურნეობით და ღვაწლით ბერებს და ეპისკოპოსსაც კი აოცებდა. მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, ბევრს კითხულობდა... მონასტრის ძმებს ხშირად ის უფლის ანგელოზიც კი ეგონათ, იმდენად სათნოდ ცხოვრობდა.
სამი წლის შემდეგ ეპისკოპოს თეოდოსის ძილში გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა:
- შენს გარდაცვალებამდე ეპისკოპოსად დაასხი ხელი ბერ ნიკონს, რომელიც შენვე მონათლე. მიეცი კურთხევა, რომ შენი ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ ბერებთან ერთად დატოვოს ეს მთა და გადავიდეს სიცილიაში, რათა გადაურჩნენ ბარბაროსების მახვილს. ამ მთაზე მალე გამოჩნდებიან ბარბაროსები.
თეოდოსიმ აღასრულა ღვთის ნება, ნიკონი მღვდელმთავრად აკურთხა და გარდაიცვალა. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ნიკონი 190 ძმასთან ერთად სიცილიაში წავიდა. ღვთის ნებით, მშობლიურ ნეაპოლში აღმოჩნდა და სულთმობრძავ დედას მიუსწრო. დედამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები შვილის გვერდით გაატარა და ლოცვით აღესრულა.
ქალაქში წმინდა ნიკონის მოსვლა ყველამ გაიგო. წმინდა მამასთან მივიდა მისი თანამებრძოლი ცხრა მხედარი. თანამებრძოლები პირადად გაესაუბრნენ მღვდელმთავარს.
- გვითხარი, საიდან აღმოგაჩნდა მაშინ ბრძოლისას ის არაადამიანური ძალა და მამაცობა, რომელმაც 180 მხედარზე გაძლევინა? ჩვენც გვასწავლე, როგორ გავხდეთ ეგეთები, - უთხრეს ჯარისკაცებმა წმინდა ნიკონს.
- ძმებო! - უპასუხა მათ ეპისკოპოსმა, - დამიჯერეთ, არც მისნობა და არც სხვა რამ არ დამხმარებია ბრძოლის დროს. სიმამაცე და ძალა მხოლოდ იესო ქრისტეს ჯვარმა მომანიჭა. უფლის ჯვარი უძლეველობის ნიშანია. მან ხომ ჯვრით სიკვდილს სძლია და ეშმაკი დაამარცხა. მისი ჯვრის ძალა და მადლი დამეხმარა მეც.
ეპისკოპოსთან საუბრის შემდეგ მეომრებმა ირწმუნეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ნათელიღეს და თან გაჰყვნენ მას სიცილიაში. წმინდა ნიკონი ძმებთან ერთად დასახლდა მდინარე ასინოსის ახლოს მდებარე უდაბნოში.
რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. სიცილიის მმართველს, კვინტიანს, შეატყობინეს, რომ მახლობლად ცხოვრობდა ეპისკოპოსი მრავალრიცხოვან საძმოსთან ერთად. მმართველმა ბრძანა ეპისკოპოს ნიკონის შეპყრობა საძმოსთან ერთად და მათი გასამართლება. კვინტიანმა უამრავი მეომარი გაგზავნა მდინარე ასინოსის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა მღვდელმთავრის შესაპყრობად. როდესაც იქ მივიდნენ, სიცილიის მმართველის მეომრებმა იკითხეს: "სად ცხოვრობს ნიკონი თავის მეგობრებთან ერთად? რატომ არ ემორჩილება ის მეფეს, რატომ არ სცემს თაყვანს ღმერთებს?"
წმინდა ნიკონმა უპასუხა - ჩემო შვილებო, ჩვენ აქ უფალმა იესო ქრისტემ მოგვიყვანა, მისი სიყვარულით ვცხოვრობთ ერთად და მას ვემორჩილებით მხოლოდ.
ამის შემდეგ ბერებმა წმინდა მღვდელმთავართან ერთად ლოცვა დაიწყეს. თუმცა მალე იძულებულები გახდნენ შეეწყვიტათ და გაჰყოლოდნენ მმართველის გამოგზავნილ მეომრებს. წარდგნენ ნიკონი და მისი ძმები მმართველის წინაშე დაკითხვაზე, სადაც ყველამ ერთხმად და მამაცურად დაადასტურა ქრისტეს რწმენა და უარი თქვა ცრუ ღმერთების თაყვანისცემაზე. როდესაც მმართველმა ნახა მათი სარწმუნოებრივი სიმტკიცე, გადაწყვიტა, სასწრაფოდ დაესაჯა ისინი, რათა ნიკონ ეპისკოპოსს და მის საძმოს სხვებიც არ მოექციათ ქრისტეს რწმენაზე. მისი ბრძანებით წმინდა ეპისკოპოსის თანმხლები 199 ბერი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ ბერები მათმა მოძღვარმა ასეთი სიტყვებით გაამხნევა: "ნუ შეგეშინდებათ სიკვდილის, ის, ვინც სხეულს კლავს, სულს ვერაფერს ვნებს, თქვენ ამ მოწამებრივი სიკვდილით სამუდამო სასუფეველს დაუმკვიდრებთ თქვენს სულებს!"
წმინდა ნიკონი საწამებლად განამზადეს. იმ ღამეს წმინდა მღვდელმთავარს ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და გაამხნევა. გათენდა. წმინდანი ჯერ ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა, ველურ ცხენებს გამოაბეს, მაგრამ ისინი ადგილიდან არ დაიძრნენ. თავი მოჰკვეთეს და ბოლოს წმინდა მღვდელმოწამის ნეშტი ნადირთა საჯიჯგნად დააგდეს.
იმ ადგილებში ბოროტი სულებისაგან შეპყრობილი მწყემსი დაეხეტებოდა. როცა წმინდა ნიკონის ნეშტს მიუახლოვდა, მიწაზე დაეცა და ბოროტი სული გამოვიდა მისი სხეულიდან. განკურნებულმა მწყემსმა ამ სასწაულის შესახებ მოუთხრო იქაურ მცხოვრებლებს. მესინის ეპისკოპოსმა პატივით დაკრძალა მღვდელმოწამე ნიკონი და მისი მოწაფეები.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი