ხალხური ანსამბლი
ჭეშმარიტად გულანთებული ქართველი ვაჟკაცებისგან შემდგარი ფოლკლორული ანსამბლის, "ჰერულას" თითოეული წევრი იმ კუთხის მკვიდრია, საიდანაც ანსამბლის სახელი მომდინარეობს.
საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში, რომელიც რახანია, აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, საბედნიეროდ, ძირძველი ქართველები დღესაც ცხოვრობენ და ქვეყნისა და ერის კეთილდღეობაში თავიანთი წვლილის შეტანას ცდილობენ. ანსამბლი "ჰერულა" ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულს ემსახურება. გვესაუბრება ანსამბლ "ჰერულას" ხელმძღვანელი ვასილ პაპიაშვილი:
- XVII საუკუნიდან ჰერეთში ირან-ოსმალეთის ძალისხმევით დაღესტნელთა გაბატონების შემდეგ იწყება ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის ძალით გამუსლიმება. ქართველთა უდიდეს ნაწილს ფიზიკური არსებობის შენარჩუნება ეთნიკური იდენტობის უმნიშვნელოვანესი მარკერის, სარწმუნოების დათმობის ფასად უჯდებოდა. ქართველი მოსახლეობა თანდათანობით მოწყდა მდიდარი ტრადიციებით სავსე მშობლიურ კულტურას. დავიწყებას ეძლეოდა მონასტრებთან არსებული საგანმანათლებლო კერები, მდიდარი ქართული მწერლობა და განათლება.
ამიტომ, XVII საუკუნეზე ადრინდელი ფოლკლორული მუსიკის შესახებ უმეტესად ლოგიკური და ზოგად-ისტორიული მსჯელობაა შესაძლებელი. ენობრივ-კულტურული სპეციფიკის თვალსაზრისით, ბარის ჰერეთის ქართველი მოსახლეობა ახლოს დგას ბარის კახეთთან, ხოლო ჰერეთის მთისა და მთისპირა ზონის ქართული სოფლების მოსახლეობა კახეთის მთიანეთის მოსახლეობასთან. დღეისათვის ჰერეთში ადგილობრივი დიალექტის ქართული ფოლკლორული მუსიკის ნიმუშების რაოდენობა ძალზე მწირია. რაც არის, უმეტესობაზე თითქოსდა XVII საუკუნის შემდგომი პერიოდის აღმოსავლური რიტმის გავლენა იგრძნობა.
დღემდე მოღწეული ეთნოგრაფიული მუსიკიდან უპირველესად უნდა აღინიშნოს ჰერული "ნანა", თავისი ვარიანტებით. მისი არსებობა ლოგიკურია, ვინაიდან "ნანა" არ არის არც სალხინო მრავალხმიანობის და არც თავშეყრის დროს სამღერი ყურადღების მიმპყრობი მუსიკა და მისი გაკონტროლება, ცხადია, ძალზე რთული იქნებოდა (ცალკე საკითხია დატირება).
არსებობს ასევე მცირე რაოდენობით არაჰერულ დიალექტზე შექმნილი მელოდიები, რომელთა განსხვავებული ვერსიები გვხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ მუსიკაში და რომლებიც ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშებს იყენებს.
ქართული მუსიკის დაბრუნება ჰერეთში XIX საუკუნის II ნახევრიდან საეკლესიო საგალობლების სახით იწყება. ისე რომ, XX საუკუნის II ნახევრისთვის, როცა საბჭოთა ათეიზმის მანქანას უკვე თავისი გაეკეთებინა, კახში შემორჩენილი იყვნენ მოხუცები, რომლებიც გალობდნენ საგალობლებს "აღდგომასა შენსა", "ქრისტე აღსდგა" და ასე შემდეგ...
XX საუკუნის უკანასკნელი მესამედიდან კახში გამოჩნდა ქართული ხალხური მუსიკის რამდენიმე თვითნასწავლი შემსრულებელი, რომლებმაც "იპოვეს" ერთმანეთი და შეკრეს ქორწილში მომღერალთა ჯგუფი. ამ დროიდან ქართულ ქორწილებში გაჩნდა სასიმღერო მუსიკა, რომელმაც ჩაანაცვლა XVIII საუკუნის შემდგომ გაჩენილი ნაღარა-ზურნა-დოლის რიტმები.
იმავე ჯგუფის ბაზაზე XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა ქართული ხალხური სიმღერების პირველი ანსამბლი "კახის შვიდკაცა", რომელსაც დროდადრო ახალი წევრები ემატებოდნენ.
ცოტა მოგვიანებით ქართული სიმღერის ჯგუფი "მერცხალი" შეიქმნა ზაქათალის რაიონშიც, კერძოდ, მის ყველაზე დიდ ქართულ სოფელში, ალიაბათში (ელისენში).
XXI საუკუნის პირველ წლებში "კახის შვიდკაცას" გამოეყო რამდენიმე წევრი, რომელთაც შეკრეს ხალხური სიმღერების ახალი ჯგუფი "ლაზარე".
2011 წლის ზაფხულში კახის რაიონში ახალი თაობის ახალგაზრდების მიერ დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი "ჰერულა".
ტრადიციული ქართული სულის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ქართული ხალხური სიმღერისა და საერთოდ, ქართული ფოლკლორის სიყვარული ოჯახიდან დაიწყო. ამან განაპირობა ანსამბლის შექმნაზე ზრუნვაც. მაშინ როცა კახში მთლიანად ჩამკვდარი იყო კულტურული ცხოვრება (შეიძლება ითქვას, ახლაც სავალალო მდგომარეობაა), იმ პერიოდში გადავწყვიტეთ შეგვექმნა ანსამბლი... პირველ ეტაპზე დავიწყეთ რეპეტიციები, რასაც ძალიან მოკლე პერიოდში მოჰყვა ერთ-ერთ სოფელში, ალიბეგლოში, ანუ ქათმის ხევში, კონცერტის ჩატარება. ეს იყო ჩვენი პირველი კონცერტი. ამის შემდეგ საქართველოდან დამიკავშირდნენ და საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურების" კონცერტებზე მივიღეთ მონაწილეობა. მონაწილეობა მივიღეთ ასევე ბათუმის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ანსამბლის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. შემდეგ ახალი სიცოცხლე დავიწყეთ. დღეს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში ვმონაწილეობთ..
ჩვენი ძირითადი მიმართულებაა სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები, რომელთა შესწავლასაც ყველაზე მეტ დროს ვუთმობთ. ახალი დაწყებული გვაქვს საგალობლებზე მუშაობა, ასევე ინსტრუმენტული ნომრების შესწავლა. რეპერტუარში შეტანილი გვაქვს მთის სიმღერები - ძველიც და ახალიც, რადგან ჩვენს კუთხეში ისინი საკმაოდ პოპულარულია. ჯერჯერობით საკუთარი ინსტრუმენტები არ გვაქვს. დიასპორის სამინისტრო შეგვპირდა გარკვეული ინსტრუმენტების გადმოცემას. თუ საკრავები გვექნება, ეს საკმაო შეღავათი იქნება იმისათვის, რომ განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები. კახში პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება კონცერტი მოაწყო და იმღერო მაყურებლის წინაშე. ქართული კულტურის ცენტრის გახსნის დაჩქარება ამ პრობლემას მოგვიხსნიდა. როგორც კი შენობა, დარბაზი გვექნება, მაშინვე დიდ კონცერტს ჩავატარებთ. სამწუხაროდ, 2005 წლის მერე კახში ხალხური სიმღერის კონცერტი არ ჩატარებულა.
ჩვენს კუთხეს, უპირველესად, საქართველოს ქართველებისგან სჭირდება უფრო მეტი ყურადღება. იმიტომ, რომ იქ ადგილზეც არ იგრძნონ თავი მიტოვებულად და უყურადღებოდ.