წმინდა ტრიფონი ფრიგიაში, დაბა კამპსადაში, ქალაქ აპამეის სიახლოვეს იშვა, უფლისგან ყრმობიდანვე მიიღო სასწაულთქმედების მადლი და თავისი წმინდა ღვაწლით და ცხოვრებით განადიდა შემოქმედი.
ერთხელ, წმინდანის ლოცვით, მისი მშობლიური ქალაქი შიმშილობას გადაურჩა, - მინდვრებს მწერნი და მავნე მღრღნელები შეესივნენ და არა მხოლოდ მოსავალი, ყოველგვარი სიმწვანე განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
წმინდა ტრიფონი ძლიერ შეაწუხა ამ უბედურებამ, ლოცვად დადგა და უფალს ანგელოზის წარმოვლენა სთხოვა, რომელიც მინდვრებს მრღნელებს მოაცილებდა.
ამასთან, წმინდანმა მწერნი ფიცით შეკრა, რომ იქაურობას განშორებოდნენ.
სანამ მისი მარტვილობის შესახებ გიამბობდეთ, წმინდა ტრიფონის ლოცვით აღსრულებულ სასწაულებზე უნდა მოგითხროთ:
238 წელს რომის ტახტზე ავიდა (244 წლამდე მეფობდა) იმპერატორი გორდიანე I, რომელიც, თუმც, კერპთაყვანისმცემელი იყო, მაგრამ ქრისტიანთ არ დევნიდა.
მალე საიმპერატორო ოჯახს თავს დიდი უბედურება დაატყდა: - იმპერატორის ქალიშვილს, სილამაზითა და გონიერებით განთქმულ გორდიანას ეშმაკი ეკვეთა, რომელიც საშინლად ტანჯავდა და მრავალგზის შთააგდო წყალსა თუ ცეცხლში. სნეულს სიბრძნით განთქმული უამრავი ექიმი მიუყვანეს, მაგრამ ამაოდ.
და აი, ქალწულს დაპატრონებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ბრძანებით, აღიარა:
- ჩემი აქედან განდევნა, ყრმა ტრიფონის გარდა, არავის ძალუძსო!
ტრიფონის მოსაძებნად მეფემ შიკრიკნი მაშინვე ყველგან დაგზავნა, მეფეს ბევრი ტრიფონი მიჰგვარეს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო ქალიშვილის შველა. ბოლოს წმინდა ყრმა, ტრიფონი ფრიგიაში, დაბა კამპსადაში იპოვეს და იპერატორს წარუდგინეს, - ერთ ტბაზე ბატებს მწყემსავდა. ყმაწვილი მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო.
როგორც კი ტრიფონი რომს მიუახლოვდა, ეშმაკმა მისი მოახლოვება იგრძნო და გოგონას ძლიერი ტანჯვა დაუწყო, თან ხმამაღლა ყვიროდა:
- აქ ცხოვრება მეტად აღარ შემიძლია, რადგან ტრიფონი მიახლოვდება, მესამე დღეს აქ იქნება და დათმენა აღარ ძალმიძსო!
ამგვარად გაჰყვიროდა ბოროტი სული, შემდეგ კი მეყსეულად დატოვა გოგონა და ბნელეთის თავადს შეუერთდა.
მესამე დღეს მართლაც შევიდა ქალაქში წმინდა ტრიფონი, ხელმწიფე გულთბილად შეხვდა, რადგან მასში სწორედ ის ტრიფონი შეიცნო, რომელიც ეშმაკმა ახსენა, მაგრამ დასარწმუნებლად სთხოვა, მისთვის ბოროტი ცხადად ეჩვენებინა.
წმინდანი მეფის თხოვნას დათანხმდა. ექვსი დღე მარხვასა და ლოცვაში განლია, რის შემდეგაც ღვთისგან არაწმინდა სულებზე ხელმწიფება მიიღო. მეშვიდე დღეს, მზის ამოსვლისას, მეფე ამალასთან ერთად წმინდა ტრიფონთან მივიდა. როდესაც სულიწმიდით აღვსებულმა წმინდა ტრიფონმა სულიერი თვალებით ბოროტი სული იხილა, უთხრა:
- შენ გეუბნები, უწმინდურო სულო, ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ცხადად წარსდექ აქ მყოფთა წინაშე შენი ამაზრზენი და ურცხვი სახით და შენი უძლურება უჩვენეო!
ეშმაკი უმალ წარსდგა ცეცხლოვანთვალებიანი შავი ძაღლის სახით, რომელიც თავს მიწაზე ათრევდა.
წმინდანმა ჰკითხა:
- ვინ გამოგგზავნა, დემონო, ამ გოგონას დასაუფლებლად? ან ასეთმა უსახურმა და უძლურმა, ყოველგვარი სისაძაგლით სავსემ ღვთის ხატად სექმნილ არსებაში დამკვიდრება როგორ გაბედე?!
ეშმაკმა უპასუხა:
- თვით ბნელეთის თავადმა და მამამ ჩემმა, სატანამ წარმომგზავნა ჯოჯოხეთიდან და ამ ასულის ტანჯვა მიბრძანა!
წმინდანმა კვლავ ჰკითხა:
- ვინ მოგცა ხელმწიფება, ღვთის ქმნილებას დაუფლებოდი?
დემონს არ სურდა სიმართლის აღიარება, მაგრამ ღვთის ძალით, იძულებული შეიქმნა, ჭეშმარიტება ეღიარებინა:
- ჩვენ არ გვაქვს ხელმწიფება მათზე, რომელნიც ჭეშმარიტების და მისი მხოლოშობილი ძის, - ქრისტესი სწამთ, რომლის გამოც პეტრე და პავლე აქ აღესრულნენ. ხოლო ვისაც რწმენა არ აქვს, თავიანთი ვნებებს მორჩილებენ, რის გამოისობითაც მათზე სრულ ხელმწიფებას ვიღებთ და ვტანჯავთ. ჩვენ კი ამგვარი საქმეები მოგვწონს: - კერპთაყვანისცემა, გმობა, სიძვა-მრუშობა, ჯადოქრობა, შური, მკვლელობა, სიამაყე.
ამგვარი საქმეებით ადამიანები თითქოს ბადეში იხლართებიან, ღმერთს განშორდებიან და საკუთარი ნებით გვემორჩილებიან. სწორედ ამიტომ დაიტანჯებიან ჩვენთან ერთად ჯოჯოხეთის ცეცხლში!
მეფეს და მის გარემოცვას თავზარი დასცა გაგონილმა, ბევრმა დაუტევა უწმინდურება და ირწმუნა ქრისტე, ხოლო მორწმუნენი უფრო განმტკიცდნენ და ღმერთი ადიდეს.
მეფემ ნეტარი გულუხვად დააჯილდოვა და შინ მშვიდობით გაისტუმრა, ტრიფონმა კი მეფისაგან მოძღვნილი გზად გლახაკთ დაურიგა და შინ დაბრუნებული თავის ღვთივსათნო და უბიწო ცხოვრებას დაუბრუნდა.
გორდიანეს შემდეგ რომის ტახტი ფილიპემ დაიკავა (244 - 249 წლები), მაგრამ მცირე ხანს იმეფა, რადგან სიცოცხლე მეგობრებმა მოუსწრაფეს.
საიმპერატორო გვირგვინი შემდეგ სასტიკ დეციუსს ერგო (249-251 წლები), მისმა სიავემ მრავალი ქრისტიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ბევრი, საზარელი წამების შიშით, რწმენასაც კი განუდგა და კვლავ გაწარმართდა. დეციუსის ბრძანებით, იმპერიის ეპარქებსა და მმართველებს ქრისტიანთა დაუნდობლად განადგურება დაევალათ.
მალე აღმოსავლეთის ეპარქ აკილინეს მოახსენეს, - ტრიფონი ქრისტიანია, ქვეყნის ყველა კუთხეში დადის და ქრისტეს ქადაგებს, თან უამრავ სნეულს კურნავსო. განრისხებულმა ეპარქმა მყისვე მისი მოძებნა ბრძანა და მალევე იპოვა, - ნეტარმა, რა შეიტყო, იმპერიამ მის შესაპყრობად შიკრიკნი დაგზავნა, ილოცა, პატიოსანი ჯვარი გამოისახა და მტარვალთ თავად ეახლა ნიკეაში.
როდესაც შეიარაღებული მეომრებით, მეთაურებით, მსახურებითა და უამრავი თანმხლებით გარემოცული აკილინი სამსჯავროზე დაჯდა, უმაღლესი ჩინის სკრინიარმა (სკრინიარი - სამეფო სახლის ხაზინადარია) პომპილიანემ აუწყა:
- აჰა, ის, ვისაც ეძიებდი!
აკილინემ წარმოთქვა:
- დაასახელოს თავისი სახელი, სამშობლო და ფორტუნა (ფორტუნა - ბედისა და ბედნიერების ღვთაება ძველ რომში).
წმინდანმა უპასუხა:
- ტრიფონი მქვია, ქალაქ აპამეასთან ახლოს, დაბა კაპსადან ვარ, ფორტუნას არ ვაღიარებთ, რამეთუ გვწამს, რომ ყოველივე ღვთის გამოუთქმელი სიბრძნითა და განგებულებით აღესრულება, რომელიც არც ვარსკვლავთა მოძრაობაზეა დამოკიდებული და არც შემთხვევაზე, როგორც თქვენა გწამთ. ოდენ თავისუფალი ნებით ვხელმძღვანელობ და ერთი მხოლოდ ქრისტეს ვესავ, რადგან მხოლოდ იგია ჩემი რწმენა, გვირგვინი და სიცოცხლე!
- როგორც ჩანს, დღემდე არ შეგიტყვია მეფის ბრძანება, რომ ყველა, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს და თაყვანს არ სცემს ღმერთებს, ბოროტი სიკვდილით უნდა მოკვდინდეს, ამიტომ გონს მოდი და დაუტევე შენი ცრუ რწმენა, რათა თავი ცეცხლში არ შთაიგდო!
მაშინ წმინდა ტრიფონმა წამოიძახა:
- ოჰ, ნეტავ ღირსი შევიქნე ცეცხლითა და სხვა სატანჯველებით აღვესრულო ჩემი უფლისა და ღმერთის, იესო ქრისტეს გულისთვის!
ეპარქმა განაგრძო:
- ტრიფონ, გირჩევ, ღმერთებს მსხვერპლი შესწირო, რადგან შენ, თუმც, ახალგაზრდა ხარ, მაგრამ სრული გონების პატრონი ხარ და არ მინდა, საშინელი სიკვდილით მოკვდე!
- სრული ოდენ მაშინ შევიქმნები, როდესაც იმას, ვინც ჩემთვის მოვიდა, ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა და მკვდრეთით აღსდგა, სრულად ვაღიარებ!
- ცეცხლს მივცემ შენს სხეულს, შენს სულს კი უსაზარლესი წამებით მოვდრეკ! - იყვირა ეპარქმა,
- შენ იმ ცეცხლით მემუქრები, რომლიდანაც ოდენ ნაცარი რჩება, ურწმუნოთ კი საუკუნო ცეცხლი მოგელით, ამიტომ თავად დაუტევე ცთომილება და ჭეშმარიტ შემოქმედს შეუდექ! - იყო პასუხი.
გაცოფებულმა აკილინემ ბრძანა, წმინდანი ხეზე ჩამოეკიდათ და ასე ეგვემათ. წმინდა ტრიფონმა სამოსელი განიძარცვა და ჯალათთ სიხარულით მიუშვირა სხეული. მტარვალებმა იგი ხელებშეკრული ხეზე ჩამოკიდეს და სამი საათი სასტიკად ტანჯეს, მაგრამ ტრიფონს არც კვნესა დასცდენია და არც - საყვედური, აკილინე კი კვლავ უმეორებდა:
- დაფიქრდი, ტრიფონ, დაუტევე შენი უგუნურება, დამპირდი, რომ ღმერთებს თაყვანს ცემ, რამეთუ ვინც მეფის ბრძანების შესრულებაზე უარს იტყვის, საშინელ სიკვდილს ვერ გაექცევა.
წმინდანმა კადნიერად უპასუხა:
- შენ გეუბნები, ვინც უარყოფს ზეციურ მეუფეს, ქრისტეს, ვერ შეძლებს დაიმკვიდროს საუკუნო სიცოცხლე, არამედ საუკუნო, უქრობი ცეცხლი ელით!
- არ არის სხვა ზეციური მეფე კრონოსის ძის, ზევსის გარდა, რომელიც მამაა ღმერთთა და ადამიანთა და თუ ვინმე თაყვანს არ სცემს, ვერც იცოცხლებს, ჰოდა, მობაძავ ჩვენდა იყავნ და თაყვანი ეც, თუ სიკვდილი არ მოგნდომებია!
- დაე, შენს ღმერთს, ზევსს, მიემსგავსოს ყოველი მისი თაყვანისმცემელი! როგორც ამბობენ, ზევსი უსჯულო მოგვი და ჯადოქარი იყო, თქვენ კი ამ ძველი, უწმინდური თქმულებების და ზღაპრებისა გწამთ, უსულო და მუნჯ კერპთ ესავთ და ცოცხალ ღმერთს კი - ზურგს აქცევთ!
ამ საუბრის შემდეგ აკვილინე სანადიროდ გაემზადა და ბრძანა, წმინდა ტრიფონი შეეპყროთ, მის ცხენზე გამოებათ და თან წაეყვანათ.
დიდი ტანჯვის დათმენა მოუხდა წმინდანს: - ფეხის თითები დაუსივდა, რადგან საშინელ ყინვაში ფეხშიშველი მიჰყავდათ, ცხენი კი ფლოქვებით თელავდა... მუხლნი გადაემსხვრა, მაგრამ სულიერი მზერა ღვთისკენ მიაპყრო, ტანჯვა არად ჩააგდო და ფსალმუნის ეს სიტყვა იგალობა: "დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა შენთა, რათა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი" (ფსალმ.16:5)... "სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ ყოველი უსჯულოებაჲ" (ფს.118:133). და ამას წმინდა პირველმოწამე სტეფანე დიაკონის სიტყვაც დაურთო: "უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას" (საქმე მოციქულთა 7:60).
ნადირობიდან დაბრუნებულმა ეპარქმა კვლავ უხმო ტრიფონს და უთხრა:
- უბედურო, ახლაც მაინც შესწირე მსხვერპლი ღმერთებს და ძველი უგნურება დაუტევე!
ნეტარმა მიუგო:
- თავად სატანისგან დაბრმავებულო და სიგიჟით და უმეცრებით აღვსილო, ჩემს უფალს არასოდეს განვუდგები!
ეპარქმა მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, თავად კი იქაურობას მცირე ხნით განეშორა.
ნიკეაში დაბრუნებისას ეპარქი სამსჯავროში გამოცხადდა, ტრიფონს მოუხმო და უთხრა:
- ნუთუ, ბორკილებმა იმპერატორის ბრძანების მორჩილებაში არ განგწვრთნა?
- ღმერთმა განმსწავლა და განმამტკიცა, რომ უცვლელად დავიმარხო რწმენა, ამიტომ ოდენ მას ვმორჩილებ, თქვენი ცრუ ღმერთები კი მძაგს! - მიუგო ტრიფონმა.
ეპარქი ძალზე გაბოროტდა და მსახურებს უღრიალა:
- ფერხნი წვეტიანი ლურსმნით დაუხვრიტეთ და ცემით მთელი ქალაქი შემოატარეთ!
მსახურებმა მყისვე აღასრულეს, ნეტარი კი უჩივლელად დაითმენდა ცალკე ყინვას, ცალკე - ნალურსმევთაგან მოგვრილ საზარელ ტკივილს...
ჯალათი დიდად გააოცა ტრიფონის ესოდენმა მოთმინებამ და ფრიადი წყენით უთხრა:
- ტრიფონ, დადგება კი ის დრო, ოდეს ტანჯვის მთელ სიმწარეს იგრძნობ?!
- შენ როდისღა შეიცნობ, ბრმადქმნილო, ჩემში დავანებულ ძალას ქრისტესას, ან სულიწმიდის გამოცდას როდისღა შეწყვეტ?!
ცოფმორეულმა ჯალათმა ბრძანა, წმინდანი ხეზე ჩამოეკიდათ და რკინის იარაღით დაუნდობლად ეგვემათ, ზურგი კი ანთებული სანთლებით მოეწვათ... მაგრამ როდესაც ჯალათებმა მისი წამება იწყეს, ნეტარი უეცრად არამიწიერმა ნათელმა განაბრწყინა, მის თავზე კი ზეგარდმო მშვენიერი გვირგვინი დაეშვა. ამის მხილველი ჯალათნი შიშით მიწაზე განერთხნენ, ღვთისგან ამგვარად ნუგეშცემული ტრიფონი კი სიხარულით აღივსო და ამგვარად ჰმადლობდა უფალს:
- გმადლობ, შემოქმედო, რათა მტრის ხელში ჩავარდნილი შეწევნის გარეშე არ დამტოვე, არამედ დამიცავ, ხელი აღმიპყარ და მიხსენ. კვლავ გევედრები, ნუ დამიტევებ, არამედ განმამტკიცე და ამ კაცთათვის შეუძლებელი ღვაწლის სატვირთველი ძალა მომმადლე!
ჯალათმა მარტვილი ხიდან ჩამოხსნა და კვლავ ეპარქს მიჰგვარა, რომელმაც მისი გატეხა ახლა ტკბილი სიტყვით სცადა:
- ტრიფონ, ზევსს მსხვერპლი შესწირე, ხელმწიფეს თაყვანი ეც და ყველა გზა ხსნილი გაქვს!
- თუ მეფე შეურაცხვყავ და მისი უწმინდური ბრძანება არად ჩავაგდე, მის უსულო გამოსახულებას თაყვანი როგორღა ვცე? - დაეკითხა ტრიფონი, - სამყარო კერპებით აავსეთ და ქმნილებას შემოქმედის პატივი მიაგეთ... უფსკრულში მიექანებით და იქ ჩვენი ჩაყოლიებაც განგიზრახავთ, რომ თქვენი წარწყმედის მოზიარეებად გვაქციოთ, რასაც ვერასოდეს ეღირსებით!
აკილინი გააოცა წმინდანის ამგვარმა კადნიერებამ და განრისხებულმა კვლავ მისი უმოწყალოდ გვემა ბრძანა, თუმცა, რა დარწმუნდა, ამით ნეტარის სულს ვერ მოსდრეკდა, მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
წმინდანი დასასჯელად ქალაქგარეთ გაიყვანეს, ტრიფონმა პირი აღმოსავლეთით იბრუნა და ამგვარად ილოცა:
- უფალო, გმადლობ, რომ ეს ჯვარი დამათმენინე და გვედრი, არ დაუშვა, მზაკვარმა მომინადიროს, არამედ შენი სასუფევლის ღირსი გამხადე!
მეომრებმა მისთვის თავის წარკვეთაც კი ვერ მოასწრეს, უფალმა ისე გაიყვანა, მისი სხეული კი მიწაზე უსულოდ დაეცა...
იქაურმა ქრისტიანებმა ტრიფონის სხეული გააპატიოსნეს, ახალ სუდარაში წაგრაგნეს და ნიკეაში დაკრძალვა გადაწყვიტეს, მაგრამ წმინდანი გამოეცხადა და უბრძანა, მშობლიურ სოფელში გადაესვენებინათ.
მისი წმინდა ნაწილი მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში ინახება. სწორედ ამ ეკლესიასთან არის დაკავშირებული ეს ამბავი:
ერთხელ, ნადირობისას, ივანე მრისხანეს ბაზიერს, თავად ტრიფონ პატრიკეევს, მეფის საყვარელი შავარდენი გაუფრინდა. მეფემ უბრძანა:
- ან შავარდენს მომიყვან, ან სიკვდილით დაგსჯიო! ბაზიერი სამი დღე ტყე-ღრე დაეძებდა შევარდენს და ბოლოს, იმ ადგილას, სადაც დღეს წმინდა ტრიფონის სახელობის ტაძარი დგას, ხის ძირში დაღლილს ღრმად ჩაეძინა.
მანამ კი თავის მფარველს დიდხანს ევედრა და შეწევნა სთხოვა. ძილში თეთრცხენოსანი, კეთილშობილი ყმაწვილი იხილა, რომელსაც ხელზე მეფის შავარდენი ეჯდა.
- წაიყვანე შენი დაკარგული ფრინველი და ნურაფრის შეგეშინდება! - ნუგეშის სიტყვა უთხრა ყმაწვილმა.
გამოეღვიძა ტრიფონს და... ხელზე მართლაც შავარდენი არ აზის?! ფრინველი მაშინვე ივანე მრისხანესთან წაიყვანა და ხილვის შესახებაც უამბო. მეფის მრისხანება წყალობად შეიცვალა. ტრიფონმა კი ხილვის ადგილას სამადლობელოდ წმინდა ტრიფონის ეკვდერი ააგო, შემდეგ კი, როგორც ამბობენ, მეფის დახმარებით, ეკვდერის გვერდით, წმინდა ტრიფონის პატივად ქვის ეკლესიაც ააშენა, ამიტომ მორწმუნეები, განსაკუთრებით - რუსები, მას დაკარგული ნივთის პოვნაში დახმარებას ევედრებიან.
"დიდ კურთხევანში" არის "ლოცვა წმინდისა და დიდებულისა, მოწამისა ტრიფონისი მისი ყოველსავე თვის ყანისა, ვენახისა, ბოსტნის თუ ჭია ვნებდეს".
ლიტურგიის შემდეგ წმინდა ტრიფონის კანდელიდან აიღებდნენ ზეთს, დიდი აიაზმის წყალს, ყანას, ბაღ-ბოსტანს ჯვრის სახით აპკურებდნენ და ამ ლოცვას წარმოთქვამდნენ.
კონდაკი
სამებისა მიმართ სიმტკიცითა სიმრავლენნი ღმერთთანი დახსნენ და ქუეყანასა ზედა ქრისტეს მიერ პატიოსან იქმენ, ყოვლადქებულო, და სძლიე მძლავრსა მას, და ქრისტეს მაცხოვრისაგან გვირგვინოსან იქმენ, და წამებისა შენისა მიერ განშუენდი, და მოგეცა უფლისა მიერ საღმრთო ნიჭი კურნებათა, ვითარცა პატიოსან მოწამესა.
........................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი