აქ გიამბობთ ძალზე შთამბეჭდავ ამბავს წმინდა კოდრატე ნიკომიდიელის მოწამეობის შესახებ.
ნიკომიდიაში უამრავი ქრისტიანი წარადგინეს სამსჯავროზე, მათ შორის წარჩინებული და მდიდარი ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად კოდრატე. როდესაც სამსჯავროზე წარდგენილი ზოგიერთი ქრისტიანის შიში იხილა, შეფიქრიანდა, რადგან არ სურდა, რომელიმე მათგანი ქრისტეს განდგომოდა, ბრბოს გამოეყო, მათ შორის ჩადგა მშვიდად და განაცხადა:
- ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენი წოდება - ქრისტეს მონობაა, სამშობლოდ კი - ზეცა გვაქვს, რომელსაც უფლის მსასოებელნი მოიხვეჭენ!
განცვიფრებულმა ანთიპატმა მისი ახლოს მიყვანა ბრძანა. კოდრატე თავად მიუახლოვდა, პირჯვარი გადაიწერა და აღიარება გაიმეორა, ხოლო კითხვებზე, თუ რა ერქვა და რომელ ფენას ეკუთვნოდა, ამოწმებდა, რომ ქრისტიანობა - ყველაფერს მოიცავდა და ჭეშმარიტ ღმერთს ადიდებდა.
მსაჯულმა მისი სასტიკად წამება ბრძანა, მაგრამ მის გვემამდე ვიღაცამ ანტიპას მოახსენა, - კოდრატე ნიკომიდიის წარჩინებულთაგანიაო.
განრისხებულმა მსაჯულმა ყმაწვილს უხმო და ჩაუსისინა: - ასეთი სამარცხვინო რამ როგორ ჩაიდინე, ან შენი ბრწყინვალე წოდება როგორ დაივიწყე და გაქრისტიანდიო?!
კოდრატემ მეფსალმუნე დაიმოწმა:
- "ვირჩიე მე მივრდომაჲ სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროჲს ვიდრეღა არა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (ფსალმ. 83,10).
დარწმუნებაც და მუქარაც ამაო გამოდგა. მოწამე კვლავაც მტკიცედ იდგა: - ქრისტიანის წოდება უმაღლესია და მაცხოვრისთვის ტანჯვა ბედნიერებაც არის და პატივიცო!
მაშინ ანთიპატმა მისი წამება ბრძანა, ხოლო კოდრატე ხმამაღლა ჰმადლობდა უფალს.
- გევედრები, უფალო, აღმავსე სულითა წმიდითა, განმაძლიერე, გონიერ-მყავ, რათა ბოლომდე გიერთგულო! - შეჰღაღადა ზეციერს.
დაღამებისას კოდრატე, სხვა ქრისტიანთა მსგავსად, საპყრობილეში შთააგდეს. ანთიპატს ქალაქებისა და დაბების მიმოვლა და თვალყურის დევნება და ის ევალებოდა, თუ როგორ სრულდებოდა ხელისუფლების ბრძანება ქრისტიანების წინააღმდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ნიკეაში გაემგზავრა და კოდრატეც გაიყოლა. ჩასვლისას ბრძანა, ყველაფერი მოემზადებინათ მსხვერპლშეწირვისთვის და ბომონთან მოაყვანინა ქალაქში მცხოვრები ქრისტიანები. კოდრატეც იქ იყო.
- შესწირე ღმერთებს მსხვერპლი, - ურჩია ანთიპატმა.
- ქრისტეს მონა ვარ და მსხვერპლად საკუთარი თავი შემიწირავს! - მიუგო კოდრატემ.
- ამით მე არ მცემ პატივს!
- პატივს მივაგებ იმპერატორს, ვლოცულობ მისთვის, რომ ღმერთმა შეაცნობინოს ჭეშმარიტება.
- თუ ხელისუფლისთვის ლოცულობ, მისი კანონის შესრულებაც გმართებს. თქვენსავე წერილში ნათქვამია: "მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა" (მათ. 22,21).
- მართალი ხარ და მეც კეისარს მივაგებ საკადრისს - ვემსახურები და ხარკსაც ვუხდი, მაგრამ ღმერთს ბოლომდე უნდა ვუერთგულო. ხელისუფლის ბრძანებით, ან თქვენს ღმერთებს უნდა შევწირო მსხვერპლი და ან - მოვკვდე... მე უკანასკნელს ვირჩევ და მზად ვარ, სიცოცხლე გავიღო ქრისტესთვის.
- ქრისტიანთაგან მრავალმა აღასრულა ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვა, შენ რა, მათზე უკეთესი ხარ?
- თუ ღმერთის ერთგული დავრჩები, განდგომილებზე უკეთესი შევიქნები. შეიძლება, ისინი ვინახულო? - ჰკითხა კოდრატემ.
განდგომილნი, მართლაც, ბევრნი იყვნენ. მსაჯულმა მათი მოყვანა ინება, რადგან ეგონა, რომ კოდრატეს გადაბირებას შეძლებდნენ, მაგრამ ყოველივე პირიქით მოხდა: - კოდრატემ ისინი განამხნევა და უთხრა:
- რა ჩაიდინეთ?! არც მიცვალებულთა აღდგომის გწამთ და არც მარადიული ცხოვრების, ზეციური სასუფეველი მიწიერ ცხოვრებაზე რომ გაგიცვლიათ?! ან მაცხოვრის სიტყვა რად დაგვიწყნიათ: - "ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელეწიფების შთაგდებად გეჰენიასა" (ლუკ. 12,4-5).
განდგომილნი მუხლებზე დაეცნენ და აქვითინებულებმა შეინანეს თავიანთი სულმოკლეობა. ამან იმდენად განარისხა ანთიპატი, რომ ბრძანა, დაუნდობლად ეწამებინათ კოდრატე, რომელსაც დაცემულთა სინანულმა საკუთარი ტანჯვა დაავიწყა:
- უფალო, მიიღე სული ჩემი მათი სულების წილ და შეიწყალე ისინი, - ასე ილოცვიდა აღსასრულის წინ.
უეცრად ყველამ იხილა, როგორ შეერწყა კოდრატეს ლოცვას ანგელოზებრივი ხმები, რამაც მონანულნი ძალზე განამხნევა და მოწამებრივი აღსასრული სიხარულით მიაღებინა.
ანთიპატი კოდრატეს დიდხანს დაატარებდა ქალაქ-ქალაქ და თან აწამებდა, ბოლოს, ჰელესპონტში (დარდანელის სრუტის სანაპიროზე) შეჩერდა, სადაც მახვილით მოაკვეთინა თავი.
კოდრატეს რწმენამ და სიმტკიცემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისი ტანჯვის მხილველებზე, ორი მათგანი კი - სატორინე და რუფინე, მოწამებრივად აღესრულნენ. წმინდა კოდრატეს ხსენებას ეკლესია 10 მარტს აღნიშნავს (ძვ. სტ.).
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი