მარნის ჩრდილოეთ კედელში ჩატანებულ თეთრ ქვაზე წერია: "ყოვლად პატიოსანო და საშინელო ფიტარეთის ღვთისმშობელო, ულხინე სულსა ფრიად ცოდვილისასა იობისასა, რომელმან აღვაშენე მარანი ესე, შენდობას იტყოდით სამადლოს". ამ წარწერაში მოხსენიებული იობი იობ ფიტარელის სახელით ცნობილი ფიტარეთის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარია. მის შესახებ პროფ. ლევან მენაბდე წერდა: "ფიტარეთის მწიგნობართაგან ჩვენთვის ცნობილია იობი, ვახტანგ VI-ისა და სულხან-საბა ორბელიანის თანამედროვე და ახლობელი. იობ ფიტარელი იყო: "საღვთო წერილთა შინა გამოცდილი, უცხო და მუსიკობითა ქებული". მისი ქადაგებანი მოუსმენია ანტონ პირველსაც. პლატონ იოსელიანის ცნობით, იობ წინამძღვარმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა თბილისში, კათალიკოსის კარზე. იქ მან "კეთილისა შრომითა დაასრულა ცხოვრება თვისი (იოანე ბატონიშვილი). მონასტრის წინამძღვარი გარდაცვლილა 1731 წელს. დაკრძალულია თბილისში, სიონის ტაძარში. იობს 1698 წელს შეუდგენია ზურაბ ყარჩიხაშვილის მიერ დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისთვის მიცემული საბუთი ვალის დაფარვის თაობაზე. გვაქვს კიდევ ერთი საბუთი, სადაც იობ მღვდელია შემდგენელი პაპუნა ორბელისშვილ-ყაფლანისშვილის მიერ 1689 წელს დმანისის ღვთისმშობლისათვის მიცემული ყმა-მამულის შეწირულობის წიგნისა.
დმანისის ღვთისმშობლის ეკლესიაც ბარათაშვილთა საგვარეულო საძვალე იყო და ყაფლანიშვილებს ეკუთვნოდათ. ეს ორივე საბუთი ერთი ხელით არის დაწერილი.
იობ ფიტარელმა 1706 წელს ვახტანგ ლევანის ძის დავალებით გადაწერა პარაკლიტონი, ხოლო უფრო ადრე მონაწილეობდა სულხან-საბა ორბელიანის მამის, ვახტანგ ორბელიანის დავალებით ძველი აღთქმის წიგნების გადაწერაში. შემოგვრჩა იობ ფიტარელის მიერ გადაწერილი ერთი ოთხთავი და ორიოდე საბუთი.
ფიტარეთის მონასტერი ერთ-ერთი ცნობილი სამწიგნობრო კერა იყო მაშინდელ საქართველოში. მისი მდიდარი წიგნთსაცავი, სამწუხაროდ, განადგურდა, მაგრამ ჩვენამდე მაინც მოაღწია ფიტარეთში გადაწერილმა ზოგიერთმა ხელნაწერმა. ცნობილია, რომ სახარება, რომელიც ასლან ორბელისშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ დიასამიძემ 1673 წელს დაამზადებინეს იასე ბედისმწერლიშვილს, შესწირეს ფიტარეთის საყდარს. ცნობილია XVII საუკუნეში გადაწერილი ფიტარეთის სძლისპირები. ჩვენამდე მოაღწია ფიტარეთის ძველ საგალობელთა კრებულმა, მასზე შემონახულია ნევმატური ნიშნები, რომელსაც ძველი ქართული სანოტო სისტემის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფიტარეთის მონასტრის წინამძღვარს ექვემდებარებოდა დეკანოზი ლაზარე იოვანეშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, ადგილზე უძღვებოდა მონასტრის კუთვნილ მეურნეობას. ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის შენობა-ნაგებობათა დიდი უმრავლესობა განადგურებულია, თვით ტაძარი კარგად არის შემონახული.
2007 წლიდან ფიტარეთის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას კურთხევით და ბოლნელი ეპისკოპოსის ეფრემის ძალისხმევით ამოქმედდა მამათა მონასტერი. საუკუნოვანი დუმილის შემდეგ აღდგა ნანატრი ბერმონაზვნური ლოცვა. ღვთის შეწევნითა და მოწყალე ადამიანების თანადგომით მოკლე ხანში დაიგო ტაძრის იატაკი, მოეწყო ქვაში მდიდრულად ჩუქურთმებით ნაკვეთი კანკელი, დაიდგა წმინდა ტრაპეზი, სამკვეთლო, ნაწილობრივ შეკეთდა გალავანი, აშენდა საცხოვრებელი და სატრაპეზო მონასტრის წევრებისთვის. იკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის წმინდა ტრაპეზი და განახლდა საკმაო ხნის წინ შეწყვეტილი წირვა-ლოცვა. მონასტერი კვლავ საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. მონასტრის წინამძღვარია იღუმენი ექვთიმე (შავდათუაშვილი).
ტანძიაში სტუმრობისას მასპინძლობა მამა ექვთიმემ გამიწია. ფიტარეთის მონასტრის წინამძღვრობასთან ერთად მამაო ტანძიის წმინდა ნიკოლოზისა და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებს წინამძღვრობს. ტანძიელებს დიდი სიყვარული და პატივისცემა აქვთ მამა ექვთიმეს მიმართ. მამა ექვთიმეს "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე:
- წარმოშობით ქარელიდან ვარ. ღვთისკენ სავალი პირველი ნაბიჯები, ეკლესიური ცხოვრება ბავშვობიდან დავიწყე. მაშინ ქარელის ეკლესიაში მღვდელმონაზონი ეფრემი, ახლა უკვე მეუფე ეფრემი მსახურობდა. მისი სულიერი შვილი გავხდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალციხეში, საფარის სასულიერო სემინარიაში გავაგრძელე სწავლა. როდესაც მეუფე ეფრემი ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვრად აკურთხეს, თან გავყევი. ქოზიფაში შევიმოსე მორჩილის კაბით, იქვე მაკურთხეს დიაკვნად. მღვდელმთავრად გამორჩევის შემდეგ მეუფეს ბოლნისის ეპარქიაში გამოვყევი. მეუფემ დიდი როლი შესრულა ჩემს ცხოვრებაში, ბავშვობიდან მისი სულიერი შვილი ვიყავი. რომ ვუყურებდი მეუფეს, სხვა სასულიერო პირებს, სურვილი გამიჩნდა, მეც ღვთის გზა ამერჩია. ჩემი ოჯახი მორწმუნეა და დადებითად შეხვდა ჩემს არჩევანს.
ერთხანს ბოლნისში დიაკვნად ვმსახურობდი. შემდეგ კი ფიტარეთის მამათა მონასტრის წინამძღვრად მაკურთხეს. მეოთხე წელია, რაც ფიტარეთის მონასტერი გაიხსნა. ამოქმედდა ტანძიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. თავიდან აქ მამა პეტრე კვარაცხელია მსახურობდა. მერე მამა გიორგიც (ჯამდელიანი) მსახურობდა ტანძიაში. ფიტარეთის მონასტრიდან გადმოვდივარ კვირაში ერთხელ და წირვა-ლოცვას ვატარებ. 2010 წელს განახლდა ტანძიაში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ეს ძველი ტაძარია, პაპუნა ორბელიანის, სულხან-საბა ორბელიანის ბიძის მიერ აშენებული. ორბელიანების კარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია კი ვახტანგ ორბელიანის, სულხან-საბას მამის აშენებულია. ღვთის წყალობით, აქვე შენდება კიდევ ერთი, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია.
***
სოფელი ტანძია მჭიდროდ არის დაკავშირებული ფიტარეთის მონასტრის წარსულთან. ფიტარეთის სტოაში, ერთ-ერთი კედლის წარწერიდან ირკვევა, რომ მის განმაახლებელს, ქავთარ ქაჩიბაისძეს მონასტრისთვის შეუწირავს სოფელი ტანძია და სოფელი თეოდორეწმინდა. იქ არის მოხსენიებული ის, რომ ქავთარ ქაჩიბაისძე იყო მხედარი - ჩემი ხმლით მონაგები საფასით შევისყიდე ეს სოფელი და შევწირე ფიტარეთის მონასტერსო. XVII-XVIII საუკუნეებში, როცა აღზევდნენ ორბელიანები, ვახტანგ ორბელიანის და როდამი ვახტანგ V-ის მეუღლე ხდება. ფიტარეთის მონასტერი არის ორბელიანების საძვალე, აქვე არიან დაკრძალული ყაფლან ორბელიანი, ვახტანგი, პაპუნა, ქაიხოსრო, გიორგი, მათი მეუღლეები, თავად სულხან-საბას მეუღლეც. ყოველთვის იყო სულიერი კავშირი ტანძიასა და ფიტარეთის მონასტერს შორის. ღვთის შეწევნით, დღესაც ისე ხდება, რომ ტანძიელები კავშირს არ წყვეტენ ფიტარეთის მონასტერთან. სოფელი, შეძლებისდაგვარად, გვერდით გვიდგას, გვეხმარება. ჩვენც ვცდილობთ, სულიერი საზრდო მივაწოდოთ და გვერდით დავუდგეთ ჩვენი მსახურებით და წირვა-ლოცვა აღვასრულოთ. მრევლი მეტ-ნაკლებად ჩართულია ეკლესიურ ცხოვრებაში. გვყავს მგალობლები, მედავითნეები, სტიქაროსნები.
ფიტარეთის მონასტერი საკმაოდ მიუვალი გახდა. არ არის მდინარეზე ხიდი. წვიმამGგზა გააფუჭა. ცხენით და ფეხით დავდივართ. ხანდახან ესეც შეუძლებელია, განსაკუთრებით გაზაფხულზე, წყალდიდობისას. მთავარი პრობლემა უგზოობაა. ვცდილობთ, გამოვნახოთ რაიმე საშუალება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხერხდება გზის აღდგენა.
ფიტარეთში სამონასტო ცხოვრება 2007 წელს განახლდა. 18 ოქტომბერს ეკურთხა მონასტერში წმინდა ტრაპეზი. ამ მონასტერში სამი საუკუნის განმავლობაში აღარ იყო მსახურება. ისტორიიდან ჩანს, რომ XVII საუკუნეში ბოლო წინამძღვარი იყო იობი, რომელსაც ბევრი რამ გაუკეთებია. აუშენებია მარანი, რომელზედაც დატანებულია სამშენებლო წარწერა. სულხან-საბა ორბელიანი მას ჩინებულ მწერლად მოიხსენიებს. ავბედითობის გამო ჩვენამდე არაფერს მოუღწევია. წინამძღვრის სიცოცხლეშივე ლეკებს დაურბევიათ მონასტერი და მას შემდეგ აქ ცხოვრება შეწყვეტილა. რუსეთის იმპერიის ბატონობაში მთლიანად მიტოვებული ყოფილა. ბერი პეტრე, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ქვათახევიდან გადმოსულა, მარტოდმარტო მოღვაწეობდა ფიტარეთში, ასევე გუდარეხის მონასტერში. ვინმე ბერ ზოსიმეს, ისიც ალბათ მარტო რამდენიმე წელი მოღვაწეობდა ფიტარეთში, ფანქრით მიუწერია კედელზე - მე, ბერი ზოსიმე, ვმოღვაწეობდი ამ ადგილასო. შემორჩენილია ვერცხლით მოჭედილი ფიტარეთის სახარება, რომელიც მუზეუმშია დაცული, ასევე კანკელის რამდენიმე ქვა... ღვთის შეწევნით, დღეს მონასტერში ხუთი ადამიანი ცხოვრობს. ნელ-ნელა დავიწყეთ მეურნეობის განვითარება და მონასტერი იღებს იმ ძველ სახეს, რაც წინათ ჰქონდა.
***
მონასტრული გზის არჩევა სხვადასხვანაირად ხდება. ზოგი განსაცდელით მიდის მონასტერში და შემდეგ აცნობიერებს, აკვირდება საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ თავს სწირავს ღმერთს, ან როდესაც ადამიანი მორწმუნეა, მის გულში ღვთის სიყვარულია და სურს, მეტი გააკეთოს სულისთვის, უფლის სიყვარულისთვის. - როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ღვთისთვის სათნოდ?
- მონაზვნის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი სიმდაბლეს, მორჩილებას უკავია. თითოეული ადამიანის ცხოვრებაშიც ასე უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ ამპარტავნებაა პირველი ცოდვა, მისი საწინააღმდეგო კი თავმდაბლობაა, რითაც შეიძლება ადამიანმა ეს ცოდვათა დასაბამი გამოისყიდოს. თუ ადამიანი თავმდაბალია, მორჩილია, მასში მოდის სიყვარულიც, მიმტევებლობაც და სხვა სათნოებები.
მე ძირითადად მონასტერში ვცხოვრობ და კვირაში ერთი დღე გამოვდივარ ერში. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად მივიტანო ხალხამდე ღვთის სიტყვა, რა თქმა უნდა, ტაძარში წირვა-ლოცვით, ქადაგებით, მოსახლეობასთან ურთიერთობით. ჩვენში განსაკუთრებული პრობლემა არის უფრო უცოდინარობა, ვიდრე ურწმუნოება. ვცდილობთ, როგორმე გავაგებინოთ, თუ რატომ უნდა იაროს ადამიანმა ეკლესიაში, რატომ უნდა იმარხულოს, ილოცოს. ადამიანები კეთილკრძალულებით არიან განწყობილნი სასულიერო პირის, ეკლესიის მიმართ. ყველა პატივისცემით მიმართავს სასულიერო პირებს, მაგრამ ბოლო მომენტში თითქოს არის ის სისუსტე, რასაც ალბათ უცოდინარობა ჰქვია. ვცდილობთ, რომ ეს შევავსოთ. ღვთის შეწევნით მრავალი ადამიანი დადის უკვე ეკლესიაში. ვფიქრობ, ჩემი მოღვაწეობა ტანძიაში დროებითია, რადგანაც მე მონასტრის წინამძღვარი ვარ. სოფელში ადრე თუ გვიან დაინიშნება სხვა სასულიერო პირი, სხვა მოძღვარი, რომელიც ყოველთვის ადგილზე იქნება და მთელ თავის ენერგიას ამ სოფელს მოახმარს.
თანამედროვე ცხოვრების რიტმი ძირითადად გაიგივებულია ცოდვასთან. ჩვენ ვუყურებთ, დავუშვათ, ტელევიზორს, სადაც არის თოქ-შოუები და საიდანაც ხდება ცოდვის ლეგალიზაცია. ასე თუ ისე, ადამიანები, განსაკუთრებით მოზარდები, ექცევიან ამის ზეგავლენის ქვეშ. ყოველთვის ვცდილობთ, მათ განვუმარტოთ, რომ თანამედროვეობა არ უნდა ნიშნავდეს ცოდვას, ცოდვის მონობას. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ იყო ცოდვის მონა. პირიქით, თავისუფლება ღმერთშია, ცოდვებისგან გათავისუფლებაში და ვცდილობთ, რომ ამ კუთხით დავანახოთ ხალხს, რომ არ არის ადამიანის ცხოვრების მიზანი მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ფიქრი. პირველ რიგში უნდა დაუკვირდნენ თავიანთ სულიერ მდგომარეობას და იზრუნონ საკუთარი სულის გადარჩენაზე.
ღმერთმა დაგლოცოთ, ფიტარეთის მონასტერში აღვლენილი ლოცვები ეწეოდეს სრულიად საქართველოს.