(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ჭეშმარიტების ძიება რთული პროცესია, რომლისთვისაც ყრმობიდანვე უნდა მოვამზადოთ მომავალი თაობა"
"ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებელი სარწმუნოება.
მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისგან და საბოლოო ჯამში ღუპავს მას. უნდა გვახსოვდეს, ჭეშმარიტების ძიება რთული პროცესია; რუდუნებით სავსე სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომაა, რომლისთვისაც ყრმობიდანვე უნდა მოვამზადოთ მომავალი თაობა".***
"ნათლობისას პიროვნებას ღმერთი მოუვლენს მფარველ ანგელოზს. ინათლებიან როგორც სრულასაკოვანნი, ისე მცირეწლოვანნი. ეკლესიაში ბავშვების ნათლობა უძველესი ხანიდან დაწესდა. ბავშვს მღვდელი ნათლავს მშობლებისა და ნათლიების რწმენის ძალით, რომელთა წმინდა მოვალეობაა, ასწავლონ ყრმას სარწმუნოების კანონები და ღვთისსათნო ქრისტიანული ცხოვრება". ***
"ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირია; ეს ურთიერთობა მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. "რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ" (მათე 19,6), - ბრძანებს წმინდა წერილი. ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას. ბავშვი ეგოიზმის დაძლევაში ეხმარება მშობლებს; ისინი, ორნი, ეწირებიან მესამეს და ამით დიდ ბედნიერებას იღებენ".
***
"ცოდნის დაგროვება დაბადებიდანვე იწყება. ჩვილ ასაკშივე ბავშვს შეხება აქვს მშობლებთან, ახლობლებთან, გარემოსთან, საიდანაც იძენს ე.წ. ემპირიულ ცოდნას. სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მეცნიერული მოღვაწეობა... აფართოებენ და აღრმავებენ პიროვნების თვალსაწიერს, იბადება ახალი იდეები, ჩნდება ახალი სიღრმეები. ცოდნის გაფართოება არ უნდა შეჩერდეს, მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ხდებოდეს წიგნების კითხვით, თვითანალიზით, დიალოგის გზით და არა ტელევიზიის გადაცემების საშუალებით, რომელიც ზედაპირულ ინფორმაციას იძლევა მხოლოდ". ***
"ბავშვში ადამიანი ხედავს თავის სახეს, ჩვევებს, მიდრეკილებებს. როგორც გამოცდილებიდან ვიცით, სრულყოფილი მეუღლენი შობენ სრულყოფილ ყრმას, რომელიც შემდეგ განაგრძობს განვითარებას სრულყოფის კანონით. თუ მეუღლეებს შორის განხეთქილება და წინააღმდეგობაა, მაშინ ბავშვიც, ნაყოფი ამ განხეთქილებისა, მას კიდევ უფრო აღრმავებს. ასეთია გენეტიკის კანონი. ამასთან ერთად ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვში, გარდა მშობელთა მსგავსებისა, არის რაღაც ინდივიდუალური, განუმეორებელი, მას აქვს საკუთარი გზა სულიერი და ფიზიკური განვითარებისა. ბავშვების აღზრდისას უმთავრესია მშობლების მაგალითი - მათი შინაგანი ცხოვრება, სიმართლე და ჭეშმარიტება".***
"სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოებაში თანდათან მკვიდრდება აზრი, რომ თუ ქალი შინ ზის და შვილებს ზრდის, იგი დაჩაგრული და დაბეჩავებულია, მაშინ უფრო საპატიო და დასაფასებელი მოვალეობა, ვიდრე შვილების სწორი აღზრდაა, არ არსებობს. გარდა ამისა, თუკი ქალი მართლაც საზოგადოების სამსახურისთვისაა მოწოდებული, იგი აუცილებლად ორივეს შეძლებს".***
"მე ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორ ლოცულობენ ჩვენი ქალები. ბევრი მათგანი დილისა და საღამოს ლოცვების გარდა დავითის ფსალმუნებსაც კითხულობს. დედებმა ხომ მომავალი თაობა სწორედ ლოცვის მადლითა და ძალით უნდა აღზარდონ. მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა. ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა. შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმიდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა.
გახსოვდეთ, რომ დედის ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს და მუდამ იფარავს შვილებს ცხოვრების გზაზე. ნათქვამია, რომ დედის ლოცვას შეუძლია, შვილი თვით ჯოჯოხეთიდანაც კი ამოიყვანოს".
***
"ბავშვებს მამულის სიყვარულის, სულის სიძლიერისა და ვაჟკაცობის გრძნობა, პირველ ყოვლისა, მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ; ეს უნდა ასწავლონ სკოლაშიც; ამ თემაზე უნდა დაიწეროს წიგნები და სპექტაკლები და კინოფილმები შეიქმნას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში ეკლესიას ენიჭება".
***
"მშობლები, რომლებიც ფიზიკური შრომისათვის ვერ იმეტებენ პატარებს, სინამდვილეში დიდ ბოროტებას სჩადიან, რადგან შვილებს, როგორც ოჯახისათვის, ისე საერთოდ, ცხოვრებისათვის მოუმზადებელს ზრდიან. კარგ ოჯახში თითოეულ მის წევრს თავისი საქმე აქვს განსაზღვრული. პატარებმა მაგალითი, პირველ რიგში, მშობლებისგან უნდა აიღონ". ***
"განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების რელიგიურ აღზრდას, მათში ნამდვილი ქრისტიანული სულის გაღვივებას. მით უმეტეს დღეს, როდესაც სამყარო საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. მოზარდს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ წმიდა წერილისადმი მოწიწება და სიყვარული, ეკლესიური ცხოვრების სურვილი, დავანახოთ ცოდვა და ცოდვითი მიდრეკილებანი, ვასწავლოთ გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, ვასწავლოთ სინანული, შერიგება, უნარი დანაშაულის აღიარებისა, სიმართლის დაცვისა, ისინი უნდა მივაჩვიოთ სიყვარულით ცხოვრებას, სხვისი ტკივილის გათავისებას, ზრუნვას გაჭირვებულებსა და ავადმყოფებზე, და საერთოდაც, უნდა აღვზარდოთ მათში სურვილი, იცხოვრონ და იღვაწონ ღმერთთან, მოყვასსა და ბუნებასთან თანხმობასა და კავშირში".