მადლი სულისა წმიდისა გვაძლევს სიხარულს და განახლების ძალას.
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა", - აღავლენს მოძღვარი უფლისადმი ლოცვას დიდმარხვაში. მაგრამ ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს ნათლის მიღებისათვის. დღესაც ყოველი ჩვენგანი მზად უნდა იყოს, მიიღოს მადლი სულისა წმიდისა.
სიხარული - მასზე ოცნებობს მთელი კაცობრიობა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მადლის, სიყვარულისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე სიხარული მიუწვდომელია. მართალია, კაცობრიობა თანდათან მატერიალურად უკეთესად ცხოვრობს, მაგრამ მადლი და სიხარული მუდმივად აკლდება. ბევრჯერ მსმენია ადამიანებისაგან, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, მაგრამ სიხარული არა გვაქვს ოჯახშიო. ეს იმიტომ ხდება, რომ იქ არ არის ჭეშმარიტი რწმენა, არ არის სიყვარული და ამიტომაც არაა სიხარული.
ორჯერ ეუბნება მაცხოვარი მოციქულებს: "მშვიდობა თქვენთანა", მერე კიდევ ერთხელ მიმართავს და ამის შემდეგ შეჰბერავს მათ და ეტყვის: მიიღეთ სული წმიდა!
მოციქულები მზად იყვნენ სულიწმიდის მისაღებად. მაგრამ მზად ვართ თუ არა ჩვენ ამისათვის? ადამიანი რომ იყოს მზად სულიწმიდის მადლის მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოიწესრიგოს თავისი შინაგანი სულიერი სამყარო. მის გულში უნდა დაისადგუროს მშვიდობამ. იქ არ უნდა იყოს არც შური, არც შურისძიება, არც ღვარძლი, არც განკითხვა, მხოლოდ - დიდება და მადლობა უფლისა და, აგრეთვე, "განცდაი თვისთა ცოდვათა". ამ შემთხვევაში ადამიანი მზად არის სულიწმიდის მისაღებად.
ვფიქრობ, რომ ის განსაცდელი, რომელიც ჩვენმა ერმა გამოიარა, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ელოდება დიდი მადლი სულისა წმიდისა და ჩვენი ერი უნდა მოემზადოს მის მისაღებად. თითოეული ჩვენგანი მზად უნდა იყოს, რომ სულიწმიდა გარდამოვიდეს ჩვენზე და დაემკვიდროს ჩვენს შორის!
ღმერთმა ინებოს, რომ მთელი საქართველო აივსოს მადლითა სულისა წმიდისა!
ღმერთმა ინებოს, რომ მადლი სულისა წმიდისა შევიდეს ყოველ ჩვენგანში და გაათბოს ჩვენი გაციებული გულები!
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II