ლოცვა-კურთხევა ქართველ ხალხს
ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რას ნიშნავს ათონის მთა (მთაწმინდა) მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის. რამხელა სიწმინდისა და სულიერი დატვირთვის მატარებელია ეს წმინდა მიწა, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია
და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება გამორჩეული სათაყვანებელი ადგილი. ქართველთა კვალი კარგად ამჩნევია ათონის მთას. მრავალი ქართველი მოღვაწეობდა მთაწმინდაზე. მრავალი ქართველი მონაზვნის სიცოცხლე დაილია აქ უფლის დიდებასა და სამშობლოს გადარჩენისთვის ლოცვაში. ჩვენი მამულიშვილების დიდი ღვაწლის ნათელი და დაუვიწყარი გამოსახულებაა ათონის მთის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ივერონის მონასტერი, რომელიც ქართველებმა ააშენეს X ს-ში. საუკუნეების განმავლობაში იღვწოდნენ ამ მონასტერში, უვლიდნენ და პატრონობდნენ მას. წარუშლელია ათონის მთაზე უდიდესი წმინდა ქართველი მამების იოანეს, ექვთიმეს, გიორგის სახელები და ღვაწლი.
ურთიერთობა საქართველოსა და ათონის მთას შორის დღესაც გრძელდება. ბევრი ქართველი მონაზონი განაგრძობს მამა-პაპათა ტრადიციას და დღესაც მოღვაწეობს წმინდა მთაზე. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მღვდელმონაზონი საბა (სულუხია), რომელიც რამდენიმე წელი ცხოვრობდა ათონის მთის ერთ-ერთ წმინდა მონასტერში. დღეს მამა საბა უკვე საქართველოშია, მაგრამ მისი თბილი ურთიერთობები და ქრისტესმიერი ძმობა ათონელ ბერებთან კვლავ გრძელდება, რაც გამოიხატება მოკრძალებულ ვიზიტებში, მონაზვნური ცხოვრების პრაქტიკის გაზიარებაში და სხვ.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს ერთ-ერთმა ათონელმა ბერმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, გადმოსცა მამა საბას ეპისტოლე - ლოცვა-კურთხევა საქართველოსა და ქართველ ხალხს. ეს წმინდა მამა ერთ-ერთი უხუცესი გახლავთ წმინდა მთაზე, დაახლოებით 50-წლიანი მონაზვნური სტაჟით, ქართველების დიდი მოყვარული და ქომაგი, უდიდესი ათონური მართლმადიდებლური სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელი. მისი ინკოგნიტოდ დარჩენა, დაფარული ღვაწლი სწორედ უძველესი ათონური მონაზვნური სკოლის მთავარი მახასიათებელია.
წაიკითხავს თუ არა მკითხველი ამ ეპისტოლეს, იმწამსვე მიხვდება, რამხელა ნიჭმა, საღვთისმეტყველო განათლებამ და სიბრძნემ (ეს ყველაფერი კი მხოლოდ უფლისგან ენიჭება ადამიანს) შექმნა და დაწერა ეს ლოცვა-კურთხევა, რამხელა სულიერი სიმაღლე და სიყვარული ქართველი ხალხისა გამოიხატება ამ გზავნილში.
მამა საბამ (სულუხია) პირნათლად შეასრულა ათონელი ბერის თხოვნა - ბრწყინვალედ გადათარგმნა (იგი საფუძვლიანად ფლობს ბერძნულ საღვთისმეტყველო ენას) ეპისტოლე - ლოცვა-კურთხევა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მოგვეცა საშუალება, გავეცნოთ ჭეშმარიტ სიბრძნესა და სწავლებას, აღვიქვათ და დავიტოვოთ ის დიდი მადლი, სითბო და სიყვარული, რომელიც უცნობმა ათონელმა ბერმა საქართველოსა და ქართველ ხალხს გამოუგზავნა.
თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ზუსტად ისე ვიცხოვროთ, როგორც მოგვიწოდებს ათონელი ხუცესი, ვეცადოთ მაინც და მე დარწმუნებული ვარ, მცდელობაც ჩვენდა საკეთილდღეოდ იქნება.
მადლობა უფალს ასეთი დიდი მადლისა და პატივისათვის! მადლობა ათონელ უცნობ ბერს! მადლობა მღვდელმონაზონ საბა სულუხიას!
მონაზონი მამა სერაფიმე ფილია
გორი, მარიამხევის მამათა მონასტერი
გორი, მარიამხევის მამათა მონასტერი
ეპისტოლე
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, მოგვეც ძალა, რომ შეგვეძლოს ნათელი მოვფინოთ იქ, სადაც წყვდიადი გამეფებულა, რომ შეგვეძლოს სიხარულის მიტანა იქ, სადაც მწუხარება დამკვიდრებულა, ვეძიოთ არა ის, რომ ვუყვარდეთ სხვას, არამედ ის,რომ გვიყვარდეს ჩვენ.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ არ ვიყოთ გულცივნი ადამიანებთან და გულგრილნი მათი ტკივილების მიმართ (რამეთუ ამით არის მოწამლული კაცობრიობა).რომ მოვიპოვოთ სულიერი ძალა იმისა, რომ ყოველივე, რაც კი ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო შეგვემთხვევა, მადლობით მივიღოთ და მთელი გულით ვუთხრათ
მადლობა ღმერთს.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ შევძლოთ ტვირთვა მოყვასის სიმძიმისა. რომ მეყსეულად განვაგდოთ ყოველი ცოდვილი გულისთქმა.
რომ შეგვეძლოს სიხარულად ვექცეთ შეჭირვებულს.
რომ შეგვეძლოს იმედად ვექცეთ იმედგაცრუებულს.
რომ არ დავემონოთ კაცთა და სახმართა.
რომ გავთავისუფლდეთ მრისხანებისგან, გულისწყრომისა და საკუთარი ნების გატანის სურვილისაგან.
(წმინდა მამები ამბობენ: "დაამარცხა ქრისტიანმა მრისხანება და თვითნებობა?")
მან დაამარცხა ეშმაკი!
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ შევიცნოთ ჩვენს თავში ძველი ადამიანი და დავამარცხოთ იგი;რომ კი არ ვამბობდეთ ყველაფერს, რასაც ვფიქრობთ, არამედ კარგად დავფიქრდეთ, რა უნდა ვთქვათ;
რომ სიღრმისეულად შევიგნოთ, რომ ამასოფლიური კეთილდღეობა მსწრაფლწარმავალი და არამდგრადია.
რომ იოლად არ ვაპატიოთ საკუთარ თავს უმცირესი შეცდომების დაშვებაც კი, რათა არ დავისაჯოთ მათ გამო.
რომ გულისხმავყოთ ის, რომ საუკეთესო საქმიანობა, ყველაზე სასარგებლო შრომა და უმაღლესი მეცადინეობა არის:
ყოველგან და ყოველჟამს სიკეთეს ვიქმოდეთ.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რათა არასოდეს დაგვავიწყდეს ის, რომ "გასაღები" ჭეშმარიტი ბედნიერებისა და თავისუფლებისა ქრისტეს ჯვარზე არის ჩამოკიდებული.რომ გასაგები გახდეს ჩვენთვის ის, რომ ვინც სხვას იმორჩილებს - ძლიერია, ხოლო ვინც ქრისტესთვის ემორჩილება - ის უძლეველია.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ მოვიპოვოთ "უმაღლესი განათლება", რაც სხვა არა არის რა, თუ არა მოძულება ყოველივე უსჯულოებისა.რომ ვისწავლოთ, ჯერ ჩვენ თვითონ ავასრულოთ ის, რასაც სხვას ვურჩევთ.
რომ ცხოვრების წესად გვექცეს: არ ველოდოთ, რას გაგვიკეთებს სხვა, არამედ ვზრუნავდეთ, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ სხვისთვის.
რომ სხვადასხვა განსაცდელისა და სიძნელეების დროს მოვერიდოთ სიტყვას "რატომ?" (ყურადღება: "რატომ?" შეცდომაა, "რატომ?" ნიშნავს, კიდევ ერთი განსაცდელი მოვიწიოთ საკუთარ თავზე).
რომ მარადის მთელი გულით ვამბობდეთ:
იყავნ ნება შენი, უფალო!
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ არასოდეს ვერეოდეთ სხვის საქმეში.(ფრიად დამამწუხრებელია, როდესაც ადამიანი ცდილობს სხვისი ქცევის მოწესრიგებას, მაშინ როცა მისი პირადი ცხოვრება სრული უწესრიგობაა).
რომ არასოდეს გვავიწყდებოდეს:
1) დაუცადებელად მოვუხმობდეთ იესო ქრისტეს სახელს,
რომ არ გვავიწყდებოდეს:
2) მარადიული დანიშნულება ადამიანისა.
რომ არ გვავიწყდებოდეს:
3) პასუხისმგებლობა ვალდებულებებზე,
შრომისმოყვაროების სარგებელი,
სიტყვაძუნწობა და არა მრავლისმეტყველება.
მოკრძალება და არა საკუთარი თავის წარმოჩენა.
თბილი ღიმილი და არა პირქუშობა.
განრიდება ყოველივე უსჯულოებისგან.
რომ განუწყვეტლივ ვებრძოდეთ დაცემულობას ადამიანისას, ოღონდ ისე, რომ ადამიანს ჭრილობა არ მივაყენოთ.
რომ ვიყოთ დაუღალავნი სხვათა შეწევნაში.
რომ დაუვიწყარი გახდეს ჩვენთვის უდიდესი კანონი:
ცხოვრება არის უწყვეტი მსხვერპლის გაღება.
(და ვინც არ შეიყვარა და მოყვასის ტკივილი არ გაინაწილა, მარადის გლახაკი დარჩება!)
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ წესად დავიდოთ, სანამ რამეს ვიტყოდეთ, ვკითხოთ საკუთარ თავს: "ის, რაც უნდა ვთქვათ":1. არის სიმართლე?
2. არის სასარგებლო?
3. არის აუცილებელი?
4. არის კეთილშობილური?
5. არის ქრისტიანული?
ნებავს ღმერთს???
რომ ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი და შემრიგებელნი ადამიანებთან ურთიერთობისას.
რომ ვიქცეთ სულიერ "ოაზისად" ამა სოფლის "საჰარაში".
რომ შეგვეძლოს "ჩვენი უფლებების" მსხვერპლად გაღება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ
მშვიდობა,
მეგობრობა,
თანასწორობა,
ჰარმონია.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ გავხდეთ ნამდვილი ბრძენნი (ამისთვის კი საკმარისია საკუთარი უვიცობის დანახვა).რომ გავხდეთ შემწყნარებელნი და მომთმენნი სხვათა შეცდომების მიმართ.
რომ ვიყოთ თავისუფალნი, მაგრამ არა უწესრიგონი (უდისციპლინონი).
რომ არასოდეს აკლდეს ჩვენს სიტყვებს, ჩვენს ქმედებას და ყოველ ჩვენს ქცევას "მარილი".
რომელი "მარილი?"
მარილი ჭეშმარიტი სიყვარულისა.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ მივემსგავსოთ ვარდებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ,არამედ მხოლოდ სურნელს აფრქვევენ.
რომ სულიერი შფოთისა და მრისხანების ჟამს
არაფერს ვამბობდეთ და ვიქმოდეთ, არამედ მხოლოდ ვითმენდეთ და ვლოცულობდეთ.
რომ ვიმყოფებოდეთ მარადჟამს სულიერ მღვიძარებაში და გვახსოვდეს,
რომ კაცთმოყვარე ღმერთი არ მოითხოვს ჩვენგან იმდენ შრომასა და ღვაწლს ცათა სასუფევლისთვის, რამდენსაც სატანა - ჯოჯოხეთისთვის.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ ვხედავდეთ ნათლად: თუ არ მოვკვდით ქრისტესთან, ვერ ვიცხოვრებთ მასთან ერთად.რომ გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ ყველა სხვა გამარჯვებაზე შეუდარებლად აღმატებულია გამარჯვება საკუთარ ეგოიზმზე (საკუთარ თავში ძველ ადამიანზე).
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ შევიყვაროთ და მოვიხვეჭოთ კეთილშობილება (ხასიათისა), რომელიც შეიძინება უსასყიდლოდ, მაგრამ ყიდულობს ყველაფერს.რომ ვირწმუნოთ: არ არსებობს "კარი" დაკეტილი, რომელიც არ იღება
სიყვარულით და მოთმინებით.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ ვისწავლოთ, როგორ გავიღოთ მსხვერპლად რაიმე პირადი დროიდან, რომ სიყვარული იქცეს საქმედ... იქცეს მსხვერპლად... იქცეს ძღვნად...რომ ვისწავლოთ, თუ როგორ ვიცხოვროთ ამა სოფელში ისე, რომ ამა სოფელმა არ იცხოვროს ჩვენში.
რომ ჩვენში მხოლოდ ღმრთის სიყვარული სუფევდეს და ვცხოვრობდეთ მისი წმინდა ნების აღსასრულებლად და მოყვასის სიყვარულისთვის.
რომ დავინახოთ ჩვენი მდგომარეობა, დავინახოთ სიღრმე ჩვენი სულისა, ჩვენი სულიერი ჭრილობები, თუ როგორ აავსო "სოფელმა" სული ჩვენი უშჯულოებით, თუ როგორ სავსე ვართ "ეგოიზმით" და მაშინ მივხვდებით, რომ სხვათა გამოსწორებას კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სულიერ გაჯანსაღებაზე ვზრუნავდეთ.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ ჩავწვდეთ არსს იმისას, რომ უდიდესი ბედნიერება მიენიჭება ადამიანს, სხვისთვის ბედნიერების მინიჭების მცდელობისას.უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ სიღრმისეულად შევიმეცნოთ:ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებას.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ მარადის გვახსოვდეს:მონა ქრისტესი ყველაზე თავისუფალი ადამიანია.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ შევიმეცნოთ, თუ რა არის ნამდვილი "თავისუფლება". რამეთუ თავისუფლება არ ნიშნავს, შეგეძლოს აკეთო ის, რაც გინდა, რაც მოგეხასიათება, არამედ თავისუფლება არის: შეგეძლოს (უნარი გქონდეს) აკეთო ის, რაც სწორია (რაც ღმერთს უნდა).უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ შევძლოთ სწავლა მოთმინებისა."რამეთუ მან ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი".
რომ შეგვეძლოს ტკივილის ჩვენთვის დატოვება, ხოლო სიხარულის სხვათათვის განაწილება.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ შევისისხლხორცოთ, რომ მტერი ჩვენი ის კი არ არის, ვისაც ჩვენ ვძულვართ, არამედ მტერი ჩვენი არის ის, რომ: ჩვენ გვძულს.უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ შევძლოთ, ცრემლი მოვწმინდოთ შეჭირვებულს.რომ ჯვარს ვეცვათ იმისთვის, რომ აღვსდგეთ.
რომ მოვკვდეთ ამა სოფლისთვის,
რათა ვიცხოვროთ ქრისტეში.
რომ ვეძიებდეთ არა იმას, რომ ესმოდეთ ჩვენი, არამედ იმას, რომ ჩვენ გვესმოდეს სხვისი.
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
რომ შევიგნოთ, თუ ჯერ კიდევ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვცხოვრობთ, არსობრივად ცხოვრება არ დაგვიწყია!
რომ გავინაწილოთ სხვისი მწუხარება და ტკივილი. და თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ მთელ კაცობრიობასთან და მთელ სამყაროსთან ვიქნებით დაკავშირებულნი ერთი საიდუმლო კავშირით -
კავშირით სიყვარულისა...
ვილოცოთ, რომ ვაქციოთ მდუმარება ქადაგებად,
ვილოცოთ, რომ ვიქადაგოთ საკუთარი სიმდაბლით,
ვილოცოთ, რომ ვიქცეთ ნათელ მაგალითად ყველასთვის,
ვილოცოთ, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ ყოველდღიური ცხოვრების ყოველ წვრილმანსაც კი, რამეთუ ეს უმნიშვნელო წვრილმანები განსაზღვრავენ ხასიათს სრულისას, და წვრილმანების სრულყოფა წვრილმანი კი აღარ არის, არამედ თავად სრულყოფილებაა.
ვილოცოთ, რომ ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ, და მთელი ცხოვრება ჩვენი იქცეს ერთ ცოცხალ ქრისტიანულ მაგალითად და დაუცხრომლად ვადიდებდეთ
ყოვლადწმინდასა სამებასა -
მამასა და ძესა და სულსა წმიდასა
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!