გორის სასულიერო სასწავლებელი
30 ოქტომბერი გიმნაზიის დაბადების დღეა - ამ დღეს დაირეკა პირველი ზარი სასწავლებელში. ხოლო 31 ოქტომბერს ეკურთხა გიმნაზიის ტაძარი გიორგი მთაწმინდელის სახელზე.
2008 წელი გიმნაზიის საიუბილეო წლად გამოცხადდა. მეუფე ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, 16 მაისს აღინიშნა სასწავლებლის დაფუძნების 190-ე წლისთავი, ხოლო 6 თვის შემდეგ სასწავლებელი საზეიმოდ გაიხსნა. გიმნაზია ძველადაც ორჯერ გახსნილა - თავდაპირველად მოსწავლეები მიიღეს, შემდგომ კი სასწავლებელი გახსნეს. ასე რომ, XXI საუკუნეშიც არ დაარღვიეს ეს ტრადიცია.
1817 წელს თბილისის გუბერნიის რამდენიმე ქალაქში - თბილისში, თელავსა და გორში - დაწყებითი სასულიერო სასწავლებლები დაარსდა. სწორედ ამ წლის ოქტომბერში დაიწყო გორის სასულიერო სასწავლებელში მოსწავლეთა მიღება, 1818 წლის 16 მაისს კი შედგა საზეიმო გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, რომელსაც იმდროინდელი გორის მაზრის მთელი თავადაზნაურობა და სამღვდელოება დაესწრო. სასწავლებლის მატერიალური უზრუნველყოფა, მიტროპოლიტ თეოფილაქტეს განკარგულებით, რუისის არქიმანდრიტ ნიკიფორეს დაევალა, ხოლო სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებითა და ინსტრუქციებით იგი თბილისის სასულიერო სემინარიამ მოამარაგა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად, მართლმადიდებლების გარდა, სასწავლებელში კათოლიკეები და გრიგორიანელებიც მიიღეს - სულ 48 მოწაფე (6-დან 17 წლამდე). მკაცრი დისციპლინის მიუხედავად, მოსწავლეთა რიცხვი იზრდებოდა. 1865 წელს მათმა რაოდენობამ 110-ს მიაღწია.
1836 წელს სასწავლებელს სამისიონერო ხასიათი მიეცა, რის გამოც შეიცვალა სასწავლო გეგმები. ძირითად საგნებს - რუსულსა და ქართულს - ოსური და თათრული ენის სწავლებაც დაემატა. გარდა ამისა, სასწავლებელში ისწავლებოდა ძველი სლავური გრამატიკა, არითმეტიკა, საეკლესიო გალობა, კატეხიზმო, ბერძნული და ლათინური ენები. დიდი ყურადღება ექცეოდა ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად თარგმნას.
1867 წელს, რუსეთის იმპერიაში სასულიერო სასწავლებლების სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების გამო, შესაბამისი ცვლილებები მოხდა გორის სასულიერო სასწავლებელშიც - დაარსდა სასწავლებლის გამგეობა, რომელშიც შედიოდნენ: ზედამხედველი, ინსპექტორი, სამღვდელოების ორი და მასწავლებელთა ერთი წარმომადგენელი.
გორის სასულიერო სასწავლებელი არა მარტო საქართველოს, მთელი ამიერკავკასიის საუკეთესო სასწავლებლად იყო მიჩნეული. სამაზრო ქალაქებს შორის პირველი ბიბლიოთეკა სწორედ აქ გაიხსნა 1862 წელს, თუმცა, სამწუხაროდ, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში იგი ხანძარმა გაანადგურა (გადარჩენილი ფონდი თბილისში, იმდროინდელ ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო განათლების ბიბლიოთეკაში გადაიტანეს).
სასწავლებელი განთქმული იყო მგალობელთა გუნდით, რომელიც 1879 წელს ჩამოყალიბდა. წარმატებული მუშაობის შედეგად, გუნდმა რამდენიმე თვეში შეძლო კონცერტების გამართვა გორსა და გორის მაზრაში. შემდგომში გუნდს სათავეში ჩაუდგა ს. გოგლიჩიძე.
სასწავლებელმა თავადი ერისთავისგან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბაღთან ახლოს, ახალი მიწის ნაკვეთი მიიღო უსასყიდლოდ.
1888 წელს გორის სასულიერო სასწავლებელი ახალაშენებულ ორსართულიან შენობაში გადავიდა, 1889 წლის 24 სექტემბერს (7 ოქტომბერს) კი მასში განთავსებული ტაძარი ღირსი მამის - გიორგი მთაწმინდელის სახელზე იკურთხა.
***
გორის სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებულნი:პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე); პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე); იოსებ ჯუღაშვილი - სტალინი; იაკობ გოგებაშვილი - პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, საზოგადო მოღვაწე; სოფრომ მგალობლიშვილი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე. 1867 წელს დაასრულა გორის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო შემდგომ თავად ასწავლიდა ამ სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას; კონსტანტინე მამაცაშვილი - საზოგადო მოღვაწე, მწერალი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. 1884 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. იგი იყო თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი საბჭოს წევრი, თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "გუთნის დედა", "ივერია", "დროება", "მოამბე"; ია კარგარეთელი - კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი, საზოგადო მოღვაწე; ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე - მღეროდა გორის სასულიერო სასწავლებელში არსებულ ს. გოგლიჩიძის გუნდში, ბოლო კლასებში ამ გუნდის ლოტბარი იყო. 1894 წლიდან ასწავლიდა გორის დაწყებით სკოლაში სიმღერას და იქვე დააარსა მომღერალთა გუნდი, რომელშიც ვანო სარაჯიშვილიც მღეროდა. ს. კავსაძემ გუნდები დააარსა თბილისში, ტყიბულსა და ჭიათურაში. 1935 წელს კი თბილისში ჩამოაყალიბა აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.
***
1883 წელს წმინდა კირიონ მეორე, კიევის სასულიერო აკადემიაში განათლების მიღებისა და ოდესის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ მუშაობის შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და გორის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო მუშაობა.1905 წლის რევოლუციის ზეგავლენით, გორის მაზრის მოსახლეობამ სასულიერო სასწავლებლის გაუქმება მოითხოვა. ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა სასულიერო წოდების დაბალმა ფენამაც, მაგრამ ზემდგომი ინსტანციები არ დაეთანხმნენ და სასწავლებელმა გააგრძელა არსებობა. 1917 წელს, როცა დროებითმა მთავრობამ დადგენილება მიიღო ყველა სასწავლებლის განათლების სამინისტროს უწყებაში გადასვლის შესახებ, გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა.
XXI საუკუნის დასაწყისში ყოფილი სასულიერო სასწავლებლის შენობა კვლავ ეკლესიას დაუბრუნა. გაჩნდა იდეა, სასწავლებელს დაბრუნებოდა მისი თავდაპირველი დანიშნულება - საგანმანათლებლო ფუნქცია. სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსის, ანდრიას კურთხევით, მომზადდა შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ხორცშესხმა შესაძლებელი გახდა კერძო შეწირულობით (მადლობა ღმერთს ასეთი ადამიანების არსებობისთვის).
2006 წლის 30 ოქტომბერს გორში, სამეფოს ქუჩაზე, 1917 წელს იძულებით გაუქმებული სასულიერო სასწავლებლის განახლებულ შენობაში ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია გაიხსნა. გიმნაზიის დირექტორი სამთავის-გორის ეპისკოპოსი მეუფე ანდრია ბრძანდება. სასწავლებელში დაირეკა პირველი ზარი და დაწყებით საფეხურზე 80-მდე აღსაზრდელმა დაიწყო სწავლა.
2006 წლის 31 ოქტომბერს ახალაღდგენილ ტაძარში ჩატარდა პირველი წირვა. ტაძარიც ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე იკურთხა. მას ემსახურებიან სტიქაროსნები, რომლებიც გიმნაზიის მოწაფეები არიან.
აღსაზრდელები სასკოლო საგნებთან ერთად ისწავლიან: ძველ ქართულ ენას, საღვთო სჯულს, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, ხელოვნების ისტორიას, ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებს. ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ ხელგარჯილობას, ხეზე კვეთასა და ხატწერის ტექნიკას, ქართულ ცეკვებს. ამავე დროს, გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და შეისწავლიან მათი გამოყენების მეთოდებს. გიმნაზიის განვითარება გულისხმობს არა მარტო სასწავლო პროცესის თანამედროვე დონეზე წარმართვასა და მოსწავლეთა მიერ ძველი ქართული ხელოვნების ოსტატობის დაუფლებას, არამედ მძლავრი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბებას. გიმნაზიაში განთავსდება ეპარქიის მუზეუმი. შეიქმნება წმინდა კირიონ II-ის საზოგადოება, რომელიც შეისწავლის სამთავისისა და გორის ეპარქიის ისტორიის უცნობ მოვლენებს, აქ მოღვაწე ცნობილ პიროვნებათა ღვთივსათნო საქმეებს, სამეცნიერო კვლევაში ჩააბამს ახალგაზრდობას, რათა წმინდა გიორგი მთაწმინდელის მადლით, მისი ღირსების დარად, სასწავლებელი იქცეს ქართული სულიერების, ხელოვნების, კულტურისა და განათლების საუკეთესო სამჭედლოდ.
შეიქმნა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის მედალი, რომელიც ზარაფხანაში დამზადდა. 16 მაისს, იუბილეზე, მეუფე ანდრიამ მედალი გადასცა უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს, რადგანაც ყველა ეს საქმე მისი კურთხევით აღესრულება. მეორე ეგზემპლარი გადაეცა ბატონ ოლეგს გიმნაზიის მშენებლობისთვის გაწეული დახმარებისთვის.
სასწავლებელმა მოსახლეობაში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა როგორც ამ გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა თინიკო გვერდწითელმა აღნიშნა, თავდაპირველად ასეთ შეკითხვებსაც კი უსვამდნენ: "თქვენი გიმნაზიიდან პირდაპირ მონასტერში მიდიან?" "შემოსილებმა უნდა იარონ?" გორელები სიფრთხილით მოეკიდნენ სიახლეს, ახლა კი ისეა საქმე, რომ მიღებისას სასწავლებელს მოსწავლეთა შერჩევა უწევს. აუცილებელი პირობაა, ოჯახი რომელიმე ტაძრის მრევლი იყოს, რადგან ბავშვს, მშობლის გარდა, ვერავინ შეუწყობს ხელს".
გიმნაზიაში სწავლობს დროებით ჩარიცხული 6 დევნილი. მართალია, მათ სულ რამდენიმე თვე მოუწევთ აქ სწავლა, მაგრამ იმედია, ეკლესიას აღარასოდეს მოშორდებიან.
გიმნაზიის ჰყავს მოძღვარი - დეკანოზი იოანე (ცხვირაშვილი). იგი გიმნაზიის ტაძარში ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ატარებს მსახურებას. გარდა ამისა, ასწავლის "საღმრთო სჯულს" და აქვს "მოძღვრის საათი" - კვირაში ერთხელ მაინც ყველა კლასში შედის და მოწაფეებს მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე ესაუბრება.
გიმნაზიაში ჩამოყალიბდა ახალი საშობაო ტრადიცია - გენეთლია. მეუფის კურთხევით, სასწავლებლის გახსნის პირველივე წელს ჩატარდა ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ეპარქიის, საპატრიარქოს დაქვემდებარებული სასწავლებლების მოსწავლეები. მონაწილეები თვითშემოქმედებით ულოცავენ ერთმანეთს შობას და თან ერთმანეთსაც ეცნობიან. ფესტივალი უკვე ორჯერ ჩატარდა და მისით მრავალი სკოლა დაინტერესედა.
გიმნაზიაში სწავლება საბაზო და საშუალო დონეზე გრძელდება. უფროსკლასელებს არ იღებენ - აქ მხოლოდ პირველივე კლასიდან ჩარიცხული მოსწავლეები სწავლობენ. სასწავლებელი სახელმწიფოს მიერ არის ლიცენზირებული, ამდენად, კურსდამთავრებულები აუცილებლად მიიღებენ ატესტატს.
იაკობ გოგებაშვილი ამბობს: "ადამიანი მოკლებული დედაენის ცოდნას და მკვიდრს სულიერს კავშირს თავის სამშობლოსთან და ერთან მიემსგავსება საბრალო ობოლს, საწყალს სტუმარს, რომელსაც არ გააჩნია თავისი საკუთარი სახლი ამ ქვეყანაზედ. იგი მოგაგონებთ ხითგან მოჭრილს ტოტსა, რომელიც დღეს თუ ხვალ უთუოდ გახმება". გორის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია ნაყოფის მიმცემი იქნება მთელი საქართველოსთვის, გამოზრდის ცოდნითა და რწმენით განათლებულ თაობას.
მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
დემეტრე ტლაშაძემ