დიდი კაბადოკიელი დედები
თუ ადამიანი მაცხოვრისგან ბოძებულ ერთ ძირითად მცნებათაგანს აასრულებს და უფალს მთელი გულით, გონებითა და სულით შეიყვარებს, მნიშვნელობა აღარ ექნება, მისი სამსახურისთვის რომელ გზას აირჩევს
- სასულიეროს თუ საეროს. ამის ნათელ მაგალითს ბასილი დიდის წინაპრები წარმოადგენენ, რომელთაც ქრისტეს სჯული ერში აღასრულეს. მისი დიდედის ბაბუამ სარწმუნოების ერთგულებისთვის ჯერ ქონება დაკარგა, ხოლო შემდეგ - სიცოცხლეც; ხოლო მამის მშობლები, მას შემდეგ, რაც ქრისტეს აღმსარებლობისთვის იმპერატორ მაქსიმინეს დროს დაწყებული დევნისას ქონება ჩამოართვეს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად შვიდი წელი პონტოს ტყეებში იმალებოდნენ. სამაგიეროდ, შთამომავლობას მემკვიდრეობად წარმავალი სიმდიდრის ნაცვლად უხრწნელი სიმდიდრე - ჭეშმარიტების სიყვარული დაუტოვეს. ამაზე მეტყველებს თვით ეკლესიის ისტორიაშიც კი საკვირველი ფაქტი - ერთ ოჯახში ექვსი წმინდანის არსებობისა. ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა ბასილის დედა ემილია და მისი ოთხი და-ძმა: გრიგოლ ნოსელი, პეტრე სებასტიელი, მაკრინე და თეოზვა. მომავალი დიდი საეკლესიო მოღვაწის მამა, რომელსაც ასევე ბასილი ერქვა, მჭევრმეტყველების ცნობილი მასწავლებელი იყო. კესარიაში მას ყველა პატივს სცემდა და როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, ამ საქმეში (ე.ი. მჭევრმეტყველებაში) პირველობა მხოლოდ შვილს დაუთმო. მისივე ცნობით, სათნოებით მას არც მეუღლე ჩამორჩებოდა, რომლის პიროვნებასაც საოცრად ესადაგებოდა სახელი ემილია (ქართულად სიმწყობრეს, გამართულობას ნიშნავს). მათი ცოლქმრობის საფუძველი სულიერი ერთობა და სათნოებისკენ თანაბარი სწრაფვა იყო, რასაც საქმით, კერძოდ, ღატაკთა გამოკვებით, უცხოთა შეწყნარებით, ხორციელ მოთხოვნილებათაგან თავშეკავებით, თავიანთი ქონების ნაწილის ღვთისთვის შეწირვით გამოხატავდნენ.
ბასილისა და ემილიას ათი შვილი შეეძინათ, რომელთა აღზრადასაც, პირველ რიგში, მამა ხელმძღვანელობდა. აღზრდა კი მათი მარადიული ცხოვრებისთვის მომზადებას გულისხმობდა.
***
გრიგოლ ღვთისმეტყველის მშობლებს ერქვათ გრიგოლი და ნონა. ნონა ქრისტიანულ ოჯახში გაზრდილი, ღრმად მორწმუნე ქალი იყო, განსხვავებით ქმრისგან, რომელიც წარმართულ სარწმუნოებასთან აღრეულ იუდაიზმს სცემდა პატივს. გრიგოლის დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ ნონას გულს სტკენდა, რადგან სურდა, ქმართან სულიერი კავშირიც ჰქონოდა. უფალმა შეისმინა ღვთისმოსავი ქალის ვედრება: გრიგოლს ძილში ეჩვენა, რომ ზეპირად წარმოთქვამდა 121-ე ფსალმუნის პირველ მუხლს: "ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ", და ეს მაშინ, როცა მეუღლის მრავალგზის თხოვნას - ფსალმუნები წაეკითხა, ყოველთვის მტკიცე უარით პასუხობდა. ამ სასწაულებრივმა სიზმარმა გრიგოლი მიახვედრა, სად უნდა ეძია ჭეშმარიტი ღმერთი. იგი ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე მივიდა და ქრისტეს რწმენა აღიარა. გრიგოლი ჯერ მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ ნაზიანზის საეპისკოპოსო კათედრაც ჩააბარეს. ნონასა და გრიგოლს შვილი კარგა ხანს არ შეეძინათ. ქალმა სურვილის ასრულება ღმერთს სთხოვა და აღთქმა დადო, რომ პირმშოს უფალს მიუძღვნიდა. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ქალმა მომავალი შვილის სახე ჩვენებაში იხილა. შეიტყო ისიც, თუ რა დაერქმია მისთვის. ამასთან დაკავშირებით გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "თუ მე დედის მიერ მიცემული აღთქმის ღირსი ვარ, ეს ღვთის ბოძებული წყალობაა, ხოლო უკეთუ აღთქმას არ შევეფერები, ეს უკვე ჩემი ცოდვაა". მის რწმენით, დედის აღთქმამ განსაზღვრა მისი უფროსი ვაჟის დამოკიდებულება საზოგადოებრივ ყოფასთან, რომელშიც იგი თავს ყოველთვის უცხოდ გრძნობდა: "შევაბიჯებ თუ არა ცხოვრებაში, მისთვის მაშინვე უცხო ვხდები, გაუცხოებული კი მშვენივრად ვგრძნობ თავს, რადგანაც ღვთისთვისა ვარ მიძღვნილი, ვითარცა კრავი ან საყვარელი ხბო, მსხვერპლი კეთილშობილი და გონიერი, როგორც ახალი სამუელი".
ჩვილობიდან მოყოლებული, იგი მშვენიერების სამეფოში იზრდებოდა, რადგან თვალწინ ჰყავდა ადამიანური სათნოების სრულყოფილი ნიმუშები - მშობლები.
***
იოანე ოქროპირი 344 ან 347 წელს დაიბადა ანტიოქიაში, მდიდარსა და ცნობილ ოჯახში. მამას, სეკუნდოსს, დიდი სამხედრო თანამდებობა ეკავა, დედა - ანთუსა მისთვის იგივე იყო, რაც წმინდა ნონა გრიგოლ ღვთისმეტყველისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა, ოცი წლისა დაქვრივდა, ანთუსას მეორედ გათხოვებაზე არც უფიქრია - სიცოცხლე ერთადერთ შვილს მიუძღვნა. გამოუცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა ქალი გონივრულად უძღვებოდა მეურნეობას, ცდილობდა, იოანესთვის ფართო და ღრმა განათლება მიეცა, განსაკუთრებულ ყურადღებას წმინდა წერილის შესწვლას უთმობდა. პატარა იოანემ ქრისტიანული ღვთისმოსაობის პირველი გაკვეთილები დედისგან მიიღო და მთელი სიცოცხლე გაჰყვა. ყრმობაში მიღებული შთაბეჭდილებანი ისე ძლიერად აღიბეჭდა მის სულში, რომ მათი წაშლა ვერც წარმართმა მასწავლებლებმა, ვერც ამხანაგებთან ურთიერთობამ და ვერც ახალგაზრდულმა გატაცებებმა შეძლეს. იოანეს სურდა დაეტოვებინა ეს სოფელი ასკეტური ცხოვრებისთვის, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ დედა დაამწუხრა. ანთუსამ შვილი იმ ოთახში შეიყვანა, სადაც შვა, სთხოვა, ქვრივობის შეჩვეულ სიმწარეს კიდევ ნუღარ დამიმძიმებ და ჩემს სიცოცხლეში ამას ნუ იზამო. იოანე დედის თხოვნას დაემორჩილა, მაგრამ მდიდრულ სასახლეშიც ახერხებდა ისე ეცხოვრა, როგორც ეს სულიერ მოღვაწეს შეეფერებოდა.
დედის გარდაცვალების შემდეგ გაყიდა მამული, ფული ღარიბებს დაურიგა, მონები გაათავისუფლა და ანტიოქიის მახლობლად ერთ სავანეში ბერად აღიკვეცა.