ალბათ თვითმკვლელთა უმრავლესობა თავს იმ აუტანელი ტანჯვით გაიმართლებს, რომელსაც მისი სული დაუმძიმებია და ფიქრობს, რომ ეს ღვთის სისასტიკის გამოვლინებაა, ხოლო თუ ურწმუნოა, ყველაფერს ბედის უკუღმართობას აბრალებს. ჩვენ გვავიწყდება, რომ გულმოწყალე უფალს მშობელზე მეტად ვუყვარვართ და ჩვენზე მეტად სურს, რომ გადავრჩეთ. ის ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან, ბოლოს და ბოლოს, შეიცნოს თავისი თავი. ეს შეიძლება მართლაც ჰგავდეს სისასტიკეს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. თუ განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები, არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ეს მუდამ ასე იქნება. სწორედ ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს, გაგათავისუფლოს ბურანისაგან. ასეთ დროს მოავლენს იგი ავადმყოფობას, ყოველგვარ განსაცდელს, ცდილობს, ყველას ჩამოშორდე და მასთან სასაუბროდ მოიცალო, ყველას განეშორო და პირისპირ დარჩე მასთან, რადგან სხვანაირად, უამრავი საზრუნავით მოცულს, არ გახსოვდა იგი, შენი გული დაშორდა მას და აღარც შენი გონება ფიქრობდა მასზე. სურს, გადახედო განვლილ ცხოვრებას, მიხვდე შეცდომებს და ჭეშმარიტების გზას დაადგე.
მართლაც, დიდია სიმძიმილი განსაცდელში მყოფი სულისა. თუ გამოცდას გაუძლებს, ივარგებს ჭეშმარიტი, მარადიული ცხოვრებისათვის; თუ ვერა - გადაგდებულია ჯვარი, განქარვებულია ადამიანის არსებობა ცხონებისათვის. შეუძლებელია, ღმერთმა მოგვცეს ჯვარი და არ მოგვცეს ძალა. ჩვენს ხელთაა, მივმართოთ უფალს, გადავრჩეთ მისი სახელის მოხმობით (არა ყალბად). პასუხის გაცემა რომ შეეძლოს, ზოგიერთი თვითმკვლელი ალბათ გვიპასუხებდა: მივმართავდი ღმერთს, მაგრამ არ მიშველაო...Uთუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი მოხმობა ღვთის სახელისა როდია შემოქმედისადმი ჭეშმარიტად მიმართული. მოხმობა ისე, როგორც თვითმკვლელნი მოუწოდებენ, არ ნიშნავს იმას, რომ ზეციურ მამას მიმართავენ. "თუ ძე ხარ ღვთისა, გადმოდი ჯვრიდან", - ასე ამბობენ თვითმკვლელობის ფიქრით გაბრუებული ადამიანები, თუმც კი სხვაგვარი სიტყვებით. ეს არის ღვთის მოხმობა იმ ადამიანთა მიერ, რომელთაც გვერდი აუარეს ჯვარს. ეს ხმობა არ არის ლოცვა. უფლის მოწოდება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მისი ნების მორჩილებას, ლოცვა შესაძლებელია მხოლოდ ამ მორჩილების შემდეგ. თვითმკვლელი მოუხმობს ღმერთს, როგორც თავისი ტანჯვის მიზეზს და ამ ტანჯვათა გულგრილ მაყურებელს. ისინი, რომლებმაც ღმერთს მოუხმეს და დაემორჩილნენ მის ნებას, გადარჩნენ და მათი სიცოცხლეა მამხილებელი იმ ადამიანებისა, რომლებიც ღვთის ნებას არ დაემორჩილნენ. უკანასკნელ სამსჯავროზე ვერავინ მოიმიზეზებს "გარემოებებს", "ვითარებებს", "სულის აუტანელ მდგომარეობას", როგორც "მიზეზს თვითგანადგურებისა". იქვე იქნებიან წმინდანთა, ღვთივსათნო ადამიანთა დასები, რომლებიც გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში ყოფილან. ისინი იტანჯებოდნენ და მორჩილებდნენ ღვთის ნებას, გულშიც კი არ გაუვლიათ შემოქმედის გმობა...
თვითმკვლელს საზარელ განზრახვას სხვადასხვაგვარი ცოდვილი ვნება უნერგავს და მათ შორის უპირველესი ამპარტავნებაა. სწორედ ამპარტავნება აფიქრებინებს კაცს, რომ იგი სხვაზე უკეთესია, სხვაზე აღმატებული და ამიტომ არ იმსახურებს იმ ხვედრს, რომელიც ერგო. ამპარტავანი ადამიანი უმეტეს შემთხვევაში მორწმუნედ თვლის თავს, მას შეიძლება სჯერა კიდეც ღვთის არსებობა დაცემული ანგელოზის მსგავსად, მაგრამ მისი მორჩილება არ სურს, სიყვარული არა აქვს უფლისა, ანუ არა აქვს მარადიული ბედნიერების სურვილი და შიში მარადიული ტანჯვისა, ამიტომ უმხედრდება შემოქმედს და ღვთის ნებით ამქვეყნად მოვლინებულ თავის სიცოცხლეს საკუთარი, პირადი ნებითა და სურვილით ამთავრებს. უფალი სიცოცხლის განმავლობაში არაერთგზის აფრთხილებს მას, ცდილობს, რამენაირად მიაწვდინოს ხმა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი კაცის ხელშია, რადგან ღმერთმა შექმნისთანავე მისცა მას თავისუფალი ნება. ხშირად უჩნდება ადამიანს ზედმეტობის განცდა - არავის სჭირდება და არავის ახსოვს. ესეც ამპარტავნების შედეგია; შედეგია ამქვეყნიური დიდებისმოყვარეობისა, რადგან მას ავიწყდება, რომ თუკი ყველამ მოიძულა, ღმერთი უმეტესად შეიყვარებს, თუ ყველამ დაივიწყა, ღმერთს ყოველთვის ახსოვს, თუ ყველა განეშორა, მხოლოდ იმიტომ, რომ თვით შემოქმედს სურს მასთან სიახლოვე და კავშირი.
ან როგორ შეიძლება, განსწავლულმა ადამიანმა, რომელმაც იესო ქრისტეს ცხოვრება იცის, მისი ტანჯვისა და ვნების შესახებ უწყის, აუტანლად და მოუთმენლად მიიჩნიოს რამენაირი ამქვეყნიური განსაცდელი? განა მას ეყოფა კადნიერება, იფიქროს, რომ უცოდველია ღმერთკაცზე, რომელიც სასტიკად გვემეს და ჯვარს აცვეს, უფრო მართალია, ვიდრე იგი - უფალი, რომელიც ცილისწამებითა და დაცინვით აავსეს, უფრო გონიერია, ვიდრე შემოქმედი, რომელმაც დასაბამი მისცა ქვეყნიერებას და ბრძნულად განაგო იგი?
მართლაც, რაოდენ დიდია უგუნურება ადამიანისა, რომელსაც ჰგონია, რომ მასზე უმეტესი ტკივილი და მწუხარება, შეურაცხყოფა და უსამართლობა არავის განუცდია. თუ არა ზებუნებრივმა, ბოროტმა ძალამ, რამ შეიძლება დაუბნელოს გონება კაცს იმგვარად, რომ ასეთი რამ წარმოადგენინოს?!
ვისგან მოდის აზრი თვითმკვლელობისა
თვითმკვლელებმა თვითმკვლელობის წინ არ იციან, რომ მათ სიახლოვეს დგას ენით აუწერლად საზიზღარი ბოროტი სული, რომელიც აიძულებს, მოკლან საკუთარი სხეული, გატეხონ ძვირფასი "თიხის ჭურჭელი", რომელიც ღვთის მიერ განსაზღვრულ დრომდე ინახავს სულს. ბოროტი სული ურჩევს, არწმუნებს, აძალებს და აშინებს მრავალგვარი შიშით: ოღონდაც ადამიანმა ჩახმახს გამოჰკრას თითი ან ფანჯრიდან გადავარდეს და გაექცეს ცხოვრებას, აუტანელ დაქანცულობას... ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ ეს "აუტანელი ტანჯვა" ცხოვრებისაგან კი არ არის, არამედ იმისაგან, ვინც საერთოდ "ასაბუთებს" თვითმკვლელობის აუცილებლობას. ადამიანს ამ დროს ჰგონია, რომ თვითონ ფიქრობს ასე და მიდის საბედისწერო გადაწყვეტილებამდე. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი აზრებით ლაპარაკობს ის, ვისაც ღმერთმა "იმთავითვე კაცისმკვლელი" უწოდა. ადამიანი უნებისყოფოდ ეთანხმება მას, გაუცნობიერებლად იღებს თავის თავზე ეშმაკის ცოდვას, უერთდება ცოდვას და სატანას... ერთი მონანიე სიტყვა, ერთი, თუნდაც გონებითი გამოსახვა მაცხოვნებელი პირჯვრისა და რწმენა ჯვრისა - და ბოროტების აბლაბუდა გაგლეჯილია, ადამიანი ღვთის ძალით გამოხსნილია დაღუპვისაგან... ცოცხალი რწმენის თუნდაც მცირე ნაპერწკალი - და ადამიანი გადარჩენილია! მაგრამ ვინც კი გადაურჩა თვითმკვლელობას ან სხვა რომელიმე ცოდვას, განა ყველას ესმის, რომ მასთან ახლოს იდგა საზიზღარი ბოროტი სული, არსება, რომლის შემჩნევაც შესაძლებელი ხდება მხოლოდ გარკვეული სულიერი ალღოთი და სულიერი მღვიძარებით?მართლაც, თუ არა ბოროტის ზემოქმედებამ, მაშ, რამ შეიძლება აარჩევინოს კაცს, რომელმაც ქრისტეს სახელით იღო ნათელი, მეტ-ნაკლებად იცის ქრისტიანობის ისტორია, სმენია დიდი წმინდანების საოცარი თავგანწირვის შესახებ, მისაბაძად იუდა ისკარიოტელი, ვინც ვერც მისთვის ბოძებულ მადლს გაუძლო, ვერც საკუთარი ცოდვის მონანიება შეძლო და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და არა პეტრე და პავლე მოციქულები, წმინდა დიდმოწამეები, წმინდა მღვდელმთავრები? წმინდა მამების აზრით, იუდას წარწყმედის მთავარი მიზეზი მის მიერ მაცხოვრის გაცემა კი არ არის, არამედ შეუნანებლობა და თვითმკვლელობის საზარელი აქტი. იუდას მოქმედება ბოროტი სულის შთაგონებისა და მის მიერ ამ შთაგონების მიღებისა და შეწყნარების შედეგია; მისი ვერცხლისმოყვარე ბუნების შედეგია, რადგან უმცირეს სასყიდელზე გაცვალა მოძღვარი; მისი ფარისევლობის შედეგია, რადგან დიდხანს იმარხავდა გულში ამ ვნებას; მისი ამპარტავნებისა და უსასოობის შედეგია, რადგან სინანული არ ისურვა; და, საბოლოოდ, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, იუდა დაეცა იმიტომ, რომ დაფარული ვნებები არ აღიარა, არ აღმოთქვა ღვთაებრივი მოძღვრის წინაშე - გულწრფელი აღსარება ვერ უთხრა მოძღვარს, თავისი სისუსტე, თავისი უძლურება ვერ მიიტანა, გული ვერ გახსნა და საიდუმლო სერობაზე დამძიმებული გულითა და სინდისით ეზიარა უფლის უწმინდეს საიდუმლოს. ამიტომ მოჰყვა ამ ზიარებას საშინელი საქმე - მისი თვითმკვლელობა.
* * *
ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "ადამიანი სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს, არ უნდა იფიქროს თვითმკვლელობაზე. თუ ვინმეს თავში მსგავსი აზრი მოგსვლიათ, უკუაგდეთ იგი, რადგან მსგავსი საქციელის გაფიქრებაც კი ძალზე საშიშია, რამეთუ ეშმაკი სულ თან სდევს ადამიანს და ცდილობს, ეს აზრი განახორციელებინოს. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: თუკი ასეთი რამ მართლაც გიფიქრიათ, აღსარების დროს აუცილებლად უთხარით მოძღვარს, რათა შენდობის ლოცვა წაგიკითხოთ". განა ღვთის სასწაულად, მისი განგებულების საოცარ მოქმედებად არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ხშირად იმ ადამიანს, ვინც საკუთარ სიცოცხლეზე აღმართავს ხელს, უფალი შეიწყალებს და იგი თავისი განზრახვის აღსრულებას ვერ ახერხებს, ცოცხალი გადარჩება, ანუ სინანულის შესაძლებლობა ეძლევა? მან უნდა გააცნობიეროს მასზე გადმოსული წყალობა ღვთისა, მიხვდეს, რომ უფალს მისი წარწყმედა არ სურს.
სრულიად გასაგებია, რომ ამქვეყნიური არსებობა რთულია, ადამიანის დაცემული ბუნება და ეშმაკის გამუდმებული თავდასხმები ხშირად თითქოს გაუსაძლისსა და აუტანელს ხდის მას. ამიტომ მთავარია მთელი გულით და სიყვარულით მოვუხმოთ უფალს, შეწევნა ვითხოვოთ და გვახსოვდეს, რომ "ცხოვრება სამოთხე კი არ არის, არამედ სამოთხიდან განდევნილი ყოფაა", ამიტომაც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა მწუხარებისა და განსაცდელისათვის; არ უნდა ჩავცვივდეთ სასოწარკვეთილებაში, რადგან უფალი იმაზე მეტ ტვირთს არ მოგვცემს, რისი ზიდვაც შეგვიძლია; მთელი იმედი და სასოება უნდა დავამყაროთ იმ ქვეყანაზე, "სადაც ყოველნი მართალნი მკვიდრ არიან" და სადაც ნათობს ერთადერთი დაუვალი მზე - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.