(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"დღეს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე მწვავედ დგას საკითხი, თუ როგორ დავძლიოთ სულიერი, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და დავაღწიოთ თავი შექმნილ ვითარებას.
და მაინც, ყველაზე საშიში სულიერი კრიზისია, რადგან ტოტალიტარულმა რეჟიმმა ღრმა კვალი დაგვიტოვა: ურწმუნოება, სულიერების ნაკლებობა, დანგრეული ტაძრები და მონასტრები, ადამიანთა დამახინჯებული შინაგანი სამყარო, რომელიც განმაცოცხლებელ ხელს ელის. გაცილებით ადვილია ეკლესიის აგება და ეკონომიკის აღდგენა, ვიდრე სულის დარღვეული ტაძრის აშენება. ჩვენი მიზანია, ადამიანი უფალთან მივიყვანოთ, დავუბრუნოთ რწმენა არა საზოგადოდ ღვთისა და, აქედან გამომდინარე, საერთოდ რელიგიისა, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, რომლითაც ცხოვრობდნენ და ცხონების ღირსი ხდებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ საკითხებზე ზრუნვა მხოლოდ სასულიერო პირების საქმეა. ის კი ავიწყდებათ, რომ ხალხი და ეკლესია, რომლის თავიც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანდება, განუყოფელია. ამიტომაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა ერსაც მართებს, ბერსაც და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც".
* "არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ჩვენმა კაცთმოყვარე ერმა მძიმე ტანჯვა გამოიარა... როგორც კუნძულს მღვრიე ტალღები დიდი მდინარისა, ისე მუდმივად გვადგა ირგვლივ ურიცხვი მტერი... ჩვენი წალეკვა უნდოდა სიბნელისა და ურწმუნოების ძვინვარე ტალღებს... ჩვენი ერი ზღაპრული ძალითა და ენერგიით ებრძოდა მუდამ მტერთა ურდოებს... ჩვენს ხალხს, პირველ ყოვლისა, სწყუროდა არა მხოლოდ თავის გადარჩენა, არამედ გადარჩენა იმ დიდი მადლისა, რომელიც ქრისტეს წმიდა კვართს, მოციქულთა აქ მობრძანებას და ღვთისმშობლის მიერ ქალწული ნინოსთვის ბოძებულ ვაზის ჯვარს შემოჰყვა ჩვენში. ჩვენმა ეროვნულმა სულმა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ისე შეიყვარა მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომ დაუნანებლად ვწირავდით თავს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გადასარჩენად... და ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა საქართველოში და მისი მადლით შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა და ეროვნული ჩვენი სიცოცხლე".
* "არის ღირებულებანი, რომლებიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნება და ყალიბდება და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია მართლმადიდებელი სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული; მუსიკა, ყველას რომ აღაფრთოვანებს; ჩვენი ენა და დამწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა; ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი... აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათ?!
სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ".
* "ნეტარ ხარ შენ, ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ მეფემ მეფეთამან დაიდგინა შენში სავანე. ურყევია შენი საძირკველი, რამეთუ უფალი მცველ შენდა არს. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან და მგელნი მტაცებელნი ვერ შეგმუსრავენ და ვერც სიმტკიცეს შენსას შეასუსტებენ. ო, მშვენიერო და ბრწყინვალე სახლო უფლისა, რა დიდებული ხარ შენ!" - წერს წმიდა ეფრემ ასური.
ეკლესიამ მისცა საქართველოს ისეთი საოცარი პიროვნებანი, როგორებიც არიან: წმიდა ნინო, განმანათლებელი ივერიისა, წმიდა იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, ანტონ მარტყოფელი, წმიდა მეფენი: მირიანი და ნანა, ვახტანგ გორგასალი, არჩილი და ლუარსაბი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევან წამებული, დემეტრე თავდადებული და სხვანი მრავალნი, სათნონი ქრისტესნი. და, საერთოდ, ყველაფერი ის, რითაც ვამაყობთ ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ეკლესიური ცხოვრების, ეკლესიური აზროვნების გამოვლინებაა".
* "ინტელექტუალები - სხვადასხვა შეხედულებისა და მიმართულების მოაზროვნენი არიან. მათ აქვთ თავიანთი მიზანი - იდეალი, რომელსაც ემსახურებიან მთელი სიცოცხლის მანძილზე; მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იდეები ზოგჯერ მეტად მიწიერი, ვიწრო და რაციონალურია. მათი მსჯელობაც ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის შესახებ ხშირად ადამიანური, პირადი გრძნობებით არის ნაკარნახევი.
მართალია, ყოველი ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს ჭეშმარიტებასაც და სამართლიანობასაც, მაგრამ უნდა არსებობდეს ავტორიტეტი, აუცილებელია საერთო საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა ჩვენი ფიქრები, ჩვენი ნააზრევი. ასეთი ავტორიტეტი ერთადერთია - ღვთის განჩინებანი, ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჩვენი სულიერი საგანძური. ამის გარეშე ნებისმიერი იდეა და გამოგონება ჩვენს საწინააღმდეგოდ მობრუნდება".
* "ვინც ჭეშმარიტ რწმენას განუდგება და თავისი დაუფიქრებლობით სულიერ ღირებულებებს მიწიერ სიკეთეზე გაცვლის, ღვთისა და მამულის წინაშე მოღალატეა...
ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდებისმოყვარენი, კანონმდებელნი, მსოფლიო ბატონობის მსურველნი... ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველი მხოლოდ ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ყრმის უწყინარი სიყვარულია, მისი ჭეშმარიტი მეუფება სამყაროზე".
* "წმინდა მოციქულები, გარდა იმისა, რომ ცხოვრობდნენ ქრისტეს დროს, იყვნენ კიდეც თანამოღვაწენი მისი მსახურებისა, მემკვიდრენი და მქადაგებელნი მაცხოვრის სიტყვისა... მოციქულთა მოღვაწეობა ვლინდებოდა ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე, იგი დღესაც ნათლად ჩანს და მომავალშიც გაგრძელდება. უკვე მოციქულთა დროს ეკლესიაში დადგინდა ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის იერარქიული წესი; დადგინდა ასევე ამა თუ იმ ხარისხში კურთხევის, ხელდასხმის კანონი. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, არ დარღვეულიყო მემკვიდრეობა იერარქიული ხელდასხმისა, ამიტომაც, თუ გამოვიკვლევთ, მაგალითად, საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი მღვდელმთავრის, მღვდლის ანდა დიაკვნის იერარქიულ წარმოშობას საუკუნეთა მანძილზე, აუცილებლად მივალთ ან წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულამდე, რომელმაც პირველ საუკუნეში იქადაგა საქართველოში და აქ პირველი ეკლესია დააარსა, ანდა წმიდა პეტრე მოციქულამდე, რომელმაც სათავე დაუდო ანტიოქიის ეკლესიას. საქართველო კი, მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ანუ V საუკუნემდე, ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა და ჩვენი სასულიერო პირებიც მათგან იღებდნენ ხელდასხმას.
მემკვიდრეობითობის ამ მადლს, რა თქმა უნდა, მოკლებულნი არიან პროტესტანტული მიმდინარეობანი, ბაპტისტები და სხვა დენომინაციები".
* "ზოგიერთნი უვიცობის ანდა მცირედმორწმუნეობის გამო მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა რელიგიებთან ათანაბრებენ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს - ღმერთის მისტიკური სხეულია და იგი თვით უფლის მიერ არის დადგინებული. "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას " (მათე 16,18), - ბრძანებს მაცხოვარი. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება, ოდენ იგი იცავს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს. წმიდა ირინეოს ლიონელი (III ს.) ამბობს: "სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმიდაა და სადაც სულიწმიდაა, იქ ეკლესიაა თავისი სრული ჭეშმარიტებით".
* "ქართველი ხალხი პირველი საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანია და ქრისტიანადვე უნდა დარჩეს. ჩვენი ერი არ უნდა მოექცეს სექტებისა და უცხო რელიგიათა გავლენის ქვეშ. საქართველო მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ გადაარჩინა და კიდევაც გადაარჩენს. ჩვენმა ხალხმა ამ გზით უნდა იაროს და ყოველი, რომელიც მართლმადიდებლობას, ჩვენს ეკლესიას, სვეტიცხოველს უღალატებს, მოღალატე იქნება მშობელი ერისაც...
მართალია, ძალიან ხშირად უარვყოფთ ნებას ღვთისას, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და არ მიგვატოვებს. საქართველო სულიერად გაბრწყინდება, საქართველო გაიღვიძებს, რადგან შეუძლებელია ამ მდგომარეობაში დარჩეს ერი, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია".