სიცრუე, ტყუილის თქმა რომ არაღვთივსათნო საქმეა, ამის ახსნა არც ერთ მართლმორწმუნე ქრისტიანს არ სჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ტყუილის თქმა თითქმის ყველა ადამიანს სჩვევია.
არადა, სიცრუემ ახმევინა აკრძალული ხის ნაყოფი პირველ ადამიანებს და განიდევნენ კიდეც სამოთხიდან. ბოროტმა სულმა ხომ სწორედ სიცრუით მოახერხა პირველმშობელთა ცდუნება, როდესაც გველის სახით გამოეცხადა ევას და უთხრა: - რისთვის გიბრძანათ ღმერთმა, არ ჭამოთ არავითარი ხის ნაყოფიო? ჩვენ შეგვიძლია, ერთის გარდა ყველა ხის ნაყოფი ვჭამოთ; აკრძალული გვაქვს ჭამა ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, და თუ ვჭამეთ, დავიხოცებითო, - მიუგო ევამ. გველ-ეშმაკი სრულიად საპირისპიროს ეუბნება: - არა, თქვენ არ დაიხოცებით; არამედ იქნებით, როგორც ღმერთი, კეთილისა და ბოროტის მცოდნენიო. ატყუებს და ამ სიცრუით ახერხებს კიდეც მათ ცდუნებას - ევამ გველ-ეშმაკის ნათქვამი სიცრუე მიიღო, მის ნებას დაჰყვა და იხმია აკრძალული ხის ნაყოფი. შემდეგ ადამს მისცა და მანაც ჭამა. ეს იყო დედამიწაზე პირველი ტყუილი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა - წმინდა წერილიდან ვიცით, თუ რა შედეგები მოჰყვა ბოროტის შეთავაზებული სიცრუის მიღებას და პირველ შეცოდებას.
გვესაუბრება ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა კირიონ მუშკუდიანი.
- ყოველგვარი სიკეთის სათავე არის უფალი. სიკეთის ერთ-ერთი სახეა სიმართლე, მაგრამ ღვთისაგან წარმომავალ ნებისმიერ სიკეთეს უპირისპირდება ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმე - უკეთურება. სიმართლის ანტისახე, ანტიგამოვლინება კი არის სიცრუე, ტყუილი, რომლის შემოქმედიც, ისევე როგორც ნებისმიერი ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმისა, ბოროტი სული - ეშმაკია, მისგან გამომდინარე ყველაფერი ხომ სიცრუესა და ტყუილზეა აგებული, რადგან თვითონ ეშმაკია ცრუ და ანტისიკეთე. ამიტომაც უწოდებს მაცხოვარი ბოროტ სულს "სიცრუის მამას" იუდეველთა მიმართ ნათქვამით: "რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა; თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუ არის იგი და სიცრუის მამაა" (იოანე, 8,43-44).
რადგან სიცრუე ეწინააღმდეგება უფლის ნებას, ცხადია, ტყუილის თქმას ადამიანს ეშმაკი სთავაზობს და თუკი ის მიიღებს ბოროტი სულის შეთავაზებას ანუ იცრუებს, გამოდის, რომ ეშმაკის ნებას დაჰყვება, ეს კი ცოდვისმქმნელობაა. ღვთის ნების წინააღმდეგობა ხომ ცოდვად ითვლება. დავით ფსალმუნთმგალობელი სულიწმინდის კარნახით ბრძანებს სიცრუის შესახებ: "რომელი იტყოდეს სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თვალთა ჩემთა" (ფს. 5,7), და კიდევ: "წარსწყმიდნენ შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუესა..." წმინდა პავლე მოციქული კი გვაუწყებს: "ვინც ცრუობს, მამამისი არის ეშმაკი, რამეთუ მან პირველმა იცრუა".
- ეკლესიური მოძღვრებით, ადამიანს ღვთისგან ბოძებული აქვს თავისუფალი ნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია ღვთის ნებას დაჰყვეს ან, პირიქით, არ მიიღოს იგი და ბოროტი სულის ნების შესაბამისად იმოქმედოს. სამწუხაროდ, ადამიანები უფრო ხშირად ეშმაკის სასარგებლოდ მოქმედებენ. დიდი ნაწილი ყოველდღიურად პირფერობს და ცრუობს. როგორ ახერხებს ბოროტი სული მის დაყოლიებას?
- ეს იმის გამო ხდება, რომ ქვეყანა დგას ბოროტსა ზედა. ადამიანებს კი პირველმშობლებისგან მემკვიდრეობად გვერგო ცოდვისკენ მიდრეკილება. ჩვენში სახიერებას ცოდვა სჭარბობს. ამიტომაც ადამიანი ხშირად ეცემა ცოდვით, ხოლო როგორც წმინდა წერილი გვაუწყებს, ვინც სცოდავს, ის ცოდვის მონაა. სწორედ ცოდვის მონობის, ჩვენივე ცოდვების შედეგად ვუმორჩილებთ ჩვენს თავისუფალ ნებას ეშმაკის ნებას. ცოდვისმქმნელობის გამო მოიპოვა კიდეც ბოროტმა სულმა ძალაუფლება ადამიანზე. ადამიანის ბუნება არის სუსტი. მას აქვს სხეული და აქვს გრძნობები. ეს გრძნობები არის ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრებისა, მისი ბატონი კი ეშმაკია. აქედან გამომდინარე, ამ ძალაუფლების გამო ეშმაკს აქვს ამ გრძნობების შედეგად ადამიანის გონებაზე მოქმედების უფლება და საშუალებები, მაგრამ თუ ადამიანში ჭარბობს სახიერება, უფრო უფლისკენ მიილტვის, შესაბამისად, ნაკლებად დაჰყვება ეშმაკის ნებას.
- მაგრამ ადამიანზე უკეთური სულის მიშვებაც ხომ ღვთის დაშვებით ხდება...
- უფალი იმიტომ მიუშვებს ხოლმე ადამიანზე ეშმაკს, რომ ბოროტ სულთან ბრძოლაში ადამიანი ძლიერდება და ცხონდება - რადგან ადამი სწორედ ეშმაკმა დაღუპა თავისი შეგონებით, ამიტომ ეშმაკთან ბრძოლითვე უნდა დაუბრუნდეს ადამის მოდგმა - ადამიანები - პირველი ადამის საწყისს - ე.ი. გახდეს ისეთი, როგორიც იყო ცოდვით დაცემამდე, რათა დაემკვიდროს სამოთხეში. სამოთხეში დამკვიდრების უფლებას კი ადამიანი სწორედ ეშმაკთან ბრძოლაში გამარჯვების ნიშნად მიიღებს. ბოროტ სულთან ბრძოლის დროს ადამიანი იმ ქრისტიანულ სათნოებებში მტკიცდება, რომელთა მეშვეობითაც მოვიპოვებთ სულის ცხონებას. ადამიანის იარაღი ეშმაკის წინააღმდეგ საბრძოლველად ხომ უფლისაგან მოცემული მცნებებისა და წეს-კანონების დაცვა-აღსრულებაა, ამიტომ, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, "შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შევძლოთ წინ აღვუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას". საჭურვლად კი უნდა გამოვიყენოთ ლოცვა, პირჯვრის გამოსახვა და მარხულობა - დამარხვება ბოროტ ზრახვათა და ვნებათა.
- მართალია, ეშმაკი სიცრუის მამაა, მაგრამ ხშირად ტყუილში ხომ სიმართლეს, ჭეშმარიტებას ურევს, ამიტომ ადამიანებს უჭირთ ამ ნახევრადსიმართლის მიღმა ბოროტი სულის მუხანათობა და სიცრუე დაინახონ...
- წმინდა მამები, რომლებმაც ზედმიწევნით შეისწავლეს ეშმაკის ხრიკები, ბრძანებენ, რომ ბოროტი სული არასოდეს პირდაპირ არ მიდის ადამიანთან და არ სთავაზობს ცოდვის ჩადენას. ყოველთვის შენიღბული მიდის. თუკი ადამიანი ეშმაკს თავისი ნამდვილი სახით - რქებით და ჩლიქებით დაინახავს და პირდაპირ მოისმენს მის მზაკვარ, უკეთურ აზრებს, შეიცნობს კიდეც და განდევნის, ამიტომ უნდა მოვიდეს ლამაზად, კეთილი სახით - მიიღოს უფლის ანგელოზის ან რომელიმე წმინდანის სახე და სიცრუეში სიმართლეც გაურიოს, რათა მოახერხოს ადამიანის მოტყუება. ამ გზით ბოროტ სულს ღვთის გზაზე შემდგარი ადამიანებიც კი უცდუნებია.
- მწვალებლური - არამართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობებიც ხომ ბოროტი სულისგან მომდინარე სიცრუისა და ტყუილის შედეგად გაჩნდა...
- როგორც ადამიანს გააჩნია ერთი სახე, ერთი წარმომავლობა, ერთი შინაგანი სამყარო და ყველაფერი ერთი, ასევე ერთია ღმერთი, რომელსაც გააჩნია ერთი მრწამსი, ერთი მიმდინარეობა, ერთი რელიგია და ეს ერთი ჭეშმარიტი, ღვთისაგან მომდინარე რელიგია არის მართლმადიდებლობა, რომლის სწავლა-მოძღვრება სულიწმინდისმიერ სწავლებაზეა აგებული და დაფუძნებული, მასში არაფერი გვხვდება ჩვეულებრივ მოკვდავთა ნააზრევი და შეთხზული. ვინც მართლმადიდებლობასთანაა შეერთებული, ანუ იმყოფება მართლმადიდებლური ეკლესიის, კრებულის წიაღში, არის ჭეშმარიტებაში. "ყველა მწვალებლობას საკუთარი გამონაგონის მამად ჰყავს იმთავითვე დაცემული, კაცისმკვლელად ქცეული მატყუარი ეშმაკი და რცხვენია რა ბოროტის საძულველი სახელის წარმოჩენა, თვალთმაქცურად ირქმევს მაცხოვრის სახელს - უმშვენიერესს და ყველაზე აღმატებულს; კრებს წმინდა წერილიდან გამონათქვამებს, სიტყვებს წარმოთქვამს, ჭეშმარიტ აზრს კი მალავს; ფარავს რა ერთგვარი მზაკვრობით თავის გამონაგონს, ღუპავს ცდუნებულ ადამიანებს", - ბრძანებს წმინდა ათანასე დიდი (ალექსანდრიელი). სწორედ ეშმაკის შთაგონებით ცდუნებულმა ცალკეულმა პიროვნებებმა, ისევ და ისევ ბოროტი სულის კარნახით, შეიმუშავეს ცრუ სწავლა-მოძღვრებები, გამოეყვნენ დედაეკლესიას და ცრუ ეკლესიებად ჩამოყალიბდნენ. ჰყავთ ცრუ მოძღვარი და მის მიერ შეთხზულ ცრუ სწავლებას იზიარებენ. სიცრუე კი ადამიანის სულს ვერ აცხონებს.
- მართალია, ტყუილის თქმა ცოდვად ითვლება, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ზოგჯერ სამშობლოს გადასარჩენად ღვთის წინაშე მართალი ცხოვრებით მცხოვრებთაც უხდებოდათ ტყუილის თქმა. გავიხსენოთ თუნდაც თევდორე მღვდლის მაგალითი...
- როდესაც ადამიანი სიცრუეს სამშობლოს გადასარჩენად და მტრის დასამარცხებლად მიმართავს, ეს მას ცოდვად არ შეერაცხება. ასევე არ სცოდავს ადამიანი იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე მოყვასის გადარჩენას ეხება - დავუშვათ, ვინმეს მოსაკლავად მისდევენ და დავმალავთ, რომ შევხვდით. ფორმით ტყუილი ხომ არსით ყოველთვის ტყუილი არ არის.
შესაძლოა ადამიანმა დადოს ფიცი, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას და მისი აღსრულების შემთხვევაში ზიანი მიადგება მოყვასსაც და მასაც, ამიტომ ასეთი ფიცის შესრულებაც მძიმე ცოდვაში ჩაგვაგდებს, ისევე, როგორც სალომეასთვის მიცემული ფიცის შესრულებით შესცოდა გალილეის მმართველმა ჰეროდე აგრიპამ, მან ხომ სწორედ ჰეროდიადას ასულის წინაშე დადებული ფიცის გამო მოჰკვეთა თავი წმინდა იოანე ნათლისმცემელს. ამდენად, მსგავს შემთხვევაშიც უმჯობესია მოვიტყუოთ და ღვთისა და მოყვასის საზიანოდ დადებული ფიცი გავტეხოთ.
- ზოგჯერ ადამიანი სასჯელის თავიდან ასარიდებლად ცრუობს...
- თუკი სასჯელი გვერგება, უნდა მივიღოთ კიდეც. სასჯელი ღვთის წყალობაა, ისევ და ისევ ჩვენი ცხონებისთვის მოვლენილი. განკაცებულმა უფალმა დაუმსახურებლად მიიღო სასჯელი, იცოდა, რომ დაისჯებოდა, მაგრამ არ განრიდებია. მაცხოვარი რომ სასჯელს გაქცეოდა, ჩვენი ხსნაც არ მოხდებოდა. ასევე ვერ იხსნის სულს ადამიანი, თუკი ის სასჯელს გაურბის, ტყუის, დასჯას რომ გაექცეს. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სასჯელი გადარჩენის დედაა, მას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სარეველების ამოძირკვას. ცხადია, სასჯელის სახე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთის ნებას.
- როდესაც სიცრუის შესახებ ვსაუბრობთ, უთუოდ უნდა ვახსენოთ პირფერობა, ესეც ხომ სიცრუის ერთ-ერთი სახეა...
- პირფერობას ეკლესიურად მაამებლობა ეწოდება. მაამებლობა ადამიანს წარმოაჩენს ისეთს, როგორიც სინამდვილეში არ არის. ადამიანი როდესაც ცდილობს ვინმეს მიეპირფეროს, აამოს, ნამდვილ სახეს მალავს. მაამებლობაც ეშმაკისგან მომდინარეობს.
როგორც მოგახსენეთ, უფალმა იესო ქრისტემ მრავალი იარაღი მოგვცა ბოროტი სულის წინააღმდეგ, უპირველესად ეს არის პირჯვრის გამოსახვა, ლოცვით უფლის სასჯელის მოხმობა და მარხვა, მარხვა ხომ ენის და გონების დამარხვებასაც გულისხმობს, ამიტომ როდესაც სიცრუის თქმისა და პირმოთნეობის სურვილი გაგვიჩნდება, უპირველესად, პირჯვრის გამოსახვითა და უფლის სახელის მოხმობით შევებრძოლოთ ჩვენს სიახლოვეს მყოფ ეშმაკს, ვეცადოთ მარხულობა დავუწესოთ ენას. და, რაც მთავარია, სიცრუისა და მაამებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც არის; როგორც მაცხოვარი გვიბრძანებს, იყოს ჩვენი სიტყვა "ჰო - ჰო და არა - არა". ვისწავლოთ საკუთარ თავზე სიმართლის თქმა და მოსმენა.
საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. სიტყვის უდიდეს ძალასა და მნიშვნელობაზე მიანიშნებს მაცხოვარი, როდესაც ბრძანებს: "სიტყვათაგან შენთა განმართლდე და სიტყვათაგან შენთა დაისაჯოო", ამიტომ ადამიანს თითოეული სიტყვის წარმოთქმისას სიფრთხილე და დაფიქრება მართებს. ჩვენ მიერ წარმოთქმული არც ერთი სიტყვა არ იკარგება უკვალოდ. შესაბამისად, უკვალოდ არ ქრება ადამიანის მიერ ნათქვამი არც ერთი ტყუილი და მაამებლური სიტყვა. ტყუილსაც ხომ სიტყვით წარმოვთქვამთ: "ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანიაო," - ბრძანებს წმინდა იაკობ მოციქული. იმ ოცდაერთ საზვერეთაგან, რომლებიც ადამიანის სულმა გარდაცვალების შემდეგ უნდა გაიაროს, სწორედ სიცრუის საზვერეზე მოეკითხება გულწრფელად მოუნანიებელი ყველა ტყუილი და ცრუ ქმედება.
- როგორც ყოველგვარ ვნებაში, ასევე სიცრუეშიც სხვადასხვაგვარი სიმძიმის ბოროტება არსებობს. სხვაგვარად განისჯება იგი, ვინც სასჯელის შიშით ცრუობს და სხვაგვარად, რომელიც უმიზეზოდ ტყუის. არიან ისეთებიც, რომლებიც საოხუნჯოდ ტყუიან. ზოგიერთი იმისთვის ტყუის, რომ მოყვასს მახე დაუგოს და ბოროტი მიაგოს, - ბრძანებს ერთ-ერთი წმინდა მამა. მაინც რა სახის სიცრუეა ხარისხობრივად ყველაზე მძიმე?
- ყველაზე მძიმე სახის სიცრუე არამართლმადიდებლურ რელიგიურ მიმდინარეობათა სწავლა-მოძღვრებებში გვხვდება, შესაბამისად, მათთან თანაზიარებით, მიმდევრობით ადამიანი ყველაზე მძიმე სახის სიცრუის ცოდვაში ვარდება. თუმცა გულწრფელი მოუნანიებლობის შემთხვევაში ადამიანის სულს ნებისმიერი სახის სიცრუე დაღუპავს (გარდა იმ შემთხვევებისა, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ). შესაძლოა ადამიანს სიცოცხლე მცირე ზომის ქვამაც მოუსწრაფოს და ლოდმაც, ასევე შეიძლება ერთნაირად დაგვღუპოს ერთი შეხედვით უწყინარმა, მსუბუქმა და მძიმე ტყუილმაც - ალბათ ადამიანი, ისევე როგორც ნებისმიერი სახის ცოდვითმქმნელობის, სიცრუისმოყვარეობის გამოც მოიწევს უფლის საჯელს საკუთარ თავზე ჯერ კიდევ მიწიერი ცხოვრების ჟამს.
- უფალი ყველა ადამიანის გულთამხილველია. ის ყოველთვის იმ სახის სასჯელს მიაგებს ადამიანს, რომლის მეშვეობითაც უფრო ადვილად დააღწევს თავს ამა თუ იმ ცოდვას თუ ცოდვილ მიდრეკილებას.
- სიცრუის საპირისპირო სათნოება სიმართლეა, ამიტომ ადამიანი ყოველთვის უნდა ისწრაფოდეს მართალი ცხოვრებისა და მართალი სიტყვისაკენ, მაგრამ ზოგჯერ სიმართლეც გვექცევა ხოლმე დამაბრკოლებელ მიზეზად - სიმართლე ხომ ხშირად ისარივით ხვდება ადამიანის გულს და ბოროტ ვნებებს აღუძრავს - სიძულვილის, შურისძიების და მტრობის სურვილს; სიმართლის თქმა ამხელს სინდისს, რომელიც უფლის ხმაა ადამიანში და ვერ უძლებს სინდისის ქენჯნით გამოწვეულ ტკივილს. ზოგჯერ სიმართლე არ არის სიყვარულით ნათქვამი, ამიტომაც აბოროტებს ადამიანს, თუკი ის არ დგას სათანადო სულიერ სიმაღლეზე. მოყვასი ყოველთვის სიყვარულით უნდა ვამხილოთ, რათა თვალი ავუხილოთ და სწორ გზაზე დავაყენოთ. სიმართლის თქმის უპირველესი მიზანი ხომ სწორედ ეს არის. თუკი ბოროტი განზრახვით ვამხელთ, ადამიანს მხოლოდ გულს ვატკენთ. ასეთი სიმართლის თქმას კი უთქმელობა სჯობს. გავიხსენოთ, როგორ ამხელს ღმერთი ადამს - ჩემი აკრძალული ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამიაო. ამიტომ ვიდრე ადამიანს სიმართლეზე მივუთითებთ, დავფიქრდეთ, რა ფორმით ვუთხრათ, რათა ჩვენმა ნათქვამმა სიმართლემ კეთილი ნაყოფი გამოიღოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი