შესაძლოა, გლახაკის გულიც ისე იყოს მიდრეკილი ერთი ლარის მიმართ, როგორც მდიდრისა - მთელი ათასისკენ
როდესაც ფასეულობები იცვლება და ხორციელი სულიერზე მნიშვნელოვანი ხდება, როცა მატერიალური სიკეთის მოსახვეჭად ადამიანი აღარაფერს ერიდება, - იგი ანგარებას ემონება.
წმინდა ამბროსი მედიოლანელის თქმით, ყველა ცოდვა ძველდება ადამიანთან ერთად, მხოლოდ ანგარება ახალგაზრდავდება ყოველდღიურად. წმინდა ნილოს სინელი კი ბრძანებს: "საშინელი ვნებაა ანგარება, ყველაფრის მკადრებელი და ყოვლად უსირცხვილო. თავის მიერ მოპოვებულ სულს ის ბოროტების უფსკრულში იტაცებს. ამიტომ დასაწყისშივე განვაგდოთ ეს ვნება, რადგან თუ გაძლიერდა, დაუმარცხებელი გახდება".გვესაუბრება თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის (ვაკის სასაფლაო) წინამძღვარი დეკანოზი გიორგი (ჯიბუტი).
- მამა გიორგი, რა არის ანგარება?
- სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ანგარება იგივე სიხარბეა, ეს კი სულის ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა გახლავთ. მოციქული გვაფრთხილებს, რომ ამ ცოდვაში მყოფი ადამიანი სასუფეველში ვერ შევა: "სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის... რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, უწმინდურს ან ანგარს... არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში ან ღვთის სასუფეველში" (ეფ. 5:3-5).
- რა და რა სახის ანგარება არსებობს ან რა ცოდვები გამოდის მისგან?
- ყოველი ცოდვა ერთმანეთზეა გადაბმულ-გადაჯაჭვული. ერთი მეორეს შობს. ანგარებიდან იღებს სათავეს ვერცხლისმოყვარეობა - უსამართლოდ და უნამუსოდ ქონების შეძენა; ღადრობა - მოყვასის დაუნდობლობა; ცილისწამება - რისამე დაბრალება ანგარების მიზნით; ტაცება - სხვისი ქონების ძალით მითვისება; კაცის კვლა - ქონების შეძენის მიზნით მკვლელობის ჩადენა; ძმაცვა - რჩევის მიცემა ბოროტი საქმის საკეთებლად; ტყვის სყიდვა - ადამიანის მოტაცება გამოსასყიდის აღების მიზნით; პარვა - სხვისი საკუთრების მალულად აღება ან საზიარო ქონებიდან ზედმეტის ხარჯვა; მოხვეჭა - გამორჩენა ქრთამით ან სხვა უსამართლო ქმედებით; კერპთაყვანისმცემლობა - როცა ადამიანი ივიწყებს ღმერთს და მის მცნებათა დარღვევას არ ერიდება.
- თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე მეტად რა სახის ანგარებაა გავრცელებული?
- ყველაზე უფრო - ვერცხლისმოყვარეობა. ეს ცოდვა დღეს მეტისმეტად გავრცელდა, წმინდა იოანე ოქროპირი კი გვასწავლის, რომ "შეუძლებელია ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც".
- ყოველთვის ანგარებად ითვლება თუ არა ქონების შეძენა?
- ანგარებად არ ჩაითვლება ქონების შეძენა კანონიერი, სამართლიანი გზით, თუნდაც ეს ქონება დიდძალი იყოს, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ადამიანს ბუნებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად სჭირდება. ანგარება არ არის, თუ ადამიანმა ეს ქონება ფიზიკური თუ გონებრივი შრომით, კანონიერი ბიზნესით ან მემკვიდრეობით მიიღო, თუ ის ქონებას არ აგროვებს გადასახადების გადაუხდელობის, საზოგადოების ან ბუნებისათვის ზიანის მიყენების ან სხვების გაკოტრების ხარჯზე. ანტონ ჭყონდიდელის ერთ ქადაგებაში ნათქვამია: "ჰანგაარი შეკრებასა ჰგონებს, გარნა არათუ შეიკრებს - უფროისად განაბნევს. ამისთვის რომ ჰანგაარებით შემკრები ქრისტესაგან შორს არის; და რომელიც ქრისტესაგან შორს არის, მისთვის უფალი იესო ასე ბრძანებს: "რომელი არა შეჰკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს". ჰანგაარი არა შეჰკრებს ქრისტესთანა, არამედ ეშმაკისა თანა, მაშასადამე, არათუ შეიკრებს ჰანგაარი, არამედ განაბნევს". ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც ანგარებით იძენს მატერიალურ დოვლათს, ეშმაკისათვის, ბოროტისთვის და თავის დასასჯელად აგროვებს. ასეთი ქონებით ის სიკეთეს ვერ მიიღებს, ვერც წარმატებას მიაღწევს.
პატიოსანი გზით შეძენილ ქონებას კი ანგარებასთან არაფერი აკავშირებს.
- მაგრამ უფალი ხომ ამბობს, მდიდარი ძნელად შევაო სასუფეველში. როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები?
- სწორედ რომ ძნელად შევაო. ვერ შევაო კი არა, შესვლა გაუჭირდებაო. აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევაო სასუფეველში. მაგრამ უფალი იქვე გვანუგეშებს, რომ კაცისგან შეუძლებელი ღმერთისთვის შესაძლებელია. გარდა ამისა, ნემსის ყუნწში მართლა ნემსის ყუნწს კი არ გულისხმობდა უფალი; ასე რქმევია იერუსალიმის კედლის ერთ-ერთ ჭიშკარს, რომელიც ძალიან დაბალი ყოფილა და აქლემი თუ არ დაიჩოქებდა, სხვაგვარად ვერ გაძვრებოდა მასში. ასე რომ, თუ მდიდარი თავს დაიმდაბლებს, მუხლს მოიდრეკს ღვთის წინაშე, მოწყალე, ქველმოქმედი იქნება, ისიც შეიძლება გახდეს ცათა სასუფევლის მოქალაქე. გავიხსენოთ ძველი აღთქმის მამამთავარი აბრაამი; ის ნივთიერისთვისაც ზრუნავდა, საკმაოდ მდიდარი იყო - მრავალი ცხვარ-ძროხა ჰყავდა, მაგრამ უსამართლოდ და ანგარებით არაფერი ჰქონდა შეძენილი. ვისაც სურს, მატერიალური ქონება შეიძინოს და აბრაამივით ღვთისნიერიც იყოს, ანგარებით არაფერი უნდა მოიხვეჭოს.
ქონების უსამართლო გზით მოხვეჭა ქრისტეს მოწაფეებისათვის უცხოა. ვინც ანგარებით მდიდრდება, მის სიმდიდრეს სიღატაკე სჯობია, რადგანაც ბოროტმოქმედებით გამდიდრებულს საუკუნო ვაება ელის. ბრძანებს უფალი: "ვაი თქვენდა, მდიდარნო, რათა მიგიღებიეს ნუგეშისცემა თქვენი!" თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, ნივთიერზე დიდად რომც არ იზრუნო, უფალი არაფერს მოგაკლებს. ქრისტემ მოციქულებს უბრძანა: "ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვერცხლსა", - მაგრამ რაკი ისინი ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები იყვნენ, არაფერი აკლდათ.
- მეორე უკიდურესობაც არსებობს: ხშირად უფლის სიტყვები, ხვალინდელი დღისათვის ნუ იზრუნებთო, ისე ესმით, თითქოს ადამიანმა მატერიალურზე საერთოდ არ უნდა იფიქროს. როგორი დამოკიდებულება გვმართებს მომავლის მიმართ?
- წმინდა მამების განმარტებით, სახარების ეს ადგილი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი საზრუნავი მატერიალური შენაძენის, ქონების დაგროვება არ უნდა იყოს. სახარებაში ასეთი იგავიც არის: მდიდარი დიდძალ მოსავალს აიღებს და მის დასაბინავებლად დიდი ბეღლების აშენებას განიზრახავს, - მერე დავჯდები, გავიხარებ, ვჭამ და ვსვამო. უფალი კი ეტყვის: ამაღამვე მიიღებენ შენს სულს და ვის დარჩებაო შენი ქონება? მაგრამ, მეორე მხრივ, ზრუნვა ოჯახზე, მუშაობა, რათა საარსებო წყარო გვქონდეს, სახარებას, ქრისტეს მცნებებს სრულებით არ ეწინააღმდეგება. ადამიანმა თავისი შრომით უნდა მიიღოს ის მატერიალური სახსარი, რაც სჭირდება, მაგრამ ცხოვრების მთავარი მიზანი ცათა სასუფევლის დამკვიდრება უნდა იყოს და არა ქონების დაგროვება.
ერთიც უნდა ვთქვათ: ანგარებით მხოლოდ მდიდრები როდი არიან შეპყრობილები; ეს ცოდვა მატერიალურად შეჭირვებულ ადამიანებშიც ხშირია. როგორც წმინდა ამბა ევაგრე ამბობს: შესაძლოა, გლახაკის გულიც ისე იყოს მიდრეკილი ერთი ლარის მიმართ, როგორც მდიდრისა - მთელი ათასისკენ.
- მაღალი თანამდებობისთვის ბრძოლა, არსებითად, ქონების მოსახვეჭად ბრძოლაც არის. კარიერაზე ზრუნვა ანგარების ცოდვას ხომ არ უახლოვდება?
- სახელისა და სიმდიდრის მოხვეჭა მიწიერად, არაეკლესიურად მცხოვრები ადამიანის მიზანია. ზოგს შეიძლება თანამდებობის მიღება სწორედ იმისთვის სურდეს, რომ სხვაზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს, ზოგისთვის კი მიზეზი შეიძლება ამპარტავნება იყოს.
ბასილი დიდი ამბობს: "ჯოჯოხეთი არ იტყვის, მეყოფაო და ანგარებიანიც არასდროს ამბობს: საკმარისია!". ანგარებით შეპყრობილი ბევრს შრომობს, მაგრამ მის ჯაფას უფლის თვალში დიდი ფასი არ აქვს, რადგან ის ანგარებით ან ამპარტავნებით საზრდოობს.
- როცა გამორჩენის მიზნით ეპირფერები ვინმეს, თუნდაც საკუთარ უფროსს, ეს თუა ანგარება?
- თუ ადამიანი გამორჩენის მიზნით მლიქვნელობს, ეს, რა თქმა უნდა, ანგარებად ჩაეთვლება.
- მამაო, ცხადია, ქრთამის აღება ანგარებაა. ქრთამის მიცემა თუა ანგარება?
- გააჩნია, რა შემთხვევაში. ქრთამის აღება რომ ანგარებაა, აქ საკამათო ნამდვილად არაფერია, მაგრამ ქრთამის მიცემაც ხშირად ანგარებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს სურს, ჩინოვნიკმა, თანამდებობის პირმა მის სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანოს.
სხვა შემთხვევაა, როცა მოქალაქეს სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აიძულებენ ქრთამის მიცემას, თანხის გამოძალვის მიზნით აფერხებენ მის სასარგებლო განაჩენს, თუმცა კანონიერად ეკუთვნის. ასეთ შემთხვევაში, როცა ადამიანი კანონიერი გზით ვერაფერს ხდება და სხვა გზა არ რჩება, ქრთამის მიცემა ანგარებად არ ჩაეთვლება.
ანგარების ერთ-ერთი სახეა მევახშეობა. დღევანდელ საზოგადოებაში ეს ცოდვა ფართოდ არის გავრცელებული. გაზეთები აჭრელებულია განცხადებებით: "გავასესხებ თანხას ამდენ და ამდენ პროცენტად, ბინის ან სხვა ქონების მყარი გარანტიით". უამრავი ბინა იყიდება და ვინ იცის, რამდენი - მხოლოდ იმიტომ, რომ გარანტიაშია ჩადებული.
- რატომ ითვლება მევახშეობა ცოდვად?
- საღვთო წერილი გვასწავლის: "ნუ აიღებ მისგან (მოყვასისგან) სარგებელს და ვახშს, შენი ღვთისა გეშინოდეს" (ლევ. 25:36). აქედან გამომდინარე, სჯულის კანონიც კრძალავს მევახშეობას: მრავალნი "ანგაჰარებისა და სარგებლის შეძინებისა სურვილითა დაივიწყებენ სიტყუასა მას საღმრთოისა წერილისა, რომელი იტყვის, ვითარმედ: "ვერცხლი მისი არა მისცა აღდგინებად, არამედ ვახშსაც მიჰხდიან მოსესხეთა თვისთა", ჯერ-იჩინა წმიდამან და დიდმან კრებამან, რაითა ვინცა ვინ იპოოს შემდგომად საზღვრისა ამისა მიმღებელად ვახშისა ვასხებისა მიერ, ...განიკვეთოს" (I მსოფლიო კრების მე-17 კანონი). ამგვარად, ასეთი ცოდვის ჩამდენნი ეკლესიიდან იკვეთებოდენ. დღეს კი მევახშეობა ჩვეულებრივ საქმიანობად იქცა. მიმოიხედეთ, ამ ცოდვამ რამდენი ხალხი გააუბედურა: დაინგრა ოჯახები, მოვალეები მევალეებს საზღვარგარეთ ემალებიან, მრავალი უსახლკაროდ დარჩა და თვითმკვლელობამდეც არაერთი მივიდა.
ანგარების გამოვლენაა აზარტული თამაშებიც კაზინოებსა თუ ტოტალიზატორებში, რომლებსაც განსაკუთრებით ახალგაზრდები ეტანებიან. სამორინეში მიდიან იმისთვის, რომ მოიგონ ფული, რომელიც არ ეკუთვნით, არ არის მათი შრომის საზღაური, არამედ თამაშით, უშრომლად იღებენ. მოიგებენ თუ წააგებენ, მაინც ცოდვაში ცვივიან, რადგანაც ერთ შემთხვევაში ვინც აგებს, მას ართმევენ, მეორეში კი საკუთარ ოჯახსა და ახლობლებს აცლიან ხელიდან.
- ზოგჯერ დახმარების თხოვნაც ხომ არ არის ანგარება?
- არ არის ანგარება, როცა გიჭირს და ითხოვ, მაგრამ ანგარებაა, თუ ვინმესგან იძულებით ცდილობ რამის მიღებას, მით უფრო, როცა იმ ადამიანს, ვისგანაც ითხოვ, საარსებო საშუალება ნაკლები აქვს.
ანგარების კიდევ ერთ გამოვლინებას მინდა მივაქციო ყურადღება. ბოლო დროს კერძო პირებისა თუ ორგანიზაციების მატერიალური შენაწირით საქართველოს ყველა კუთხეში შენდება ეკლესიები. აბსოლუტური უმრავლესობა ამას უანგაროდ აკეთებს. აშენებულ ტაძარს გადასცემენ საპატრიარქოს და მრევლის რიგითი წევრები ხდებიან. სამწუხაროდ, არის ზოგიერთი გამონაკლისი, რაც ძალიან მტკივნეულია ეკლესიისთვის: პიროვნება, რომელიც ორგანიზებას უწევს ტაძრის მშენებლობას, მოიძიებს სპონსორებს, მშენებლებს და სხვა, ტაძრის დასრულების შემდეგ ვერ ელევა მას და ცდილობს, მისი "დირექტორი" გახდეს, ერევა საღვთისმეტყველო საქმეებში, ეკლესიის ფინანსურ-სამეურნეო საკითხებში, სურვილი აქვს, ტაძართან "ოფისი" მოიწყოს.
ასეთი ადამიანები ტაძრებს იმიტომ აშენებენ, რომ შემდეგ მისი შემოსავლით იხეირონ, მათ განკარგულებაში იყოს სანთლის საფასური თუ ტაძრის სხვა მოგება. სხვას რომ აღარ გამოვეკიდოთ, იმაზეც არ ფიქრობენ, რომ ეკლესია ხალხის ფულით აშენდა.
- როდესაც ანგარების სახეებზე ვსაუბრობდით, თქვენ ტაცებაც ახსენეთ, დღეს ხშირად გვესმის სიტყვა "ტრეფიკინგი"...
- კლასიკური გაგებით მონათმფლობელობა დღეს აღარსად არის, მაგრამ თვით განვითარებულ ქვეყნებშიც ვხვდებით ადამიანთა დამონების ფაქტებს, ტრეფიკინგს რომ ეძახიან. ესეც ანგარების მიზნით ხდება. ადამიანის უფლებებს ლახავენ და მას შრომის იარაღად იყენებენ. მონობისა და ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგ ეკლესია ყოველთვის ხმას იმაღლებდა. საზოგადოება განვითარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი საზარელი ფაქტები კვლავაც გვხვდება.
- როგორ გავუმკლავდეთ ანგარებას?
- ანგარების ცოდვის ძირითურთ აღმომფხვრელი და განმაქარვებელია მოწყალება, ქველმოქმედება, რაც გამოიხატება შეჭირვებულთა მატერიალური ან სულიერი დახმარებითა და მხარდაჭერით, მოწყალებით, შეწირულობით, სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებათა და საზოგადოებათა დაარსებით. ამ მადლიანი საქმიდან გამოდის: მშიერთჭმევა - ღარიბ-ღატაკთათვის საზრდოს მიცემა და კეთილი სიტყვით ნუგეშისცემა; მწყურვალთსმევა - წყლისა და ყოველივე იმის გამეტება ადამიანისთვის, რაც მას არგებს; ობოლთზრდა - ობლის აყვანა, გაზრდა, მისთვის ღვთის მცნებისა და სჯულის სწავლება; ავადმყოფის მოვლა - ავადმყოფზე ზრუნვა, მისთვის ხელის გამართვა (აქვე ვიტყვი, რომ განსაკუთრებით დიდი მადლია სულით ავადმყოფის მოვლა); შიშველთშემოსვა - ღატაკისთვის ტანსაცმლის ან ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთის მიცემა; პყრობილთნახვა - პატიმართა მონახულება, სიტყვით ნუგეშისცემა, მოთმინების სწავლება, მოწყალების მიცემა; უცხოთშეწყნარება - უცხო მგზავრის შინ შეყვანა, გამასპინძლება და სულიერად დასვენება; ტყვეთა ხსნა - ტყვეობიდან გამოსასყიდის გადახდა ან ვალის დაფარვა. დიდად მადლიანი საქმეა ასევე ლოცვა მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც.
- დღეს მატერიალურად ბევრს უჭირს. მოწყალებას არ გასცემენ - მე რა მაქვს, შენ რა მოგცეო. რა უნდა ქნას ხელმოკლე ადამიანმა, რომ მოწყალების მადლიან საქმეს არ მოაკლდეს?
- იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ მოწყალების გარეშე ცათა სასუფევლის კართანაც კი ვერ მივალთ, ამიტომ ყველანაირად უნდა დავეშუროთ მოწყალების საქმეს. მოწყალების გაცემა ღარიბსაც შეუძლია, რადგანაც მოწყალების რაოდენობა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ წრფელი გულით გაიღო იმდენი, რამდენიც შეგიძლია. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: არ უწილადო ღატაკებს იქიდან, რაც მოგჭარბებია, სხვისი ქონების მითვისებას ნიშნავს. მოწყალებიდანაც კი შეგვიძლია მოწყალების გაცემა. წმინდანთა ცხოვრებაში ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ქველმოქმედების საშუალებები და ხერხები ამოუწურავია. თუ არ გვაქვს მატერიალური საშუალება, შევეწიოთ ლოცვით, ნუგეშისცემით და სხვა. თუ კაცს მოწყალების გაღების საშუალება მიეცა, ეს ღვთის წყალობაა, განსაკუთრებით - შეძლებული ადამიანისთვის, რადგანაც ამით სასუფეველს უახლოვდებიან. კვლავ იოანე ოქროპირს დავესესხოთ - მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ, ღმერთი კი მათ - ცხონების საშუალებას.
- ზოგჯერ ადამიანი სიკეთეს მხოლოდ იმისთვის სჩადის, რომ სასუფეველი მოიპოვოს, თავს აიძულებს, მოწყალება გასცეს. ეს მდგომარეობა ანგარებას ხომ არ ემსგავსება, ოღონდაც მიზანი მატერიალური ქონების ნაცვლად სასუფეველია?
- როცა მოწყალებას გავცემთ, ამით სხვა ადამიანს ვასარგებლებთ, ვეხმარებით, ვისაც ნამდვილად უჭირს. ანგარების დროს კი ყველა აგებს და მხოლოდ ანგარი იგებს. ასე რომ, საკუთარ თავზე იძულების გზით ჩადენილი სიკეთე ანგარებად არ შეიძლება ჩაითვალოს. თუკი რაიმე გვაიძულებს, კეთილი საქმე ჩავიდინოთ, ეს "რაღაც" კარგი ყოფილა. წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, გავიღოთ მოწყალება, რათა ღვთისაგან უკან მივიღოთ იგი. ასე რომ, სასუფევლის სურვილით მოწყალების გაცემა ცოდვა არ არის.
- ზოგჯერ ადამიანი ქველმოქმედებას ეწევა და საკუთარი საქციელით ფრთაშესხმული ამის შესახებ დიდი აღფრთოვანებით საუბრობს.
- უფალი კი ბრძანებს: "შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა" (მათე 6:2-4). წმინდა მამებიც იმავეს გვასწავლიან: როცა მოწყალებას გავცემთ, ნუ გავახმაურებთ - "სიტყვას ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ წყალობას გამოიჩენ, მაგრამ ჩუმად ნუ იქნები, როდესაც სხვები გიკეთებენ სიკეთეს".
მოწყალების გაცემით ადამიანი არ უნდა ამაყობდეს, ამპარტავნებაში არ უნდა ჩავარდეს, ამ საქმით საკუთარ თავს რეკლამა არ უნდა გაუწიოს. ღმერთმა ყველაფერი იცის, ვინ რა გააკეთა, ცაში ყველაფერი აღნუსხულია და გაცხადდება მეორედ მოსვლის ჟამს. მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა თავად იღებ მოწყალებას, მადლიერება უნდა გამოხატო. უნდა მადლობდე ჯერ ღმერთს და შემდეგ იმ ადამიანს, ვინც მოწყალება გაიღო.
- რაკიღა მოწყალების მიმღებიც ვახსენეთ, რამდენად მძიმე ჯვარია მოწყალების თხოვნა?
- ალბათ, ძალიან ძნელია, მაგრამ ცალკე საკითხია, რისთვის დაისაჯა ადამიანი, ასე რომ მათხოვრობს. თავისი გაჭირვების მიზეზად ადამიანს საუთარი ცოდვები უნდა მიაჩნდეს.
- კვლავ გაცემას დავუბრუნდეთ. ისეც ხდება, ადამიანს მოწყალებას აძლევენ და თან აყვედრიან. რამდენად გამართლებულია ასეთი საქციელი?
- ქრისტიანმა არ უნდა დააყვედროს მას, ვისაც მოწყალებას აძლევს. თუ ვინმეს ღვთის სახელით მისცემს მოწყალებას, ნუღარც დააყვედრის. დამყვედრებელი თითქოს ერთი ხელით აძლევს, მეორით კი უკან ართმევს. მხოლოდ ის მოწყალებაა ჭეშმარიტი, რომელიც სიხარულით გაიცემა.
- ზოგჯერ მოწყალების გამღები დიდ უმადურობას აწყდება მათი მხრიდან, ვისაც სიკეთეს უკეთებს და გული სწყდება. რა ვქნათ, ვაძლიოთ თუ არა მოწყალება უმადურ ადამიანს?
- არაფერია უმადურობაზე უსაძაგლესი. უმადური სხვისი ქონების მიმტაცებელს ჰგავს. მაგრამ უმადურობასთან შეხვედრამ არ უნდა შეგვაჩეროს, მოწყალების გაცემისაგან არ დაგვაბრკოლოს. თავად უფლის მიმართ გამოიჩინეს უმადურობა მრავალგზის. გავიხსენოთ ათი კეთროვნის განკურნება - მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლობის სათქმელად.
- თქვენ ბრძანეთ, მრავალი ეკლესია შენდებაო, მადლობა უფალს ამისათვის, მაგრამ ისიც გვსმენია, ამ ადამიანის გაღებულს ღმერთი როგორ შეიწირავსო. ერთნაირად სათნოა თუ არა ღვთის თვალში პატიოსანი შრომით შეძენილი და უსამართლო გზით მოპოვებული ქონებიდან გაღებული მოწყალება?
- ზოგჯერ ადამიანები მოწყალებას არიგებენ, მაგრამ სხვებისგან წართმეული ფულით და ჰგონიათ, მოწყალება გაიღეს. უსამართლოდ, უკანონოდ, ბოროტმოქმედებით შეძენილი ქონებიდან გაღებულ მოწყალებას ღმერთი არ შეიწირავს. იოანე ოქროპირი წერს: "ჯერ ტაცებას დაანებე თავი, შემდეგ კი მოწყალება დაიწყე. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი", - ხოლო წმინდა ნილოს სინელი ამბობს: "ბრმაა მოწყალების გამღები, თუ ის უსამართლოა; ამუშავებს ყანას, საიდანაც მოსავლის აღება არ შეუძლია". ეს ისე უნდა გავიგოთ, რომ მოწყალების სანაცვლოდ კაცი ღვთისგან ვერაფერს მიიღებს, თუ ეს ქონება უპატიოსნო გზით აქვს შეძენილი.
ქველმოქმედებასთან დაკავშირებით ერთ რამესაც ვიტყვი: მიუხედავად განვლილი მძიმე პერიოდისა, საქართველოს ეკლესია ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. გვაქვს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები, ბავშვთა სახლები, სამშობიარო სახლები, პოლიკლინიკები, უფასო სასადილოები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები. ყოველი ცალკეული სამრევლო ეკლესია და მონასტერიც ეწევა ქველმოქმედებას, მათთან მრავალი გაჭირვებული მიდის დახმარების მისაღებად.
საუბრის დასასრულს კი უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სიტყვებს მოვიხმობ: "როცა ჩვენ დახმარებაზე უარს ვეუბნებით გაჭირვებულს, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს თვითონ უფალს ვეუბნებით უარს".
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი