საღამო საინტერესოდ წარიმართა. სასიამოვნო გარემო სასიამოვნო ემოციებს იწვევდა. სიჩუმეს მსმენელთა მორიდებული შეკითხვები თუ არღვევდა. ვსაუბრობდით, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება, როგორ შევძლოთ, თუნდაც ერთი დღე ვიყოთ უფლის ერთგულნი, როგორ მივაღწიოთ სულიერი ცხოვრების მაღალ ხარისხს...
მამა თეოდორე:
- ადამიანთა უმეტესობა არ არის სულით მდუღარე და მაძიებელი; კმაყოფილდება იმით, რაც აქვს, არ ცდილობს, სულიერ ცხოვრებაში ხარისხს მიაღწიოს - უხარისხო ქრისტიანია.
ჩვენ ყველანი უხარისხო ქრისტიანები ვართ. პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიტყვი ამას. როცა ასეთ მდგომარეობას ეგუები, ანუ ამაზე არც ფიქრობ, რაც თავისთავად შეგუებაა, - კატასტროფაა.
რას ვგულისხმობ ხარისხიან ქრისტიანულ ცხოვრებაში? პირველ რიგში, იმ მიზნისკენ სწრაფვას, რაც დასახულია მცნებაში: იყავი სრულყოფილი, ვითარცა თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი.
ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს: ეცადე, ერთი დღე მაინც იყო უფლის ერთგული. მხოლოდ ერთი დღე... დილას გაიღვიძე, დადექი ხატებთან, ილოცე და თქვი: "გადაწყვეტილებას ვიღებ, შენი ერთგულებით ვიცხოვრო, უფალო, მთელი დღე". თუ ალალად, სიღრმისეულად ეცდები, უფლის ერთგული იყო ქცევით, ზრახვით, სიტყვით თუნდაც მხოლოდ ერთი დღით, საკუთარ ისეთ უსუსურობას დაინახავ, როგორიც არასდროს გიგრძნია. შენი მიზანი - დაემსგავსო უფალს აბსოლუტურად შეუძლებელია. მხოლოდ ერთადერთს შევძლებთ - ღმერთს ვთხოვოთ: უფალო, შემეწიე...
- მამაო, როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს შურიან ადამიანთან?
- მოდით, ასე ვთქვათ - არ არსებობს ადამიანი, ვისაც შური არ აქვს. სულიერი შვილები მეტყვიან ხოლმე: "მამაო, რას წარმოვიდგენდი, რომ შურიანი ვიყავი! ჩემმა მეგობარმა წარმატებას მიაღწია, მე კი არ მესიამოვნა..." "ეს თვისება აქამდეც გქონდა, შვილო, - ვპასუხობ, - გქონდა, მაგრამ ვერ ხედავდი, ახლა კი ხედავ და გილოცავ..."
ვისიც შეგშურდა, ლოცვებში მოიხსენე, სანამ შური არ გაგიქრება. ხოლო თუ შენი შეშურდა ვინმეს, არ გაუბრაზდე, არამედ უფალს ევედრე, შეეწიოს.
შურს ხშირად მიზეზი სულაც არ სჭირდება. რატომ შეშურდა კაენს აბელის? ან რა უნდა შეშურებოდა - მაშინდელ დედამიწაზე ვერ დაეტეოდნენ თუ რა?
შური ერთ-ერთია იმ იშვიათ ცოდვათაგან, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებს. ლოთი - სასმლისგან, ნარკომანი - წამლისგან, მწეველი - თამბაქოს წევისგან სიამოვნებას იღებს, მაგრამ როცა ვინმეს შენი შურს, თვითონვე იტანჯება და კიდევ შენი განკითხვა უნდა?
- იქნება თუ არა მკვდრეთით აღდგომა და აღდგებიან თუ არა მიცვალებულები პირვანდელი სახით?
- ამ კითხვას II საუკუნის ერთ-ერთი მამა, იუსტინე ფილოსოფოსი (მარტვილი) სცემს პასუხს.
პირველი არგუმენტი, რომელიც აღდგომის მოწინააღმდეგეებს მოჰყავთ, ასეთია: აღდგომა არ იქნება, რადგან ღმერთს ეს არ უნდა; ანუ აღდგომა იქნებოდა, ღმერთს რომ ნდომებოდა. ეს წმინდა წერილს ეწინააღმდეგება, რადგან უფალი ამბობს - აღდგომა იქნებაო. ამას ადასტურებს და განგვიმარტავს პავლე მოციქული.
რატომ არ უნდა უნდოდეს ღმერთს აღდგომა? დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერი - მთელი სულიერი თუ უსულო სამყარო ადამიანშია გაერთიანებული - ის გვირგვინია ქმნილებისა. როდესაც ადამიანი კვდება, მისი ბუნება ორ ნაწილად იხლიჩება - კაცი კარგავს თავის სახეს.
ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ნებისმიერი დიდი წმინდანი (ღვთისმშობლის გარდა) არ იმყოფება სრულყოფილ ბედნიერებაში, რადგან სხეული არ აქვს. ამიტომ აღდგომა აუცილებელია იმისთვის, რომ ღმერთის თავდაპირველი ჩანაფიქრი განხორციელდეს - ადამიანი იყოს ქმნილების გვირგვინი.
მეორე არგუმენტი კი ასეთია: ღმერთს არ შეუძლია ამის გაკეთება.
თქვენ გჯერათ, რომ უფალს ეს არ შეუძლია? შემოქმედი არაფრისგან ქმნის სამყაროს და ეს რა პრობლემა უნდა იყოს მისთვის?
შემეკითხეთ, ისეთივე სხეულებში აღდგებიან თუ არაო. რა თქმა უნდა, არა. თუმცა როგორი სხეულები იქნება, ჩვენ არ ვიცით. არ ვიცით, რადგან ეს გამოცდილება არ გვაქვს.
- ხომ არ აწუხებს მიცვალებულს ხშირი შეკვეთილი წირვა?
- ღმერთი არავის არაფერს აძალებს, უფალთან არ არსებობს ძალადობა, რადგან ეს მონობაა. ღმერთთან კი მონური სული ვერ იქნება.
როცა მთხოვენ: მამაო, ესა და ეს მიცვალებული ბარძიმში მოიხსენეთო, ვეკითხები, ღვთისმგმობელი ხომ არ იყო. არა, მამაო, რას ამბობთ! მორწმუნე იყოო, - მპასუხობენ. მაინც ჩავეძიები ხოლმე, რადგან ღვთის გმობად ისიც ითვლება, როცა ადამიანი ეკლესიას ლანძღავს, განიკითხავს, აგინებს. არიან ასეთი ადამიანები და ამბობენ, ღმერთი გვწამსო. ასეთებს მღვდელი ვერ მოიხსენიებს. იცით, რატომ? ეს იგივეა, შინ ლოცვისას გვერდით დაიყენო ადამიანი, რომელსაც ეკლესიური ცხოვრება არ სურს და აიძულო, ილოცოს. შემდეგ ტაძარში წაიყვანო და სამი საათი მსახურებაზე დააყენო - გინდა თუ არა, იდექიო. უფალთან ურთიერთობისას ძალადობა არ გამოვა და თუ ადამიანი ღვთის გმობაში გარდაიცვალა, მის სულს მოხსენებით დავტანჯავთ. თუ ვიცით, რომ კაცი ღვთის უარმყოფელი წავიდა, მისი წირვაზე მოხსენიება არ შეიძლება.
- დაფარული ცოდვის გამო მოძღვარმა ზიარებისგან განმაყენა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ, ამის მიუხედავად, საკუთარ თავში მაინც ვერ ვპოულობ ძალას აღსარებისთვის...
- როდესაც მოძღვართან მიდის ადამიანი, რომელსაც რაღაც აქვს აღსარებაში სათქმელი, მაგრამ ვერ ამბობს, საბოლოოდ არც იტყვის და ისე ეზიარება - ეს დაუშვებელია, უმძიმესი ცოდვაა. უკეთესია, აღიაროს, რომ ვერ ამბობს. მოძღვარი არ აზიარებს, მაგრამ იმუშავებს მასთან, რომ დაფარული ცოდვა ათქმევინოს. ყველა მოძღვარს აქვს ამის გამოცდილება.
ყოველთვის უნდა გვრცხვენოდეს აღსარებაზე ცოდვის თქმა - ეს ნორმალური მოვლენაა, მაგრამ თუ სირცხვილი კონტროლს აღარ დაექვემდებარა, ზღვარს გადავიდა - ეს ეშმაკისგანაა და პრობლემას გვიქმნის.
- სახარების კითხვისას გაჩენილი ეჭვი არის თუ არა ფარისევლობასთან დაკავშირებული?
- ფარისევლობა ისაა, როდესაც გარეგნული ცხოვრების წესით უფლის მოყვარე ჩანხარ, შინაგანად, სინამდვილეში კი მისი მტერი ხარ.
არსებობს გონებისმიერი და გულისმიერი ეჭვი. თუ ეჭვი გულიდან მოდის - საშიშია. აქ შეიძლება ფარისევლობასაც მივუახლოვდეთ, როცა ადამიანს ღმერთი არ უყვარს. ხოლო თუ ეჭვი გონებიდან მოდის - საშიში არ არის, პირიქით, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს.
ეჭვის დაძლევის სხვადასხვა საშუალება არსებობს. პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების ყველა ის ეპიზოდი, როდესაც დანამდვილებით იცი (თუმცა სხვას რომ მოუყვე, შეიძლება არც დაგიჯეროს), იმ დროს ღმერთი იყო შენთან, რადგან რომ არა უფალი, იმ მდგომარეობიდან ვერ გამოხვიდოდი. ასე იწყებ ბრძოლას ეჭვის წინააღმდეგ.
მენელსაცხებლე დედებს, ისევე როგორც ქრისტეს მოციქულებს, არ სწამდათ ქრისტეს აღდგომა. თვლიდნენ, რომ მათი მოძღვარი მოკლეს და ამით დამთავრდა ყველაფერი. მაგრამ, თუნდაც მოციქულებისგან განსხვავებით, ისევ უფლის ერთგულნი დარჩნენ. ქრისტეს ერთგულნი იყვნენ მაშინაც, როცა ყველაფერი დასრულებული ეგონათ.
ჩვენ როგორღა გამოვიყენოთ მათი მაგალითი? იმ აზრს, რომელიც ეჭვს მიჩენს, მე ვპასუხობ: ქრისტე, ღმერთი რომც არ იყოს, მე მაინც მისი ერთგული ვარ, იმიტომ რომ მასზე დიდი და ღირსეული არავინ დაბადებულა დედამიწაზე. როგორ, ლენინის ერთგულები იყვნენ და არ შეიძლება, ქრისტეს ერთგული ვიყო?!
სიყვარული, იცით, რა არის? როცა რაიმეს კი არ ველი შენგან, არამედ მზად ვარ, მოვკვდე შენთვის - აი, დამოკიდებულება, რომელიც ყველანაირ ეჭვს დაამარცხებს.
- როგორ უყურებს ეკლესია ბედ-იღბლის ცნებას?
- ბედი, როგორც წინასწარგანსაზღვრულობა, არაქრისტიანული, წარმართული ფენომენია. თუ ყველას გვიწერია ჩვენ-ჩვენი ბედი, მაშინ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ჩემი თავისუფალი პიროვნება, არც სიყვარულის უნარი, არც ცხონება ყოფილა და არც მარადიული სიცოცხლე. ვისაც ბედისწერის სჯერა, მას რწმენა არ აქვს.
- რა არის მორჩილება? მონობას ხომ არ უკავშირდება იგი?
- მორჩილება დაკავშირებულია სათნოებასთან. შეიძლება, ამაყი კაცი მორჩილი იყოს? ამაყი და ამპარტავანი ადამიანი შეიძლება იყოს მონა და არა - მორჩილი.
ღმერთს არ უყვარს მონობა. უფალს მონობა რომ უყვარდეს, თავისი ძალმოსილებით გამოგვეცხადებოდა და ჩვენც სხვა გზა არ გვექნებოდა, უნდა დავმორჩილებოდით მას. მონა არ არის თავისუფალი და, აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია სიყვარული, მორჩილება კი თავმდაბლობიდან აღმოცენდება.
- ზოგჯერ ძალიან მიჭირს ლოცვა... გახვალ ბოლოში და აღმოაჩენ, რომ არაფერი გაგიგია. აქვს აზრი ასეთ ლოცვას?
- ლოცვას არ აქვს აზრი მაშინ, როცა შენს გონებაგაფანტულობას ეგუები. ხოლო როცა გული არ გეხსნება, არ გემორჩილება და ეს გაწუხებს - ლოცვას აქვს აზრი. თუ არ გამოდის, მაინც უნდა იბრძოლო და ბოლოს უფალი დაგასაჩუქრებს.
- ერთხელ მოვისმინე, კამათისას ითქვა, რომ ასურელი მამები მონოფიზიტები იყვნენ, რადგან ასურეთში მონოფიზიტობა ბატონობდა...
- ამ მოსაზრებას არავითარი ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია. მოდით, ასე ვიტყვი: რადგან მაშინ ასურეთში მონოფიზიტობა იყო დომინანტი, ასურელი მამები მას საქართველოში გამოექცნენ - ხომ შეიძლება, ასე ვიფიქროთ?
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასურელმა მამებმა საქართველოში ააყვავეს მართლმადიდებლობა, ბერმონაზვნობა, ვიცით, როგორი კანდელები დაანთეს რწმენისა - დღესაც რომ ანთია და იზიდავს ყველას - მორწმუნეს თუ ურწმუნოს... როდის იყო, მონოფიზიტები მართლმადიდებლობას აყვავებდნენ?
- ყოველი მხრიდან ამდენი განცდა, ემოცია მოდის. როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე? ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება, ალბათ, გულგრილობაა...
- გულგრილობა ცოდვაა, ხოლო სიმშვიდე - სათნოება. უფლის სიტყვებია: მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. სიმშვიდე არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს უსამართლობასთან შერიგებას და ზნეობრივ გაუკუღმართებას. სიმშვიდე და მრისხანება თითქოს ერთმანეთის გამომრიცხავია, მაგრამ არა ყოველთვის. მრისხანებაც ღვთისგან მოცემული ნიჭია და სათნოებად გადაიქცევა, როცა მას ცოდვის წინააღმდეგ გამოვიყენებთ. გაიხსენეთ, როგორ გამორეკავს უფალი ვაჭრებს ტაძრიდან - იგი მრისხანებს, მაგრამ, ამავე დროს, შინაგანად მშვიდია. სიმშვიდე ღვთაებრივი თვისებაა და ამიტომ ადამიანი მშვიდი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როცა ღმერთთანაა.
ჩვენც ღმერთს შევთხოვოთ, მოგვცეს ძალა, მისი ერთგულებით ვიცხოვროთ და ჩვენი სულიერი სიმშვიდით მოვიპოვოთ ზეციური სასუფეველი.
მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
დემეტრე ტლაშაძემ