ამონარიდები კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებებიდან
* "წმინდა მოციქული იოანე ამბობს: ღმერთი სიყვარული არს. ღმერთმა სიყვარულით დაიახლოვა ქართველი ხალხი, ამიტომაც არ შეუძლია ქართველ კაცს სიძულვილი, ხოლო თუ ვინმე მაინც ატარებს მას გულში, თავისივე სიძულვილისგან თვითონვე ისპობა.
როგორ უნდა განახორციელოს ქართველმა ერმა მასზე დაკისრებული სიყვარულის იდეა? აბსოლუტური სიყვარულით, ე.ი ღმერთთან დაახლოებით. ჩვენ მასში, რაც დროებითია, მარადიული უნდა განვჭვრიტოთ".* "ქრისტიანობა თეორია კი არ არის, არამედ სიცოცხლე, კავშირი ზეცასთან და რელიგიური გამოცდილება... დღევანდელ პირობებში მორწმუნენი მიილტვიან პირველი ქრისტიანების ამაღლებული სულიერობისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვპოულობთ გზებს ღმერთთან კავშირისთვის... რაც უფრო დავუახლოვდებით მას, მით უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს. ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს".
* "ადამიანი არის არსება, რომელიც შექმნა ღმერთმა ხატად და მსგავსად თვისა; ადამიანი არის არსება, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე; ადამიანმა უნდა გაიაროს განსაცდელი დედამიწისა და წარდგეს წინაშე ღვთისა. მაშასადამე, მიზანი ადამიანის ცხოვრებისა ყოფილა მიახლოება ღმერთთან და კიდევ მის ირგვლივ მყოფ ადამიანებთან... სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა - ესაა მთავარი, ამას გვასწავლის სახარება".
* "ადამიანს ღმერთმა მიანიჭა თავისუფალი ნება... ეს ნება კი შეიძლება სიკეთისკენაც წარიმართოს და სიბოროტისკენაც... ეს უკვე თვით ადამიანზეა დამოკიდებული... ამ თავისუფლებით ადამიანი ხშირად ისე ვერ სარგებლობს, როგორც საჭიროა. ხშირად ამას ბოროტად იყენებს და ნაკლებად ფიქრობს საკუთარი სულისა და სხვა ადამიანთა სასიკეთოდ. ჩვენი მიზანია, ისე წარვმართოთ ადამიანის ნება, რომ იგი ღვთის განგებასა და მცნებას ღვთისას არ ეწინააღმდეგებოდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს როგორც ღვთაებრივი, ისე ადამიანური ენერგია. და როცა ეს ორი ენერგია ერთი მიმართულებით მიდის, ადამიანი დგას კეთილ გზაზე, დგას ცხოვნების გზაზე, მიდის ღმერთთან, უახლოვდება ღმერთს..."
* "ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისთვის, არამედ - განწმენდის, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისთვის. ქრისტიანის მიზანია დაამყაროს კავშირი ღმერთთან წმიდათა შვიდთა საიდუმლოთა და განუწყვეტელი ლოცვის მეშვეობით. აქ ღვთის ნებას ადამიანის ნება უნდა შეერწყას... წმინდა მამები გვასწავლიან, რომ თუ ადამიანის ნება ემორჩილება ღვთის ნებას, მაშინ მისი სიცოცხლე ღვთიურია. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამგვარ კავშირს ღმერთთან? ეს შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიაში. ყველანი, ვინც არიან წევრნი ეკლესიისა, ატარებენ რჩეულთა ბეჭედს არა იმიტომ, რომ მხოლოდ მათ დაიმკვიდრონ საუკუნო ნეტარება, არამედ რათა შეცვალონ და გააერთიანონ მთელი კაცობრიობა, დაყოფილი ცოდვითა და ეგოიზმით".
* "ყოველი ადამიანი, რომელსაც სწამს უზენაესი ძალა, ელოდება მისგან შეწევნას, მფარველობას, ცდილობს დააკავშიროს თავისი თავი ზეცასთან, ცდილობს, რომ ეს მისი სულიერი კავშირი ზეცასთან იყოს მუდმივი, უწყვეტი, ძლიერი. ამ კავშირისთვის კი - არსებობს ლოცვა. ლოცვა იგივე საუბარია ღმერთთან".
* "კაცი, უპირველეს ყოვლისა, ხატია ღვთისა. ხატება ღვთისა თითოეულ პიროვნებაშია, როგორც ჩამოყალიბებულ კანონთა წესი. იგი წარმოადგენს მისი ყოფის აუცილებელ პირობას, რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს მსგავსება უფლისადმი. სწორედ ეს არის ადამიანის ცხოვრების მიზანი. ხშირად სვამენ კითხვას: რატომ შექმნაო გამჩენმა კაცი მხოლოდ ხატად თვისა? უკუეთუ იგი იქნებოდა სრულყოფილი არსება, უკუეთუ მსგავსება მისი შეესატყვისებოდა ხატებას მისას, იგი იქნებოდა ღმერთი. ეს გზა კი ადამიანს გასავლელი აქვს. მისი თვითსრულყოფისა და ღვთისმიმსგავსების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც ღვთაებრივმა, ისე კაცობრივმა საწყისმა, რასაც ჩვენ ორი საწყისის სინერგიას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვლინდება ჩვენში თავისუფალი ნება".
* "კითხვაზე, რა არის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ თითოეული სხვადასხვაგვარ პასუხს მოგვცემდა. ზოგი ფიქრობს, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ცხოვრების გზის მშვიდობითა და განცხრომით გავლა და სიმდიდრის მოხვეჭაა, ზოგისთვის - ამქვეყნიური ძალაუფლების მოპოვება და სხვებზე გაბატონება, ზოგისთვის - სახელი და დიდება, ზოგისთვისაც - ცოდნის შეძენა, მორწმუნისთვის - სულის ცხონება, საუკუნო ნეტარი ცხოვრება და უფალთან სიახლოვე. მორწმუნეთა შეხედულებასთან ახლოს დგას ერთი მეცნიერის პასუხი, რომლითაც ამ კითხვას უპასუხა, სახელდობრ, მან თქვა, უმნიშვნელოვანესია ის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთო. მორწმუნეს უთქვამს ჩემთვის: ისეთ სიახლოვეს ვგრძნობ უფალთან, თითქოს იგი ჩემში იყოს და ამით გამოწვეულ სიხარულს გული ვეღარ იტევსო. ღვთის სიახლოვით გამოწვეული სიხარული იმდენად ძლიერი და ყოვლისმომცველია, რომ ვინც მას განიცდის, მისთვის ყოველგვარი ამქვეყნიური საზრუნავი უფასურდება და დავიწყებას ეძლევა. იგი მხოლოდ უფალსა და საკუთარ თავს ხედავს და ეს მისთვის სრულიად საკმარისია. ამგვარი სიახლოვე მორწმუნემ შეიძლება ტაძარშიც იგრძნოს და შინაც, მთავარია, აუცილებლად იგრძნოს... მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ უფალთან საუბრისთვის დრო აღარ გვრჩება. მაშინაც კი, როცა ვლოცულობთ, დაუჯდომელ საგალობლებს ვკითხულობთ, ძალიან ხშირად ამას მექანიკურად ვაკეთებთ, ამიტომ ამ დროსაც, ნაცვლად იმისა, რომ უფალს ვესაუბროთ და მასთან უხილავი კავშირი დავამყაროთ, ისევ მარტო ვრჩებით. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალი ისეთი ბედნიერი წუთი მოგანიჭოთ, როცა უფალი თქვენთან იქნება და მასთან საუბარი გექნებათ".
* "ადამიანი სამყაროს განსაკუთრებული მოვლენაა, დაჯილდოებული აზროვნებითა და სხვა ღვთივმომადლებული უნარით. მისი მიზანი და დანიშნულება ღმერთში ცხოვრება და ნეტარი მარადიულობის მოპოვებაა... ადამიანი უმშვენიერესი წმინდა სახეა შემოქმედისა, ხატებაა ღვთისა. ამიტომაა იგი გონიერი და უკვდავი. მსგავსება კი თვითონ უნდა მოიპოვოს თავისუფალი ნების წყალობით, რაც, წმინდა მამათა სწავლებით, ცოდვებისგან თავის შეკავებას გულისხმობს. ყველას გვმართებს დაუღალავი ზრუნვა ჩვენში ღვთის ხატების შენარჩუნებისა და მასთან მსგავსების მიღწევისთვის".
* "ცხოვრება განსაცდელია; მიზანი - განღმრთობა. ოღონდაც მარადიული ნეტარება ამქვეყნიური ყოფით, ღვთის მცნებისა და ნების აღსრულებით უნდა დავიმკვიდროთ, ჩვენი კუთვნილი ჯვრის უდრტვინველი ტარებით უნდა მოვიპოვოთ... ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც გვიხსნის სულიერი სრულყოფის გზას, ის ოაზისია, სადაც ქრისტესთან ერთობა მიიღწევა და მარადიული ნეტარება მოიპოვება".
* "ყოველმა ქრისტიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რას აკეთებს დღეს და რა ელის მომავალში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი გაჩენილია ნეტარებისთვის, მაგრამ ადამიანებს ეს ნეტარება სხვადასხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი. ზოგს ნეტარებად მიწიერი დოვლათის დაგროვება მიაჩნია, ზოგს - ცოდნისა და განათლების შეძენა, ზოგსაც - მაღალი თანამდებობა, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ბრძენი სოლომონი ამბობს, ყოველივე ეს მხოლოდ ამაოებათა ამაოებაა და სხვა არაფერი. მაშ, რაში მდგომარეობს ადამიანის ნეტარება? თვითონ უფალი გვეუბნება: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი", ე.ი. ჭეშმარიტი ნეტარება მას აქვს მოპოვებული, ვინც თავის სულიერ ფერისცვალებასა და უფალთან სიახლოვეზე ზრუნავს".
* "ეკლესიაში აღწევს ადამიანი თავის თავთან ნამდვილ ერთობასა და მთლიანობას; ეს არის ის საოცარი სამყარო, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ზეცა და მიწა, ღმერთი და ადამიანი, ადამიანი და მოყვასი, რადგანაც აქ ვლინდება მთელი სისრულით იესო ქრისტე - ძე ღვთისა და ძე კაცისა, სათავე სინათლისა და სიმართლისა. ჭეშმარიტებას, მართალია, სრულად ვერასდროს შევიცნობთ, მაგრამ მისდამი მუდმივი სწრაფვა აუცილებელია, ესაა ჩვენი მოწოდება... ერთი ალპინისტის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: "იგი დაიღუპა მწვერვალზე ასვლისას. ბედნიერი და ნეტარია ის, ვინც სრულყოფის მწვერვალზე ასვლისას კვდება".
* "რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს კაცი, უმთავრესი მისთვის შემოქმედთან მიახლების სურვილი უნდა იყოს. ბიბლიაში ვკითხულობთ, ყოვლადწმინდა სამებამ ადამიანის შექმნა რომ გადაწყვიტა, ბრძანა: "ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბადება 1,26). მაშასადამე, რადგანაც ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, სწრაფვა სრულყოფისკენ, პირველსახის ანუ ღვთისკენ, დასაბამიდანვე მის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებად იქცა. ამიტომაც სურვილი განვითარებისა და წინსვლისა თითოეულ ჩვენგანში არსებობს, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჭეშმარიტი ამაღლება და ჩვენი ყოველი მოქმედებაც აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს... უფალი ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლებას აძლევს: პიროვნება თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რას ემსახუროს: ცოდვას თუ სიკეთეს, ბოროტებას თუ სიყვარულს. სასუფეველი ღვთისა იძულებით მოიპოვება, რადგან ცოდვასთან ბრძოლით და მასზე გამარჯვებით ხდება ადამიანისა და ღვთის ნების შეერთება - სინერგია, რაც არის საფუძველი პიროვნების გადარჩენისა".
* "წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი განსაკუთრებული ქმნილება. იგია ქვეყანასა და ზეცას, მიწიერ და სულიერ სამყაროს შორის დამაკავშირებელი ძალა... ჩვენი ცხოვრება მსგავსია იმ გზისა, ეგვიპტიდან აღთქმუ-
ლი მიწისკენ - ისრაელისკენ მიმავალმა ებრაელებმა რომ განვლეს. ჩვენც უნდა გადავლახოთ მრავალი მწუხარება, იმედის გაცრუება, გაჭირვება, მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ ღმერთთან და არ დავკარგოთ მისი იმედი, თუ გვსურს, მარადიული ნეტარების - აღთქმული მიწის ღირსნი გავხდეთ".
* "კაცობრიობა თრთოლით მოელოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების აღსრულებას - მოვლინებას ქვეყნის მხსნელისა და ღვთისა ჩვენისა, იესო ქრისტესი... და ბოლოს, ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ... აღდგენა ადამიანში "ხატისა ღვთისა", გარდაქმნა ადამიანისა ნამდვილ ღვთისნიერ ქმნილებად - ესაა მიზანი ქრისტეს შობისა, ესაა მიზანი ახალი აღთქმისა".
* "მიწიერი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობაა. ჩვენ აქ მხოლოდ მგზავრები ვართ; დღე დღეს აუწყებს მარადიულობის კარიბჭესთან ჩვენს მიახლოებას; მთავარია, იქ წარვდგეთ ღირსეულად. ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. ამაშია სიბრძნე. ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყვარება - ფილოსოფია განმარტა როგორც მზადება სიკვდილისთვის. "მართალთათვის და ცოდვილთათვის სიკვდილი იგივეა, რაც მკვდარი ზღვა ძველ აღთქმაში ებრაელთა და ეგვიპტელთათვის. პირველთათვის იგი იყო გადასასვლელი აღთქმულ ქვეყანაში, ხოლო მეორეთათვის - მიზეზი სიკვდილისა. მსგავსად ამისა, მართლის სიკვდილი არის დასაწყისი ნეტარი მარადიულობისა - აღთქმული ქვეყნისა; ცოდვილთათვის კი - მიზეზი მეორე სიკვდილისა - მარადიული სატანჯველისა" (სულიერი მდელო)... ჩვენ უმეტესწილად ჩვენი სხეულისთვის უფრო ვზრუნავთ, ვიდრე სულისთვის და ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული მიწად უნდა მიიქცეს, ანუ იმად იქცეს, რისგანაც თვითონაა შექმნილი, ხოლო სული კი, რომელიც უკვდავია, მარადიულად უნდა დაემკვიდროს იქ, სადაც დაიმსახურებს".
* "განა შეიძლება ქრისტიანი გვერქვას და არ ვიყოთ მონაწილე წმინდა ევქარისტიისა - ზიარებისა?! იგი არა მხოლოდ საიდუმლო სერობის გახსენებაა, არამედ ჩვენი ერთობა მაცხოვართან, ჩვენზე გარდამომავალი უდიდესი საიდუმლო ძალა, ჩვენი განღმრთობაა... რა არის ზიარება და რატომაა იგი აუცილებელი? წმინდა ზიარება თვით უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა საიდუმლო სერობისას. წმინდა მოციქულის, ლუკას, სახარებაში ვკითხულობთ: იესო ქრისტემ "აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად. აგრეთვე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის" (ლუკა 22,19-20)".