2010 წლის საშობაო ეპისტოლე
2010 წლის საშობაო ეპისტოლე
ქრისტეს მიერ საყვარელო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო!

"ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33)

"სოფელი ცდილობდა დავეჭირე, მაგრამ ვერ დამიჭირა" (გრიგოლ სკავაროდა)

გიხაროდეთ, "ღამე იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა" (რომ 13,12); აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს განკაცებისა; ზეიმობს ცა და ქვეყანა და წმიდა ეკლესიაც სიხარულით ღაღადებს: "დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოისა, დღეს დაუსაბამოი დაიბადების, სიტყვაი ხორცთა შეისხამს და ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით". ამ გამოუთქმელ სიხარულს ვეზიარებით ჩვენც, ყველა, და წმიდა ეკლესიასთან ერთად ვუგალობთ უფალს: "ქრისტეს შობასა ვადიდებთ და აღვამაღლებთ ღმერთსა დიდებულსა".

რატომ განკაცდა უფალი? და რატომ არის დედამიწაზე მის მოვლინებასთან დაკავშირებით ასეთი დიდი სიხარული?

დაუსაბამო იგი ხორციელ იქმნა, რათა ცოდვის მორევში დანთქმული კაცობრიობისათვის ხსნის გზა ეჩვენებინა და ყოფიერების ჭაობში შთაფლულთათვის სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ესწავლებინა; იგი განკაცდა, რომ გვეზეიმა საკუთარ თავზე გამარჯვება და კვლავ მარადიული ნეტარებისა და სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცემოდა.

საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი სიყვარულს უკავშირდება.

ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად უყვარს ის, რაც ყველაზე მეტად სურს და ყველაზე მეტად სურს ის, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს.

ვიდრე ადამი და ევა სამოთხეში მყოფობდნენ, მათი ნეტარება ღმერთთან კავშირიდან მომდინარეობდა; ღმერთთან უშუალო კავშირი იყო მათი უმთავრესი მოთხოვნილებაც და ბედნიერების წყაროც.

ცოდვით დაცემის შემდგომ კი შეიცვალა მათი ბუნება, აღქმისა და აზროვნების წესი, რადგან უფლის სიყვარულით სავსე მათი გონება, გული და ნება შეიბილწა ბოროტი ძალის დაჯერებით და მისი ნების აღსრულებით.

ამიტომ დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო, და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათ დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანი, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა უმთავრესი ყოველთვის მაინც იყო სიმდიდრის დაგროვების სურვილი, პატივმოყვარეობა, სიამეთმოყვარეობა, თანამდებობისკენ სწრაფვა, აზარტული თამაშობანი, მრუშობა, სასმელით ან ნარკოტიკით გატაცება და ა.შ.

ამგვარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება არათუ მარადიულ ნეტარებას ანიჭებს ადამიანს, არამედ ამქვეყნადვე წუთიერი სიამოვნებების ნაცვლად სხეულისა და სულის უმძიმეს დაავადებებს იწვევს.

ბრძენს უთქვამს - მსგავსი მსგავსს შეჰხარისო. და მართლაც, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე ყოველი ადამიანი თავისი ნებით ირჩევს გზას და ისწრაფვის ცათა სასუფევლის ან ბოროტების მეუფებისაკენ.

როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: "კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა". იგი ან კერპთმსახურია, ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია, ან სიწმინდის მატარებელი, ან სიმართლეს ესწრაფვის, ან უსამართლობას, ან ამპარტავანია, ან თავმდაბალი. ერთ-ერთის საბოლოო გამარჯვება მეორის უცილობელ მოსპობას ნიშნავს, რადგან "ღმრთისმსახურებისა დამტკიცებაი სიკუდილი არს კერპთმსახურებისაი, ეგრეთვე სიმართლისა მიერ მოიკვლის უსამართლობაი" და ა.შ.

ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, ამქვეყნადვე იპოვოს ღმერთი და მისდიოს მის გზას. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ უფლის ნებას (რაც მის მცნებებშია განცხადებული) ჩვენი პიროვნული ნებაც შეუერთდება; ანუ თუ ვიცხოვრებთ სახარებისეულად.

ღვთაებრივი და ადამიანური ნების თანხვედრას სინერგია ეწოდება; სწორედ იგია ზეცად აღმყვანებელი უდიდესი ძალა, რომელიც ყველა დაბრკოლებას დაგვაძლევინებს და ამქვეყნადვე გვაგრძნობინებს, რომ "სასუფეველი ჩვენშია".

"ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკედთ და განგეღოს თქვენ", - ბრძანებს მაცხოვარი.

მაგრამ ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?!

იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოთ" (იაკ. 4,2).

დიახ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ სწამს ღმერთი, და ამავე დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ან შურთ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ სხვას, რაც მათ ლოცვას ძალას უკარგავს.

ზოგჯერ ესა თუ ის პიროვნება, ერთი შეხედვით, მართლაც კარგ საქმეს აღასრულებს: შემოსავლის ნაწილს გასცემს, გაჭირვებულებს ეხმარება, ტაძარსაც აშენებს... მაგრამ თუ ყოველივე ამას თავის გამოსაჩენად აკეთებს და სიკეთით ამპარტავნობს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება უფლისათვის და არც ასეთი ადამიანის ლოცვა შეისმინება. ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ამქვეყნიური კეთილდღეობის სრული უარყოფისკენ მოგვიწოდებდეს ყველას. რა თქმა უნდა - არა, რადგან უფალი ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არ გავხდეთ ხორციელ მოთხოვნილებათა მონები და მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა არ იქცეს ჩვენს მამოძრავებელ ძალად; მაგრამ თუ თანამდებობას, ძალაუფლებას, სიმდიდრესა და ჩვენს სხვა შესაძლებლობებს არა საკუთარი "მეს" წარმოსაჩენად, არამედ უფლის სადიდებლად (რადგან ყოველივე მისგან გვეძლევა) და მოყვასის მსახურებისათვის გამოვიყენებთ, ღვთისსათნოდ ვიცხოვრებთ.

წმიდა წერილი გვასწავლის: "სიყვარული სოფლისაი ამის მტერობა არს ღმრთისა" (იაკ. 44). "ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად... ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა" (მთ. 6,24).

მაშ, "დაემორჩილენით ღმერთსა და წინა აღუდექით ეშმაკსა", მიეახლენით მას და მოგეახლოს თქვენ" (იაკ. 4,7).

***
მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოდვითი მიდრეკილებები სულ უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჩვენს ყოფაში.

ცოდვა, როგორც ხორცმეტი, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც. სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას: "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის".

დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. ამ აზრს, რომლის დამკვიდრებასაც უცხოეთში უკვე კარგა ხანია ცდილობენ, ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი.

ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისათვის.

ცოდვის საკუთარ თავში მიღებითა და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება. ამაზე კი პასუხს აგებს ყველა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამისკენ უბიძგებენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს; მაცხოვარი ბრძანებს: "ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური..." (მთ. 18,7). "მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ" (მთ. 18,6). ასევე საშინელია სხვა მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანების ხვედრიც.

შეუძლებელი და შეუთავსებელია, იყო ქრისტიანი და ამავე დროს - ნარკომანი, ქრისტიანი და ლოთი, ქრისტიანი და მრუში, ქრისტიანი და ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიეთ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს.

***
ეპისტოლეში ასევე მინდა შევეხო ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ და მტკივნეულ ზოგიერთ სხვა საკითხსაც და, პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ თანამედროვე ადამიანის სულიერ და ინტელექტუალურ მხარეზე.

განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ, სამეცნიერო მოღვაწეობა კი არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ, რომ ინტელიგენციას სათანადო დაფასება არ აქვს (ისინი ხომ საშუალო ფენის დონეზეც კი ვერ ინახავენ ოჯახს).

ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არ აქვს მომავალი, რადგან ერის სულიერებისა და განათლების ერთ-ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ისინი წარმოადგენენ.

ჩვენ თავს ვხრით და დიდად ვაფასებთ იმ თავდადებას, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გამოიჩინეს ჩვენმა მეცნიერებმა და ათეისტური ყოფის მიუხედავად, შეძლეს ხალხისათვის სწორი ორიენტირების შენარჩუნება.

გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, დიმიტრი უზნაძე, თედო სახოკია, გრიგოლ ლორთქიფანიძე, შალვა ნუცუბიძე, ივანე ბერიტაშვილი, მაქსიმე შარაძე, ფილიმონ ქორიძე და სხვა მრავალნი.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ შევიწროებულნი, დამცირებულნი და ყოველდღე ელოდნენ დაპატიმრებას, მათ არა მარტო დაიცვეს, არამედ გაამდიდრეს ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, დაიცვეს როგორც თავისი, ისე ქვეყნის ღირსება.

ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომ გავარჩიოთ, რა არის მისაღები და რა - უარსაყოფი, გავიაზროთ, როგორ დავძლიოთ ესა თუ ის პრობლემა, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადრე დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და შევძლოთ მომავლის სწორი პროგნოზირება.

ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განსჯისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას.

ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც, ძირითადად, აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს, როგორც სხვა საგნები, მაგალითად: ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა, რათა მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.

იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან; აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესებს, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული.

შრომის გარეშე ცოდნას ვერ შევიძენთ და ვერც მოვიხმართ; შრომის გარეშე ვერც სახელმწიფოს შევქმნით. ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი და ფიზიკური შრომა. თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიკური შრომა ამცირებს პიროვნებას. ეს არასწორი შეხედულებაა. იგი ღვთისაგან ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის დადგენილი ცხოვრების წესია.

***
გარდამავალმა პერიოდმა, რომელიც თითქმის 20 წელია გრძელდება, მრავალი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. განსაკუთრებით - ის, რომ ჩვენს წარსულსა და დღევანდელობაზეც ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ძირძველი ქართული მიწები ჩვენი მეზობელი ერების ისტორიული სამკვიდრებელი იყო; და ამით შუღლი და დაპირისპირება ითესება დიდი ხნის მანძილზე მშვიდობითა და ურთიერთგაგებით მცხოვრებ ჩვენს ხალხებს შორის. მაგალითად, ოსები კომპაქტურად არიან დასახლებულნი საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც და ეს ტერიტორია ისეთივე საქართველოა, როგორიც ცხინვალის რეგიონი. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და სხვა ავტონომიებიც კომუნისტური რეჟიმის დროს შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნებია.

მიუხედავად მომხდარისა, მჯერა, ქართველები, აფხაზები, ოსები და სხვანი, მკვიდრნი საქართველოისა, იყვნენ და კვლავაც დარჩებიან ძმებად და დადგება ის კურთხეული დღე, როცა ჩვენ ურთიერთს შევუნდობთ ძმათაკვლის ცოდვებს და ერთად ავაგებთ შერიგების ძეგლს, რომელიც იქნება გაფრთხილება მომავალი თაობებისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

ქართველი ადამიანი ბუნებით მოსიყვარულე და შემწყნარებელია. ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია, ეს ჩვენი თვისებაა. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც მეგობრობითა და მოყვრობით არიან ქართველ ხალხთან დაკავშირებულნი.

ჩვენი ხასიათის ნათელი გამოხატულებაა ვაჟკაცობითა და მებრძოლი სულით განთქმული მხარის, საქართველოს მთიანეთის დიდებული შვილის, ვაჟა-ფშაველას საოცარი სიტყვები:

"ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა,

ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა".

დიახ, შინაგანად ასეთია ქართველი კაცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ოდესმე შეეგუება სამშობლოს ერთიანობის ხელყოფას.

სამშობლო დედამიწის ის ადგილია, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს, ამა თუ იმ ერს ღვთის განგებულებით ებოძა.

სამშობლო, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია, ის ბუნება, ის წიაღისეული, ის ფლორა და ფაუნა, რასაც ეს ტერიტორია მოიცავს, მაგრამ სამშობლო არის კიდევ უფრო სხვა...

სამშობლო შენი წინაპრების ძვლებით გაპოხიერებული მიწაა, შენი ენით გაჯერებული ჰაერია, შენი გენით, შენი ხასიათით დატვირთული გარემოა.

აქ, ამ სივრცეში, მყოფობს მთელი ისტორია ერისა და ქვეყნისა, და ეს ყოველივე თითოეულ ჩვენგანთან უხილავი, მაგრამ ძალიან ძლიერი ველით არის დაკავშირებული.

ამიტომაც, სამშობლოს არ აქვს ოდენ მიწიერი, მატერიალური სახე. მის განსაკუთრებულობას დიდად განაპირობებს ისიც, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი წმინდანთა დასი ჰყავს ერს სულიერ მეოხად ღვთის წინაშე. ამ მხრივ საქართველოს თითქმის ვერავინ შეედრება. სამშობლოსათვის გულანთებული გმირები საქართველოს არასოდეს დაელევა.

***
ჩვენს ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე აქვს და მას თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს; ჩვენს ენაში განცხადებულია ჩვენი ისტორია, ჩვენი მსოფლაღქმა და აზროვნების წესი. ენა არ არის მარტო კომუნიკაციის საშუალება. დააკვირდით, მაგალითად, ასეთ სიტყვებს: წუთისოფელი, სამშობლო, დედამიწა, გარდაცვალება, თავისუფლება, განათლება და სხვა. თითოეული მათგანი როგორი ფილოსოფიური სიღრმითაა დატვირთული!

ქართული ენის სისავსეს მის დიალექტთა და კილოკავთა მრავალფეროვნება, ქართველი კაცის განცდის სიღრმე და მდიდარი სულიერი სამყარო განაპირობებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიძველის და საუკუნეთა მანძილზე განცდილი ცვლილებების მიუხედავად, არ გაწყვეტილა კავშირი ძველ და თანამედროვე ქართულ ენას შორის, რაც მის დიდ სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს.

ჰოი, ჩვენო ენავ, ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის მესაიდუმლევ, ცისარტყელასავით მშვიდობისმომფენო, მყინვარივით სპეტაკო და თერგივით მშფოთვარევ; ჩვენო ხელთუქმნელო სვეტო, ცამდე ამაღლებულო, საუკუნეთა ქარტეხილში გამოვლილო ლერწამო, საძირკველო და მტკიცე ფუძევ ჩვენო, ჩვენთა საუნჯეთა შემქმნელო და დამცველო, მთების ძლიერებავ, მეფევ და დარაჯო ჩვენი ერის რწმენისა, ერთობისა და მთლიანობისა!

არაერთხელ მოუნდომებია ავისმდომელს შენი შელახვა, შენი მოსპობა.

დღესაც, როდესაც ჩვენს წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება მეორე, არანაკლები საფრთხე ენობრივი დაშლისა; არიან ისეთი ძალები, რომელნიც ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებს უბიძგებენ, რომ ითარგმნოს ბიბლია ან სხვა წიგნები მეგრულად, სვანურად, ლაზურად და მოამზადონ ნიადაგი იმისათვის, რომ ახლო მომავალში ქართული ენის ეს განშტოებანი უკვე ცალკე ენებად გამოაცხადონ.

მსოფლიოში ვრცელდება რუკები და კვალიფიკაციები, თითქოს საქართველო აჭარლების, ლაზების, სვანების, მეგრელების, თუშების და სხვათა ხელოვნური გაერთიანებაა, თითქოს ყველას ჩვენ-ჩვენი ენა და კულტურა გვაქვს. ამით უნდათ ჩვენი ერის სხვადასხვა ეროვნულ გაერთიანებად წარმოჩენა. აქედან კი სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯია.

კაცობრიობა ახალი ტიპის დაპირისპირებაზე - ინფორმაციულ ომზე გადავიდა და იგი ძირითადად მასმედიის საშუალებით ხორციელდება. აშკარაა, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს ინფორმაციული ომი და ამ ყოველივეს შესაბამისი საშუალებებითვე უნდა გაეცეს პასუხი.

***
ჩვენი საზოგადოება ეკლესიისგან მრავალწლიანი გაუცხოების შემდეგ კვლავ უბრუნდება რწმენას და ეს ბუნებრივი, თანდათანობითი პროცესია. მართალია, აღდგა გარეგნული სახე ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა: აშენდა მრავალი ტაძარი, ეკლესიები გაივსო ხალხით, გამრავლდა სასულიერო პირთა რიცხვი, ჩვეულებად იქცა საეკლესიო წესებისა და საიდუმლოებების აღსრულება (ნათლობა, წესის აგება, ჯვრისწერა, სახლის კურთხევა...), მაგრამ დღეს უკვე აუცილებელია ჩვენი საზოგადოების უფრო სიღრმისეულ სულიერ განვითარებაზე ზრუნვა.

ჩვენ გამოვედით ეგვიპტიდან - ცოდვის მონობიდან, მაგრამ აღთქმულ მიწაზე, სულიერ იერუსალიმში ჯერ არ შევსულვართ. უდაბნოს გზაზე ჩვენი მსვლელობისას ზოგჯერ თავს იჩენს ცოდვითი ცდომილებანი. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა ჯვარდაწერილ წყვილთა ხშირი განქორწინება, ნარკომანია და აბორტი.

არ შემიძლია არ შევეხო ახალგაზრდებში გავრცელებულ ერთ მეტად მძიმე სენსაც - ბილწსიტყვაობას; რატომღაც ასეთი მეტყველება მათში კარგ ტონად და ვაჟკაცობად ითვლება. სინამდვილეში კი ეს არის დაბალი კულტურისა და აზროვნების ადამიანების შინაგანი სამყაროს გამოვლინება. ყმაწვილები ხშირად საკუთარ დედასაც შეურაცხყოფენ და ზოგჯერ ვერც აცნობიერებენ, რას ამბობენ. ეს არის უკიდურესი სიბილწე და უდიდესი ცოდვა, რითაც ადამიანი ეშმაკის თანაზიარი ხდება.

საერთოდ, ყოველი სიტყვისათვის ადამიანი პასუხს აგებს ღვთის წინაშე. განსაკუთრებით კი სასტიკად დაისჯებიან მშობლების მაგინებელნი. ეს დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ძველ აღთქმაში დედ-მამის მხოლოდ ავადმახსენებელნიც კი ქვით იქოლებოდნენ.

მე ვთხოვ ჩვენს ახალგაზრდებს, საერთოდ უარი თქვან ბილწსიტყვაობაზე და განსაკუთრებით კი დედასთან მიმართებით.

ერთად შევთხოვოთ ღმერთს, მოგვანიჭოს მადლი "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი", რათა, ღვთის შეწევნით, შევძლოთ ცოდვათაგან გათავისუფლება: "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი".

***
ამ ბრწყინვალე დღეს ყველა ჩვენგანის წინაშე დგას კითხვა: იშვება თუ არა ბეთლემს შობილი მაცხოვარი ჩვენს გულშიც?

უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი დაიბადა არა დიდებულ სასახლესა და სამეფო პალატებში, არამედ ყველასგან მიტოვებულ უბრალო ბაგაში და ამით მაგალითი უჩვენა და თავმდაბლობისკენ მოუწოდა მთელ კაცობრიობას.

მუდამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მოსცემს მადლს".

რატომ არის ასე?

იმიტომ, რომ ადამიანს მხოლოდ საკუთარი ძალით სიკეთის გაკეთება არ ძალუძს და ამის ნიჭი მას მხოლოდ უფლისაგან ეძლევა.

ვინც ასე არ ფიქრობს და წარმატებებს მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს, ამპარტავნების მორევში იძირება. ღმერთი მას ტოვებს და ის უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ღვთისაგან ჰქონდა ბოძებული, ერთმევა; ამის ნათელი მაგალითია მეფე საული, რომელიც თავიდან თვით უფლისაგან იყო გამორჩეული, მაგრამ საკუთარი ნებით ამპარტავნების ცოდვა დაეუფლა და ბოლოს მეფობაც დაკარგა, მასთან ერთად კი ყველაფერი.

საულის მსგავსად, დავით წინასწარმეტყველიც ისრაელის მეფედ იყო დადგენილი, მაგრამ თავისი თავმდაბლობით იგი თაობებისათვის სინანულის მაგალითად დარჩა.

ხალხისათვის ყოველთვის ის წინამძღოლია პატივსაცემი და საყვარელი, რომელიც ღირსეულია და თავმდაბალი.

საქართველოს ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. გავიხსენოთ წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი. თავმდაბლობის ნიმუშია მისი "გალობანი სინანულისანი". წმიდა თამარი - თავისი ხელსაქმით გლახაკთათვის საზრდელის მიმცემი და დაუცხრომელი ლოცვით სამშობლოს დამცველი მეომრების შემწე; ბერად შემდგარი ჩვენი დიდებული მეფეები - დემეტრე I, დავით X, თეიმურაზ I... თავმდაბლობით და უბრალო ცხოვრებით გამორჩეული იყო მეფე ერეკლე II.

როდესაც ძალაუფლებისა და დიდების მწვერვალზე მყოფი ხელისუფალნი თავმდაბლობის ასეთ უჩვეულო მაგალითს გვიჩვენებენ, რამდენად უფრო მეტად გვმართებს ეს ჩვენ!

როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, ძველ აღთქმაში ყველაზე მშვიდი და თავმდაბალი მოსე წინასწარმეტყველი იყო, რომელსაც სწორედ ამ თვისების გამო მიეცა შესაძლებლობა, ჰქონოდა ღმერთთან უშუალო ურთიერთობა; ახალ აღთქმაში და, საერთოდ, ყველაზე თავმდაბალი ადამიანთა შორის ღვთისმშობელია. იგი სიწმინდისა და ამ განსაკუთრებული მადლის გამო შეიქმნა ღირსი, გამხდარიყო დედა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი; სამყაროს შემოქმედი - ღმერთი ეტვირთა და წიაღი თვისი ცათა უვრცელეს ეყო.

თითოეული ჩვენგანის და, საერთოდ, ჩვენი ერის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ გვაკლია თავმდაბლობა და გვგონია, რომ ჩვენი ძალებით, ჩვენი ჭკუითა და უნარით შევძლებთ წარმატებების მიღწევას, რაც მადლის მოპოვებაში ხელისშემშლელ გარემოებად იქცევა.

ღმერთის გარეშე თვით ანგელოზებსაც არ ძალუძთ არარა, მით უმეტეს - ჩვენ.

ამ დიდებულ დღეს მუხლმოდრეკით, უმორჩილესად შევთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, მოგვანიჭოს თავმდაბლობა და თითოეული ჩვენგანის გული ჰყოს ბეთლემის ბაგად, რომელშიც იშვება ღმერთკაცი იგი - იესო ქრისტე.

დიდება შენდა, უფალო, მაცხოვარო ჩვენო, რომელი განცდასა ჩვენთა ცოდვათასა მოგვანიჭებ და დაცემულთა აღგვადგინებ!

დიდება შენდა, უფალო, რომელი აღგვავსებ ჩვენ მადლითა შენითა და გვაზიარებ საუკუნო ნეტარებასა შენსა!

დიდება და მადლობა შენდა, უფალო, რომელი აღგვავსებ სიხარულითა, სიყვარულითა და იმედითა შენითა!

გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შვენიერო შროშანო, რომლისაგან გამობრწყინდების მაცხოვარი;

გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაი მოაკლდების;

გიხაროდენ, სიწმიდისა ტაძარო, ძისა შენისა მადლისა მომფენელო!

ქართველნო და ყოველნო ერთგულნო მკვიდრნო საქართველოისა!

"ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ" (მათე 7,7).

არ დაეცეთ, არ შედრკეთ, არ შეუშინდეთ დროს, არ დაკარგოთ იმედი ღვთისა, იმედი მომავლისა; არ დაკარგოთ სიყვარული მოყვასისა; იყავით მოყვარენი შრომისა და ცოდნისა!

"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!

ჩვენთან არს ღმერთი!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია მეორე

შობა ქრისტესი
თბილისი, 2010 წელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat