რატომ აკურთხებენ ხატებს?
ხატების კურთხევის საღვთისმეტყველო განმარტება ასეთია: მაცხოვარი წყალში რომ ჩადის, ამით მთელ სამყაროს აკურთხებს. ნივთიერებას ღვთის მადლის მიღება და გადაცემა შეუძლია. ამის საუკეთესო გამოვლინებაა ევქარისტია, როცა ჩვეულებრივი პური და ღვინო სისხლად და ხორცად გარდაისახება.
რას ნიშნავს ადამიანური სიყვარული და როდის არის ის სრულყოფილი?
თუ ადამიანს ღმერთის გარეშე არსებად განვიხილავთ, მაშინ ადამიანური სიყვარული დიდად არ განსხვავდება ცხოველურისგან.
ადამიანური სიყვარული მაშინ იქნება ნამდვილი და სრულყოფილი, როდესაც ადამიანი ღვთისკენ ისწრაფვის და ამ სიყვარულის მოპოვებას ცდილობს.
შინაგანად როგორ უნდა მოვემზადოთ ზიარებისთვის?
ადამიანი საკუთარი უღირსების, ცოდვილობის განცდით, თავმდაბლობით, უფლის უდიდესი სურვილითა და წყურვილით, უდიდესი პასუხისმგებლობით მიდის ბარძიმთან. ყოველი მიახლება ბარძიმთან ახლის დასაწყისია. შესაძლოა, 30 წელი ქრისტიანულად ცხოვრობდი, მაგრამ დღეს რომ ეზიარე, ყველაფერი თავიდან დაიწყო.
რა ვუშველო ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ მისი ცხოვრების მიზანი შვილები და მათთვის დალხენილი ცხოვრების მოწყობაა?
ჩვენი მიზანი ღმერთი უნდა იყოს. თუ გიყვარს შვილი, მიიყვანე ისიც ქრისტესთან. შენც და შენი შვილიც თუ უღმერთოდ ცხოვრობთ, აუცილებლად დაკარგავთ ერთმანეთს, რადგან ჯოჯოხეთში ერთობა არ არის; ერთობა მხოლოდ ქრისტეშია...
ილოცე მისთვის და უჩვენე მაგალითი; ძალით ვერ დაეხმარები.
რას ნიშნავს და როგორ მოხდება იბერიის გაბრწყინება?
იბერია უკვე გაბრწყინებულია! მე ვცხოვრობ გაბრწყინებულ იბერიაში, რომელსაც სხვანაირად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჰქვია. როცა საკურთხეველში ვარ, როცა ვეზიარები, როცა ჩემი ხელიდან ზიარებას იღებენ ჩემი სულიერი შვილები, - ჩვენ გაბრწყინებულ იბერიაში ვართ. სხვა საკითხია, ეს გაბრწყინება როდის გადავა დანარჩენ ადამიანებზეც. როცა მოისურვებენ!
როდესაც რელიგიურ თემებზე კამათობენ, გავჩუმდეთ და მცდარ აზრებს არ ვუპასუხოთ თუ სიმართლე ვამტკიცოთ?
არაფერი არ უნდა ამტკიცო, უნდა დაამოწმო. თუ გააგრძელებენ მოსმენას, არგუმენტები მოიყვანე, ხოლო თუ კამათი დაიწყება, გაჩერდი.
როგორ მოვიპოვოთ მადლი სულისა წმინდისა და როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენს გულებში უფალი იშვას?
ქრისტეს მოწაფეებივით ვიცხოვროთ; ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ღმერთია.
შედეგის მომტანია თუ არა სასულიერო პირების გამოსვლა არაქრისტიანული გადაცემების წინააღმდეგ?
უპირველესად, ჩვენ ვართ დამნაშავენი, სამღვდელოება, რომ ამ ყველაფერზე ვდუმვართ. როდესაც საზოგადოებას შეურაცხყოფენ, ის კი დუმს - გამოდის, უღირსნი ვართ. ეს ბევრ რამეში გამოვავლინეთ: პატრიარქს გვილანძღავდნენ - ხმა არ ამოვიღეთ, ჩვენს შვილებს რყვნიან - ხმას არ ვიღებთ! ეს ყველაფერი სპეციალურად ხდება - იციან, როცა საზოგადოება უზნეო ბიოლოგიური არსებების ერთობლიობად გადაიქცევა, მას თავიანთი სურვილისამებრ მართავენ. თუ ეკლესია ასეთებს არ შეაჩვენებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფლისგან უკვე შეჩვენებულნი არ არიან. უფლის სიტყვებია: ერთი ბავშვის ცდუნებასაც კი გერჩივნოს, წისქვილის ქვა მოიბა და ზღვაში ჩავარდეო. როგორ შეიძლება ხმა არ ამოიღო ამაზე! ჩემი იარაღი სიტყვაა. ამას ვამბობ ყველგან, სადაც საშულება მეძლევა - სადაც მიშვებენ და არ მიშვებენ! მე შეიძლება ამ საღამოს ცოცხალი აღარ ვიყო, ეს სიტყვები კი მაინც დარჩება...
რამდენად დიდი ცოდვაა ბევრი ლაპარაკი და რას გვეტყოდით ჟურნალისტის პროფესიაზე?
თუ უქმად მეტყველებ ანუ სულის ენერგიას უმიზნოდ ხარჯავ - დიდი ცოდვაა. ყოველი უქმი სიტყვისთვის პასუხს აგებ.
რაც შეეხება ჟურნალისტის პროფესიას, ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს: ჟურნალისტების რაც არ მომწონს - ეს არის დილეტანტიზმი ყველა სფეროში. ყველაფერს სწავლობენ და არაფერი იციანო. ვისურვებდი, ჟურნალისტებმა ღირსება არ დაკარგონ და რომელ თემებზეც მუშაობენ, იმ მიმართულებაში მაინც კომპეტენტურები იყვნენ. ტერმინოლოგია მაინც არ შეეშალოთ... რაც შეეხება ამ პროფესიას, ის საჭირო და აუცილებელიცაა.
როგორ ვებრძოლოთ თვითკმაყოფილებას?
თვითკმაყოფილება ყველა სიკეთეს თან ახლავს, ხანდახან კი ცოდვასაც - ზოგჯერ ცოდვის ჩადენით თავი ძლიერი გვგონია. ამას ვერსად გაექცევი. როგორც სხვა ცოდვებს, მასაც გონებით და ღვთისკენ გულმხურვალე სწრაფვით უნდა შევებრძოლოთ. სიკეთე გააკეთე? - ეს სულაც არ არის თვითკმაყოფილების მიზეზი, რადგან უფალი ამისთვის მადლობასაც კი არ გეუბნება. ეს ვალდებულებაა და იმიტომ.
მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
დემეტრე ტლაშაძემ