წმინდა ქრისანთე იყო ძე ცნობილი ალექსანდრიელი სენატორის, პტოლემიოსისა, რომელიც ვაჟთან ერთად რომში გადასახლდა.
დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ფილოსოფიის შესწავლას შეუდგა. არ დაკმაყოფილდა იმით, რაც ფილოსოფიამ მისცა. სახარება აღმოაჩინა - წიგნი ხორცშესხმული სიბრძნისა და გაოცდა. ღვთის განგებულებით, იპოვა ხუცეს კარპოფორის სახით ხელმძღვანელიც, რომელსაც ეძებდა. მღვდელი დევნის გამო მღვიმეში იმალებოდა. კარპოფორმა მას რწმენის საიდუმლოებები გააცნო და მონათლა.
შვიდი დღის შემდეგ ქრისანთე ქალაქში დაბრუნდა და, მშობელთა სამწუხაროდ, ქრისტეს აღმსარებელი გახდა. პტოლემიოსი თავიდან შეეცადა, შვილის შეხედულებები შეეცვალა, ჰპირდებოდა ქონებას და ხორციელ სიკეთეებს. რომ ვერაფერს მიაღწია, ბნელ სენაკში ჩააგდო და შიმშილით სცადა მისი ნების გატეხვა. როცა მამამ დაინახა, რომ მარხვა და პატიმრობა მას უფრო აძლიერებდა, მეგობრის რჩევით, ის დიდებულად მორთულ პალატში შეიყვანა, სადაც გოგონები დაახვედრა, რომ ალერსით მოენადირებინათ იგი. მაგრამ ქრისანთემ შეწევნისათვის მოუხმო უფალს და ვნება არ მიჰკარებია. როცა ურცხვი გოგონები უახლოვდებოდნენ, მას ძილი ერეოდა და იძინებდა. მაშინ პტოლემიოსს ურჩიეს მოეყვანა ათენელი ლამაზმანი სახელად დარია, რომელიც ფილოსოფიაშიც იყო განსწავლული და ვაჟი მასზე დაექორწინებინა. დარია მშვენივრად შემკული წარადგინეს ვაჟის წინაშე და მან მსჯელობით სცადა მისი გაბმა სულიერი ხიბლის ბადეში. საპასუხოდ ქრისანთე მას სიკვდილსა და საშინელ სამსჯავროზე ესაუბრა. უთხრა, რომ იმაზე დიდი უგუნურობა არაფერია, სტიქიებს, მიწას, წყალს, ცეცხლს ეთაყვანო და მათ ადამიანის ფორმა მისცე. მოკლედ დარია თვითონ აღმოჩნდა ქრისანთეს სიბრძნის ბადეში. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ მოჩვენებითად ექორწინათ, რათა სიცოცხლის ბოლომდე ქალწულები დარჩენილიყვნენ.
მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ცალ-ცალკე სახლებში დასახლდნენ, ახალმოქცეული ქრისტიანები შემოიკრიბეს და მოძღვრავდნენ მათ. თანაქალაქელებმა ეპარქ კალერინთან იჩივლეს, რომ წმინდა ქრისანთე და დარია უქორწინებლობას ქადაგებდნენ. მან წმინდა ქრისანთე ტრიბუნ კლავდიოსს გადასცა საწამებლად. წმინდანი იუპიტერის ტაძარში მიიყვანეს, მან უარი განაცხადა მსხვერპლის შეწირვაზე. წმინდანი ათასგვარი სატანჯველით აწამეს. მაგრამ უფალი შეეწეოდა მას და განაძლიერებდა. ტანჯვამ ვერ მოდრიკა ახალგაზრდა მოწამის სიმტკიცე. მისი გამძლეობით გაოგნებულმა ტრიბუნმა კლავდიოსმა ცოლთან, შვილებთან და მთელ სახლეულთან ერთად ნათელ-იღო. მათ განაცხადეს, რომ მზად იყვნენ ყველანაირი წამების დასათმენად.
როდესაც ეს ამბავი იმპერატორმა ნუმერმიანემ (283- 284) შეიტყო, ახალმოქცეულთა მოკვდინება ბრძანა. წმინდა მოწამე კლავდიოსი ზღვაში დაახრჩვეს, მის შვილებსა და მეომრებს კი თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა მოწამეთა ცხედრები გამოქვაბულში დაფლეს. კლავდიოსის მეუღლე, წმინდა ილარია, გამუდმებით დადიოდა საფლავზე და ლოცულობდა. მისი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ წარმართებს და ისიც სიკვდილით დასაჯეს. მოსამსახურემ წმინდა ილარია შვილების გვერდით დაასაფლავა.
იმის შიშით, ქრისტიანები არ გამრავლებულიყვნენ, იმპერატორმა ქრისანთე მამერტის საშინელ ციხეში დაამწყვდია. ხოლო წმინდა დარია წარმართებმა საროსკიპოში შეაგდეს, მაგრამ მას მფარველად მოევლინა ღვთისაგან გამოგზავნილი ლომი, რომელიც არავის აკარებდა წმინდანს. წმინდა დარია ქრისტეს სჯულს ქადაგებდა და ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა ირგვლივ მყოფთ.
წმინდა ქრისანთე ჩააგდეს ორმოში, სადაც მთელი ქალაქის უწმინდურება ჩაედინებოდა. მის თავზე ზეციური ნათელი დადგა, მყრალი ორმო კი კეთილსურნელებით აივსო. იმპერატორმა ნუმერმიანემ ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ წმინდა ქრისანთე და დარია. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ მოწამენი ცოცხლად დამარხეს.
წმინდანთა წამების მეორე წელს ქრისტიანები ახლომდებარე გამოქვაბულში შეიკრიბნენ, რათა წმინდა მოწამეთა მარტვილობის დღე ეზეიმათ. მათ ღვთისმსახურება აღასრულეს და ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარნენ. როდესაც წარმართებმა ეს გაიგეს, მლოცველებით სავსე გამოქვაბულის შესასვლელი ამოქოლეს. ასეთ წამებაში აღესრულა მრავალი ქრისტიანი. მათგან ორის სახელია ცნობილი: დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი