მამა ტიხონ შევკუნოვი დაიბადა 1958 წელს მოსკოვში, 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი და დამთავრებისთანავე მისი ცხოვრების გზა კარდინალურად შეიცვალა... იგი ფსკოვ-პეჩორის მონასტრის მორჩილი და არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის სულიერი შვილი გახდა. ათი წელი გაატარა მონასტერში და, მისივე თქმით, ეს იყო მისი ცხოვრების საუკეთესო წლები. შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებაში მუშაობდა. 1991 წელს კი ბერად აღიკვეცა დონის მონასტერში. ორი წლის შემდეგ და დღემდე, იგი ფსკოვ-პეჩორის მონასტრის მეტოქიონის - მირქმის მონასტრის წინამძღვარი და სასულიერო სემინარიის რექტორია.
არქიმანდრიტი ტიხონ შევკუნოვი არა მარტო ეკლესიურ, არამედ მრავალ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ასევე რამდენიმე რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ფილმის სცენარის ავტორია.
გთავაზობთ მის ერთ-ერთ მოთხრობას წიგნიდან "არაშერაცხული წმინდანები..."
ტიპიკონის დარღვევის ანუ იმის შესახებ, როგორ გავტეხეთ დიდი მარხვა თავად ზურაბ ჭავჭავაძესთან ერთად
1998 წელს მოსკოვის ცენტრალური ოლქის პრეფექტი ა. ი. მუზიკანტსკი (ამ ოლქშია მირქმის მონასტერი) მიყვებოდა გროზნოში მოგზაურობაზე - მეტად მძიმე პირობებშია იქაური მცირერიცხოვანი მართლმადიდებლური საზოგადოებაო. მონასტრის ძმობამ უწმინდესი პატრიარქის, ალექსის ლოცვა-კურთხევით, განვიზრახეთ, დავხმარებოდით გროზნოს ეკლესიას და მის მრევლს. სამ დღეში დიდი სატვირთო მანქანა პროდუქტებით, მედიკამენტებით, სამოსით დავტვირთეთ. ფულიც შეგროვდა. მართლაც გულისამაჩუყებელი იყო იმ ადამიანების ცქერა, ვინც ასე უშურველად გასცემდა (თავიანთთვისაც ასე აუცილებელს) შეჭირვებულთათვის. ალექსანდრე ილიას ძე მუზიკანტსკი იმდროინდელი ჩეჩნეთის ხელმძღვანელს, მასხადოვს და მის მთავრობას შეუთანხმდა, რომ წინასააღდგომოდ გროზნოელ ქრისტიანებთან ჩავიდოდით. სოფრინოს საპატრიარქო სახელოსნოების დირექტორმა ევგენი პარხაევმა გროზნოს გაძარცვული ეკლესიის ღვთისმსახურებისთვის აუცილებელი ნივთები გადმოგვცა. გამგზავრების დღედ გამოცხადდა ვნების კვირის ორშაბათი. ამ მგზავრობის შესახებ შევატყობინე ჩემს მეგობარს, ზურაბ ჭავჭავაძეს და ვთხოვე, რომ თუ რაიმე შემემთხვეოდა, დედაჩემზე ეზრუნა. ზურაბმა - მარტო არ გაგიშვებ, შენთან ერთად წამოვალო. ვერაფრით გადავათქმევინე - შეუდრეკელი და უშიშარი გახლდათ ქართველი თავადი. მან მითხრა, რომ მისი დიდი ბებიის დიდი ბებია, თავადის ასული ნინო ჭავჭავაძე, საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩეჩნებს გაუტაცნიათ და მალევე გაუთავისუფლებიათ. საბოლოოდ დავთანხმდი და უწმინდესი პატრიარქის - ალექსის, მამა იოანე (კრესტიანკინის) და სხვა პეჩორელი მამების ლოცვა-კურთხევით მე და ზურაბი გროზნოსკენ დავიძარით.
მალე ჩვენს წინ საზარელი სურათი გადაიშალა. დაბომბილი გროზნო ნანგრევებად იყო ქცეული. შენობები მიწასთან იყო გასწორებული. ჩეჩნეთის საბაჟოში ძლივს მოვახერხეთ რამდენიმე ლიტრი ღვინის ეკლესიის რიტუალისთვის გადატანა. იჩქერიაში ალკოჰოლის შეტანა აკრძალული იყო. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. გადავიტანეთ ფულიც, რომელიც წელზე მქონდა შემორტყმული. თანხის ნაწილი განსაზღვრული იყო გროზნოელი რუსი მოქალაქეების დასახმარებლად - მათ ხომ რამდენი წელია არ მიეღოთ არც ხელფასი, არც პენსია და არანაირი დახმარება, ნაწილი - მოძღვრისთვის, ნაწილი კი იმ უბედურ დედათა დასახმარებლად, ვინც ჩეჩნეთში თავიანთ დატყვევებულ შვილებს ეძებდნენ.
ჩეჩნეთში გაგვაჩერეს რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლობაში, აეროპორტ "ჩრდილოეთის" მახლობლად. იგი განთავსებული იყო ორ ძველებურ ხის ყაზარმაში. პირველში - იჩქერიაში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლობა იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე გენერალი და ოფიცერი ცხოვრობდა - მე და ზურაბიც აქვე შეგვასახლეს, მეორეში კი 60 ომონელი. როგორც ამიხსნეს, მათი ამოცანა იყო, 15 წუთის განმავლობაში თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, რათა ამ დროში ოფიცრებს დაშიფრული მანქანები და დოკუმენტები გაენადგურებინათ...
ძალიან თბილად შეგვხვდნენ. მე და ზურაბს ერთი ოფიცერი მოგვიჩინეს, თუმცა ხელმძღვანელობამ პატიოსნად გაგვაფრთხილა, რომ იგი მძიმე სიტუაციაში ვერაფრით დაგვეხმარებოდა, მას მხოლოდ ჩვენთვის გმირულად თავის შეწირვა შეეძლო. მასხადოვის ბრძანებით, კიდევ ორი ჩეჩენი მოგვამაგრეს. შეშინებულები დავინტერესდით, რამდენად საიმედოა ეს დაცვაო. პასუხი ასეთი იყო: თუ გზაში არ "გაგყიდეს", ყველაფერი კარგად ჩაივლისო. მე და ზურაბმა ზედმეტად რომ არ დავძაბულიყავით, ეს ხუმრობად ჩავთვალეთ.
გვიან ღამემდე პროდუქტებს და სხვადასხვა საგნებს ვანაწილებდით. ფული დავარიგეთ, ბავშვთა სახლს საკვები და მედიკამენტების ნაწილი გადავეცით. მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის დანგრეულ ტაძარში მამა ექვთიმეს შევხვდით და შევთანხმდით, რომ ორი დღის შემდეგ, დიდ ხუთშაბათს, წირვას ერთად დავაყენებდით. ლიტურგიაზე, გროზნოში დარჩენილი ასობით ქრისტიანი უნდა შეკრებილიყო. მთავრობამ ხომ ისინი ბედის ანაბარად მიატოვა. ძნელია იმის აღწერა, რაც მათ ამ წლებში გადაიტანეს. ჩვენ გვიხაროდა, რომ მათთვის მცირედი დახმარება შევძელით. ომის შემდეგ იმდენად დიდი სიძულვილი იყო ყველგან, რომ რუსებს არსებობისთვის საჭირო პატარა ბოსტნის ქონაც არ შეეძლოთ.
ქალაქში სიარულისას ჩემი კაბა ფურთხით გვარიანად დაისვარა, მაგრამ არ ვიმჩნევდით ზედმეტი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად. მე და ზურაბს ღამის გათევა რუსეთის წარმომადგენლობის ნაცვლად, ქალაქში შემოგვთავაზეს, თანაც ოფიცრის გარეშე. ოფიცერი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ მე და ზურაბი ღმერთს და ჩეჩნეთის მთავრობის წარმომადგენლის პატიოსნებას მივენდეთ. ოფიცერმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და დაგვშორდა. ჩვენ კი გროზნოს გარეუბნის ერთ-ერთი კერძო სახლისკენ გაგვიძღვნენ. სიტუაცია, რა თქმა უნდა, საშიში იყო, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
ჩეჩენთა დიდ ოჯახში თბილად მიგვიღეს. ოჯახის უფროსი რუსეთში აღზრდილი ინჟინერი, ივანოვოდან ყოფილა. ღამე ბევრი ვისაუბრეთ და ამ ტრაგედიის მეორე მხარეც შევიტყვეთ - რაც უამრავ ჩეჩნურ ოჯახს უკავშირდებოდა. ჩვენ თითქმის ყველა საკითხი გადავწყვიტეთ. ნაშუაღამევს კაბა გავწმინდე. შემდეგ მე და ზურაბმა მხურვალედ ვილოცეთ და დავიძინეთ.
მეორე დილას, დიდ ოთხშაბათს, ჩვენი ჩეჩენი დამცველების თანხლებით, ქალაქში გამოვედით. ისინი უფრო კეთილგანწყობილნი ჩანდნენ, ალბათ იმიტომ, რომ უცნობ ოჯახში ღამის გათენებისა არ შეგვეშინდა.
მთელი დღის მრავალი თავგადასავლის შემდეგ, როგორც იქნა, დავბრუნდით აეროპორტის რუსულ ბაზაში. ყაზარმასთან მიახლოებამდე მე და ზურაბი ვფიქრობდით ცხელ ჩაისა და პურზე, ლოცვებსა და ძილზე.
ყაზარმაში კი ასეთი რამ გველოდა...
კარებში ორი ოფიცერი შეგვხვდა. გულში ჩაგვიკრეს და გვითხრეს, რომ მათ უკვე იმედი აღარ ქონდათ ჩვენი ცოცხლად ნახვისა და რადგან საღსალამათნი გვნახეს, საზეიმო შეხვედრა მოგვიწყვეს. ყაზარმაში შევედით თუ არა, მოულოდნელობისგან ლამის გავშეშდით. დიდ ოთახში უზარმაზარ მაგიდაზე მდიდრული სუფრა იყო გაშლილი. შემწვარი გოჭი, მოხარშული ბატკნის ხორცი, ლაბა-სხმული თევზი... თვალსაჩინო ადგილას, უბრალო ქაღალდის ხატის წინ პარაფინის სანთელი ენთო. ერთი სიტყვით, მასპინძლებს ყველაფერი გაეკეთებინათ, რაც კი შეეძლოთ. დაბნეულები შევცქეროდით ხან ხორაგით სავსე მაგიდას და ხან გადარჩენით გახარებულ ოფიცრებს.- არ შემიძლია, დიდი მარხვა არასოდეს დამირღვევია! - ჩამჩურჩულა ზურაბმა. რა უნდა გვექნა? ვნების შვიდეულის განმარტება დაგვეწყო? ორივემ ვიგრძენით, რომ ღვთის წინაშე უფრო მეტი ცოდვა იქნებოდა, უარი გვეთქვა ამ ტრაპეზზე იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში ყველაფერი გააკეთეს ჩვენი პატივისცემისთვის.
ეს შესანიშნავი, ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე ხანგრძლივი ტრაპეზი მე და ზურაბს მთელი სიცოცხლე არ დაგვავიწყდება.
შემდეგ წლებში მონასტრის ძმობასთან ერთად ბევრჯერ ვყოფილვარ ჩეჩნეთსა თუ სხვა სამხედრო გარნიზონებში. და თუ ეს მარხვას დაემთხვეოდა, წინასწარ ვითხოვდით ჩვენი გასტრონომიული შეზღუდვების გათვალისწინებას.
თარგმნა მონაზონმა ელენემ
(რობიტაშვილი)
(რობიტაშვილი)