იმედი მაქვს, ღმერთი ყველაფერს შემაძლებინებს
შარშან "კარიბჭის" ერთ-ერთ ნომერში მთავარი თემა "ეკლესიის მსახურნი" გვქონდა. პატრიარქის სტიქაროსნების შეკრებაში ჩვენი კოლეგა შალვა კეკელია დაგვეხმარა.
მაშინ თავად გახლდათ პატრიარქის სტიქაროსანი და ამიტომ რესპონდენტადაც დავიმარტოხელე. ვკითხე, - საეკლესიო მსახურების გზას თუ გაჰყვები-მეთქი. ათი წელია ეკლესიაში ვარ და ძალიან გამიჭირდება სხვა გარემოში ყოფნა, როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება ყველაფერიო. მღვდლობას ხომ არ აპირებ-მეთქი, შევაპარე. ძალიან მინდაო, - მიპასუხა და მთხოვა, ეს არ ჩაწერო წერილშიო. მაშინ თხოვნა შევუსრულე, მაგრამ ამჯერად უკვე ფაქტს ვეღარსად გავექცევით. ჩვენს შალვას 20 მაისს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სამების ტაძარში დიაკვნად დაასხეს ხელი. ახლობლები შაკოს ვეძახდით, ამიერიდან უკვე მამა შალვას დაძახება მოგვიწევს. ზოგჯერ ვეხუმრებით ჩვენს რედაქტორს, "კარიბჭე" სასულიერო პირების სამჭედლოდ იქცაო. მამა ლევან მათეშვილიც ხომ "კარიბჭელია". როგორც წესი, სასულიერო გზაზე შემდგარნი კურთხევის წინა ღამეს ლოცვასა და სინანულში ათენებენ. მეორე დღეს მრევლის წინაშე ხდება ხელდასხმა და ღირსეულად აღიარება. ეს რჩეულთა ხვედრია და წყალობაა ღვთისა, რასაც ბევრი ვერ გამოცდის, მაგრამ სიხარულის გაზიარება კი ყველას შეუძლია.
მისი უწმინდესობა კურთხევისას სულიწმინდის გარდამოსვლის ლოცვებს ამბობს: "საღვთო მადლი, სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, ხელდასხმულს ყოფს ღვთის მოშიშსა კერძო დიაკონსა შალვას დიაკვნად, რათა გარდამოუვლინოს მას საღვთო მადლი სულისა წმინდისა. ვილოცოთ უკვე ამისთვის". შემდეგ, უწმინდესი სამჯერ ამბობს, - აქსიოს ანუ ღირსია. ამ დროს იგალობება "ისაია, მხიარულ იყავ". ეს საგალობელი ჯვრისწერისას და სასულიერო პირად კურთხევის დროს სრულდება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პიროვნება დებს აღთქმას, დაქორწინდეს უფალზე და მისი ერთგული იყოს სიცოცხლის ბოლომდე.
- დიაკვნად კურთხევის წინა დღეებში ისე ვნერვიულობდი, ღამეები არ მეძინა, - გამომიტყდა მამა შალვა, - თავიდან ვერ ხვდები, რა ხდება შენს ცხოვრებაში. როცა იცი, რამხელა საიდუმლოს ეზიარები, ტანში ჟრუანტელი გივლის. ჩემმა მოძღვარმა, მამა გიორგი ზვიადაძემ, გიორგობა დღეს წარმადგინა პატრიარქთან. არაფერი უკითხავს, ისე მოგვცა თანხმობა. მხოლოდ იეროდიაკვანს, მამა დემეტრეს უთხრა, - თქვენ შეარჩიეთ კურთხევის დღეო. 20 მაისს, 13 ასურელ მამათა ხსენების დღეს, მოხდა ჩემი კურთხევა. მწუხრის ლოცვაზე სტიქარი მეცვა და მამა დემეტრეს ვთხოვე, დიაკვნად კურთხევამდე ერთი საკითხავი მაინც წამეკითხა სამებაში. ძალიან მიყვარს მედავითნეობა და ბოლოს მინდოდა წამეკითხა. ცისკრის ლოცვის დაწყებისას უკვე კაბა ჩამაცვეს. წავიკითხე საკითხავი და პატრიარქთან დაჩოქილი წარმადგინეს. ჩემთან ერთად დიაკვანი გიორგი მღვდლად აკურთხეს. პატრიარქმა აიაზმა გვასხურა, ჯვარზე გვამთხვევინა და კაბა ჩაგვაცვეს. მადლობა ღმერთს, რომ დაუშვა ჩემზე ამხელა მადლი და დიაკვნად გამომარჩია. ისიც კარგად მესმის, თუ რა ვალდებულებას მაკისრებს დიაკვნობა. დიაკვანი მღვდლის დამხმარეა. წმინდა ტაძარში ადრე უნდა მივიდეს და მოძღვრის მოსვლამდე დაალაგოს ტაძარი, სამკვეთლო, მსახურებისთვის გაამზადოს ბარძიმ-ფეშხუმი, ყველაფერი, რაც მსახურების დროს არის აუცილებელი. დიაკვნობა წინა ნაბიჯია მღვდლობისა. ძალიან რთულია ადამიანის სულების ჩაბარება, მაგრამ ღმერთი გაძლევს ძალას და ყველაფერში გეხმარება. დიდი ძალა და ნუგეში მომცა პატრიარქმა დიაკვნად კურთხევის დროს. შუბლზე მაკოცა და მამობრივი სიყვარულით გამამხნევა.
- როცა პატრიარქის სტიქაროსანი იყავი, ბევრს ამოსდგომიხარ გვერდში და გისწავლებია, კურთხევის დროს როგორ მოქცეულიყო. თავად ხომ არ გაგიჭირდა ამ წესების შესრულება?
- როცა თავად აღმოჩნდები ასეთ მდგომარეობაში, აღარაფერი გახსოვს. ამიტომ შენს გვერდით მდგომმა უნდა გმართოს.
მამა გიორგი ზვიადაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კურთხევაში. ბევრი რამ მასწავლა. ქადაგების დროს უთქვამს, - ჩვენს მედავითნეს ვაკურთხებთ დიაკვნად და ყველამ ერთად ვილოცოთ მისთვის, რათა ღმერთმა შეაძლებინოს ამ ტვირთის ზიდვაო. დედაჩემი ვერ იყო კარგად და ვერ დაესწრო ჩემს კურთხევას. მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით ვესაუბრებოდი. პირველად დედამ მომილოცა და სიყვარულით, თბილად, მადლიანად დამლოცა. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი მეუღლე ქეთევანი ბოლომდე მხნედ იდგა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
- სასულიერო პირს ბევრი დაკვირვება სჭირდება, რათა თავისი საქციელით არ დააბრკოლოს მრევლი. შენ მომავალი მოძღვარი ხარ და ბევრი საერო თვისების დათმობა მოგიწევს...
- საეროსავით, რაღა თქმა უნდა, ვეღარ ვიცხოვრებ. ღმერთი მომცემს იმის ძალას, რომ რაც შეიძლება წმინდად ვიმსახურო. სასულიერო პირის მისალმებასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს მრევლისთვის. იმედი მაქვს, ღმერთი ყველაფერს შემაძლებინებს.
- მამაო, მინდა წარსული გაიხსენო - როგორ დაიწყე ეკლესიაში სიარული და როგორ გახდი ეკლესიის მსახური.
- ჩემი ოცნება პატრიარქის სტიქაროსნობა იყო. ალბათ ამან მიბიძგა, სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა. სემინარიის დამთავრების შემდეგ საჩხერის მამათა მონასტერში წავედი. იქ ორი წელი ვიყავი. სოფელ ივანწმინდაში არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაშვილი) რეზიდენციაში მორჩილად ვმსახურობდი. როცა მამა ბართლომე საჩხერეში მოღვაწეობდა, სოფლის ტაძრებში პარაკლისის ჩასატარებლად მგზავნიდა ხოლმე. სასულიერო აკადემიაში ჩაბარება მოვინდომე და თბილისში ჩამოვედი. მორჩილის კაბა განვიმოსე. რამდენიმე წლის შემდეგ დავოჯახდი კიდეც. გულში სულ მინდოდა, მოძღვარი გავმხდარიყავი, მაგრამ შინაგანად რაღაც შიში მქონდა. ისე, ჩემი წინაპარი მღვდელი ანტონ კეკელია იყო. შესაძლოა, წინაპრების გენმაც იმოქმედა, სასულიერო გზას რომ დავადექი.
- "კარიბჭეში" როგორღა აღმოჩნდი?
- სასულიერო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, როცა ბიძაჩემის მეგობარმა, ცხონებულმა ავთო მდევაძემ მითხრა, რელიგიური ჟურნალის გამოცემას ვაპირებთ და რას იტყვიო. მერე რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გავიცანი... ცხოვრებაში არაფერი არ მქონდა დაწერილი და პირველი ინტერვიუ "კარიბჭეში" გამოვაქვეყნე. კარგად მახსენდება ის დღეები. რამდენიმე თვე ვიმუშავე დაAმერე ოჯახი შევქმენი. ოჯახმა თავისი მოითხოვა. მამა გიორგი ზვიადაძის კურთხევით, ქაშვეთის ტაძარში დავინიშნე კეთილმოწესედ. თან ვმედავითნეობდი, დიაკვნადაც ამ ტაძარში ვიმსახურებ. დიდი მადლობა "კარიბჭეს". ბევრმა გამიცნო ჟურნალის ფურცლებიდან, ბევრი მადლობასაც მეუბნებოდა მასალების გამო. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს "კარიბჭის" მკითხველი.