(ამონარიდები კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისათვის, არამედ - განწმენდის, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისათვის.
ქრისტიანის მიზანია, დაამყაროს კავშირი ღმერთთან წმიდათა შვიდთა საიდუმლოთა და განუწყვეტელი ლოცვის მეშვეობით. აქ ღვთის ნებას ადამიანის ნება უნდა შეერწყას. ამ კავშირშია არსი სიწმიდისა და სიყვარულისა. წმინდა მამები გვასწავლიან, თუ ადამიანის ნება ემორჩილება ღვთის ნებას, მაშინ მისი სიცოცხლე ღვთიურია. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამგვარ კავშირს ღმერთთან? ეს შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიაში. ყველანი, ვინც არიან წევრნი ეკლესიისა, ატარებენ რჩეულთა ბეჭედს არა იმიტომ, რომ მხოლოდ მათ დაიმკვიდრონ საუკუნო ნეტარება, არამედ რათა შეცვალონ და გააერთიანონ მთელი კაცობრიობა, დაყოფილი ცოდვითა და ეგოიზმით". ***
"მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი" (იოანე 8,12), - ბრძანებს მაცხოვარი.საოცარი სიტყვებია. ისინი მიუთითებენ იესო ქრისტეს მხოლოობასა და განუმეორებლობაზე, მის ძალაუფლებაზე ქვეყანასა ზედა. ამგვარად თქმა არ შეეძლო და არც შეუძლია წინასწარმეტყველს, მოციქულს, ფილოსოფოსს, მეცნიერს, არც სხვა ვინმეს კაცთაგანს; ასე მხოლოდ ღმერთკაცი ზრახავს. "ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად". იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "ღმერთი ნათელ არს" (I იოანე 1,5). იესო ქრისტე არა მსგავს არს ნათლისა, რომელი ჟამად არს და ჟამად განესრვდების; იგი ნათელია დაუსრულებელი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმძლეველი, ნათელი, რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია (იოანე 1,5)".
***
"ვის მიმართავს უფალი? ყოველდღიური საქმიანობით დაღლილ, დღევანდელი დღის საზრუნავით მცხოვრებ ჩვეულებრივ ადამიანებს: გლეხებსა და მუშებს, მწერლებსა და მეცნიერებს, ფილოსოფოსებს, სახელმწიფო მოღვაწეთ, ბავშვებსა და დიდებს... პირადი, საოჯახო ან საზოგადოებრივი ინტერესებით შეპყრობილ ადამიანებს; უზრუნველთა და დამწუხრებულთ, უნუგეშოთა და შეჭირვებულთ, მდიდართა და ღატაკთ - ჩვენ, ჩვენი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. ნათელი ქრისტესი სულიერი ძალაა, საფუძველია ქვეყნიერებისა. თუ მზის სინათლის გარეშე სიცოცხლე შეწყვეტდა არსებობას, თვინიერ ღვთაებრივი ენერგიისა სიცოცხლე საერთოდ არ წარმოიშობოდა. სიცოცხლე, მიზიდულობისა თუ სხვა კანონები, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ, გამომსახველია უმაღლესი ჰარმონიისა, შედეგია ღვთაებრივი გონებისა და ძალისა. ნათელი ესე ბრწყინავდა და იბრწყინვებს ნიადაგ, განურჩევლად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. საკითხავი ისაა, გავხდებით ჩვენ თანაზიარნი ამ ნათლისა, შევიცნობთ კი მას? შევძლებთ გავიგოთ, რომ "ძე ღმრთისაი მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაი, რაითა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაი საუკუნოი" (I იოანე 5,20). მხოლოდ ქრისტეს ნათელს ძალუძს ფერისცვალება სამყაროსი და ჩვენი. გიხაროდეთ ყოველთა, რომელთა მოგიპოვებიეს მცირედი ნაწილიც კი ზეციური ნათლისა, რომელნიც შემოსილნი ხართ მისი შარავანდედით: "თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი... ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (მათე 5,14-16). გარნა სად ვეძიოთ ნათელი ესე, რათა განვიბანოთ მის სხივებში? ცოდნაში, მეცნიერებაში, სიმდიდრესა თუ განცხრომაში? მაგრამ ყოველივე ეს ხომ არამტკიცე, წარმავალი და არასაიმედოა. პასუხი ერთადერთია: ქრისტეს ნათელი თვით მის სხეულშია, ღვთაებრივი ლოგოსის სხეულში - ეკლესიაში. ეს ის ეკლესიაა, რომელიც კლდესა ზედა არს დაშენებული და რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ".
***
"წმიდა მამები თავიანთი დიდი სულიერი გამოცდილებით მთელი არსებით გრძნობდნენ ეკლესიის მაცოცხლებელ ძალას, იმას, რომ მხოლოდ ეკლესიის წიაღში ხდება ადამიანის ფერისცვალება, რომ მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მისცეს მას ის უმთავრესი, რაც კაცმა დაკარგა და რასაც ის შეუცნობლად ასე ეძებს და ესწრაფვის. ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც გვიხსნის სულიერი სრულყოფის გზას, ის ოაზისია, სადაც ქრისტესთან ერთობა მიიღწევა და მარადიული ნეტარება მოიპოვება".***
"იესო ქრისტე - ღმერთი ღმერთთაგანია, ნათელი - ნათლისაგან, რომელიც დღეს, ხვალ და მარად ღვთაებრივი დაუსრულებელი ცხოვრების პროცესში იშვება წიაღთა ღვთისა მამისაგან... უფალმა თავისი განხორციელებით, ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით ადამიანი სულიერი სრულყოფის ახალ საფეხურზე აიყვანა, ზეციური ნათლით განაბრწყინვა, ღვთაებრივ სიყვარულს აზიარა. მას რომ მივეახლოთ, სიტყვით და საქმით ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ, უნდა დავძლიოთ ვნებები და ცოდვისმიერი მისწრაფებები. მაშინ სული ჩვენი იქცევა სპეტაკ ტაძრად და უფალი ღირსგვყოფს, მასში დაივანოს". ***
"ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათლის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრძნება, შეგრძნება არაამქვეყნიურისა, შეგრძნება რაღაც მშობლიურისა და ამავე დროს შორეულისა და მიუწვდომელისა - შეგრძნება ღვთისა". ***
"ფერისცვალება - ეს არის უფლის ძალისა და ნათელის გამოვლინება იმ ზომით, რამდენის დატევნაც შეეძლოთ მოციქულებს. ფერისცვალების ტროპარშიც იგივე აზრია გატარებული. მათ იესო ქრისტეს მთელი ბრწყინვალება რომ ეხილათ, ვერ გაუძლებდნენ და დაიხოცებოდნენ. ადამიანი მზეს ვერ უყურებს პირდაპირ, მით უმეტეს ვერ გაუძლებს ღვთის ნათლისა და დიდების ხილვას, რადგან ეს არის ნათელი ჭეშმარიტი, შეუქმნელი, დაუსაბამო, დაუსრულებელი, მარადიული და ღვთაებრივი...რა არის ნათელი ქრისტესი? ეს არის ნათელი მამისა, ნათელი სულისა წმიდისა, ნათელი წმიდისა სამებისა. თუ რა თვისებისაა ნათელი ქრისტესი, სხვა ლოცვა განმარტავს: "ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ და წმიდა ჰყოფ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად". "ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო", - ეს სიტყვები მოწმობს, რომ ნათელი შეიძლება იყოს, მაგრამ არაჭეშმარიტიც. ნათელი ჭეშმარიტი - ის ღვთაებრივი ძალაა, რომელიც დაკავშირებულია ღვთის მადლთან. მადლი კი, თქვენ იცით, არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, "რომელი განანათლებს და წმიდა ჰყოფს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად", ე.ი. ყოველ ადამიანს, მაგრამ ეს ნათელი შენთან რომ შემოვიდეს, კარი უნდა გაუღო მას. არიან ადამიანები, რომლებიც სიბნელეში ყოფნას არჩევენ, იმიტომ, რომ საქმენი მათნიც ბნელნი არიან და როგორც კი ქრისტეს ნათელს გულში შეუშვებენ, მაშინვე აშკარავდება ბოროტმოქმედებანი. ამიტომაც ისინი ისევ სიბნელეში ყოფნას არჩევენ.
როდესაც გარდაცვლილთათვის ვლოცულობთ, ვამბობთ, ღმერთმა აცხოვნოს იმისი სული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თვითონ ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ნათელში იყოს. პიროვნება, რომელიც ამქვეყნად ბოროტებას სჩადის, ნათელში ვერ შევა. ვერ შევა არა იმიტომ, რომ უფალი არ უშვებს, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლია ნათელში ყოფნა".
***
"მრავალი სასწაული ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია და ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ყველაფრის ახსნას. ყოველი სასწაული ზეგონებრივია, ე.ი. გონება მას ვერ სწვდება. აი, ისიც, თუ რატომ დატოვა უფალმა სხვა მოციქულები თაბორის მთის ძირში და რატომ აიყვანა მხოლოდ სამი მათგანი, - საიდუმლოებაა. ზოგიერთი წმიდა მამა განმარტავს, რომ მან სხვები იმიტომ არ წაიყვანა, რომ არ სურდა, ეს ბრწყინვალება ეხილა იუდა ისკარიოტელს, რომელმაც გასცა იგი. იუდამ ვერ გააცნობიერა ის სასწაულები, რომელთაც უფალი ქმნიდა მის თვალწინ: მან იხილა ათასობით ადამიანის განკურნება, მკვდართა აღდგომა, ლაზარეს აღდგომა და, უფრო მეტიც, მოციქულებთან ერთად თავად მიენიჭა ამ სასწაულთა ქმნის მადლი და ძალა. და იგი მაინც დარჩა ბრმად, რადგან ვერ დაინახა და ვერ დააფასა ეს სასწაულები. ის ასევე ვერ დაინახავდა და ვერ დააფასებდა ფერისცვალებას უფლისას. ზოგიერთი წმიდა მამა ამბობს, რომ მაცხოვარს შეებრალა იუდა ისკარიოტელი და ამიტომ მარტო ის კი არ დატოვა, არამედ სხვებიც მასთან ერთად, რადგან უფალი მოწყალეა ცოდვილთა მიმართაც.
როდესაც ვსაუბრობთ უფლის ფერისცვალებაზე, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ფერისცვალება და გონების გახსნა თვითონ მოციქულებისათვის. ის ბრწყინვალება, რომელიც მათ იხილეს, მუდამ ახლდა უფალს, უბრალოდ, მოციქულები ამას ვერ ხედავდნენ, ვერ აღიქვამდნენ. ასევე იყო მაშინაც, როცა აღდგომილი უფალი გამოეცხადა მგზავრობისას ორ მოციქულს, მაგრამ მათ ვერ იცნეს იგი, რადგან დახშული ჰქონდათ გონება და ხედვა, მაგრამ მერე, როცა იესო ქრისტემ გატეხა პური და მისცა მათ, მოციქულებს გონება გაეხსნათ და შეიცნეს უფალი.
შევთხოვ უფალს, ჩვენც, ყველას - კეთილთაც და ცოლვილთაც, გაგვიხსნას გონება, შეგვიწყალოს და შეგვიბრალოს, რადგან უძლურნი ვართ და უფალმა ჩვენზე უკეთესად იცის "უძლურებაი გონებისა ჩვენისა". შევთხოვ უფალს, ყოველ ადამიანში მოხდეს ფერისცვალება: ბოროტება გადაიქცეს სიკეთედ, სიძულვილი - სიყვარულად, სასოწარკვეთილება - იმედად, მრისხანება და ომი - მშვიდობად".
***
"ნათელი ქრისტესი, რომელიც დაუსაბამო და დაუსრულებელია, ფერისცვალებისას იხილეს მოციქულებმა. ეს დიდება უფალმა მათ იმდენად აჩვენა, რამდენადაც შეეძლოთ იგი დაეტიათ. ეს არ იყო ის ნათელი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს იყო ნათელი ქრისტესი, ნათელი ყოვლადწმიდა სამებისა, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად. აი, ამგვარი ნათელი უნდა იყოს ყოველი ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ბუნებაში, გზას იგი უნდა გვინათებდეს. უფალი ბრძანებს: "მე ვარ ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე". ადამიანი ვერ დაინახავს გზასა და ჭეშმარიტებას, თუ ნათელი არ ექნება მას. დიდი მარხვის მსახურების დროს მოძღვარი გამოდის სანთლითა და საცეცხლურით ხელში, მრევლს ჯვარს გადასახავს და ამბობს: "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა". ნათელი მოდის ყოველ ადამიანთან, მაგრამ ყველა ვერ ღებულობს მას, რადგან ცოდვილთა ბუნება უცხოა მის მისაღებად; მათ სულიერ სამყაროში, მათ გონებაში, მათ სულში სიბნელეა და ეს სიბნელე ნათელს უარყოფს. ხოლო ბედნიერია ის, ვინც ღებულობს ამ ნათელს. აქაც ცხადად ჩანს ადამიანის თავისუფალი ნება: თუ სურს, მას შეუძლია მიიღოს ნათელი და, ამასთან, თვით უფალიც, რადგან, ღვთის მადლით, ჩვენ ვართ ტაძარი სულისა წმიდისა. აი, ამ წმიდა სულთან ერთად არის ეს ნათელიც უფლისა, ნათელი ქრისტესი, რომელიც განანათლებს ყოველსა სოფელსა, ყოველ ადამიანს. მარად უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არ შეიძლება ერთ მდგომარეობაში იყოს, მასში მუდამ ხდება ფერისცვალება. ბედნიერია ის, ვინც სრულყოფის კიბეზე მაღლა ადის და დაბლა არ ეშვება. ადამიანი, პირველ რიგში, სხვა ადამიანს კი არა, თავის თავს უნდა ებრძოდეს, საკუთარ ვნებებს, საკუთარ ეგოიზმს, ამპარტავნებას, პირველი გამარჯვება მან სწორედ აქ უნდა მოიპოვოს და თუკი იგი თავის თავს დაამარცხებს, მარად და ყველგან გამარჯვებული იქნება".