ერს, ისე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია
, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას.
საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადაგვარებისთვის. ამიტომაც არის ეს თვისება ერის არსებობის ერთგვარი გარანტი.
ჩვენ ეს გრძნობა განსაკუთრებულად გამოკვეთილად გვქონდა და ამანაც გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგეთ და მრავალი წელი დამპყრობელთა უღლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ღირსება არ დაუკარგავს, რაც თავისუფლებისთვის ჩვენს მუდმივ ბრძოლას ასაზრდოებდა.
მოღალატეებიც ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლად ცხადდებოდნენ.
სამაგალითო შვილები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის ღირსებას და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყნის განვითარებაზე; გავიხსენოთ თუნდაც ქეთევან წამებული. არა მარტო საქართველოს შუა საუკუნეების მთელ ქრისტიანულ სამყაროს არ ჰყავს ასეთი დიდი მოწამე.
მართალია, ქვეყანა სულიერად დაცემული იყო, მაგრამ მეფე თეიმურაზ I-ის გაუტეხლობით და ქეთევან დედოფლის საარაკო გმირობით ქართველებმა ღირსების დიდი ომი მოიგეს.
მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვადასხვაობისა, ღირსების გრძნობა ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიცემული და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, გამოავლენს თუ არა ამ თვისებას. ამ ნიჭს ყველა ერი და კულტურა მიაგებს პატივს. მონღოლთა ნოინს ღირსების პატივისცემა რომ არ ჰქონოდა, ცოტნე დადიანი თანამებრძოლთ ვერ იხსნიდა წამებით სიკვდილისაგან.
მაღალი ღირსებისა და ვაჟკაცობის მაგალითია სალადინი, ეგვიპტის სულთანი, რომელმაც წმინდა მიწიდან განდევნა ჯვაროსნები, მაგრამ ეს ომი იმდენად ღირსეულად წარიმართა, რომ თვით ქრისტიანთა შორისაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ. ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა.
საქართველომ ამ მხრივაც საოცარი მაგალითი უჩვენა მსოფლიოს XI საუკუნეში, როცა ჯალალ ედდინმა დაიპყრო თბილისი. მაგრამ მისი მოსახლეობა ვერ აიძულა, ქრისტიანული სიწმინდეები შეელახათ. 100000-მა ქართველმა სიკვდილი ამჯობინა რწმენისა და ღირსების უარყოფას.
მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ისეთი ფაქტი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი წამებულიყოს სარწმუნოების დასაცავად!
დღეს დრო შეიცვალა და მასთან ერთად - ბოროტის ბრძოლის მეთოდებიც. დღეს ეროვნული ღირსების შელახვისა და სარწმუნოების შეცვლისთვის ძალადობრივ ფორმებს აღარავინ იყენებს. ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს.
ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავიანთი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოებულნი არიან.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ პირადული ცოდვა (რომელსაც სწავლების სახე არა აქვს) მხოლოდ ამა თუ იმ ინდივიდის პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის სწავლება და დანერგვა მთელ საზოგადოებას რყვნის და ღუპავს, ღირსების გრძნობას ულახავს და წინსვლის სურვილს უკარგავს. ამიტომაც საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას როგორც თავისი თავი, ისე შთამომავლობა.
ასე რომ, დღეს თითოეული ჩვენგანი დგას არჩევანის წინაშე - დატოვოს "ჩვეულებისამებრ მამულისა სვლაი", თუ გაითავისოს თავსმოხვეული ცრუ კულტურა, გაუძლოს ინფორმაციულ ზეწოლას თუ შეინარჩუნოს წინაპართა ღვაწლით დღემდე მოტანილი ღირებულებები.
ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი