აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ პირადული ცოდვა (რომელსაც სწავლების სახე არა აქვს) მხოლოდ ამა თუ იმ ინდივიდის პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის სწავლება და დანერგვა მთელ საზოგადოებას რყვნის და ღუპავს, ღირსების გრძნობას ულახავს და წინსვლის სურვილს უკარგავს. ამიტომაც საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას როგორც თავისი თავი, ისე შთამომავლობა.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება.
***
რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველი ცოდვის ჩამდენს სინანულისაკენ მოუწოდებს და სხვათაგან მის განკითხვას კრძალავს, ხოლო მოქცეულს სიყვარულითა და სიხარულით იღებს. ცოდვის ცხოვრების წესად დამნერგავს და ასეთი სწავლების საჯაროდ გამავრცელებელს კი დაუნდობლად ებრძვის მხილების მახვილით, რათა დაიცვას სამწყსო და ამ ადამიანსაც (ან ადამიანთა ჯგუფს) დაეხმაროს ეშმაკის მსახურებისგან განთავისუფლებაში. ***
ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს. მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო, ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავიანთი ანტიეროვნული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოებულნი არიან.