- როგორ არა! - შეეპასუხა მედავითნე, - თუკი სმენა ბუნებით არა გაქვს, საიდან გაიჩენ? ხოლო თუკი ღმერთმა ხმაც არ მოგცა, განსავითარებელიც არაფერი გექნებაო.
"რა მინდოდა გუნდში? - დამწუხრებული ვსაყვედურობდი თავს შინისაკენ მიმავალი, - არც ხმა მაქვს, არც სმენა, მე კი ეკლესიის მგალობლობა მოვინდომე! ღმერთო, შემიწყალე! ახლა რაღა ვქნა?!"
საშინელ გუნებაზე მივედი შინ და ღამის ლოცვების კითხვა დავიწყე. არც კი მესმოდა, რას ვკითხულობდი. კანონი ძლივს ჩავიკითხე ბოლომდე, მერე კი გულით მივმართე ღვთისმშობელს და მხურვალედ შევევედრე:
- დედაო ღვთისა! შენს ტაძარში მოვედი, გუნდში მიმიწვიეს, მე კი გალობა არ ვიცი, გევედრები, მომეცი ხმა, რომ ჯეროვნად შევძლო უფლის, ძისა შენისა იესო ქრისტეს, განდიდება!
რამდენიმე საათი განუწყვეტლივ ვლოცულობდი, თან მეტანიებსაც აღვასრულებდი. უეცრად საკვირველი კეთილსურნელება შევიგრძენი - ნაზი, დახვეწილი, თუმცა კი ძლიერი, საღამოს კი ვიგრძენი, რომ სულიცა და სხეულიც მადლით ამევსო. ისეთი ნეტარებითა და სიყვარულით გავიმსჭვალე, როგორიც არასდროს განმეცადა. მივხვდი, რომ უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება და კვლავ და კვლავ ვიმეორებდი: "დედაო ღვთისა, მომანიჭე ხმა და სმენა!" - და აი, ერთბაშად ვიგრძენი, რომ ხმა მომივიდა.
დილით, ტაძრისკენ რომ მივდიოდი, მთელი გზა ვგალობდი, ტაძარში კი აღმოჩნდა, რომ ორ ხმაზე შემეძლო გალობა - ტენორითა და ბარიტონით.
გუნდის ყველა მგალობელს გაეხარდა ჩემი ამბავი. მთხოვდნენ, ხან პირველი ხმა მეთქვა, ხან - ბანი.
ჩვენს მედავითნეს, რომელიც გუნდს ხელმძღვანელობდა, სულ აღარ ახსოვდა თავისი წინასწარმეტყველება და წამდაუწუმ მეკითხებოდა, სწორად თუ ვიღებ ბგერასო.
ასე აღსრულდა ჩემზე საღმრთო წერილის სიტყვები: "ძალა ღმრთისა უძლურებასა შინა სრულ-იქმნებისო".
კაცთაგან არაფერი მისწავლია, ღვთის შეწევნით ავითვისე რვახმა (პარაკლიტონი) და ტიბიკონი (რა ძნელი საქმეა ეს, ეკლესიის ყოველმა მგალობელმა იცის).
ასეთი ამბები სხვებისგანაც მსმენია. თუკი ღმერთი სადმე სამსახურს განგიწესებს, იმასაც მოგანიჭებს, რაც კი ამ მსახურებისთვისაა აუცილებელი. ოღონდ კი რწმენა გქონდეს და რაც გინდა, სთხოვე უფალს ეკლესიის სარგებლობისათვის. ის უსათუოდ შეისმენს შენს ვედრებას.
"დედა ღვთისმშობლის სასწაულები", "მართლმადიდებლობა
XX საუკუნეში", კრებული მეორე, თბილისი, 1997 წ.
მოამზადა
ნინო ჩარგეიშვილმა
XX საუკუნეში", კრებული მეორე, თბილისი, 1997 წ.
მოამზადა
ნინო ჩარგეიშვილმა