* "ადამიანს ღმერთმა მიანიჭა თავისუფალი ნება... ეს ნება კი შეიძლება სიკეთისკენაც წარიმართოს და ბოროტებისკენაც. ეს უკვე თვით ადამიანზეა დამოკიდებული.
ასეთი თავისუფლება ღმერთს არ მიუცია არც ერთი სხვა არსებისთვის. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ამ თავისუფლებით ადამიანი ხშირად ისე ვერ სარგებლობს, როგორც საჭიროა; ხშირად მას ბოროტად იყენებს და ნაკლებად ფიქრობს საკუთარი სულისა და სხვა ადამიანთა სასიკეთოდ. ჩვენი მიზანია, ისე წარვმართოთ ადამიანის ნება, რომ იგი ღვთის განგებასა და მცნებას ღვთისას არ ეწინააღმდეგებოდეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს როგორც ღვთაებრივი, ისე ადამიანური ენერგია. და როცა ეს ორი ენერგია არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, როცა ისინი ერთი მიმართულებით მიდიან, ადამიანი დგას კეთილ გზაზე, დგას ცხონების გზაზე და იგი მიდის ღმერთთან, უახლოვდება ღმერთს..."
* "ყოველი ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ სრულყოფილი იყოს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება: იყავით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცთაი სრულ არს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სრულყოფის პროცესი დაუსრულებელია. კაცს, სრულყოფის რაც არ უნდა მაღალ საფეხურს მიაღწიოს, არ შეუძლია თქმა იმისა, რომ ეს პროცესი დაასრულა. სრულყოფა იმ დაუსრულებელ ცხოვრებაშიც გრძელდება, სადაც სიკვდილის შემდეგ ყოველი მართლის სული გადადის. მაშასადამე, ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ღმერთთან. ამისთვის აუცილებელია სულიერი განწმენდა, რომელიც მხოლოდ სინანულით მიიღწევა. ამავე დროს, ნურავის ეგონება, რომ თუ სულიერად განიწმინდება, ღირსი გახდება ან დაიმსახურებს იმას, რომ მასში ღმერთი შევიდეს".
* "უფალი ბრძანებს: უკუეთუ გინდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე. ამ სიტყვებში ჩანს უფლისაგან კაცთათვის მინიჭებული დიდი მადლი თავისუფლება, თავისუფალი ნებისყოფა. უფალი იმას კი არ გვეუბნება, აუცილებლად შემომიდექითო, არამედ უკეთუ გინდეს შემოდგომად ჩემდა, - თუ გსურს, - შემომიდეგო. სწორედ ეს არის ყოველი ადამიანის ხვედრი, ჯვრის ტარება. ადამიანი არა მხოლოდ ღვთის ქმნილებაა, არამედ ღვთის ქმნილებათა გვირგვინია. იგი არის ხატი ღვთისა, ხოლო მსგავსებას ღვთისას დიდი სულიერებით, დიდი მოღვაწეობით, რწმენითა და სიყვარულით უნდა მიაღწიოს. ასე რომ, სულის საცხონებლად საჭიროა ორი ძალა: ღვთაებრივი და ადამიანური. ამ ორი ენერგიის გაერთიანებას სინერგია ეწოდება და ყველაზე ბედნიერი ისაა, ვისი ნებისყოფაც ღვთის ნებისყოფას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ უერთდება".
* "სახარება გვასწავლის, რომ უფლისა ჩვენის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას, საშინელი სამსჯავროს ჟამს, ღმერთი ადამიანებს ორ ნაწილად გაყოფს და მარჯვენით მდგომთ ეტყვის: მშიერი ვიყავი და თქვენ დამაპურეთ, მწყუროდა და თქვენ მასვით, სნეული ვიყავი და თქვენYმოხვედით ჩემთან. მართალნი ჰკითხავენ: უფალო, როდის გიხილეთ, როდის გნახეთ შენ მშიერი ან პყრობილი? და მიუგებს მათ უფალი: რაც გააკეთეთ მოყვასისათვის, ის მე გამიკეთეთ!
მხოლოდ ის დაიმკვიდრებს სასუფეველს, ნეტარებას და სიხარულს წარუვალს, ვინც აკეთებს კეთილ საქმეს, ხოლო ის, ვინც შეპყრობილია შურით და ღვარძლით და ბოროტებას ბოროტებით მიაგებს, დაიღუპება. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ, რა მიგვაქვს ამ ქვეყნიდან".
* "ჩვენ ხშირად ვკითხულობთ წმიდა მამათა და დედათა ცხოვრებებს, აღფრთოვანებულნი ვართ მათი ღვაწლით და დამსახურებით ერისა და ეკლესიის წინაშე, მაგრამ არ განვიცდით მათი მოღვაწეობის მადლსა და ცხოველსმყოფელ ძალას, რომელმაც ჩვენში მიბაძვის სურვილი უნდა აღძრას. ამ დროს ვფიქრობთ და ზოგჯერ ხმამაღლაც ვაცხადებთ, რომ ისინი წმინდანები იყვნენ, ხოლო ჩვენ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები ვართ. უნდა მოგახსენოთ, რომ ამგვარი მსჯელობა მცდარია - ყოველი წმინდანი ისეთივე ადამიანი იყო, როგორიც ჩვენ ვართ, მაგრამ იმდენად დიდი იყო მათი რწმენა და სიყვარული, რომ ხორციელსა და მიწიერ ზრახვებზე მაღლდებოდნენ, პირადულს თმობდნენ და სიცოცხლეს უფლისა და მოყვასის სამსახურში ატარებდნენ".
* "მაგონდება ჩემი სწავლის წლები. ჩვენ შორის იყვნენ სულიერი სტუდენტები, რომელნიც ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, საღმრთო წიგნებს კითხულობდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ეს სულიერება არ ეკარებოდათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ისინი შემდეგში ცნობილი ათეისტები გახდნენ და ხალხს ათეისტური მოძღვრებით წამლავდნენ. ისმება კითხვა: როგორ მოხდა, რომ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ათეისტი აღიზარდა? ეს მოხდა იმიტომ, რომ იგი არ იყო მოწოდებული ღვთისგან, გული მისი ბოროტებით იყო აღსავსე და მას არ განუცდია პროცესი სულიერი ამაღლებისა, ფერისცვალებისა. მართალია, ისიც ჩვენთან ერთად იძენდა ცოდნას, უსმენდა ლექციებს, კითხულობდა წიგნებს, მაგრამ მთავარი რამ აკლდა - ბოროტებისა და სიძულვილისგან განწმენდილი გული და შედეგიც საშინელი მივიღეთ. ამიტომ მინდა, რომ თქვენ მთავარი ყურადღება სულიერებას მიაქციოთ, ხოლო ეს სულიერება უფალს უნდა სთხოვოთ, რადგან კარგად იცით, რომ ადამიანი უძლური არსებაა და ღვთის შემწეობის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. მაგრამ ამავე დროს არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ნებაც უნდა მოქმედებდეს, ჩვენც უნდა გვქონდეს სურვილი ფერისცვალებისა; თუ ეს სურვილი არ გვაქვს, უფალი ძალით ვერ გვაცხოვნებს. გავიხსენოთ უფლის თორმეტი მოციქული. აქედან თერთმეტი გენესარეთის ტბის ნაპირას მცხოვრები მეთევზური იყო, მხოლოდ იუდა იყო სხვა სოფლიდან, კერძოდ ისკარიოტიდან, რომელიც ფერდობზეა შეფენილი. ცნობილია, რომ ისკარიოტელები გზაზე ჩამოდიოდნენ და ხალხს ძარცვავდნენ. სულიერი ძალა სასწაულებრივი ქმედებისა, სხვა მოციქულთა მსგავსად, იუდასაც მიეცა; მასაც შეეძლო მკვდართა აღდგინება, ეშმაკეულისა და ავადმყოფთა განკურნება, მაგრამ მაინც დაიღუპა და დაიღუპა იმიტომ, რომ მასში არ მოხდა სინერგია ანუ ღვთაებრივი და ადამიანური ენერგიის შეერთება. უფალმა კი მისცა ძალა, მაგრამ თავად მან საკუთარი ენერგია სხვა გზით წარმართა. მხოლოდ სინერგიის შემთხვევაში ხდება ადამიანი სულიერი და მოაქვს საუკეთესო ნაყოფი".
* "მადლობა უფალს, რომ დღეს ხალხმა გაიღვიძა, საშინელი ღამის შემდეგ ისევ წყალობით მოგვხედა ღმერთმა. მე არაერთგზის მითქვამს თქვენთვის, რომ ღმერთი სიყვარულია, მაგრამ სიყვარულს აუცილებლად სჭირდება ობიექტი, რომელსაც იგი უნდა მოეფინოს. ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეგვიძლია ღვთის გარეშე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არც მას სურს ჩვენ გარეშე ყოფნა. ამიტომ როცა უკვე დაცემულ ადამიანს აღარ აქვს ძალა, ადგეს და წავიდეს ღვთისკენ, მაშინ თვითონ უფალი მიდის მასთან. უფალი გვეხმარება წამოდგომაში, გვეხვევა და ისე მივყავართ ჭეშმარიტების გზაზე, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთან მოსულ უფალს წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ და უნდა გავყვეთ. თუ ამას შევძლებთ, მაშინ გამოიღებს ჩვენი ცხოვრება კეთილ ნაყოფს, მაშინ აღვასრულებთ ჩვენს ვალს და მაშინ იქნება ჩვენი აღსასრული მშვიდობიანი".
* "ზოგიერთს ეგონა, რომ ყოველივე ქართველი ვეღარასოდეს აღდგებოდა და ვეღარ მივიდოდა უფალთან, მაგრამ არა, თვითონ უფალი მოვიდა ჩვენთან, უფალმა აღგვადგინა დაცემულნი და თავის სახლში მოგვიყვანა. ასე რომ, ღვთის გზაზე დადგომა არ არის ჩვენი დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება თუ ღვაწლია ის, რომ არ ვეწინააღმდეგებოდით უფლის განგებას და გვიხაროდა, რომ იგი ჩვენთან იყო".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი