მღვდელმოწამე პეტრე I გახლდათ ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 25 ნოემბერი, ახალი სტილით - 8 დეკემბერი.
მღვდელმოწამე პეტრე დაიბადა და აღიზარდა ალექსანდრიაში. ღრმად განსწავლული მამა ალექსანდრიის სასწავლებელს განაგებდა. 300 წელს მან თავისი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრისგან - წმინდა თეონასგან ალექსანდრიის ეკლესიის მესაჭეობა მიიღო. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმინუსის მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, ნეტარი პეტრე ქალაქიდან განდევნეს. მან იმპერიის მრავალი ოლქი შემოიარა, ბოლოს კი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, რომ განსაცდელის ჟამს პირადად ეხელმძღვანელა ალექსანდრიის ეკლესიისათვის. მღვდელმთავარი ფარულად ნახულობდა საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს, ეხმარებოდა ქვრივებსა და ობლებს, ქადაგებდა ღვთის სიტყვას, და ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უფალიც იცავდა თავის რჩეულს მდევნელთაგან. წმინდა პეტრე, ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ღვაწლისთვის ამხნევებდა არა მარტო საკუთარ სამწყსოს, არამედ მთელი ეგვიპტის, თებაიდისა და ლიბიის მართლებს, საშინელ დევნულებაში ტანჯულთ. მთელი ოჯახები ამოწყდა, ქრისტიანებს ბორბალზე აკრავდნენ, ჯვარს აცვამდნენ, წვავდნენ, შიმშილით სულს ხდიდნენ, მდინარეში ახრჩობდნენ... ზოგს შეეშინდა მძიმე წამებისა და განუდგა რწმენას. მაგრამ გაიარა რამდენიმე წელმა და ნამდვილ მორწმუნეთა საკვირველმა თავდადებამ და წამების მაგალითებმა ქრისტიანობისაგან განმდგარ ბევრ ადამიანს სინდისის ქენჯნა აგრძნობინა და ისინი მონანიებით ითხოვდნენ ისევ ქრისტიანულ ეკლესიაში დაბრუნებას და თუ საჭირო იქნებოდა, მზად იყვნენ მოწამებრივი სიკვდილით გამოესყიდათ თავიანთი დაცემა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ფიქრობენ, 305 წელს დიდმარხვის დასაწყისში პეტრე ალექსანდრიელმა წარმოთქვა ვრცელი სიტყვა "სინანულისათჳს", რაც საფუძველი გახდა იმ 14 კანონისა, რომელიც შეტანილია "დიდი სჯულისკანონში". ყველა კანონი განმსჭვალულია მომნანიებელთა სურვილით და მათში მითითებულია ეკლესიაში დაბრუნების გზები. სასჯელის გამოტანის დროს გათვალისწინებულია გარემოებებიც, რაც მიზეზი გახდა განდგომისა.
დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. მთელი ხალხი შეიკრიბა საპყრობილის კართან მღვდელმთავრის დასახმარებლად. წმინდა პეტრემ, რომელსაც სურდა, თავიდან აეცილებინა სახალხო ჯანყი და სისხლის ღვრა, ხელისუფალს წერილობით შესთავაზა, ციხის უკანა კედელი გაერღვიათ და ხალხისგან ფარულად გაეყვანათ იგი სიკვდილით დასასჯელად. ღამის უკუნში წმინდა მწყემსმთავარი ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, სადაც ადრე წმინდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს. დილით ქალაქმა შეიტყო წმინდა მღვდელმთავრის მოწამებრივი აღსასრული. მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი ეკლესიაში დააბრძანეს, სამღვდელმთავრო სამოსით შემოსეს და წესის აგების დროს შემაღლებულ ადგილას დასვეს. სიცოცხლეში პეტრე მხოლოდ კვარცხლბეკთან ჯდებოდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, ამ ადგილს გარს შემოვლებულ ღვთაებრივ ნათელს ხედავდა და მასზე ასვლას ვერ ბედავდა. "პეტრე-მოციქულთა დასაბამი, პეტრე მოწამეთა დასასრული" - გადმოცემით, ვიღაცამ ეს სიტყვები წარმოთქვა პეტრე ალექსანდრიელის ეპისკოპოსის მოწამებრივი აღსასრულის დროს 311 წლის 24 ნოემბერს. მართლაც, მისი წამებით დამთავრდა ქრისტიანთა ბოლო დევნა.
მართლმადიდებლობის დიდი მოსაგრე - პეტრე ალექსანდრიელი ცნობილია, როგორც ღრმა ღვთისმეტყველი და საეკლესიო მწერალი.
აქვე ნახეთ:
მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (+311) - 25 (08.12) ნოემბერი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი