დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია, - ხსენება იმ მენელსაცხებლე დედათა, რომელნიც უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს დღედაღამ ემსახურებოდნენ, მის ქადაგებებს ისმენდნენ და ყოველივეს ღრმად ინახავდენენ.
დღეს არის დღესასწაული წმიდისა მადიამ მადგალინელისა, რომელიც სოფელ მაგდალადან იყო და ზედწოდებაც აქედან მიიღო. ეს ის მარიამია, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა. სწორედ მარიამ მაგდალინელას გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და მოციქულებთან დააბარა, რომ მათ გალილეაში შეხვდებოდა. მარიამ მაგდალინელასთან ერთად ვახსენებთ სხვა დედებსაც, სახელდობრ მარიამ კლეოპას, ანუ კლეოპას მეუღლეს. ეს ის კლეოპაა, რომელსაც იესო ქრისტე გამოეცხადა, მენელსაცხებლე დედათა შორის იყვნენ იოანნა, სალომეა, მართა, მარიამი, სუსანა და მრავალი სხვა. საოცარი იყო მათი რწმენა და თავდადებული სიყვარული იესოსადმი. მაშინ, როცა მაცხოვრის ჯვარცმისას მოციქულები შეშინდნენ, მენელსაცხებლე დედათა შიშს სძლიეს და არ განშორდნენ იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ისინი ჯვარცმისას დედა ღვთისასთან ერთად იდგნენ გოლგოთის მთაზე და ელოდებოდნენ. ამ მენელსაცხებლე დედებმა იესო ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების შემდეგ თავიანთი ოჯახები დატოვეს და სახარების საქადაგებლად წავიდნენ. თითქმის ყველა მათგანი მოწამეობრივად აღესრულა, მათთან ერთად დღეს ეკლესის იხსენებს იოსებ არიმათიელსა და მართალ ნიკოდიმოსს; მენელსაცხებლე დედებისაგან განსხვავებით მათ ეშინოდათ და იესო ქრისტეს საიდუმლოდ დაემოწაფნენ. ისინი სინედრიონის ანუ იმ საბჭოს წევრების იყვნენ, რომელნიც ერისა და სახელმწიფოს საქმეებს წყვეტდნენ, მიუხედავად თავიანთი მაღალი მდგომარეობისა, მათ იესო ქრისტეს თავისუფლად აღიარებისა ეშინოდათ და როგორც სახარებიდან და საღმრთო გადმოცემებიდან ვიცით, ქადაგებისა მოსასმენად ქრისტესთან ღამღამობით მიდიოდნენ. მათ ირწმუნეს, რომ იესო ნაზარეველი იყო ქრისტე - ძე ღვთისა, მესია. იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა საოცარი ფერისცვალება განიცადეს მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მაშინ, როცა შეშინებულმა მოციქულებმა იესო დატოვეს, ისინი პილატესთან მივიდნენ და აღიარეს რა ქრისტე როგორც მოძღვარი და მასწავლებელი, თამამად სთხოვეს ნებართვა მისი გვამის ჯვრიდან ჩამოხსნისა. პილატემ მართლაც დართო ნება და როგორც სახარება გვამცნობს, იოსებ არიმათიელმა იესო ქრისტე დაასაფლავა აკლდამაში, რომელიც კლდეში თავისთვის ჰქონდა გამოკვეთილი.
დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგრეთვე წმიდა კეთილმორწმუნე დედოფალს თამარს. მისი ხსენება მენელსაცხებლე დედათა დღესასწაულს უკავშირდება, რადგან მთელი თავისი სიცოცხლე და ღვთისგან მიმადლებული ნიჭი მან უფლისა და მშობელი ერის სამსახურს შესწირა. თამარ მეფემ ბევრი რამ გააკეთა ჩვენს ერში რწმენისა და სიყვარულის განსამტკიცებლად. როგორც ვიცით, თამარს იმდენდა არარაობად მიუჩნევია მეფის გვირგვინი ზეციურ, უკვდავ გვირგვინთან შედარებით, რომ მონაზვნობა მოუწადინებია, მაგრამ სწორედ მისი რწმენის, სიყვარულისა და თავმდაბლობის გამო ღმერთმა ორივე გვირგვინი მიანიჭა - მეფისა და წმიდანისა.
თავისი მოღვაწეობის მანძილზე კეთილმორწმუნე მეფემ მრავალი ტაძარი ააშენა და მრავალიც განაახლა. მტერთან შებრძოლების წინ იგი ჯარს პირველ რიგში მონასტერში მიიყვანდა, მოძღვრებს აზიარებინებდა და ჯვარით ხელში ფეხშიშველი გააცილებდა, დალოცავდა, შემდეგ მონასტერში ბრუნდებოდა და მანამ ლოცულობდა, სანამ ჯარი გამარჯვებული არ დაბრუნდებოდა.
დღეს ყოველმა ქრისტიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რას აკეთეს დღეს და რა ელის მომავალში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი გაჩენილია ნეტარებისათვის, მაგრამ ადამიანებს ეს ნეტარება სხვადასხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი. ზოგს ნეტარებად მიწიერი დოვლათის დაგროვება მიაჩნია, ზოგს ცოდნისა და განათლების შეძენა, ზოგსად მაღალი თანამდებობა, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ბრძენი სოლომონი ამბობს, ყოველივე ეს მხოლოდ ამაოებათა ამაოებაა და სხვა არაფერი. მაშ რაში მდგომარეობს ადამიანის ნეტარება? თვითონ უფალი გვეუბნება: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ", ე.ი. ჭეშმარიტი ნეტარება მას აქვს მოპოვებული, ვინც თავის სულიერ ფერისცვალებასა, და უფალთან სიახლოვეზე ზრუნავს.
ჩვენთვის რომ თვალები აეხილა, უფალმა ბევრს მისცა მატერიალური დოვლათი; მადლობა ღმერთს, დღეს ლუკმა პური არავის უჭირს, მაგრამ აქვს დაგვარწმუნა, რომ ვერანაირი მიწიერი სიმდიდრე სულიერ სიცარიელეს ვერ ამოავსებს. მატერიალურმა სიმდიდრემ კიდევ უფრო წარმოაჩინა და აუტანელი გახადა სულიერი სიღატაკე, ამიტომ ადამიანმა კვლავ დაიწყო ძიება მარადიულისა და წარუვალისა. დღეს ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, რომ ადამიანი ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებს, ამიტომ ყველაზე დიდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ძიების გზაზე დამდგარი ადამიანისათვის სწორი სარწმუნოების სწავლებაა.
ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა მართალი სარწმუნოების სწავლებისა. ღმერთმა თქვენთან ერთად დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ.
13 აპრილი, 1987 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი