"გსურს უფალთან შეხვედრა, მასთან ყოფნა? მაშ, შეიყვარე "ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა"
"იესო ქრისტემ თავისი განხორციელებით მოგვიწოდა შინაგანი ფერისცვალებისა და განახლებისაკენ. მოვიდა ჩვენთან, რათა ღვთის მეგობარნი და მახლობელნი გავმხდარიყავით, ვზიარებოდით ჭეშმარიტებას და აღგვედგინა დაკარგული კავშირი შემოქმედთან, ნამდვილი სიხარულისა და თავისუფლების მომნიჭებელთან".
* "სიყვარულითა საუკუნოითა შეგიყვარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი მის მიერ შექმნილ ადამიანს, და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულდა, ახლა უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვიხმობს. მაგრამ ყველას არ ესმის ეს ხმა; ერთნი შეიტკბობენ მას და იმყოფებიან მასთან, სხვანი უარყოფენ მას. უფლის მიღება ანუ მისი რწმენა თავისუფალი, ჭეშმარიტად საოცარი აქტია, მსგავსი ხელახალი დაბადებისა".
* "მთავარია, ადამიანს ჰქონდეს სურვილი ღმერთთან სიახლოვისა, რომელიც წყაროა სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა, რათა ყოველთვის მზად იყოს მასთან შესახვედრად... ღმერთთან მიახლოებით ადამიანში ახლდება ყოველივე ის, რაც ცოდვის გამო მოისპო მასში. ქვეყნად მაცხოვრის მოვლინებით სათავე დაედო კაცობრიობის დაბრუნებას ნათლისა და ჭეშმარიტებისაკენ. "ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი" (იოანე 18,37), - ბრძანებს უფალი. აი, ეს მარადიული და მხსნელი ჭეშმარიტება გვიზიდავს ჩვენ".
* "თუ ძველი აღთქმით დაშვებული იყო თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ (გამოსვლათა 21,24), ქრისტიანული სამყაროს საფუძვლად იქცა სიყვარული, ძმობა და ხალხთა შორის მეგობრობა განურჩევლად ეროვნებისა, ენისა, რასისა. თვით უფალი ასე განმარტავს ქვეყნად თავისი მოვლინების მიზანს: ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ, ძეცა თვისი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი (იოანე 3,16). გონებისთვის მიუწვდომელი ამ მსხვერპლის წყალობით განქარდა ზღუდე ღმერთსა და კაცს შორის, ადამიანს კვლავ განეღო სამოთხის კარი, გამოჩნდა გზა მარადიული ცხოვრებისაკენ".
* "სრულყოფილი სიყვარული ერთნაირად ჰყვარობს ყოველთა: კეთილთ - ვითარცა მეგობართა, უკეთურთ - ვითარცა მტერთა, რომელთაც სწყალობს, მომთმინე და მშვიდია შეურაცხყოფასა მათსა ზედა და ბოროტითა არა მიაგებს. ხოლო განიცდის და იტანჯება მათთვის და თუ მიზეზი რაიმე მიეცეს, ჰყოფს მათ მახლობლად თვისა" (წმინდა მაქსიმე აღმსარებელი).
ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა; აი, რას ამბობენ წმინდა მამები: ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს (I იოანე 4,7); "სიყვარული ნიშნავს ყოფნას ერთ სულად, ხოლო სიყვარული უფლისა ამასთან ერთად გზაი არს განღმრთობისა" (წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი). ჭეშმარიტად, სიყვარულია ერთადერთი გზა, რომელსაც ღმერთთან მივყავართ".
* "უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთ ადგილას მოციქულებს მეგობრებს უწოდებს, რადგან მათ უკვე ყველაფერი იციან. მონამ არ იცის, რას ფიქრობს ან რისი გაკეთება სურს ბატონს, მაშინ როცა მეგობრისთვის ეს ცნობილია. აქედან გამომდინარე, კლიმენტი ალექსანდრიელის აზრით, მონამ ყოველივე უნდა იღონოს, რათა მეგობრის სიმაღლეზე დადგეს".
* "არ არის საკმარისი, რომ ადამიანი მხოლოდ ჩინებული იყოს, იგი ამავე დროს ღვთის რჩეულსაც უნდა წარმოადგენდეს. წმინდა პავლე მოციქული კოლასელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში განგვიმარტავს, ვინ არიან რჩეულნი. იგი კოლასელებს მოუწოდებს: შეიმოსენით უკუე ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა წმიდათა და საყუარელთა (კოლას. 3,12), ე.ი. რჩეული ისაა, ვინც წმინდაა და ღმერთს უყვარს, ამის შემდეგ მოციქული განგვიმარტავს, რით უნდა შევიმოსოთ, რომ ღვთისთვის სათნო ვიყოთ: მოწყალებით, სიტკბოებით, სიმდაბლით, სიმშვიდით და სულგრძელობით. რა შესანიშნავი თვისებებია, რომელი ძვირფასი თვალ-მარგალიტი შეედრება მათ".
* "უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის" (იოანე 15,12-13), - ბრძანებს უფალი.
ვინ არის მეგობარი ჩვენი?
ჭეშმარიტი მეგობარი იგია, რომელიც უდრტვინველად იტანს თავს დამტყდარ უბედურებას და განიცდის მოყვასის გასაჭირს, როგორც საკუთარს. მეგობარი იგია, ვინც სიყვარულით მიგვითითებს შეცდომებზე და გვიჩვენებს სწორ გზას, ვინც ჩვენთანაა როგორც სიკეთისა და მხიარულების დროს, ისე უკიდურესი გაჭირვების ჟამს, მაშინაც კი, როცა ახლო ნათესავები დაგვტოვებენ.
ერთგული მეგობარი მტკიცე ზღუდეა; რომელმან შეიძინა იგი, ჰპოვა საგანძური. ერთგული მეგობარი ფასდაუდებელი საუნჯეა და არა აქვს საზღვარი მის სიკეთეს. ერთგული მეგობარი სალბუნია ცხოვრებისა და მოშიშნი უფლისანი ჰპოვებენ მას, - ვკითხულობთ ისო ზირაქის წიგნში (6,14-16)".
* "მორწმუნეებმა ვიცით, რომ ყოველი ადამიანი ღვთისგანაა მოვლენილი, მაგრამ ხშირად ღვთის განგებით შექმნილი არსება თავის შემოქმედს სცილდება და სულიერად იღუპება, კვდება, რაც ფიზიკურ სიკვდილზე ბევრად უფრო მძიმეა. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღმერთთან კავშირი არ დავკარგოთ და ეს სულიერი სიკვდილი ავიცდინოთ? უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭიროა განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი პიროვნების შეცნობა და შესწავლა. ადამიანს ხშირად უნდა ჰქონდეს ასეთი წუთები, წუთები საკუთარ თავთან და უფალთან საუბრისა.
მინდა გავიხსენო მოსკოვის აკადემიის პროფესორი, დეკანოზი იოანე, გვარად კოზლოვი. სტუდენტებს ძალიან გვიყვარდა მისი ქადაგების მოსმენა, რომელიც ძალიან მოკლე იყო ხოლმე და ჩვეულებრივ ხუთ წუთზე მეტხანს არ გრძელდებოდა. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ადრე მამა იოანე მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა, სახარებას ქადაგებდა ადამიანების ჭეშმარიტ გზაზე მოსაქცევად... მამა იოანეს შეეძლო სხარტად და მოკლედ, სულ რამდენიმე ფრაზით გადმოეცა უმნიშვნელოვანესი საკითხები რწმენისა. მახსოვს, ერთ-ერთ ქადაგებაში მან გვიამბო ორ მეგობარ ასტრონომზე, რომელთაგან ერთი ურწმუნო იყო და მეგობარს უმტკიცებდა, რომ იმ მრავალი წლის მანძილზე, როცა იგი ცას ტელესკოპით სწავლობდა, ღმერთი არასოდეს უხილავს, რაზეც მისმა მორწმუნე მეგობარმა ასეთი პასუხი გასცა: მაგისთვის ტელესკოპი არ გჭირდება, შენს გულში ჩაიხედე და ღმერთს იქ იხილავო. მართლაც, ჩვენ ჭეშმარიტებასა და ღმერთს სადღაც შორს, ჩვენს გარეთ ვეძებთ და გვავიწყდება, რომ ღმერთი აქ არის, ძალიან ახლოს ჩვენთან, ჩვენ მივდივართ მისგან, თორემ უფალი მუდამ ჩვენთანაა".
* "გსურს უფალთან შეხვედრა, მასთან ყოფნა? მაშ, შეიყვარე "ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა... და შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მათე 22,37-39), რადგანაც მხოლოდ ასეთ გულში დაივანებს უფალი, ოდენ აქ პოვებს იგი სულს, რომელიც მას სიყვარულით ენათესავება".