" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
ქრისტე აღდგა!
საყვარელო მორწმუნენო! დღეს ვზეიმობთ დღესასწაულთა დღესასწაულს და ზეიმთა ზეიმს. დღეს ყველგან სულიერი სიხარულია ქრისტიანულ სამყაროში. დღეს უფალმა და ღმერთმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ყველაფერი გაანათა თავისი აღდგომით. ცა და მიწა ღირსეულად იხარებდნენ, რადგან უფლის აღდგომის ნათელმა აავსო ბრწყინვალებით ცა, და მიწა, და ჯოჯოხეთი, და ყველა სიკვდილის საკვრელში მყოფი აღდგომის იმედით, მარადიულ სიხარულთან მიიყვანა ისინი მაცხოვრის ჯოჯოხეთში ჩასვლამ. დღეს ქრისტემ, ჩვენმა სიცოცხლემ, დაუდო ახალი საფუძველი კაცთა მოდგმას თავისი აღდგომით, რომლითაც დააგვირგვინა ყველა დიდებული სასწაული, რომელიც მან აღასრულა დედამიწაზე.
დღეს არის უფლის აღდგომის დღე, შერიგების ზეიმი, ომის გაუქმება, სიკვდილის დანგრევა და ეშმაკის დამარცხება. დღეს ჩვენ სამართლიანად გვმართებს გავიმეოროთ წინასწარმეტყველი ოსიას სიტყვები: სადა არს ძლევაჲ შენი, სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო?" (ოსია.13:14; 1კორ.15:55). დღეს მეუფე იესო ქრისტემ შემუსრა რვალის კარები და შეცვალა თვით სიკვდილის სახელწოდება, რადგან მას აღარ ეწოდება სიკვდილი, არამედ ძილი. ქრისტეს აღდგომამდე და ჯვრის განგებულებამდე თვით სახელი "სიკვდილი" შემაშინებელი იყო. რადგან პირველი ადამიანი, მას შემდეგ რაც შექმნა იგი ღმერთმა, დაექვემდებარა სიკვდილის შიშს: "ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ" (დაბად.2:17).
და წინასწარმეტყველი დავითი ამბობს სულიწმინდით: "სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს" (ფს.33:22). თუმცა არა მხოლოდ სიკვდილს ეწოდებოდა სულის სხეულისგან განშორება, არამედ ჯოჯოხეთსაც. მოუსმინე პატრიარქ იაკობს, რომელიც ამბობს: თქვენ "შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად"(დაბად.42:38). ხოლო წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: "ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა" (ფს.48:16).
მაგრამ მას შემდეგ, რაც ქრისტე ღმერთმა ჩვენთვის შესწირა თავი მსხვერპლად ჯვარზე და აღდგა მკვდრეთით, მან გარდაქმნა სიკვდილი ძილად, როგორც კაცთმოყვარემ. რადგან სიკვდილის ნაცვლად ჩვენს გადასვლას აქედან ეწოდება მიძინება და ძილი. მოისმინე თვით მაცხოვარს, რომელიც ამბობს: "ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი" (იოანე.11:11). რადგან როგორც ჩვენთვის ადვილია მძინარის გაღვიძება, ისე ჩვენი საყოველთაო მეუფისთვის ადვილია მკვდართა აღდგენა. მაგრამ რადგან სიტყვა, რომელიც უფალმა თქვა, იყო ახალი და უცნაური და მოწაფეებმა ვერ გაიგეს იგი, მან უთხრა მათ უფრო გასაგებად: "ლაზარე მოკუდა!" (იოანე.11:14)
დიდი მოციქული პავლეც, სამყაროს მოძღვარი, მიმართავს რა თესალონიკელებს, ამბობს: "ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ. რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუჲს მიერ მოიყვანნეს მის თანა. ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ" (1თესალონიკ.04:13-15).
თქვენ დაინახეთ, ძმანო, რომ ყველგან სიკვდილს ეწოდება მიძინება და ძილი? თქვენ დაინახეთ, რაოდენ ბრწყინვალეა ქრისტეს აღდგომის გამარჯვება? უფლის აღდგომით მოგვენიჭა აურაცხელი სიკეთეები. აღდგომით ეშმაკის მახეები დაინგრა. აღდგომით ჩვენ ვამარცხებთ სიკვდილს. აღდგომით ჩვენ არ ვუყურებთ ამჟამინდელ ცხოვრებას, აღდგომით ჩვენ მარადიულ საზღაურისკენ მივისწრაფვით. აღდგომით ჩვენ, ხორცით შემოსილნი, უსხეულოებს ვუახლოვდებით, თუ გვსურს.
დღეს ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვებები აღსრულდა. დღეს ქრისტე უფალმა დაამარცხა სიკვდილი და ეშმაკი-მწამებელი დაამხო, ხოლო ჩვენ ხსნის გზა აღდგომით გვიბოძა. მაშ ვიხარებდეთ ყველანი, ვზეიმობდეთ და ვმხიარულობდეთ იმის გამო, რომ მაცხოვარმა დაამარცხა სიკვდილი და ჯოჯოხეთი და ყველაფერი გააკეთა ჩვენი ხსნისთვის.
საყვარელო მორწმუნენო! შემდგომ ჩვენ გვსურს მოკლედ ვაჩვენოთ, თუ როგორი სხეულით აღდგებიან წმინდანნი და ღვთის მართალნი, ასევე ცოდვილნი, საყოველთაო აღდგომის დღეს ჟამთა დასასრულს. ამის შესახებ საუბრისას, ჩვენ მოვიყვანთ წმინდა წერილის სიტყვას, რომელიც მიუთითებს, რომ წმინდანებსა და მართლებს მომავალ აღდგომაში ექნებათ ოთხი თვისება და ნიჭი.
ამ ჭეშმარიტებას გვიჩვენებს უბრწყინვალესი, დიდი მოციქული პავლე, რომელიც ამბობს: "ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით (1კორ. 15:42-43). აი დიდების ნიჭი! ამ დიდების ნიჭზე თქვა უფალმაც: "მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა" (მათე.13:43). "დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით". აი ძალის ნიჭი! "ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი" (1კორ.15:43-44). აი სიფაქიზის ნიჭი! აღმდგარნი იქნებიან მსუბუქი, სულიერი, უხრწნელი, ანუ უკვდავი სხეულებით, ანგელოზთა მსგავსად.
მაგრამ რადგანაც ჩვენ ვახსენეთ ცოდვილთა სხეულებიც აღდგომის ჟამს, იცოდეთ, რომ ძლიერ განსხვავებული იქნება უღმრთოთა სხეულები წმინდანთა და მართალთა სხეულებისგან უკანასკნელი სამსჯავროს დღეს. ცოდვილთა სხეულები მიუთითებენ საშინელ მდგომარეობაზე, რომელშიც ცხოვრობდნენ ისინი დედამიწაზე, და საზარელ სასჯელებზე, რომლებიც ელოდებათ მათ, როცა უფალი ეტყვის მათ: მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (მათე.25:41).
და მათი სხეული იქნება საშინელი შესახედი და შიშით სავსე. ნათელის ნაცვლად ისინი შეიმოსებიან ღრმა წყვდიადით, ჯოჯოხეთის უკუნეთის მსგავსით. და როგორც ნეტართა დიდება იქნება შეერთებული საოცარ მშვენიერებასთან, ასევე ცოდვილთა სხეული შთააგონებს დიდ შიშსა და ზიზღს. და თუმცა მათ ექნებათ უხრწნელება, როგორც მართალთ, მაგრამ ეს უხრწნელება მათთვის იქნება იმისთვის, რომ მარადიულად იტანჯონ ჯოჯოხეთში და არასოდეს გაქრნენ. თუ გვსურს გვქონდეს მარადიული ნეტარება მომავალ აღდგომაში, ნუ ვიქნებით უდარდელნი, არამედ შიშითა და ძრწოლით ვემსახუროთ ჩვენს უკეთილეს ღმერთს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. თუნდაც ვინმე იყოს შემკული ყველა სათნოებით, მასაც არ შეუძლია დარჩეს უდარდელი ამ საუკუნეში. მაცხოვარი გვეუბნება, რომ "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს" (მათე 10:22). ავიღოთ მაგალითი მეზღვაურებისგან, რომლებიც მართავენ ხომალდებს, სავსეს მრავალი სიმდიდრით და სიკეთით. ისინი მუდამ ფხიზლობენ, და თუნდაც ნავსაყუდელს მიაღწიონ, ყველა ძალით ცდილობენ არ შეეჯახონ რაიმე კლდეს, რათა არ შეემთხვეთ საფრთხე და დიდი ზარალი. გესმით, რას ამბობს ღვთაებრივი მამა იოანე ოქროპირი ამასთან დაკავშირებით? "ნუ ვიქნებით გულგრილნი და უმადურნი იმ კეთილდღეობისთვის, რაც მივიღეთ უფლის აღდგომით. და ნუ ვიტყვით: "აჰა, დიდი მარხვა გავიდა, ახლა შეიძლება უდარდელად ყოფნა". რადგან ახლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე, საჭიროა დიდი ზრუნვა სულზე, რათა სხეულმა, როცა გაძლიერდება, არ გახადოს სული უძლური. რათა, მონაზე ზრუნვისას, არ დავიზაროთ პატრონზე ზრუნვა. რადგან ჩვენი სულიერი ღვაწლი მთელი ცხოვრებისთვისაა". საყვარელო მორწმუნენო! ამბობს წმინდა მოციქული პავლე: "ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ" (1კორ. 9:25). ხოლო წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ჩვენ მოვიშორეთ მარხვის ტვირთი, მაგრამ არ მოვიშორეთ მარხვის ნაყოფი. გავიდა ღვაწლის შრომა, მაგრამ ნუ წავა კეთილ საქმეთა მოშურნეობა. გავიდა მარხვა, მაგრამ დარჩეს ღვთისმოშიშება. გავიდა ხორციელი მარხვა, მაგრამ არ გასულა სულიერი მარხვა, რომელიც მასზე უკეთესია, და ისიც მისთვის იყო შექმნილი".
სულიერ მარხვაში ჩვენ ვგულისხმობთ სათნოების კეთებას, რითაც უნდა ვიყოთ დაკავებულნი ყველა ჩვენგანი, ყოვლადწმინდა სამების სახელით ნათელღებულნი და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს მორწმუნენი. სათნოებათა სათავეში, რომლებიც ყველაზე მეტად გვეხმარებიან სულის ხსნის საქმეში, დგას ქრისტიანული სიყვარული. სიყვარულის, მიტევებისა და მოწყალების გარეშე არ არის ხსნა, არ არის აღდგომა, არც სულიერი სიხარული, არც ცოდვის სიკვდილიდან აღდგომა, არც მშვიდობა ჩვენს გულებში.
აი ნამდვილი ისტორია ორი ქრისტიანის შესახებ, რომლებიც წაეჩხუბნენ ერთმანეთს და შერიგდნენ წმინდა აღდგომის ღამეს.
ორი ადამიანი, კარგი ქრისტიანი მეგობრები, ეშმაკის მოქმედებით, რაღაც წვრილმანების გამო წაეჩხუბნენ ერთმანეთს. ერთმა, უფრო სწრაფი ხასიათის მქონემ, შეაგინა და მძიმედ შეურაცხყო მეორე ერთ მეგობრულ შეხვედრაზე. და ასე დამყარდა მათ შორის დიდი მტრობა. მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფილსა და ნაწყენს სურდა სასამართლოში ეჩივლა შეურაცხმყოფელისთვის, მით უმეტეს რომ ბევრი არწმუნებდა ამის გაკეთებას, მან მაინც არ გააკეთა ეს და მთელი გულით სურდა ყოფილი მშვიდობისა და მეგობრობის დაბრუნება. თუმცა მეორე არაფრით არ სურდა მისი გაგება და თავისი ბოროტი სიტყვებით მტრობისკენ აქეზებდა მას.
და აი დაიწყო დიდი მარხვა, ახლოვდებოდა წმინდა აღდგომა, მაგრამ მათ ურთიერთობაში არავითარი ცვლილება არ ხდებოდა, თუმცა ორივე ყოველ კვირას დადიოდა წმინდა ტაძარში. დიდ შაბათს მათ აღსარება თქვეს, აპირებდნენ რა ზიარებას წმინდა ლიტურგიაზე აღდგომის ღამეს. მღვდელმა, რომელმაც კარგად იცოდა, რაც ხდებოდა მათ შორის, ბევრჯერ დაარწმუნა მტრობაში გაკერპებული, რომ გადაეხედა თავისი აზრებისა და სიტყვებისთვის და პატიება ეთხოვა. იგივე შეგონება და მკაცრი ეპიტიმია მონანიებისთვის მისცა მას აღსარებაზეც. მაგრამ მან, თუმცა კი დაჰპირდა, არ გააკეთა ეს.
შუაღამისკენ ზარები თავიანთი გულისამაჩუყებელი რეკვით იწვევდნენ ხალხს წმინდა აღდგომაზე. ერთმა მათგანმა ტაძრის ზღურბლს გადააბიჯა ღრმა მწუხარებით სულში იმის გამო, რომ არ იყო მეზობლისგან მიტევებული. მეორე შევიდა ტაძარში შიშით იმის გამო, რომ არ შეასრულა ეპიტიმია და კვლავ ინახავდა ბოროტებასა და მტრობას, რისკენაც მუდმივად უბიძგებდა მას წყეული ეშმაკი.
აღდგომის წირვა მიმდინარეობდა წმინდა ტაძარში. მგრძნობიარედ და ბრძანებითად გალობდნენ საგალობელს: "აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთას შევიტკბოთ, და ვრქუათ ძმათ ჩუენთა და მოძულეთაცა ჩუენთა შევუნდოთ ყოველი აღდგომასა, და ესრეთ ღვთივბრწყინვალედ ღაღადვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, და სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა".
ძლიერმა შეძრწუნებამ გაიარა მტრობაში მყოფის სულსა და სხეულში, ცხელი ცრემლები წამოუვიდა სახეზე და თვალებით დაიწყო მეზობლის ძებნა. მისი პოვნა არ იყო ძნელი. ამ წუთში ის ბრბოში მისკენ მიიკვლევდა გზას, მის წინ დადგა, მოეხვია და ჩუმად უთხრა:
"ქრისტე აღდგა!"
"ჭეშმარიტად აღდგა!" - უპასუხა მეზობელმა სრული სიყვარულით და ცრემლიანი თვალებით დასძინა: "მაპატიე, ჩემო ძვირფასო, მაპატიე! აღარასოდეს განმეორდება ის, თუ როგორ ვიქცეოდი შენთან. წმინდა აღდგომამ სული გადამიტრიალა და მასწავლა, რომ არ არის კარგი, არ არის სახარებისეული, არ არის ქრისტიანული, არ არის ადამიანური ის, რაც მე შენთან ჩავიდინე. შენ კი ითმენდი და ელოდი ამ შერიგების ჟამს".
ასე დაემხო სატანა, ქრისტე ღმერთი განდიდდა თავისი აღდგომის ამ მოქმედებით, მტრობა გაიფანტა, მშვიდობა და სიყვარული კვლავ დამკვიდრდა მათ შორის, და ღვთის შიშით, რწმენითა და სიყვარულით მიიღეს მათ წმინდა ზიარება. უფალმა, მარადის ცოცხალმა და არსმა, წმინდა ევქარისტიის საიდუმლოში აკურთხა ისინი და განამტკიცა მათი შერიგება, რომელიც აღარ დარღვეულა, სანამ ცოცხლები იყვნენ, თუმცა ბოროტი ეშმაკი კვლავ ცდილობდა მათ შეშფოთებას.
ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ თითოეულმა ჩვენგანმა ამ მგრძნობიარე მაგალითზე, ამ ორი სულის ქრისტესთან გულწრფელ დაბრუნებასა და მასში ჭეშმარიტ ყოფნაზე წმინდა აღდგომის ძალით! როგორ ღრმად უნდა გადავხედოთ ჩვენს ფიქრებს, გრძნობებსა და ქცევას - და შემუსვრილი და მორჩილი გულით, რწმენითა და სიყვარულით სავსე გულით მივუახლოვდეთ წმინდა ზიარების თასს, რათა მივიღოთ ქრისტე, ჩვენი უფალი, მარად ცოცხალი და ყოველ ჟამს მზად მყოფი, რომ დამკვიდრდეს ჩვენს შორის, როგორც ის ასე ნათლად ამბობს თავის წმინდა სახარებაში: "რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა" (იოანე 6:56).
გვსურს თუ არა ამის გადაწყვეტა? ეს იქნება ჩვენი სარგებლობისთვის, ჩვენი მიწიერი და ზეციური ცხოვრების საკეთილდღეოდ. რადგან მხოლოდ ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან შეერთებით შეგვეძლება უკეთ და უფრო ღრმად გავიგოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი. და მტკიცედ და გამარჯვებულად ვივლით წმინდა ზნეობრივი სრულყოფის გზაზე ზეცაში დაუსრულებელი ცხოვრების დიდებისკენ.
საყვარელო მორწმუნენო! დღეს უფლის აღდგომაა. დღეს ქრისტემ, ჩვენმა სიცოცხლემ, დაამარცხა სიკვდილი, ჯოჯოხეთი და ეშმაკი. დღეს ჩვენთვის გაიხსნა სამოთხისა და ზეციური სასუფევლის კარიბჭე. დღეს ანგელოზები ყველანი ხარობენ და ადიდებენ ღმერთს.
განვაგდოთ ჩვენი სახლებიდან და გულებიდან ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მწუხარება და ცოდვა, და სიხარულით მივიღოთ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე. თაყვანი ვცეთ ჯვარს, რომელზეც ქრისტე გაეკრა. ვეამბოროთ საფლავს, საიდანაც აღდგა უფალი. რწმენითა და იმედით მივყვეთ ჩვენს მაცხოვარს ღვთისმშობელთან, მოციქულებთან, ყველა წმინდანთან, ჩვენს მამებთან და წინაპრებთან ერთად. სულიერად ვეამბოროთ ძმა ძმას, შევრიგდეთ, შევიყვაროთ ერთმანეთი, რადგან დღეს მივიღეთ მიტევება და ხსნა აღდგომით. ნურავინ იქნება მწუხარე, ნურავინ დაკარგავს რწმენასა და იმედს ცხოვრებისეულ განსაცდელში, რადგან მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ჩვენთანაა. ჩვენ მას ვატარებთ ჩვენში, და ის საუკუნოდ დარჩება ჩვენში, თუ ჩვენ დავრჩებით მის სიყვარულში, დავიცავთ მის მცნებებს.
ამ ცხოველმყოფელი რწმენით, რომელიც გვანიჭებს ძალასა და გამარჯვებას, ერთად ვიგალობოთ სააღდგომო საგალობელი: "ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავებში მყოფთათვის სიცოცხლის მიმნიჭებელი". ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი