რა ხდებოდა აფხაზეთში
მოვლენათა ურთიერთთვისობრიობის კანონიდან გამომდინარე, სინამდვილე, ქართულ და რუსულ სივრცეებს შორის რომ ჩამოყალიბდა და არსებობს, დიდწილად განსაზღვრავს იმ ამინდსა და სტანდარტებს, რომლებიც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობასაც განაპირობებს.
მართალია, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, თავად რუსული მედიის შეფასებით, სენსაციური გადაწყვეტილება მიიღო და აფხაზეთი ქართული პატრიარქატის კანონიკურ ტერიტორიად გამოაცხადა, მაგრამ ეს აქტი ფსიქოლოგიურ მხარდაჭერად უფრო შეფასდა, ვიდრე რეალური ძალის მქონე დოკუმენტად.
რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით შევეცდებით, ქრონოლოგიურად აღვადგინოთ აფხაზეთის ომისა და მისი წინარე პერიოდის სინამდვილე, მანამდე კი ისტორიიდან ორ ძალზე მეტყველ ფაქტს მოვიხმობთ:
***
რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიიდან მცირე დრო იყო გასული, ვითომდა საეკლესიო საკითხებზე სამსჯელოდ საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი, ანტონი რომ დაიბარეს. განუცხადეს: ეგზარქატის განჩინებით, ამიერიდან თქვენი ეკლესია რუსული ეკლესიის ნაწილიაო.ერთ-ერთი მათგანი, ვინც წინ აღუდგა ამ უსამართლობას, გახლდათ უკანასკნელი აფხაზი ეპისკოპოსი, გელათის მიტროპოლიტი ეფთვიმე (შერვაშიძე), ადამიანი, რომელიც გადასახლების შემდეგ რუსეთში აღესრულა და სანკტ-პეტერბურგს განისვენებს.
არ გასულა რამდენიმე ათეული წელი და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) რუსეთის იმპერიის მიერ "არასაიმედო მაჰმადიანებად" მიჩნეული 17 ათასი აფხაზი მონათლა, რითაც ისინი მუჰაჯირობისგან იხსნა...
***
შეიარაღებულ დაპირისპირებამდე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას სათავეში ედგა მეუფე დავითი (ჭკადუა), რომლის ძალისხმევითაც აფხაზეთში მართლმადიდებლობის ნამდვილი აღორძინება მოხდა, მაგრამ იგი კონფლიქტის დასაწყისშივე ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა. მეუფე დავითი შეცვალა მეუფე დანიელმა (დათუაშვილმა), რომელმაც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საომარი ვითარების გამო ვერ შეძლო ეპარქიის ყველა კუთხის მონახულება და სხვა სასულიერო პირებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად გაიზიარა შიმშილი, დევნა და ომის მთელი სიმძიმე.კონფლიქტის განმავლობაში აფხაზმა სეპარატისტებმა არაერთი სასულიერო პირი გამოასალმეს სიცოცხლეს: დღემდე უცნობია, რა ბედი ეწიათ ე.წ. შორეული უდაბნოს მკვიდრ ქართველ განდეგილ ბერებს, დახვრიტეს კომანის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, 27 წლის მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი) და ამავე ტაძრის ქტიტორი გიორგი ანუა, სოხუმის დაცემის შემდეგ გაიტაცეს და სიცოცხლეს გამოასალმეს მღვდელი ლავრენტი (კრავცოვი). ცნობილი ბერი, არქიმანდრიტი ტიხონი (აგრიკოვი, შემდგომში - სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი), განდეგილი, ქართული ეკლესიის სიყვარულისა და ერთგულებისთვის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა: სენაკი ბოევიკების მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა. ბოევიკებმა, იქ რომ ვერავინ აღმოაჩინეს, განრისხებულებმა სენაკი გადაწვეს...
ეპარქიაში მოღვაწე 21 მოძღვრიდან 16 იძულებული გახდა, დევნილობის უღელი ეტვირთა.
მამუკა ფუტკარაძე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, დანიელის რეფერენტი: "ამ ვითარებაში ეპარქიის მმართველნი, მათ შორის - არაქართველებიც, იძულებულნი გახდნენ, ეპარქია დაეტოვებინათ... ეჭვგარეშე იყო, რომ უმართავ და შურისძიებით შეპყრობილ სეპარატისტებს მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსის სისხლის დაღვრა არ გაუჭირდებოდათ. ქართველ სასულიერო პირთა აფხაზეთიდან გამოსვლის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მათ სულიერი მამის მკვლელობის ცოდვა არ დაედოთ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისადმი არაერთ მიმართვას ქართველი სასულიერო პირების აფხაზეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით არძინბას ხელისუფლება პასუხობდა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. სხვათა შორის, ამავე მიზეზით არ შეუშვეს იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფიც, თუმცა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს უფროსის, ვადიმ ბჟანიას განცხადებით, გასულ წელს ომის პერიოდში დაზიანებულ ძეგლთა სარესტავრაციო სამუშაოებიც კი განახორციელეს.
უფრო მეტიც: ეს ხელისუფლება არა მხოლოდ სასულიერო პირთა დაბრუნებას უშლის ხელს, არამედ დარჩენილ მრევლთან მათ ყოველგვარ კონტაქტსაც. ეპარქიის მხრიდან სულიერი თუ მატერიალური დახმარების ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად კონტროლდება. ამის მიუხედავად, აფხაზეთში დარჩენილი მრევლი მმართველ ეპისკოპოსთან კონტაქტის მომხრეა და არც ყველა აფხაზს გაუწყვეტია ევქარისტიული კავშირი დედაეკლესიის იერარქიასთან.
მოსახლეობისა და სასულიერო პირთა დიდი ნაწილის გახიზვნის შემდეგ მხოლოდ სამი მღვდელი დარჩა: პეტრე სამსონოვი (ლიხნის ტაძრიდან), პეტრე ხარჩენკო (გაგრის ტაძრიდან) და ბესარიონ ფილია. მათ უდიდესი მისია დაეკისრათ: ომით დამძიმებული ადამიანების სულებისთვის უნდა ეწამლათ, ამასთან, ხელი შეეწყოთ კონფლიქტის სწრაფად დარეგულირებისა და დევნილთა დაბრუნებისთვის, აგრეთვე დაეცვათ იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობა. ასე უნდა მოქცეულიყვნენ მართლმადიდებელი მღვდლები, მაგრამ რასაც ბესარიონ ფილია სჩადიოდა, საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებელი მამის მისიასთან: მან ოფიციალურად გაწყვიტა კავშირი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან (რის შესახებ ხმამაღლაც განაცხადა) და თავი თვითნებურად დაიდგინა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის "გამგებლად". ბესარიონ ფილიას არაფერი უთქვამს, კერძოდ რომელ ეკლესიას მიაკუთვნა "თავისი" ეპარქია, მაგრამ იქიდან, თუ ვის მოიხსენიებდნენ ლოცვებში ის და დანარჩენი სასულიერო პირები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნაცვლად (მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს და მაიკოპის ეპისკოპოსს), ყველაფერი ცხადია".
ბესარიონ ფილია (გაზეთი "რუსსკი დომ", 2000წ., #12): "ჩვენ მეუფე არ გვყავს, მაგრამ გვაქვს ეპარქიული საბჭო. ამ საბჭომ გამგებლად ამირჩია. საქართველოსა და აფხაზეთს შორის ომთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსმა (იგულისხმება მეუფე დანიელი, - მ.ტ.) მრევლის დიდ ნაწილთან ერთად დატოვა აფხაზეთი. ღმერთმა უწყის, რატომ წავიდა; არავითარი ზეწოლა მასზე არ ყოფილა".
მამუკა ფუტკარაძე: "მღვდელმა ბესარიონ ფილიამ ყველაზე უკეთ იცის ის მიზეზები, რომელთა გამოც მეუფე დანიელი სხვა სასულიერო პირებთან ერთად იძულებული გახდა, აფხაზეთი დაეტოვებინა... მან მთავარეპისკოპოსთან კონტაქტის აღდგენის ნაცვლად სხვა მღვდლებსაც აუკრძალა ლოცვებში ქართული ეკლესიის კანონიკური მეთაურის მოხსენიება, რის შედეგადაც, საკუთარი თავი და, ხშირ შემთხვევაში, მოტყუებული მიმდევრები, ფაქტობრივად, განკვეთა დედაეკლესიის წიაღიდან. იმის ნაცვლად, რომ როგორმე აღედგინა ურთიერთობა მეუფე დანიელთან, ბესარიონ ფილიამ მსოფლიო პატრიარქს მიაშურა, თუმცა მისი უწმინდესობის კანცელარიაშიც კი არ შეუშვეს...
მაგრამ ეპარქია სადმე ხომ უნდა განეწესებინა? "რუსეთის აწ განსვენებული პატრიარქის, ალექსი მეორის გარდა არავინ გამომეხმაურა, ამიტომ მე მოსკოვში მივდივარო", - განაცხადა ფილიამ. სამწუხაროდ, სწორედ მოსკოვის საპატრიარქოში მიიღეს იგი პატივით და სათანადო მითითებების ნაცვლად ოფიციალური ჯილდოთი - წმინდა სერგი რადონეჟელის მეორე ხარისხის ორდენითაც დააჯილდოეს. ეს ყოველივე კი მაშინ ხდებოდა, როცა რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ეპარქიას ქართული ეკლესიის იურისდიქციაში მოიაზრებდა..."
თვითმარქვია მმართველს კიდევ ერთ დამხმარედ მაიკოპის მაშინდელი მთავარეპისკოპოსი ფილარეტი მოევლინა. ეს უკანასკნელი სწორედ იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა მოსკოვის სასულიერო სემინარიას, როდესაც იქ, მღვდელ ბესარიონ ფილიას რეკომენდაციით, კანონდარღვევით ირიცხებოდნენ აფხაზი სტუდენტები.
მაიკოპის მთავარეპისკოპოსის მომდევნო კანონდარღვევა გახლდათ ზემოხსენებული სასწავლებლის აფხაზი სტუდენტის, ეგნატე კიუტის მღვდელმონაზვნად კურთხევა, რის გამოც რუსეთის აწ გარდაცვლილმა პატრიარქმა ალექსი მეორემ ოფიციალურად მოუბოდიშა ქართულ ეკლესიას.
როგორც ვთქვით, მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ბესარიონ ფილიას რეკომენდაციით რამდენიმე აფხაზი ჩაირიცხა. ორი მათგანი სწავლის პერიოდში ქართულ ეკლესიას დაუკავშირდა და მოსკოვის სასულიერო აკადემიაში სწავლა უკვე სრულიად საქართველოს კათოკილოს-პატრიარქის, ილია მეორისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, დანიელის ლოცვა-კურთხევით განაგრძო. ერთ-ერთ მათგანს, იეროდიაკვან დავითს (სარსანია), ეროვნებით აფხაზს, იმის გამო, რომ დედაეკლესიას უერთგულა და ბერად მის წიაღში აღიკვეცა, თვითნებურად შექმნილმა საბჭომ "ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სასულიერო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება აუკრძალა" ("აფსუაპრესი", 2000წ., 24 ოქტომბერი).
ეს ყოველივე იმის საილუსტრაციოდ მოგვყავს, რომ ქართული ეკლესიის კურთხევის გარეშე ხელდასხმულ ფსევდომოძღვრებს ზურგს, სამწუხაროდ, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია უმაგრებდა.
მამუკა ფუტკარაძე: "თვითმარქვია მმართველისთვის მოსკოვის საპატრიარქოს უნდა მიეთითებინა, რომ, პირველ რიგში, თავისი კანონიკური მმართველებისთვის მიემართა და მათი მითითებით ეხელმძღვანელა. ძალზე მტკივნეულია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა ყველაზე მძიმე მომენტში არა მარტო მხარი მისცეს მათ, ვინც ქრისტეს სხეულის ერთიანობას არღვევს, არამედ ეკლესიის მდევნელებადაც კი წარმოაჩინეს თავი. ახალი ათონის სიმონ კანანელის სახელობის მონასტერში, რომელიც ქართული ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას ეკუთვნის, ყველა საეკლესიო კანონის უგულებელყოფით, რუსეთიდან იღუმენ პეტრე პიგოლის ხელმძღვანელობით ბერებისა და მორჩილების ჯგუფი წარმოგზავნეს. მე მოვახერხე, გავსაუბრებოდი ზოგიერთ მორჩილს. როგორც ისინი ირწმუნებოდნენ, საამისო კურთხევა მათ პატრიარქ ალექსი მეორისგან მიიღეს (ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა მათ პეტრე პიგოლმა). ეს ფაქტი ვერ დამალეს და სკანდალი რომ როგორმე ჩაეხშოთ, პეტრე პიგოლი სასწრაფოდ გაიწვიეს აფხაზეთიდან. ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილები კი მიხვდნენ, რომ მონასტერში უკანონოდ იმყოფებოდნენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სინანულით აღსავსე წერილი მისწერეს, სადაც მონასტერში დარჩენის ნებართვას ითხოვდნენ და მიიღეს კიდეც. ეს "მზაკვრობა" ბესარიონ ფილიამ ვერ აიტანა და ისინი იქიდან დაითხოვა.
ეს ბერები და მორჩილები სულ სხვა მიზნით გამოგზავნეს, ჰოდა, გამოყარეს კიდეც მონასტრიდან, რუსეთში კი სასწრაფოდ ახალი ჯგუფი შეკრიბეს, მაგრამ ეს დროებითი გადაწყვეტილება იყო, მათ ხომ შეეძლოთ, იმედი ისევ არ გაემართლებინათ. ისევ მოსკოვის საპატრიარქომ უშველათ: იქაურ სასულიერო სემინარიაში ყველა წესის დარღვევით რამდენიმე აფხაზი სტუდენტი ჩარიცხეს (მოსკოვის სასულიერო სემინარიაში მისაღებ წესებში კი ნათქვამია, რომ მიღება მხოლოდ მმართველი მთავარეპისკოპოსის რეკომენდაციით ხდება)".
საეკლესიო კანონების თანახმად, მღვდელს უფლება არ აქვს, გარკვეული საეკლესიო საიდუმლოებები აღასრულოს. მაგალითად, წმინდა მირონს ეპისკოპოსთა კრება ხარშავს პატრიარქის მეთაურობით. ბესარიონ ფილიას რუსეთის საპატრიარქო ამ შემთხვევაშიც დაეხმარა: მირონი წმინდა სერგის ლავრიდან მიაწოდეს.
მსგავსი ამბები დღემდე გრძელდება...
"კარიბჭე" მომდევნო ნომრებში, თემის სირთულისა და მკითხველის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავ გააგრძელებს მოკვლევას, მანამდე კი ძველი სიმწვავით ისმის კითხვა: რა ბედი ელის ქართული ეკლესიის აფხაზეთში დარჩენილ მრევლსა და სიწმინდეებს?