როხი კოლხეთის დაბლობის ნაწილია. ადმინისტრაციულად ბაღდათის რაიონში შედის. სოფელი წარმოიქმნა ორ-ნახევარი საუკუნის წინ, სავსებით დაუსახლებელ აჯამეთის მრავალსაუკუნოვანი მუხრანის სამხრეთ, ტყიან ნაწილში. აჭარა-მესხეთის (ფერსათის) ქედის კალთებქვეშ გამავალი ერთადერთი გზა-ბილიკი იმერეთსა და გურია-სამეგრელოს სამცხე-ჯავახეთთან აკავშირებდა და სწორედ სოფლის ახლანდელ ტერიტორიაზე კვეთდა მდინარე კორისწყალს. ამავე ვიწრო გზით გადაჰყავდათ მოტაცებული გოგო-ბიჭები ჩილდირის (ახალციხის) საფაშოში, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის ცენტრი იყო.
მოგვიანებით გზა-ბილიკი კორისწყლის საურმე გზად გადაიქცა, ხოლო მისი ჩრდილოეთი განშტოება, რომელიც სოფლის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში იწყებოდა, ვარციხე-გეგუთის გავლით ქუთაისს დაუკავშირდა.
XVIII საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევარში იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ მდინარეებს კორისწყალს, კვინისწყალს და რიონს, აგრეთვე ფერსათის ქედს შორის მდებარე ტერიტორია, თავისი წყალობის სიგელით, გადასცა რაჭის ერისთავთა გვერდითი შტოს წარმომადგენელს გედევანს, რომელსაც "ბარის ერისთავის" ტიტული მიენიჭა.
ამავე პერიოდში ფერსათის ქედის ჩრდილოეთ, ვაკისწინა კალთებზე დასახლდნენ ერისთავები, მათი აზნაურები დემეტრაძეები, ლომინაძეები, ლაჭყეპიანები, საკანდელიძეები, გამრეკელიძეები, იაშვილები, გამყრელიძეები და სხვები თავიანთი ყმა-გლეხებით.
ახალ დასახლებას, "ბარის საერისთავოს", ჯერ ყოფილი მღვდელმთავარი, გაენათელი ეპისკოპოსი გედევანი ედგა სათავეში, შემდეგ - მისი უმცროსი ძმა ლომინ პაპუას ძე, სწორედ ამ უკანასკნელის პატივისცემის ნიშნად დაერქვა მის სამფლობელოს სალომიანო (ახლანდელი სოფლები: წითელხევი, როხი, სალომინაო, ფერეთა, გორა, ზეინდარი, ამაღლება, ინაშაური, ბზვანი).
სოფელ როხის საშუალო სკოლის შენობა. 1939 წ.
XVIII საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში კორისწყლის მახლობლად (ახლა ვეტუბნის შენობის მახლობელი ტერიტორია) ერისთავების ქვეშევრდომს, გვარად სანიკიანს მოუწყვია ამ მიდამოებში პირველი წყლის წისქვილი, ეს იყო როხის წისქვილი, ვინაიდან დოლაბების შეუთავსებლობის გამო წმინდა ფქვილს ცოტას იძლეოდა. წისქვილი, რომელიც "ბარის საერისთავოს" ცენტრალურ დასახლებას ემსხურებოდა, საურმე გზის მახლობლად იყო და გამვლელებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ.Uუნდა ვივარაუდოთ, რომ წისქვილის ამოქმედებიდან მეორე ან მესამე ათწლეულში ამ მიდამოებში გამოჩნდა პირველმოსახლე, რომელსაც სალომინაოს ამ ნაწილში ახალი დასახლების წარმოქმნა მოჰყვა. ხანდაზმული მცხოვრებლები ამტკიცებდნენ, რომ სოფლისა და მისი სახელის გაჩენა წისქვილთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს როხი ეწოდა იმიტომ, რომ ამ ადგილებში წყლისგან მოტანილი უამრავი ხე და როკი იყო მოფენილი. მეორე ვერსით, წისქვილი იყო როხ-როხა, ან როხულა. რადგან სოფლის მიდამოებში მსხვილი ქვით ნაგები გალავნის არსებობა არ დასტურდება. ტოპონიმი როხი დაკავშირებულია მარცვლეულის მსხვილად დაფქვასთან. ჩანს, რაჭიდან მოსულთ ჩვენებური ღერღილის ნაცვლად, სიტყვა როხი იხმარეს, რომელიც შესიტყვებაში "როხის წისქვილი" განსაზღვრებაა. მოგვიანებით იგი ადგილის გარემოებად და გეოგრაფიულ სახელად გადაიქცა. გადმოცემის მიხედვით, სოფლის პირველი მცხოვრები იყო აჭარიდან გადმოხვეწილი გიორგი მჟავანაძე, თუმცა სავარაუდოა, რომ ამ დროს (XIX საუკუნის დამდეგს) სოფლის ამჟამინდელი ტერიტორიის სხვა ნაწილში სხვა გვარების მოსახლენიც ბინადრობდნენ. მაგალითად, მამასახლისი, სუპატაშვილი, ლელაძე.Aამ გვარებს შემდეგ შეემატა: მანჯავიძე, სირბილაძე, გვალია, ბაღდავაძე, გაბუნია, ბრეგაძე, ჯანელიძე, ახალაძე, ბუბუტეიშვილი, იზუნსკი, კორძახია, უღრელიძე, ხუხუნეიშვილი და სხვ. 1873 წელს სასაფლაოზე ააგეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. რამდენიმე წლის შემდეგ აკურთხეს მთავარანგელოზის ეკლესია.
1873 და 1882 წლებში ამოქმედებული ეკლესიები იქცა სოფლის მცხოვრებთა სულიერი აღზრდის კერად. მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ტარას ყუბანეიშვილი კარგი მოსაუბრე, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ღვთისმსახური ყოფილა. მასთან საბაასოდ სიამოვნებით იყრიდა თავს სოფლის ახალგაზრდობა. მოძღვარი, სხვადასხვა სახუმარო ამბავთან ერთად, შეკრებილთ ესაუბრებოდა რელიგიურ თემებზე. ასწავლიდა ლოცვებს, ზეპირ ანგარიშს, წერა-კითხვას, უღვივებდა სწავლა-განათლების ინტერესს.
1886 წელს სალომინაოს წმინდა გიორგის ეკლესიაში ამოქმედდა ამ მხარისათვის პირველი სასწავლო დაწესებულება, რომელსაც უძღვებოდა სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მღვდელი მიხეილ სუპატაშვილი. მასწავლებლად მოწვეული იყო მღვდელი ლეონტი ჭირაქაძე. ერთადერთი სახელმძღვანელო, 1876 წელს გამოცემული იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" მასწავლებელს ეკუთვნოდა.
დღეს ბევრი სახლის კარი გამოუკეტავთ, მიტოვებულ ბაღ-ვენახს ძეძვი და ჯაგვი დაჰპატრონებია. ახალგზრდები სოფლიდან თითქმის გაკრეფილან, ბედის საძიებრად ბევრი თბილისსა და ქუთაისს შეჰკედლებია, ზოგიც უფრო შორს - თურქეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში გადაკარგულა. ასაკი მოსძალებიათ ჯაფით დაღლილ ადგილობრივ მკვიდრთ და სიღარიბესაც აქეთ-იქით თავისი კვალი ძალუმად დაუტყვია. ორღობეებში იშვიათად გაისმის ბავშვების ჟრიამული, კერძო საზრუნავს სოფელი თი-თქოს დაუთითოკაცებია, ხვნასა თუ თოხნაში კანტიკუნტად შეხვდებით ნადს. კოლმეურნეობის დროინდელი ტრაქტორები კარგა ხანია მწყობრიდან გამოსულან, ახალი კი ჯერაც ვერ შეუძენიათ. ცალკე საწვავის სიძვირე, ცალკე - გამწევი პირუტყვის ხარჯი და მარჩენალი მიწის დიდი ნაწილი წლითი წლამდე რჩება დაუმუშავებელი. იაფი, გრძელვადიანი კრედიტი, ვფიქრობ, ამ პრობლემას მოაგვარებდა.
ერთადერთი, რაც სოფელს აცოცხლებს და ხალისს მატებს, სკოლაა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. ოღონდ ეგაა, იგი სოფლის შუაგულში მდებარეობს და მისგან დაშორებით მცხოვრებ ბავშვებს, ადრე დილით თუ გაკვეთილების შემდეგ, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. ამის გარდა, მშობლებს სახელმძღვანელოების მაღალი ფასებიც აწუხებთ. შეკეთება სჭირდება ბევრ საუბნო გზას, დაუმთავრებელია გაზიფიკაციის პროექტი და სხვა.
იმ გამოწვევებს შორის, რომლებიც თანამედროვე ქართული სოფლის წინაშე დგას და ჩემი სოფლისთვისაც ტიპურია, ერთ-ერთი არსებითი ახალგაზრდობის დასაქმებაა, მომავალი თაობის აუცილებელი მატერიალური და სულიერი განვითარებისათვის პირობების ადგილზე შექმნაა. ამ მხრივ გარკვეულ იმედს აჩენს ახალი ხელისუფლების პროგრამა სოფლის მეურნეობაში გაზრდილი ინვესტიციების ჩადების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, გაისიდან ამოქმედდება. სოფელიც ოპტიმიზმითაა გამსჭვალული, დანაპირების შესრულებას მოელის და ახალი რეალობისთვის გულმოდგინედ ემზადება.