(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"მე მინდა, მოსე წინასწარმეტყველის ისტორია შეგახსენოთ. როცა მან თავისი მშობელი ერი ეგვიპტის მონობიდან გამოიყვანა, ებრაელებმა, სანამ პალესტინას მიაღწევდნენ, 40 წელი უდაბნოში იხეტიალეს.
სინას მთაზე მოსე წინასწარმეტყველმა აალებული მაყვლის ბუჩქი იხილა, რომელიც არ იწვოდა. გაოცებულ მოსეს უფლის ბრძანება მოესმა: "გაიხადე ფეხსაცმელი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმინდაა", რაც მან მაშინვე შეასრულა. მართლაც, ეს ადგილი, სადაც ძალა უფლისა მკვიდრობდა, რჩეული ადგილი იყო. როგორც წმინდა მამები განმარტავენ, შეუწველი მაყვალი წინასახეა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამისა, რომლისგანაც კაცობრიობის მხსნელი და მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იშვა.სინას უდაბნოში ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც მაყვალი ხარობს. ამ წმინდა ადგილისა და ცნობილი მაყვლის ბუჩქის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უწყვეტ ნაკადად მოედინებიან ადამიანები, რომელთაც სურთ, თან წაიღონ თუნდაც ერთი პატარა ფოთოლი ამ მაყვლისა, ამიტომ ბერები იძულებულნი გახდნენ, მის გარშემო უზარმაზარი კედელი აეშენებინათ. ყოველივე ეს იმიტომ მოგახსენეთ, რომ მართალია, უფალი ყველგან სუფევს, მაგრამ არსებობს ადგილები, სადაც მადლი სულისა წმიდისა და ძალა ღვთისა განსაკუთრებით ცხადად იგრძნობა...
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ ტაძარი, არამედ მისი ნანგრევებიც კი უდიდესი სიწმინდეა ჩვენი ერისა, თავის დროზე დიდი რწმენითა და სიყვარულით აშენებული. რომ არა ეს რწმენა და სიყვარული, რა ძალა ააშენებდა მიუვალ ადგილებზე ამდენ ეკლესია-მონასტერს? ყოველ მათგანში იწირებოდა უსისხლო მსხვერპლი, აღევლინებოდა წირვა-ლოცვა, იღვრებოდა ცოდვისგან განწმენდილი სინანულის ცრემლები. ჩვენ კი ისე გავცივდით, რომ მოვლა-პატრონობის ნაცვლად ხშირად ამ სიწმინდეს შეურაცხვყოფთ, კედლებზე ათასგვარ მინაწერს ვაკეთებთ. კიდევ არაფერი, თუ ეს მინაწერები საღებავებითაა შესრულებული. რა ეშველება იმათ, რომლებიც კედლებზეა ამოკვეთილი?! - ამ შემთხვევაში კედლის ქვები უნდა გამოიცვალოს.
ამიტომ დამებადა შურის გრძნობა, როცა პეტრიწონის მონასტერში ვიმყოფებოდით და ვუყურებდით, როგორ ზრუნავდნენ ბულგარელები მისი განახლებისათვის. თითქოს გვეუბნებოდნენ: მართალია, ეს მონასტერი ქართველებმა დააარსეს, მაგრამ ისიც ნახეთ, როგორ ვუვლით და ვაპტრონობთ მასო".
***
"ფსალმუნში ვკითხულობთ: "გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკვიდრებელად თვისა" (131,13). ეს სიტყვები ჩვენ სიონის ტაძრის კანკელზეც ამოვაკვეთინეთ. დღეს მინდა გესაუბროთ, რატომ დაარქვა ქართველმა ხალხმა ამ წმინდა ტაძარს სიონი და საერთოდ, რა არის სიონი და რას ნიშნავს იგი.წარმოშობით სიონი ებრაული სიტყვაა და ქართულად მზიანს ნიშნავს. იერუსალიმში არის მთა, რომელსაც სიონი ეწოდება, წმინდათაწმინდა ადგილი, რომელიც უფალმა განსაკუთრებით გამოარჩია და შეიყვარა. მას ფსალმუნებში ხშირად იხსენიებს დავით მეფე, ისიც და მისი ძე სოლომონიც ამ მთაზე არიან დასაფლავებულნი. ამ კურთხეულ ადგილას შეასრულა მაცხოვარმა საიდუმლო სერობა. სწორედ იმ დარბაზის გვერდით, სადაც წმინდა სერობა შესრულდა, იდგა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც მან მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მიიყვანა. აქ მაცხოვარი ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აქვე არის გეთსემანიის ბაღიც.
აი, ამ კურთხეული ადგილის სახელი დაარქვა ქართველმა ხალხმა ამ წმინდა ტაძარს, სადაც ჩვენი მეფენი და კათოლიკოს-პატრიარქები განისვენებენ. სიონშია დაკრძალული დიდი მღვდელმთავარი და სასწაულმოქმედი იოანე მანგლელი, რომელიც ჩვენმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ისტორიიდან ვიცით, რომ საქართველოს უკანასკნელმა მეფემ, გიორგი XII-მ, როცა ავად იყო, ორჯერ გაახსნევინა მისი საფლავი და მისი წმინდა ნეშტის შეხებით ორჯერვე განიკურნა. აქ ბრძანდება უდიდესი სიწმინდე ქართული ეკლესიისა - ჯვარი ვაზისა, როგორც ლოცვა-კურთხევა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. აქ არის თავის ქალა წმინდა მოციქულისა თომასი.
ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ როცა ტაძარში შემოვდივართ, აქ არსებული სიწმინდე უნდა ვიგრძნოთ. ამ ტაძარში დიდი სულიერი კრძალვით უნდა შემოვიდეთ. ჩვენ კი, პირიქით, ძალიან ხშირად გვავიწყდება, სად შემოვდივართ, გვავიწყდება, რომ, როგორც ერთ საგალობელშია ნათქვამი, აქ შემოსვლისას ყოველივე მსოფლიო ზრუნვა უნდა დავუტევოთ და მხოლოდ უფალთან კავშირის დამყარებაზე ვიფიქროთ.
ტაძრის კარიბჭის თავზე თქვენ აუცილებლად შეამჩნევდით წარწერას: "შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა". უკეთუ ტაძარში ჩვენ ამ შიშისა და რიდის გარეშე ვდგავართ და მხოლოდ მის დასათვალიერებლად, გალობის მოსასმენად და ერთმანეთის სანახავად მოვდივართ, მაშინ ისეთივე ცარიელნი გავალთ აქედან, როგორი ცარიელებიც შემოვედით. ხშირად ისეც ხდება, რომ თვით მორწმუნეც კი, გადის თუ არა ტაძრიდან, აქ მიღებულ მადლს სწრაფად კარგავს და ქრისტეს ნათელიც, რომელიც ყველასათვის თვალსაჩინო უნდა იყოს მასში, ყოველდღიური წვრილმანი საზრუნავებით იფარება. გავიხსენოთ, რომ პირველ ქრისტიანებს მნათობებს უწოდებდნენ, რადგან ისინი თავიანთი სიწმინდით და მოწამებრივი ცხოვრებით მართლაც რომ ანათებდნენ".
***
"გული არის ადამიანის სულიერი და ხორციელი სიცოცხლის შეერთების ადგილი; აქედან მომდინარეობს კეთილი და ბოროტი ზრახვანი და ქმედებანი. ჩვენი გონება გარედან მიღებულ ინფორმაციას აგზავნის გულში; აქ ხდება ყოველივე ამის სამართლიანი ან უსამართლო განსჯა, რომელიც შემდეგ ჩვენს მოქმედებაში ვლინდება. გული არის ცენტრი მრავალგვარი სულიერი გრძნობისა, სხვადასხვა განცდისა, ცხოველური ვნებისა. ასე რომ, გულში ყალიბდება და მწიფდება პიროვნების ზნეობრივი საფუძვლები, რომელნიც შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში იჩენს თავს.წმინდა მეფე დავითმა, ფსალმუნთა შემქმნელმა, მშვენივრად იცოდა გულის მნიშვნელობა. იგი ასე შესთხოვს შემოქმედს: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფსალმუნი 50,12). გული - ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი სიწმინდე, კვარცხლბეკი უზესთაესისა, ტაძარი სულისა წმიდისა. ამიტომაც მიმართავს უფალი თითოეულ ჩვენგანს: "მომეც მე, შვილო, გული შენი" (იგავნი 23,26). წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს: "გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურია. გაუფრთხილდით მას. ნუ დაამძიმებთ, ნუ გაამიწიერებთ. იყავით მეტად თავდაჭერილნი ჭამა-სმისას და საერთოდ ერიდეთ ხორციელ სიამოვნებებს. გული ტაძარია ღვთისა. ვინც დაანგრევს ღვთის ტაძარს, მას დასწყევლის უფალი".
***
"ყველ ერს, ისევე როგორც ადამიანს, თავისი საუნჯე აქვს. ჩვენი დიდი წმინდანი და საზოგადო მოღვაწე ილია მართალი ქართველებს სამი უმთავრესი საუნჯის - რწმენის, ენისა და მამულის დაცვას უქადაგებდა. ჩვენი ერის რწმენის სიმტკიცესა და სიძლიერეზე მრავალი წმინდა ადგილიც მეტყველებს, რომელიც, ვფიქრობ, ასევე უდიდეს საუნჯეს წარმოადგენს. თუნდაც სვეტიცხოველი გავიხსენოთ, ის წმინდათაწმინდა ადგილია ქართველი ერისათვის, რადგან იქაა დაკრძალული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა. ჩვენი წინაპრების სულიერ სიმაღლეზე ის სიწმინდენიც მიუთითებენ, რომელთაც ისინი საუკუნეების მანძილზე აუნჯებდნენ.სიონის ტაძარში ასვენია წმინდა თომა მოციქულის თავი. სამხრეთ ინდოეთში ერთ-ერთ ეკლესიაში თომა მოციქულის პატარა ნაწილი აქვთ დაცული, რასაც უდიდეს ბედნიერებად მიიჩნევენ. როცა ვუთხარი, რომ ჩვენთან ამ მოციქულის თავის ქალაა, გაოცება ვეღარ დამალეს.
სიონშივეა უდიდესი სიწმინდე - ჯვარი ვაზისა, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მისცა ჩვენებისას წმინდა ნინოს და რომელიც ქალწულმა თავისი თმით შეკრა. ამ სიწმინდეთა არსებობა შემთხვევითობით როდი არის გამოწვეული, არამედ ღვთის დიდი ლოცვა-კურთხევის ნიშანია და იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი ყოველთვის განსაკუთრებით მფარველობდა საქართველოს. რომ არა ეს მფარველობა, საქართველო ურიცხვ მტერთა შემოსევებს ვერ გაუძლებდა".