წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
"არ მოკლა". დიდ ორაშელმა რაიკო ნ-მა ამგვარი სასწაული მოგვითხრო: "ბიძაჩემს ვენახის გამო ვეჩხუბე და გადავწყვიტე, ღამით მომეკლა. მთვარე ანათებდა.
გზის პირას, სადაც ბიძაჩემს უნდა გაევლო, ხის ჩრდილში დავდექი. ხელში ნაჯახი მეჭირა. როცა მომიახლოვდა, ნაჯახი აღვმართე და თავში უნდა ჩამერტყა, რომ უცებ საშინელი, მგვრგვინავი ხმა მომესმა: "არ მოკლა!" ხელები ჩამოვყარე, ნაჯახი გამივარდა. ბიძაჩემმა ისე ჩამიარა, თითქოს არაფერი გაუგონიაო. მე სიბნელეს შევრჩი. ახლომახლო კაციშვილი არ ჭაჭანებდა და გამიკვირდა, ვინ შემომძახა-მეთქი. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მან სასიკვდინე ცოდვისაგან დამიხსნა. ახლა კი მტკიცედ მწამს, რომ ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. იდუმალმა ხმამ მეხის დარტყმას გადაარჩინა. ლუბიჩის თემელი ერთი მწყემსი გვიყვებოდა, რომ მას ხშირად აღვიძებდა რაღაც იდუმალი ხმა, როცა ცხვრები ნათესებში გადადიოდნენ ხოლმე. ცხადში თუ გაგიგონია ხმა, რომელიც ადამიანს არ ეკუთვნის-მეთქი. მწყემსი მომიყვა: ერთხელ თავსხმაში ხეს შევეფარე და უეცრად გარკვევით ჩამესმა ხმამაღალი შეძახილი: "ნერანჯა, გაიქეცი აქედან!" რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ზურგს უკან საშინელი გრუხუნი გაისმა - ხეს მეხი დაეცა.
ამბები ღვთის განგებულებაზე. ღრმად მორწმუნე, ღვთივგანბრწყინებული განსჯის და სოფელზე საღი შეხედულების კაცს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული, გამორჩეული მაგალითები, რომლებიც ღვთის განგებულებას მოწმობენ, იგი გრძნობს, რომ ყოველი მხრიდან გარემოცულია ამგვარი დამამოწმებელი მაგალითებით.
ამბავი სახლთან დაგდებული გვამისა. "მცირე მისიონარში" ვკითხულობთ განსვენებული მღვდლის, ლემაიჩის მონათხრობს ერთი პატიმრის აღსარებაზე. ტუსაღი ჰყვებოდა, რომ მან თავისი ბოროტებით ატეხა ჩხუბი, ჩაშალა ქორწილი და გაიქცა. პატარძლის ბიძა დაედევნა, მაგრამ ვერ დაეწია და მერე გზაც დაებნა. ამასობაში პატარძლის 15 წლის ძმა წავიდა ბიძის საძებნელად. სიბნელეში ვიღაც კაცი ბიძამისი ეგონა. არადა გაქცეული ავაზაკი გახლდათ. შეჩერდი, დაბრუნდიო, - ეძახდა ბიჭი. ყაჩაღმა იფიქრა, მე მიყვირისო. მიბრუნდა და დანით განგმირა. ნაშუაღამევს ცხედარი ბიძამისის სარკმელთან დაასვენა, სისხლიანი დანა კი ოთახში შეაგდო. ამგვარი ნივთიერი მტკიცებულების საფუძველზე ქალის ბიძას ათი წლით კატორღა მიესაჯა. ავაზაკმა კი კიდევ მრავალი დანაშაული ჩაიდინა. ერთ ღამეს ვიღაცამ მოკლულის გვამი მისი სახლის წინ დააგდო. დილით კი ამ ნივთიერი მტკიცებულებით ყაჩაღი სასამართლოს წინაშე წარდგა. მაგრამ მოსამართლეთა გასაკვირად, დამნაშავემ თავი არ იმართლა და აღიარა დანაშაული, თუმცა კი ეს კაცი მას არ მოუკლავს - თუ ამ მკვლელობაში ხელი არ მირევია, სხვა კაცი ხომ მომიკლავს და ეს ერთი და იგივეაო. ავაზაკს კატორღა მიუსაჯეს.
ამბავი სასწაულებრივად გადარჩენილი ღვთისმშობლის ხატისა. 1898 წლის 8 მარტს ქალაქ კურსკის ერთ-ერთ ტაძარში ვნება მიაყენეს "ზნამენიედ" წოდებულ ღვთისმშობლის ხატს. სიწმინდეთა არარაობის დასამტკიცებლად ოთხმა რევოლუციონერმა სტუდენტმა ამ წმინდა ხატის ქვეშ დააყენა ჯოჯოხეთის მანქანა, რომელიც, საბედნიეროდ, ღამე აფეთქდა - ტაძარში არავინ იყო. ძლიერმა აფეთქებამ ყველაფერი, მათ შორის ხატის კიოტიც კი დაშალა, მაგრამ ღვთისმშობლის ხატი უვნებელი დარჩა.
ამბავი მთაწმინდური ხატისა. გენერალმა ცოლოვიჩმა მოგვითხრო: ერთი თესალონიკელი ჯარისკაცი სიწმინდეების თაყვანსაცემად მთაწმინდაზე წავიდა და გენერალს საჩუქრად მცირე ზომის, ხეზე ნაკვეთი ღვთისმშობლის ხატი ჩაუტანა. ამ ხატს გენერალი დიდად აფასებდა. ერთხელ ბულგარელებმა უცბად შეუტიეს სერბულ პოზიციებს. მათი იარაღის ცეცხლი წვავდა ყველაფერს. გენერალმა უკან დახევა ბრძანა. თავის მეაბჯრეს უთხრა: ჩემი სალაშქრო ნივთები სასწრაფოდ ზურგში გადაიტანეო. მეაბჯრემ ერთ სკივრში ჩაყარა: თამბაქო, ქაშაყი, ჭურჭელი და სხვადასხვა ხარახურა. ხატიც იქ ჩადო, სკივრი საზიდარზე დადო და წაიღო. როცა საზიდარი დაიძრა, სკივრს ჭურვი მოხვდა, ჯარისკაცი გადახტა და გაიქცა. მოგვიანებით სერბებმა ბულგარელებს უკან დაახევინეს და ძველი პოზიციები დაიკავეს, იპოვეს დამწვარი სკივრი. ცეცხლს ყველაფერი ნაცარტუტად ექცია. როცა ნაცარი გადაქექეს, იქ ხის ღვთისმშობლის ხატი მთელი და უვნებელი დახვდათ.
ამბავი ღმერთთან დაბრუნებისა. ველკო ტადიჩმა თავისი ცოდვა ტავნის მონასტერში საჯაროდ აღიარა: "ღმერთი არ მწამდა. ჯარში ყოფნისას, ჩემი ურწმუნოების გამო, ეშმაკმა მაცდუნა და სახელმწიფო საწყობიდან რამდენიმე წყვილი ჩექმა მოვიპარე. მალევე გამომჟღავნდა ჩემი დანაშაული და გამასამართლეს. პატიმრობის ვადის გასვლის მერე შინ გამომიშვეს. ჩადენილი დანაშაულისა მრცხვენოდა და შაშხანით თავის მოკვლა გადავწყვიტე. ტყვია ამცდა. გამიკვირდა, დავფიქრდი, ეს როგორ მოხდა-მეთქი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თვითონ ღმერთმა დამიფარა. ის ჩემი შემოქმედია და ჩემი სიკვდილი კი არა, სინანული უნდა. ამიტომაც შევინანე, ავტირდი და აღსარება ვთქვი. სინანულმა ღმერთთან და საკუთარ სულთან დამაბრუნა. ჩემი სინანული ხელახლა შობად მექცა. ხელახლა შობამ კი სიხარული და სინათლე შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ქება და დიდება ღმერთს, უკუნითი უკუნისამდე, ამინ".
ამბავი კაცისა, რომელმაც ხელი აიღო წმინდა ნიკოლოზის განდიდებაზე. ერთი ჩვენი პოჟარევჩელი ძმა წმინდა ნიკოლოზს თაყვანს სცემდა, როგორც თავისი გვარის მფარველს და ჯვრიან დიდებას. ადიდებდა მას ჯერ კიდევ კუნძულ კორფუზე, დევნილობაში. როცა სერბული ჯარი გადაისროლეს თესალონიკის ფრონტზე, ბევრი ჯარისკაცი განაგრძობდა ჯვრიანი დიდების ზეიმს (ანუ თავიანთი გვარის მფარველი რომელიმე წმინდანის ხსენებას), ბევრმაც შეწყვიტა. ასე მოიქცა პოჟარევჩელი ძმაც. მეგობრებს ეუბნებოდა: "რატომ უნდა განვადიდო წმინდა ნიკოლოზი, თუკი არ მეხმარება? იმ წმინდანს განვადიდებ, ვინც შინ მიმიყვანს და იმ დღეს ვისი ხსენებაც იქნებაო!" 1918 წელს დაიწყო შეტევა და ჩვენი ჯარი ზამთრამდე დაბრუნდა სამშობლოში. დაბრუნდა შინ პოჟარევჩელი ძმაც. ოჯახში "საჯვრო" სადღესასწაულო სანთელი ენთო. "ვის დაუნთეთ?" - ჰკითხა ცოლს. "ჩვენს მფარველს, წმინდა ნიკოლოზს. ხვალ ხომ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულია?" ძმას შერცხვა. დარწმუნდა, რომ ცოცხალია ღმერთი და ცოცხალია წმინდა ნიკოლოზი და ყველგან უნდა პატივი მივაგოთ ჯვრიან დიდებას.
ამბავი რწმენის შერყევისა და შემდგომად განძლიერებისა. უჩვეულო და დრამატულია ყველა კაცის ცხოვრება, რომელიც გმირულად იბრძვის საკუთარი სულისთვის. სლივნიცაში (პრესპა) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტრის ბერი თავის წარსულზე მოგვიყვა.
დედამისი ადრე დაქვრივდა. თვითონ ყრმობიდანვე დაჰყავდათ ტაძარში და ძალზე უყვარდა ეკლესია. ერთხელ ურჩიეს, რამე ხელობა ისწავლე, რადგან ნასწავლი ხალხი უშენოდაც ბევრი გვყავსო. ისიც ერთ კათოლიკე ვაჭარს დაუდგა, რომელსაც არაფრის არ სწამდა. სხვებიც ურწმუნოებას უჩიჩინებდნენ - შენ შენი სავაჭრო გაქვს, მღვდლებს კი თავანთი - ესაა რწმენაო. ბიჭმა დაიჯერა. ოთხი წელი არც ტაძარში წასულა და არც ულოცია. ერთმა ბაპტისტმა ბიბლია დაუტოვა დედა-შვილს წასაკითხად. ბიჭს წაკითხული, ვითარცა ცოცხალი ჭეშმარიტება, გულს უთბობდა. ბაპტისტი დედა-შვილის სექტაში შეთრევას შეეცადა, მაგრამ ბიჭი შეეწინააღმდეგა. ჩვენ უფრო მეტი სიყვარული გვაქვს, ვიდრე მართლმადიდებლებსო, - უმტკიცებდა სექტანტი. "თუ ასეა, მაშინ ერთი ბარძიმის მაგივრად თითოეული ცალ-ცალკე ბარძიმიდან რატომ ეზიარებით?" - ჰკითხა ბიჭმა და როდესაც მოსანათლად დაუძახეს, უპასუხა, - მე ერთხელ უკვე მოვინათლეო.
სნეულება - საშუალება სულიერი კურნებისა. პახუმმა გვიამბო, რომ ამ ამბის მერე უეცრად დაბრმავდა. დაწვა საწოლში და მხედველობა დაუბრუნდა. მაგრამ როცა წამოდგომა დააპირა, კვლავ ვერაფერი დაინახა. ლოგინში დიდი ხნით ჩაწვა. დასუსტდა, გახდა, ოჯახის წევრებიც ცუდად უვლიდნენ. მაშინ ღმერთს შეჰღაღადა, ჯანმრთელობა დამიბრუნე და მთელი ცხოვრება შენ გემსახურებიო. "ყველაფერს მოგცემ, ღმერთო", - ამბობდა ის, თუმცა მაშინ არ იცოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა. ღმერთმა მას ჯანმრთელობა დაუბრუნა. განკურნების შემდეგ რჩევისთვის მღვდელს მიმართა: "ღმერთმა ჯანმრთელობა დამიბრუნა და არ ვიცი, რა მსხვერპლი უნდა შევწირო". მღვდელმა ურჩია, მონასტრისთვის რაიმე შეეწირა. მან ზეთი და სანთლები იყიდა და ხოპოვის მონასტერში წავიდა. გზა აერია, დიდხანს დახეტიალობდა და ბოლოს ტყიდან რებეტის მონასტრის სიახლოვეს გამოვიდა. მონაზვნებს შესაწირი გადასცა. მათ უთხრეს, სწორედ ზეთი და სანთლები შემოგვაკლდა ამ ბოლო დროსო. მონასტრის წინამძღვარი რუსი იყო. მცირე ხნის საუბრის შემდეგ წინამძღვარმა სტუმარს უთხრა: "თავს მთლიანად რატომ არ მიუძღვნი ღმერთს, ყველაფერს რატომ არ აძლევო?" სწორედ ის სიტყვები უთხრა, რომელიც სტუმარმა ოდესღაც ღვთისადმი აღთქმად წარმოთქვა! ამ ყველაფერმა ახალგაზრდა ნიკოლას (ასე ერქვა ერისკაცობაში) მონასტერში წასვლა გადააწყვეტინა და მონაზონი შეიქმნა.
ამბავი ღვთის განგებულების მოქმედებისა. ნეტარი იერონიმეს ცხოვრებაში ვკითხულობთ შემთხვევას, რომელმაც ეს დიდებული ადამიანი ქრისტეს სარწმუნოებაში მოიყვანა. იერონიმე წარმართი იყო. ადვოკატობა ჰქონდა განზრახული და ამიტომ გალიის აკვილიაში, ქალაქ ტრეკში გაემგზავრა. წასვლის წინ მეგობარმა რუფინუსმა (რომელიც უკვე მონათლული იყო) სთხოვა, ცნობილი ღვთისმეტყველის, ილარი პიქტაველის "ფსალმუნების განმარტება" და წიგნი "კრებებზე" მიყიდეო. იერონიმემ უყიდა და სანამ გადასცემდა, თვითონაც წაიკითხა. იმდენად აღფრთოვანდა მათში გადმოცემული ქრისტიანული მოძღვრებით, რომ ორივე წიგნი თავისთვისაც გადაიწერა და მონათვლა გადაწყვიტა. გალიიდან დაბრუნებულმა იერონიმემ ნათელ იღო.
ამბავი სიკვდილისა განსაკუთრებით თაყვანცემულ წმინდანთა ხსენების დღეს. წმინდა მეფე კონსტანტინე მოშურნედ იცავდა წმინდა სამებაზე ჭეშმარიტ სწავლებას და გარდაიცვალა სამებობას 337 წელს.
წმინდა კლიმენტი ოქრიდელს ძალზე უყვარდა წმინდა პანტელეიმონი და ოქრიდში ტაძარიც აუგო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წმინდა კლიმენტი სწორედ წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს, 27 ივლისს (მართლმადიდებლური კალენდრით) გარდაიცვალა.
წმინდა იოანე ვლადიმირის მონასტერში აჩვენებენ ერთი მართლმადიდებლის, ბოშკოვიჩის კუბოს. იგი დიდხანს ავადმყოფობდა და ვერანაირმა მიწიერმა საშუალებამ ვერ განკურნა. ურჩიეს, წმინდა ვლადიმირის ლუსკუმას მოელოცა - დიდად სასწაულმოქმედია და დაგეხმარებაო. მართლაც, წმინდა ვლადიმირი შეეწია და ბოშკოვიჩი სრულიად განიკურნა. ამის მერე მან გადაწყვიტა, ყოველ წელს, 22 მაისს, წმინდანის დღესასწაულზე ჩასულიყო მონასტერში. ბოლოს, როცა დაბერდა, მოისურვა, სწორედ ამ წმინდანის ხსენების დღეს მომკვდარიყო და ღმერთმაც ასე ინება: დადგა მორიგი დღესასწაული მონასტრის ზეციური მფარველისა. ბოშკოვიჩი, ისევე როგორც წინა წლებში, შუადღემდე ხალხისთვის ტრაპეზის მომზადებაში ეხმარებოდა ბერებს და ნაშუადღევს წარვიდა უფალთან.