(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"მშვიდობა თქვენდა"! - ეს იყო აღდგომილი მაცხოვრის პირველი სიტყვები. ქრისტეს აღდგომის არსი და სიღრმე რომ შეიცნო, გახდე თანაზიარი ამ დიადი ზეიმისა, ყოვლისმომცველი მშვიდობაა საჭირო.
მშვიდობა ღმერთთან, მოყვასთან, თვით შენს თავთან. უფლის მიერ ბოძებული მშვიდობა კი არ უნდა განვაგდოთ, უნდა მივიღოთ იგი და გავხდეთ მონაწილე ამ ღვთაებრივი ნიჭის ჩვენში განხორციელებისა". ***
"პასექი ქრისტესი - ეს ის დღეა, როდესაც მორწმუნე ადამიანის უკვდავ სულს თვალთახედვა მიენიჭება და მის წინაშე წარმოჩნდება მანამდე უხილავი, მაგრამ მუდმივად საგრძნობი დაუსაბამო საწყისი. ესაა შეხვედრა ორი სამყაროსი - გარეგანისა და შინაგანისა. ამ სულიერი გაცისკროვნების დროს ადამიანის წინაშე თითქოსდა უსასრულობა გადაიშლება და მატერიალური სამყაროს მიღმა იწყებს სხვაგვარი სამყაროს ხილვას. ამ დღეს ადამიანი სრულად შეერწყმის მისთვის უჩვეულო სულიერ სამყაროს და შეიგრძნობს სრულ ჰარმონიას ღმერთთან!"***
"როგორც შედეგი სიყვარულისა, ყველას მომადლებული გვაქვს სიხარულის განცდის უნარი და სურვილი, სხვებისთვის მისი გაზიარებისა. სხვადასხვაგვარია სიხარული, განსხვავებულად გრძნობენ მას ადამიანები... ყოველი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე სულიერი სიხარულის მომტანია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული მაინც სულ სხვაა; იგი ზეიმია ცისა და მიწისა, რადგანაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვგრძნობთ და განვიცდით. თუ გვექნება რწმენა და სიყვარული, ღვთის მოწყალებით, ღირსნი გავხდებით იმ სიხარულისა, რომელსაც არა აქვს დასასრული. მთავრია, არ შევცდეთ, არ გადავუხვიოთ გადამრჩენელი გზიდან".
***
"ადამიანი ეკლესიაში უნდა გახდეს არა მხოლოდ სულიერი, არამედ ვალდებულია, იყოს წმინდა, რათა დაიმკვიდროს სასუფეველი ღვთისა. "წმიდათა წმიდათა" - ხმობს მღვდელი საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, აღამაღლებს რა წმინდა ტარიგს, განწესებულს წმინდა ზიარებისთვის. ამ ორ სიტყვაში ღრმა აზრია: ქრისტეს წმინდა ხორცი განკუთვნილია მხოლოდ წმინდათათვის, ე.ი. მათთვის, ვინც სინანულისა და აღსარების საიდუმლოს წყალობით თავისი შინაგანი სამყაროს განწმენდით წმინდა გახდა...***
"წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: სულისა და ხორცისგან შედგენილ ადამიანს სჭირდება როგორც სულიერი, ისე ხორციელი საკვები. სულიერ საზრდოდ იესო ქრისტემ მოგვცა თვით თავისი ხორცი და სისხლი, რომელსაც წმინდა ევქარისტიაში ღვინისა და პურის სახე აქვს. რატომ მისცა უფალმა მოციქულებს საჭმელად თავისი სისხლი და ხორცი ღვინისა და პურის სახით? - კითხულობენ ზოგნი. პური სიმბოლოა ღვთის ძალისა, სიმბოლო კაცთა ერთობისა. თორმეტი მოციქულის სწავლანში - "დიდაქე" ვკითხულობთ: "როგორც ეს პური (ხორბლის სახით) იყო განბნეულ სხვადასხვა ბორცვზე და შემდეგ შეკრებილი გახდა მთლიანი, დაე, ასე შეერთდეს შენს საუფლოში ქვეყნის ყველა კიდიდან ეკლესია შენი (უფალო)" (დიდაქე 9). ყურძენშიც ღვთის იდუმალი ძალაა დაფარული. წმინდა ესაიას წიგნში წერია: "როცა ყურძნის მტევანში წვენი ჩადგება, მაშინ ამბობენ, ნუ შელახავ მას, რამეთუ მასშია კურთხევა" (ესაია 65,8)". ***
"თუ ვერ განვეშორებით მტრობას, ვერაგობას, ბოროტებას, შურსა და რისხვას და ყოველ საქმეთ ღვთისა და ჩვენს შეურაცხმყოფელს, ვერც აღდგომის დღესასწაულის ძალას ვიგრძნობთ. დღეს უფალი, მართალია, გვიხმობს სიხარულად, მაგრამ იგი, უპირველეს ყოვლისა, მოგვიწოდებს სინანულისთვის, სიყვარულის, თანაგრძნობისა და მოწყალებისთვის, ლოცვის, მარხვისა და ცოდვათა შენდობისთვის. ამიტომაც წერს ძველ მოღვაწეთაგან ცნობილი აბბა ევაგრე, რომ უფლის პასექი ბოროტების სიკეთით შეცვლააო.
მეც გისურვებთ ამ ღვთის სათნო ფერისცვალებას, ძველი კაცის ძველი სამოსლის ქრისტეს სიყვარულის ახალი ბრწყინვალე სამოსით შეცვლას, რათა დაიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა. "აღდეგ რა ქრისტესთან ერთად, - ბრძანებს გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ახალ ქმნილებად იქმენ, რომელი განმზადებულ არს კეთილ საქმეთა აღსრულებად. დაე, განახლდეს სრულად ცხოვრება შენი და გზა შენი მოღვაწებისა განახლდეს სრულად".
"დაე, აღდგომილმა მაცხოვარმა ღირს გვყოს შესვლად აღდგომის სიხარულსა და მიღებად გულთა შინა ჩვენთა მცნებათა სახარებისათა. უფალი მოვალს შენდა, ნუ იქმნები ყრუ და მუნჯ, განუხვენ მას კარნი გულისა შენისანი და შემოვალს იგი და დადგრება შენ თანა.
აღვავლენ ლოცვებს, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ღირსი ღმერთთან ამ საიდუმლო შეხვედრისა. ვუსურვებ ყველას საუკუნო სიხარულს, ღმერთმა აკურთხოს მთელი ქვეყანა და მოანიჭოს კაცობრიობას კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება".