(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ძალიან ხშირად ადამიანი ვერ ხედავს ღმერთს სხვადასხვა შინაგანი თუ გარეგანი ზღუდისა და დაბრკოლების გამო
, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აქვს სწრაფვა უზენაესისკენ, სულიერებისა და ღვთაებრიობისკენ და ამ სულიერი წყურვილის მოკვლას ხან მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებით, ხან კი სიმდიდრითა და ვნებების დაკმაყოფილებით ცდილობს, ან კიდევ თავისი ეპოქის რომელიმე სხვა კერპს მიმართავს". * "თუ პირველი ქრისტიანებისთვის სასწაულნი და გამოცხადებანი ჩვეულებრივი საღმრთო მოვლენა იყო, თანამედროვე ადამიანში ის ხშირად იწვევს უნდობლობას, ან უკეთეს შემთხვევაში - გულისტკივილს, რადგან მას არ შესწევს უნარი ახსნისა და შემეცნებისა".
* "სიყვარულითა საუკუნოითა შეგიყუარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი თავის მიერ შექმნილ ადამიანს, და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულდა, ახლა უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვიხმობს. მაგრამ ყველას არ ესმის ეს ხმა; ერთნი შეიტკბობენ და იმყოფებიან მასთან, სხვანი უარყოფენ მას. უფლის მიღება ანუ მისი რწმენა თავისუფალი, ჭეშმარიტად საოცარი აქტია, მსგავსი ხელახალი დაბადებისა".
* "ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრძნება, შეგრძნება არაამქვეყნიურისა, შეგრძნება რაღაც მშობლიურისა და ამავე დროს შორეულისა და მიუწვდომლისა - შეგრძნება ღვთისა.
წმინდა მამათა აზრით, ღმერთი ძლიერ ახლოსაა ჩვენთან, ის განუშორებელია ადამიანისგან. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "როგორ შემიძლია მოვიხმო ჩემში ღმერთი? არის კი ჩემში ადგილი, სადაც შეეძლება ღმერთს მოსვლა? მე არ ვიარსებებდი, ღმერთოOჩემო, შენ რომ არ იყო ჩემში, ანუ არ ვიარსებებდი, მე რომ არ ვიყო შენში, რამეთუ ყოველი არსება იმყოფება შენში და შენით არსებობს. სად მოგიწოდო შენ, როდესაც მე ვიმყოფები შენში და საიდანღა შეძლებ ჩემში მოსვლას?"
* "ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიერს ეზიარა. შენ ვერასდროს შეიტყობ ამას, თუ სასწაულთმოქმედი ბარძიმიდან თავად არ შესვი ის მაცოცხლებელი მადლი, რომელიც სულიერ წყურვილს კლავს. შესვი და აღარასდროს მოგწყურდება, შესვი და შენს წინაშე წარმოჩნდება მანამდე უხილავი და უცნობი ახალი სამყარო, სულიერი სამყარო, რომელიც თავისი მადლიანი სხივებით ათბობს და ანათებს დედამიწას".
* "სარწმუნოება უნდა ანათებდეს ჩვენს შინაგან სამყაროს და შინაგანი სამყაროც მზად უნდა იყოს, შეიცნოს, თუ საიდან მოდის ეს ნათელი, და მიიღოს იგი... მაშასადამე, სარწმუნოების ნათელს გულმა და გონებამ თავისი ნათელი უნდა დაახვედროს; ამ ორი ნათელის შერწყმით ამაღლდება სულიერად ადამიანი და ამ გზით იგი ღვთისაგან ბოძებული მაღალი გონებით იხილავს ღმერთს: ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ (მათე 5,8)".
* "ყოველი მორწმუნე თუ არამორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე ხდება შეხვედრა ღმერთთან. უკუეთუ მორწმუნე ადამიანი სამუდამოდ უკავშირებს თავის ცხოვრებას ზეციურ ხმას, არამორწმუნეს არაფრად მიაჩნია იგი და ამ ძახილს ეჭვითა და უნდობლობის თვალით უყურებს. III საუკუნის ფილოსოფოსი პლოტინე ამბობს: "სული ვერასდროს დაინახავს მშვენიერებას, თუ თვითონ არ გახდება მშვენიერი; და ყოველმა ადამიანმა, რომელსაც სურს მშვენიერებისა და ღვთაებრივის ხილვა, უნდა დაიწყოს იმით, რომ თვითონ გახდეს მშვენიერი და ღვთაებრივი".
* "ქრისტიანობამ უდიდესი გავლენა იქონია ცივილიზებულ სამყაროზე. ისეთი მეცნიერებიც კი, რომელნიც უარყოფენ ქრისტიანობის ღვთაებრივ წარმოშობას და მიაჩნიათ იგი უბრალოდ ისტორიულ მოვლენად, აღიარებენ მის უსაზღვრო ზემოქმედებას როგორც საზოგადოებაზე, ისე პიროვნების ხასიათის ჩამოყალიბებაზე".
* "ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა".
* "ხშირად ღმერთში ადამიანები ხედავენ არა მარტო შემოქმედსა და სამყაროს განმგებელს, არამედ მრისხანე შურისმგებელსა და მკაცრ მსაჯულს; სწორედ ისეთს, როგორადაც აღიქვამდნენ მას ძველი აღთქმის დროინდელი ადამიანები: ულმობელსა და ქვეყნის მკვიდრთაგან შორს მყოფს.
ქრისტიანობამ სულ სხვა სახით დაგვანახა ღვთის არსი: "ღმერთი სიყუარული არს" (1 იოანე 4,8), - ვკითხულობთ წმინდა წერილში. ესაა საუკეთესო განსაზღვრება ღვთის ბუნებისა და ჩვენდამი მისი დამოკიდებულებისა. ამიტომაც ნამდვილი ქრისტიანის მთელი მოღვაწეობა განსახიერებაა ჭეშმარიტი სიყვარულისა და სათნოებისა, რადგანაც იგი გრძნობს, რომ უფალი უსაღვროდ მოსიყვარულე, მოწყალე და ცოდვათა მიმტევებელია".
* "XX საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა აღმავლობამ ადამიანი აღავსო ამპარტავნებით და გაუჩინა ცრუ ილუზია იმისა, რომ იგი საკუთარი გონებითა და ძალით შეძლებდა ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოწყობას. ღვთისა და ეკლესიის მორჩილება "უმწიფარი" კაცობრიობის ისტორიულ ეტაპად იქნა განხილული, მაგრამ მოჩვენებითი "სრულწლოვანება" საბედისწერო აღმოჩნდა. საკუთარ თავს მინდობილი კაცობრიობა მოსწყდა ღმერთს და ბოროტის ბადეში გაეხვია. უტყუარი ნიშანი ამისა თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი დაცემა და გადაგვარებაა.
დღეს ბევრს ჰგონია, რომ მორწმუნე ქრისტიანია, მაგრამ ცდება. პიროვნებისთვის დამახასიათებელ რელიგიურ გრძნობას ისინი ხშირად რწმენად მიიჩნევენ. სინამდვილეში, რელიგიური გრძნობა არის მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ღვთის შემეცნებისა. ნამდვილი რწმენა კი შედეგია ამა თუ იმ პიროვნებაში ღვთის განცხადებისა და მისი სრულყოფა სარწმუნოებრივი ცხოვრებით ხდება".
* "ის საშინელი მოვლენები, რაც ჩვენს გვერდით ხდება: მკვლელობა, ძალადობა, ძარცვა, ვერაგობა, თავაწყვეტილი ვნება... შედეგია ურწმუნოებისა და არასულიერებისა.
ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის, ბავშვების, ინტელიგენციის გაეკლესიურება. "ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმიდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს?.. ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულითა და სულით" (I კორინ. 6,19-20)".