მორწმუნეთა შეკითხვებს პასუხობს მონაზონი მოსე მთაწმინდელი, მოძღვარი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კელიისა, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტიდან.
- როგორ ვძლიოთ მამათმავლობის ცოდვას? გთხოვთ ლოცვას და რჩევას.
- თუ კაცი თავმდაბლურად შეიგრძნობს თავის ცოდვას და ცდილობს შეებრძოლოს, მაშინ უფალი განაშორებს მისგან. ჩვენ ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა უფალმა განკურნა ვნებისგან. ვნებები არ ითვლება თანდაყოლილად, შეძენილია: ადამიანს შეუძლია დაძლიოს ის ლოცვით, მარხვით, პირადი ძალისხმევით.
რა თქმა უნდა, ძნელია, აბეზარი ხორციელი ვნებების დაძლევა, ვინაიდან სიამაყესთან არიან დაკავშირებულნი. მაგრამ ადამიანს თუ აქვს მოთმინება და სიჯიუტე, მაშინ სძლევს, როგორც, მაგალითად, ღირსმა მარიამ მეგვიპტელმა სძლია საკუთარ ვნებებს.
- რა ვქნათ, თუ კაცი თავისი სულიერი და ხორციელი უძლურებით არც ქორწინებისთვის ვარგა, სადაც მოთმინება და შრომისმოყვარეობა სჭირდება, და არც მონაზვნობისთვის, სადაც ეს უფრო მეტად სჭირდება? სულს მონაზვნურ გზაზე შედგომა სურს, ხოლო როცა ფხიზლად დაიწყებ ფიქრს - განა შემიძლია დამდაბლება, ადრე ადგომა, ბევრი მუშაობა - პასუხი არ არის მანუგეშებელი.
- მართლმადიდებლურ ცხოვრებაში ქრისტიანს ორი გზა აქვს: ქორწინება და მონაზვნობა. ქორწინებას ღმერთისკენ მიჰყავხარ, მონაზვნობასაც ასევე. კაცმა განსჯის, ლოცვისა და რჩევის დახმარებით უნდა განსაზღვროს, უფრო მეტად რომელი გზისკენ იხრება.
ვინც ქორწინებისთვის არის განკუთვნილი, მონაზვნად არ უნდა წავიდეს და პირიქით. არ არსებობს ამაღლებული და მასზე მდაბალი გზა, არამედ არსებობს გზა, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება კონკრეტულ ადამიანს.
ქორწინებას თან ახლავს პრობლემები, მონაზვნობასაც. ახალგაზრდა კაცი ქორწინდება ქალიშვილზე, ამის მერე იწყება პრობლემები: ცოლი იწყებს ყვირილს, ვერ აჩენენ შვილებს, ანდა ბავშვები ავადმყოფობენ. კაცი ეუბნება საკუთარ თავს - ჯობდა, მონაზონი გავმხდარიყავიო.
მონაზვნობაშიც ასევე მრავალი პრობლემაა: კაცს ერთ ადგილას მოსაგრეობა არ შეუძლია, რადგან იქ მშვენიერი პეიზაჟია, რადგან იქ მალე მოსწყინდა, რადგან დიდი სულიერი მამა ჰყავს და თუ ის საკუთარ თავზე არ იმუშავებს, ვერანაირი დიდბერი ვერ უშველის.
მამა პაისი ათონელი ამბობდა: ყველაზე ბედნიერი ადამიანები დედამიწაზე ისინი არიან, ვინც ათენიდან ათონისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალნენ, ვინაიდან ადამიანს არ შეუძლია, მთელი ცხოვრება გადაწყვეტილებას იღებდესო.
მამა პაისიმ კარგად უპასუხა ერთი გოგონას მსგავს შეკითხვას, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა, მონასტერში წასულიყო თუ გათხოვილიყო. მამა პაისიმ განჭვრიტა, რომ მისთვის როგორი რჩევაც არ უნდა მიეცა, ცხოვრებაზე მაინც წუწუნს დაიწყებდა და უთხრა: "ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ თვლი". გოგონა გათხოვდა. ცოტა ხნის მერე მამა პაისი კვლავ შეხვდა და ჰკითხა, როგორ ხარო. "ცუდად, - უპასუხა გოგონამ, - მეზღვაურს გავყევი ცოლად, ის ერთი წელი ზღვაოსნობაშია, ერთი წელი - შინ". "უნდა გიხაროდეს, - შეეპასუხა მოძღვარი, - შენც ხომ ეგ გინდოდა: მონაზვნური ცხოვრება და ოჯახი".
ყველაზე რთულია - მთელი ცხოვრება უქორწინებლობაში დაჰყო (რა თქმა უნდა, თუ კაცს რაიმე მძიმე ავადმყოფობა არ სჭირს). არსებობს ისეთი შემთხვევა, როცა კაცი უქორწინებლობას ირჩევს და მასში სათნოეყოფა ღმერთს, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია. ჩვენ ჩვენი გზა უნდა ავირჩიოთ.
- მე სულიერი მამა არ მყავს, როგორ ვცხონდე? როგორ შევიტყო ღვთის ნება ჩემში? როგორ მოვძებნო მოძღვარი? სულს სტკივა და ტირის, გავიტანჯე ამ გაუგებრობით. რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო მარტომ?
- მარტოობა - ეს დიდი პრობლემაა. ხშირად მარტოობა განისაზღვრება არა ადამიანთა ყოფნით თუ არყოფნით, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობით და ღმერთთან ურთიერთობით.
უნდა ითქვას, რომ ღვთისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს.
გამოსავალი შეიძლება ყოველთვის მოიძებნოს. ადამიანი, რომელიც ლოცულობს, ღმერთთან მოსაუბრე ხდება, ამიტომაც ის მარტო არასოდეს იქნება.
ჩვენ, მონაზვნებს, მარტოობა გვიყვარს, მისკენ ვისწრაფვით, გვიყვარს ღმერთთან საუბარი, მაგრამ იმავ დროს ადამიანებთან ურთიერთობის არ გვეშინია. არცთუ იშვიათად შეგიძლიათ ნახოთ მონაზონი, რომელიც მარტო ცხოვრობს, მაგრამ მას მარტოობა არ აწუხებს. სხვა მხრივ, სოფელში მცხოვრებმა კაცმა, შესაძლოა, თავი მარტოხელად იგრძნოს, ვინაიდან მისი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ღმერთთან თავისთავად არასწორია.
დაე, ამ ქალმა ილოცოს, დამდაბლდეს თვისი მდგომარეობით, იპოვოს კარგი მოძღვარი, მას მარტოობაც აღარ შეაშინებს, იგი ბევრი კეთილი საქმის გაკეთებას შეძლებს, შეძლებს, დაეხმაროს მოყვასს.
ის უნდა ევედროს ღმერთს, რათა მოძღვარი უჩვენოს. მაგრამ მას არ შეიძლება დიდი მოთხოვნილებები ჰქონდეს: რომ მოძღვარი განათლებული, დიდებული, სახელგანთქმული იყოს. თვით ყველაზე უბრალო მღვდელსაც კი შეუძლია მას ღვთის ნება უჩვენოს, უფალი მას გულისხმაჰყოფს.
- რაღა ელის კაცს ღვთის სასუფეველში, თუ ის იქ მოხვდება? როგორია ეს საუკუნო ნეტარება? ეს არის ღმერთთან უცოდველად ყოფნის მდგომარეობა და მისი ნების აღსრულება? რას აკეთებენ წმინდანები ზეციური მამის სასუფეველში, ადამიანზე მოუკლებელი ლოცვის გარდა? ეს მათი ერთადერთი საქმე - მორჩილებაა?
- ჩვენი ეკლესიის სწავლების მიხედვით, ჩასახისთანავე ჩნდება სიცოცხლე ადამიანში და ფიზიკური სიკვდილის მომენტში მოშორდება მას. სული ითვლება ღვთის უკვდავ ქმნილებად. ყველაფერი ამ სამყაროში ხრწნადია, მაგრამ მასში შობილი არასოდეს კვდება. სული - ეს ღმერთის სუნთქვაა. სხეულის სიკვდილის მერე სული ან სამოთხეს იგემებს, ან ჯოჯოხეთს. უფლის მეორედ მოსვლის მერე სული თავის სხეულს შეუერთდება, თუნდა სხეული კოცონზე იყოს დამწვარი, ანდა გახრწნილიყო, ისინი მკვდრეთით აღდგებიან, მათ არანაირი ფიზიკური ნაკლი არ ექნებათ.
სამოთხე - ეს არ არის ყვავილებიანი ბაღი, არც ჯოჯოხეთია მოთუხთუხე ქვაბები და ცეცხლი.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ სამოთხე - ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობაა, ჯოჯოხეთი კი - ღმერთის ჭვრეტის, ღმერთთან ურთიერთობის შეუძლებლობა.
წმინდანები, რომელთაც უყვარდათ ღმერთი ამ ცხოვრებაში, ის მომავალ ცხოვრებაშიც ეყვარებათ. ცოდვილ ადამიანებს, რომელთაც შეურაცხყვეს ღმერთი, არ დაიცვეს მცნებები, არ უყვარდათ ღმერთი ამ ცხოვრებაში, არ ეყვარებათ ის სიკვდილის მერეც. ეს ღვთისგან განშორებაა და იქნება ის საშინელი სატანჯველი, რომელიც საუკუნოდ გრძელდება.
წმინდანებს, რომლებიც სათნობათა გამო იგემებენ სამოთხის ნეტარებას, იმის გამო, რომ შეიყვარეს ღმერთი, სრულიად მიენდვნენ ღვთის ნებას, შესაძლებლობა აქვთ ჩვენთვის ილოცონ. წმინდანები საუკუნო ნეტარებაში იცხოვრებენ ღვთის სიახლოვეს, ღმერთთან ერთობის შეგრძნებით.
- როდის დაიწყება ქრისტიანების დევნა და მალე თუ დაიწყება ომი რუსეთსა და ყველა დანარჩენს შორის?
- ჩვენ არ ვიცით, რა იქნება მომავალში, ვინაიდან ღმერთი მას არ განგვიმხელს, თორემ მუდმივად შიშსა და შფოთში ვიქნებოდით. უფალი მხოლოდ იმას გამოგვიცხადებს, რაც სიკეთეს მოგვიტანს. იმ ომის გარდა, რომელზეც კაცი გვეკითხება და რომელიც შესაძლოა არასოდეს მოხდეს, არსებობს ასევე სულიერი ომიც. ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ ამ ომს და განყენებული საგნებით დავკავდებით, რომელიც ჩვენ არ გვეხება. ამის ნაცვლად სჯობს მამაცურად ვებრძოლოთ საკუთარ ვნებებსა და ნაკლს.
მამა პაისი ამბობდა, რომ უფალი ეცხადება გაბედულებსა და გმირებს. ჩვენს ყოფაში, სამწუხაროდ, გვაკლია ჰეროიზმი და სულიერ ცხოვრებაში თავგანწირვა. სწორედ ეს უნდა გვაინტერესებდეს, რამეთუ ეს გახლავთ ცხოვრებაში ყველაზე არსებითი - ბრძოლა საკუთარ ვნებებთან.
- რა ვქნა, თუ ღვთის ჩემეული აღქმა რაღაცნაირად მექანიკურია - დავდივარ ტაძარში, დავდიოდი მონასტერში, ვლოცულობდი, მაგრამ ჯერ ვერ მიპოვია ცოცხალი რწმენა?
- რა თქმა უნდა, აქ ადამიანის პრობლემაა, ვინაიდან თუ აღზრდის პროცესში ჩამოყალიბდა ამგვარი ფორმალური, მექანიკური დამოკიდებულება ეკლესიასთან, ეს დამამძიმებელია ჩვენი სულისთვის. მთაწმინდაზე ყოველდღე ისე დგებიან, თითქოს ეს პირველი დღე იყოს მათ ცხოვრებაში - ისინი ყველაფერს თავიდან იწყებენ და ისე წვებიან, თითქოს ეს დღე ბოლო იყოს. ამგვარად გაურბიან ათონელი მონაზვნები მონოტონურ, რუტინულ ცხოვრებას.
ერთხელ აქ სტუდენტები მოვიდნენ და მკითხეს, ნუთუ არ გღლით ყოველდღიურად ერთი და იგივეო. მე მათ ერთი მამის სიტყვებით ვუპასუხე: ყოველი დღე მონაზვნურ ცხოვრებაში - ეს სიხარულია, სინათლეა.
ამბობენ, რომ მღვდელი ყოველ ლიტურგიას ისეთი კრძალვით უნდა ატარებდეს, როგორც პირველს და იმგვარივე სინანულით, როგორც უკანასკნელს თავის ცხოვრებაში. თუ მონაზონი ანდა მორწმუნე სახარებას კითხულობს და კეთილმოკრძალებით ლოცულობს, უფალი ყოველთვის უმხელს მას ახალ ჭეშმარიტებას ისე, თითქოს ის პირველად ლოცულობდეს.
ქრისტიანული ცხოვრება შეუწყვეტელი აღმასვლაა. ამ ცხოვრების პროცესში ქრისტიანი ახალ და ახალ გამოცხადებას შეიტყობს და მას ეს არ ღლის. ამიტომაც არ არის მართლმადიდებლობაში ნირვანის გაგება - ადამიანი ყოველთვის ადის სრულყოფილებისკენ.
- ერთ წმინდა მამასთან ამგვარი რამ წავიკითხე: "გახადეთ ღმერთი თქვენი მოვალე". შეიძლება მართლა გახდეს ღმერთი ადამიანის მოვალე? და როგორ უბრუნებს იგი ვალებს?
- ამ სიტყვებში ჩანს ანთროპომორფული წარმოდგენა ღმერთზე. სინამდვილეში ღმერთი თვითკმარია, მას არ სჭირდება ჩვენი სამსახური, სესხება. მაგრამ, მეორე მხრივ, უფალი ჩვენგან სიყვარულის გამოვლენას ელის. როგორც ამბობდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: "ღმერთი სიყვარულია" (1 იოანე 4:16). ერთგვარი აზრით, ის ჩვენი მოვალე ხდება, თუ სიყვარულით ვიქცევით.
მოვიყვან მამა პაისის მაგალითს, ის საშინელი ავადმყოფობისგან განკურნებისათვის ლოცულობდა, რომლითაც თვითონ იტანჯებოდა, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც ლოცულოდა. უფალი ხედავდა მის სიყვარულს და არა მარტო იმ ადამიანებს კურნავდა, რომელთათვისაც ის ლოცულობდა, არამედ მასაც. მამა პაისი ავად იყო და მთელი ღამე ფხიზლობდა, ლოცულობდა - დაძინება შეეძლო, მაგრამ ამის ნაცვლად იმ ადამიანებისთვის ლოცულობდა, რომლებიც იმ მომენტში იძულებით იტანჯებოდნენ. მკაცრად მარხულობდა და ზოგჯერ გონებასაც კი კარგავდა მღვიძარებისა და მარხვისაგან. განა როცა ღმერთი ამგვარ სიყვარულს დაინახავდა, არ შეისმენდა მის ლოცვას?
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ღვთისგან მოგვეცა. ღმერთს ჩვენი არაფერი მართებს - ეს ჩვენ ვართ მისი მოვალენი. როცა ჩვენ ვიღვწით, კეთილ საქმეს ვაკეთებთ, ღმერთი ამას ხედავს, თითქოს ჩაიწერს კიდეც და გვეხმარება, ვინაიდან არ შეუძლია არ უპასუხოს ჩვენს თავგანწირულ ღვაწლს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი