(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს: რამდენი წლისა ხარ? ეს ულმობელი კითხვა თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას.
სულ ცოტა ხნის წინ ბავშვი იყავი და თანატოლებთან თამაშობდი, ახლა კი ოცი წლისას ცხოვრების გზა გაქვს ასარჩევი. ყრმობის ასაკმა ადრეული გაზაფხულივით სწრაფად გაიფრინა. თუ უკვე ორმოცისა ხარ, მაშ, შენი მზე დასავლეთისკენ მიდრეკილა; ამის დამადასტურებელია ჭაღარა, თოვლივით ნელ-ნელა რომ ფარავს შენს თავს. რამდენი წლისა ხარ? თუ სამოცს გადასცდი და მალე სამოცდაათისაც გახდები, გახსოვდეს, მარადიულობის კარიბჭესთან დგახარ. "დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ..." (ფს. 89,10), - ამბობს დავით წინასწარმეტყველი. გზა შენი მომქანცველი, ურვითა და ჭმუნვით სავსე იყო. ამქვეყნიური ქოხი გენგრევა და იცი, ვერაფრით უშველი. დათვლილია შენი წლები, იქნებ თვეებიც... ამ დროს მაინც უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: ვარ კი მზად, წარვდგე წინაშე უფლისა, აღვასრულე მე ჩემი ვალი?
ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოება მარადიულობასთან. ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე".
* სად არის საზღვარი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის? ფსიქოლოგებმა იციან, რომ აწმყო დრო შეიძლება გასცილდეს დღის, თვისა და თვით ათეული წლების ფარგლებს. თუ მწერალს ან რომელიმე საზოგადო მოღვაწეს ვკითხავთ: თქვენ ახლა რაზე ფიქრობთ? იგი არ გიპასუხებთ: ახლა ვცდილობ, პასუხი გავცე თქვენს შეკითხვასო; რადგან ის, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, აზროვნებს არა წამებითა და წუთებით, არამედ დროის გაცილებით დიდი მონაკვეთებით. "ჩვენი მხოლოდ აწმყოა" - ასეთი პრინციპი წამოაყენა სოკრატეს ერთ-ერთმა მოწაფემ არისტიპემ. დიახ, აწმყო უნდა დავაფასოთ და როგორც ფუტკარმა თაფლს, ჩვენც ქველის საქმენი უნდა შევკრიბოთ, ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე".
* "დრო ჩვენთვის ღვთისგან მომადლებულ ძვირფას საგანძურს წარმოადგენს, რომელიც იმისთვის კი არ მოგვემადლა, რომ ამაოდ განვლიოთ, არამედ სულიერი და ფიზიკური ძალების დაძაბვით სხვისა და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ძალების მაქსიმუმის დახარჯვისას ჩვენ კი არ ვუძლურდებით, არამედ მის წყალობას ვამრავლებთ.
მარადისობა ყოველდღიურად კარზე გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ მალე დადგება დრო მასთან ჩვენი შეხვედრისა. ყოველი განვლილი დღე და საათი მარადისობის გამოძახილია. შესანიშნავად ამბობს ამის თაობაზე ნეტარი ავგუსტინე: "სად არიან დღეს იმ მძლე ტომთა შთამომავალნი, რომელნიც აღავსებდნენ სამყაროს გასულ საუკუნეთა მანძილზე? სად გადაიკარგნენ ისინი, ვინც არსებობდა წარსულში? ისინი მოედინებოდნენ მდინარის მსგავსად და გაუჩინარდნენ მარადისობის შესართავში. ყოველი მზის ჩასვლისას იღუპება ნაწილი კაცობრიობისა; ყოველი ღამე თავისი წყვდიადის საბურველში დედამიწის მრავალ მკვიდრს წარიტაცებს, მაგრამ ადამიანი მთელი თავისი არსებით ისე უზრუნველად შეზრდია დედამიწას, თითქოს ერთმანეთს არასოდეს გაეყრებიან".
* "ხვალინდელ დღეზე ფიქრი განსაზღვრავს ჩვენს განსაკუთრებულ მზრუნველობას ახალგაზრდებზე; ეს სწორია, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება მოზარდ თაობას უნდა მივაქციოთ. დღეს განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების უნარი..."
* "იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულებს, იქ, სადაც არავინ არავის უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები...
სამწუხაროდ, ოჯახში უფროსები ხშირად არასწორად იქცევიან. ისინი კერპებივით ეთაყვანებიან თავიანთ შვილებს, რაც ღვთის საწინააღმდეგოა; განსაკუთრებულად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აღზრდაზე, ცდილობენ აუცილებლად მისცენ საშუალო და უმაღლესი განათლება; ყველაზე მთავარი კი ავიწყდებათ: ავიწყდებათ სულიერი აღზრდა, ავიწყდებათ ბავშვებში იმ მორალური თვისებების ჩამოყალიბება, რომლებიც უნდა ახასიათებდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს.
საბოლოოდ შედეგიც სამწუხაროა: შვილები ნელ-ნელა კარგავენ მშობლების სიყვარულს, თანდათან შორდებიან მათ, ყურადღებას აღარ აქცევენ ანდა უპატრონოთა თავშესაფარში აბარებენ. იმაზე კი აღარ ფიქრობენ, რომ იგივე ხვედრი, ანდა უფრო უარესი, თვითონ ელით.
"პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა" - გვასწავლის მეხუთე მცნება. მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა, უპატივცემულობა კი - მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა".
* "ცოდვებით დამძიმებული სული ვერ იღებს ნათელს; და განა ჩვენ შორის ცოტაა ასეთი?! ამიტომაც გვიჭირს დღეს ცხოვრება. ქართველი ხალხი ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ხშირად ვერ აგნებს ნამდვილ მიზეზს ჩვენი ყოფისა...
რატომ არის ამდენი მკვლელობა, მტრობა, ქურდობა; საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, ხოლო შრომაში - უბარაქობა; რატომ არის ამდენი ცილისწამება, გაუტანლობა, სიძულვილი, შფოთი, ღალატი; ასეთი შური, მრისხანება, ღვარძლი, სიცრუე; რატომ ირღვევა ოჯახები, დაიკარგა სიყვარული, თაობათა შორის პატივისცემა; რატომ არის ამდენი ლოთი, ნარკომანი, მეძავი, მრუში; რატომ ხოცავენ დედები შვილებს?! იმიტომ, რომ მოიშალა საფუძველი ჩვენი ზნეობისა, დაიკარგა შიში უფლისა, განცდა ცოდვისა".
* "ცალკეული ადამიანი, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა, დროის ორი განზომილებით ცხოვრობს: წარსულითა და მომავლით. ახლანდელი დრო თითქმის არ არსებობს. იგი, რაც აწმყოდ იწოდება, ერთ წამში წარსულად იქცევა. დრო ულმობლად ისწრაფვის წინ და მის მსვლელობას ვერვინ შეაჩერებს. დრო უძვირფასესი საჩუქარია, ღვთისგან ბოძებული, ჩვენ კი მას ვერ ვიყენებთ.
ხშირად წარსულით ვამაყობთ, გუშინდელი დღით ვცხოვრობთ, მაგრამ მარტო წინაპართა დამსახურების გამო თვითკმაყოფილებას არ შეიძლება მივეცეთ. ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეულმა თავის ადგილზე უნდა იშრომოს და ყველამ ერთი დიდი მიზნისკენ ისწრაფოს. ასე რომ არ ვცხოვრობდით, ამიტომაც მოხდა ის, რომ ორი საუკუნის განმავლობაში ვიფიქრეთ, ვიოცნებეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ხოლო როცა დრო დადგა, ამას მოუმზადებელნი შევხვდით. ჩვენს თავს თვითონვე შევუქმენით გადაულახავი წინააღმდეგობები და პრობლემები; ეს იმიტომ, რომ ჩვენში ზნეობისა და სულიერების დონე დაბალია. ღვთის კანონებით რომ გვეცხოვრა, ამდენ უბდურებას ავცდებოდით".
* "თუ ნორმალური საზოგადოების შექმნა გვსურს, ჩვენმა ინტელიგენციამ, ერისმთავრებმა უპირველესად უნდა იზრუნონ მოზარდი თაობის სწორ აღზრდაზე. ადამიანის ბუნება დაცემულია და ჩვენი ცოდვისმიერი თვისებანი ასაკისდა მიხედვით გამოვლინდებიან; ამიტომაც ბავშვებმა თავიდანვე უნდა ისწავლონ ავისა და კარგის გარჩევა, ბრძოლა ბოროტებასთან და უფლის შეწევნით დაძლიონ მანკიერი მიდრეკილებანი. ამ რთულ საქმეს მასწავლებლები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. კარგი იქნება, თუ ისინი უზნაძის განწყობის თეორიით იხელმძღვანელებენ და პიროვნულ თვისებათა გათვალისწინებით მიუდგებიან თითოეულ აღსაზრდელს. ბავშვებს თავიდანვე უნდა გავუღვიძოთ გრძნობა ადამიანის ღირსების დანახვისა და დაფასებისა, განვუმტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ყოველი ჩვენგანი ღვთისგან განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული, ოღონდ აუცილებელია ამ მადლის გამოვლენა. მოზარდი თაობა უნდა დავუახლოოთ შრომას, შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან".