ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
რომლებიც მსოფლმხედველობით საკითხებს აშუქებენ. ეს გახლავთ "საზოგადოება ივერიისას" და ფასეულობათა კვლევის საზოგადოების ბაზაზე არსებული გამოცემა, რომლის პირველი განახლებული ნომერიც იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა. მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობაში საზოგადოების გაერთიანებით დაიწყო საქმიანობა "საზოგადოება ივერიისამ", რომელიც 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. საზოგადოების საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ფასეულობების წარმოჩენას, გაცნობიერებასა და ფართო საზოგადოებაში მათ კომუნიკაციას. "საზოგადოება ივერიისა" დღესაც აგრძელებს თანხის შეგროვებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად.
ჟურნალი "გული გონიერიც" სწორედ ფასეულობითი განათლების გავრცელებას ისახავს მიზნად. ეს უკანასკნელი კი თანამედროვე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. დეტალურად "გული გონიერისა" და იმ საკითხების შესახებ, რომელსაც გამოცემა აერთიანებს, ჟურნალის მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ბუაძე გვესაუბრება.
მოგვიყევით ჟურნალის შექმნის ისტორია, როგორია მისი განვითარების ხაზი?
ჟურნალი 2011 წელს დაარსდა და 2013 -2019 წლებში წელიწადში სამჯერ გამოდიოდა. მისი ელექტრონულ ფორმატში გამოცემა კი 2024 წელს განახლდა. განახლებული ჟურნალიც იგივე პერიოდულობით გამოვა.
2011-2019 წლებში "გული გონიერი" სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა. განახლებულმა ჟურნალმა პროფილი შეიცვალა. ის უფრო დაუახლოვდა ფასეულობით განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. ძირითადად ორიენტირებულია ფასეულობითი განათლების თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა იდენტობა და მსოფლმხედველობა. ეს ასეა, რადგან ფასეულობითი განათლება ფასეულობითად ორიენტირებულ ცოდნას ეფუძნება. ეს უკანასკნელი ორგვარია: ის ან შენი ხალხის, შენი ქვეყნის ისტორიას, ხელოვნებას, ლიტერატურას და ა. შ. ეხება ან - ყველაფერ სხვას ანუ გარე სამყაროს. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ეროვნულ იდენტობასთან, მეორე შემთხვევაში კი - მსოფლმხედველობასთან.
ბუნებრივია, რომ ჟურნალის დასახელება მის მიზნებსა და ხასიათს შეესაბამება. მართლაც მართლმადიდებლური მისტიკური ტრადიციის მიხედვით, ადამიანის გული მისი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრებისა და მისწრაფებების ცენტრია. გული ხომ ის ადგილია, სადაც ჩვენი მოქმედებები, გადაწყვეტილებები, მიზნები და მოტივები სინდისის კონტროლს გადის და სიკეთის ან ბოროტების ხასიათს იძენს. ამ კონტექსტში "გული გონიერი" ჭეშმარიტ ფასეულობებზე დაფუძნებული მსოფლმხედველობის და სწორი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების სიმბოლოა. ჟურნალის გარეკანზე დართული ძველქართული ბიბლიური ტექსტიც ამაზე მეტყველებს, სადაც ნათქვამია თუ როგორ უბოძა უფალმა სოლომონ მეფეს "გული გონიერი", რადგან მან ღვთისგან ითხოვა "გულისხმისყოფა სმენად სიმართლისა" და არა სიმდიდრე ან მისი მტრების თავი.
ჟურნალის განახლებასთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ მისი ენა უფრო პუბლიცისტური ყოფილიყო, ვიდრე სრულად მეცნიერული.
როგორც აღნიშნეთ, ჟურნალი "გული გონიერი" ფასეულობითი განათლების საკითხებით ინტერესდება. რატომ არის ეს თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი?
ზოგადად, საზოგადოებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური, კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური პროცესის წარმატებით წარსამართავად აუცილებელია მასში მონაწილე ადამიანები სისტემატურად ფიქრობდნენ ამ პროცესის მიზნებზე, პრინციპებსა და საფუძვლებზე. ასეთი ნაფიქრი სტატიები თავს იყრის ჩვენი ჟურნალის გვერდებზე.
ფასეულობითი განათლება რელიგიურ, კულტურულ და ეროვნულ ფასეულობებზეა ორიენტირებული. ასეთი ფასეულობები ადამიანს ეხმარება დაინახოს, რა არის უმთავრესი ან მეორეხარისხოვანი მის ცხოვრებაში; რა შეიძლება იყოს პიროვნული თუ ეროვნული ცხოვრების საზრისი, რას უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი მსოფლმხედველობა, ეროვნული ცნობიერება, რას უფრთხილდებოდნენ ჩვენი წინაპრები, რისი დაკარგვის უფლება არ გვაქვს ჩვენს ხალხს მისი ხანგრძლივი არსებობის გზაზე, რა მუდმივი ორიენტირები განსაზღვრავს ჩვენს რელიგიურ, ეთიკურ, ინდივიდუალურ თუ სოციალურ ცხოვრებას და რა ექვემდებარება ეპოქალურ ცვლილებებს და ა.შ.
წარმოიდგინეთ ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ენერგიით სავსე ადამიანი. თუ მას ჯანმრთელობისა და მატერიალური კეთილდღეობისადმი საწინააღმდეგოდ მიმართული ორიენტირები აქვს, ადრე თუ გვიან დაკარგავს, როგორც ჯანმრთელობას, ისევე სიმდიდრეს, ხოლო ღარიბისა და ავადმყოფი ადამიანის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ამის ანალოგიურად, რაც არ უნდა ხანგრძლივი და საამაყო წარსული არ უნდა ჰქონდეს ხალხს, მისი ეროვნული ცნობიერებისა და ყოფის დეგრადაცია გარდაუვალია თუ ფასეულობით განათლებას უგულებელყოფს.
ჟურნალის ბოლო ნომერი სრულად ეროვნულ იდენტობას მიეძღვნა. რა როლი აქვს დღეს მას თანამედროვე საზოგადოების ფორმირებაში?
ყოველ კონკრეტულ ადამიანს აქვს მისგან დამოუკიდებელი ინდივიდუალური თვისებები, მაგალითად სქესი, ეროვნება, სახელი, გვარი და ა.შ., რომლებიც მის ინდივიდუალურ იდენტობას განსაზღვრავს, მაგრამ მას როგორც პიროვნებას შეუძლია თავისუფლად აირჩიოს ცხოვრების საზრისი, ფასეულობები და მიზნები, რომლებიც მთელს მის ცხოვრებას განსაზღვრავს და რომელთა გარეშე მის სიცოცხლეს აზრი ეკარგება. აი ეს საზრისი, ფასეულობები და მიზნები ინდივიდუალურ თავისებურებებთან ერთად განსაზღვრავს ადამიანის პიროვნულ იდენტობას.
ამის ანალოგიურად, ხალხის ეროვნული იდენტობა არ დაიყვანება მხოლოდ მათი არსებობის გეოგრაფიაზე, ისტორიასა და კულტურაზე. ეროვნულ იდენტობას განსაზღვრავს ის ტრადიციული რელიგიური და ეროვნული ფასეულობები, რომელთა დაცვასა და განმტკიცებაში ხედავდნენ ჩვენი წინაპრები მათი არსებობის საზრისს. აქედან გამომდინარე, ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და დაცვა თავისთავში გულისხმობს: ტრადიციული რელიგიური და ეროვნული ფასეულობების ცოდნას, გააზრებასა და მათზე ზრუნვას.
აღნიშნული ტრადიციული ფასეულობები ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება, რადგან ისინი მიმართულებას აძლევენ ჩვენს მსოფლმხედველობას, გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს. ასე რომ ეროვნული იდენტობის სათანადოდ გაცნობიერების გარეშე საზოგადოებას არ გააჩნია სწორი ფასეულობები. ეს კი მას ეროვნული არსებობის მნიშვნელოვან მომენტებში სწორი არჩევანის გაკეთებისა და ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალული გზის ღირსეულად გაგრძელების შესაძლებლობას წაართმევს.
თქვენი აზრით, ისტორიიდან რომელია ის სამი ძირითადი მარკერი, რომელმაც ქართული იდენტობა შექმნა?
ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას მეცნიერულ ლიტერატურაში ჩვეულებრივ ნაციონალური იდენტობის სახელით მოიხსენიებენ. ნაციონალური იდენტობის არსისა და მისი ჩამოყალიბების ისტორიასთან დაკავშირებით ბევრი გავლენიანი თანამედროვე ფილოსოფოსი, სოციოლოგი და ისტორიკოსი უპირისპირდება ერთმანეთს. ცხადია, რომ ამ საკითხებზე ქართველებსაც აქვს ნაფიქრი, მათგან ყველაზე ავტორიტეტული ილია ჭავჭავაძეა და მეც მის შეხედულებაზე შევჩერდები.
ილია ჭავჭავაძემ ქართველ ხალხს უმთავრეს ამოცანად "დაკარგული ვინაობის აღდგენა" დაუსახა. "ვინაობაში" ილია სწორედ ეროვნულ იდენტობას გულისხმობდა, რომელსაც მისი აზრით, "მამა-პაპათაგან მიღებული სამი საუნჯე" - მამული, ენა და სარწმუნოება განსაზღვრავს. ქართველებს უპირველეს ყოვლისა ამ ტრიადაზე უნდა ეზრუნათ. ილიას მიხედვით, მამულზე ზრუნვის ერთ-ერთი ელემენტი ისეთი პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების დამკვიდრება იყო საქართველოში, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოწინავე, დამოუკიდებელ, ევროპულ სახელმწიფოდ გადააქცევდა. ასეთად მას კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმისთვის დამახასიათებელი ინსტიტუტები მიაჩნდა. ამიტომ ეძახოდნენ მას მოწინააღმდეგეები "მრგვალ ლიბერალს". ილია თვლიდა, რომ ეროვნული იდენტობის ანუ "ვინაობის" განმტკიცება მხოლოდ ტრადიციულ ქართულ ეროვნულ კულტურასთან ზიარებით იყო შესაძლებელი. ამის მისაღწევად კი ქართული ენისა და წერა-კითხვის საყოველთაო ცოდნა იყო აუცილებელი. ამ მიზნით დააარსა მან "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება". ილია ასევე თვლიდა, რომ ქართული ეროვნული იდენტობა ჩვენს სარწმუნოებას ეფუძნება, რადგან სარწმუნოება გვაწვდის იმ მარადიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩვენს ისტორიას, ლიტერატურას, კულტურასა და ცხოვრების საზრის განსაზღვრავდა ტრადიციულად. ილიასეულ ტრიადას მასზე ადრე სხვა დიდი ქართველი მამულიშვილებიც ეყრდნობოდნენ ეროვნული თვითმყოფადობისა და ცნობიერების განმტკიცების მიზნით, თუმცა მათ განსხვავებული თანმიმდევრობითა და სახელებით მოიხსენიებდნენ.
რა საკითხები იქნება განხილული ჟურნალის ახალ ნომერში?
ახალი ნომრის თემაა ქრისტიანობის გავლენა ჩვენი ხალხის ისტორიაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ანუ ჩვენი ხალხის იდენტობასა და მსოფლმხედველობაზე. ახალ ნომერში 14 საინტერესო სტატია შევა.
ალბათ, ყველა ჩვენგანი ამჩნევს მზარდ, არასასურველ ტენდენციას, რომელიც ამ ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებაში იკიდებს ფეხს. რაც დრო გადის, ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი გარემოებებისა და ფაქტორების ზემოქმედებით, უფრო და უფრო იზრდება ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის მიმართ გულგრილად ან მტრულად განწყობილი ადამიანების რიცხვი.
საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ უმაღლესი ფასეულობებისა და პრინციპების სისტემატურ უგულებელყოფას ნიჰილიზმის საყოველთაო გაბატონება მოაქვს, რაც დეგრადაციით ემუქრება ეროვნულ ცნობიერებასა და იდენტობას. ვფიქრობ, რომ ნიჰილიზმის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა, ადამიანებს დაანახო ქრისტიანული მსოფლმხედველობის, ფასეულობებისა და ზნეობრივი პრინციპების გადამწყვეტი როლი ჩვენი ან თუნდაც სხვა ხალხების ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში. შეუძლებელია, სიმპათია და ინტერესი არ აღგეძრას იმის მიმართ, რასაც სიკეთე მოჰქონდა შენთვის ძალიან ძვირფასისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ეს ნომერი ისეთ სტატიებს დაეთმობოდა, რომლებშიც ნაჩვენები იქნება ქრისტიანული რწმენის, ქრისტიანული მსოფლმხედველობის გავლენა ჩვენი ხალხის ისტორიული გზის ფორმირებაზე, მის თვითმყოფადობაზე, თვითაღქმაზე, ცალკეულ ისტორიულ მოვლენებსა და ფიგურებზე.
ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალის ამ ნომერში გაერთიანებული სტატიები თავის მკითხველებს უბიძგებს, ქრისტიანული თვალთახედვით განიხილონ მსოფლმხედველობრივი, ზნეობრივი და ეროვნულ კულტურასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟურნალი ამჟამად მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში გამოიცემა. მისი წაკითხვა სრულიად უფასოდ შესაძლებელია ონლაინ მითითებულ ბმულზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი