ფიტარეთის მონასტერშია დამარხული სულხან-საბა ორბელიანის პირველი მეუღლე დარეჯანი, მუხრანელი ბაგრატიონების ასული: "ბაგრატიონთა ასული და დიდის ორბელის სძალი, სოვლხანის მეუღლე ბატონი დრჯნ (დარეჯან), ამას დავემკვიდრე ქკსა ტოა". დარეჯანი 1683 წელს გარდაცვლილა, ხოლო წარწერაში მოხსენიებული "დიდი ორბელი", რომლის უფროსი ვაჟის, სულხანის მეუღლე იყო ის, ვახტანგ-ორბელ ყაფლანიშვილია.
ყაფლანიშვილთა სამემკვიდრეო სახელო იყო ქართლის სამეფო კარზე სახლთუხუცესობა. ის იყო მეფის სასახლისა და სასახლის დაწესებულებათა მთავარი გამგებელი. სახლთუხუცესს ევალებოდა შემოსავალ-გასავლის აღნუსხვა. ამ თანამდებობას ყაფლანის შემდეგ ფლობდა მისი შვილიშვილი ლუარსაბი. ყაფლანიანთა სამემკვიდრეო სახელო იყო ეშიკაღასბაშობაც. ეს სახელო როსტომ მეფემ შემოიღო და იგივეა, რაც მანდატურთუხუცესი. ამ სახელოს პირველი მფლობელი იყო რევაზ ასლანის ძე ყაფლანიშვილი, ხოლო ბოლო - ასლან ორბელიანი. სომხითის (ქვემო ქართლი) მოურავობასაც ყაფლანიანთ სახლი ფლობდა მემკვიდრეობით. სომხითის მოურავი იყო ყაფლანის უფროსი ვაჟი პაპუნა. ფიტარეთში მის საფლავის ქვას აწერია: "ყაფლანის უხუცესი ძე, სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი". პაპუნას სიკვდილის მერე ამ სახელოს ფლობდა მისი ძმა ასლანი.
ყაფლანიანთ სახლის სახელო იყო, აგრეთვე, მებალახეობა - სამეფო საბალახო გადასახადების მოკრეფა. ამ თანამდებობას ფლობდა ვახტანგ ორბელიანი - სულხან-საბას ძმა. მის შემდეგ კი - პაპუნა ორბელიანი. ამას გარდა საყაფლანიშვილოს სახლის წევრებს ეპყროთ ბაზიერთუხუცესობა, მეჯინიბეთუხუცესობა და მრავალი სხვა.
ტანძიელების ნაამბობი
სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი ინგა გერლიანი:- ტანძია ისტორიული სოფელია, აქ დაიბადა და აღიზარდა თავისი დროის უდიდესი მოაზროვნე, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი, მეიგავე, დიდაქტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი.
ტანძია დღეს ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. არის მცირე კონტინგენტიანი საჯარო სკოლა,Fფუნქციონირებს საკრებულო, საბავშვო ბაგა-ბაღი და სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1984 წლის 3 ივნისს, საბაობის მესამე დღესასწაულზე. სულხან ორბელიანის სასახლე იდგა ამჟამინდელი მუზეუმის ადგილას. შენობის არქიტექტურა ეკუთვნის ბატონ ნუკრი ალხაზაშვილს, მხატვრული გაფორმება, მთელი ექსპოზიცია - ბატონ ზურაბ სამხარაძეს. შენობაში სამი საექსპოზიციო დარბაზია. აქ თავმოყრილია სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. გვყავს დამთვალიერებელი, ძირითადად მოწავლე-ახალგაზრდობა. შეძლებისდაგვარად ვეწევით სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების, მისი ღვაწლის პოპულარიზაციას. სულხან-საბა ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო სახელმწიფო საქმეებში. სრულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც თან ახლდა თავის მამიდაშვილს, გიორგი XI-ს, მისი მარჯვენა ხელი იყო. როცა გიორგი XI-მ დაკარგა ქართლის ტახტი, სულხანის ოჯახმა დიდი რეპრესიები განიცადა, ამას უკავშირდება შემდეგ მისი პოლიტიკური პროტესტი, ბერად აღკვეცა. 1698 წლის 18 მარტს დმანისის სასახლიდან, თავისი სამემკვიდრეო მამულიდან წავიდა დავითგარეჯში და ბერად აღიკვეცა 40 წლის ასაკში. მონასტერში 12 წელი დაჰყო.
დმანისში მას ჰქონდა სამემკვიდრეო მამული, მდინარე მაშავერას ხეობაში. ორბელიანები შუა საუკუნეებში ქვემო ქართლში იყვნენ ყველაზე დიდი ქონების, დიდი შეძლების და დიდი მამულების პატრონები. მათ ეკუთვნოდათ სამი დიდი მდინარის: ალგეთის, ქციის და მაშავერის ხეობის სოფლები. სწორედ მაშავერის ხეობის სოფლები, კერძოდ, დმანისი შეხვდა სულხან ორბელიანს.
სულხანის მამიდა, როდამ ორბელიანი ცოლად ჰყავდა ქართლის მეფე ვახტანგ V-ს. ასე რომ, მისი მამიდაშვილები იყვნენ მეფეები: არჩილ II, გიორგი XI და ლევანი.
27 წლიდან სულხანი შეუდგა ქართული ლექსიკონის შედგენას - 30 წელი მუშაობდა ქართულ ლექსიკონზე, ამას მოჰყვა "სიბრძნე-სიცრუისა", იგავ-არაკთა კრებული, ზნეობის სახელმძღვანელო ქართველთათვის.Aამ პერიოდში ყიზილბაშთა ბატონობის გამო საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ძალიან სჭირდებოდა ზნეობრივი კანონები. ენაც კნინდებოდა, ამიტომ სულხან-საბას ქართულ ლექსიკონს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სულხან-საბა მთელი სიცოცხლე ემსახურა თავის ქვეყანას. 1713-1716 წლებში დიპლომატიური მისიით იმოგზაურა როგორც ქართლის მეფის ელჩმა საფრანგეთსა და რომის პაპთან, კლიმენტი XI-სთან. ორივეს ორგვარ დახმარებას სთხოვდა - მორალურს და მატერიალურს. მორალური დახმარება იყო შუამდგომლობა სპარსეთის შაჰთან, რათა საქართველოში გამოეშვა დატყვევებული ვახტანგ VI. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს 300 ათასი ფრანგული ეკიუ სთხოვა მოწიწებით. მან არ შეიწუხა თავი დახმარებისთვის. სულხან-საბა დაბრუნდა სამშობლოში. იმ დროს დაწერა"მოგზაურობა ევროპაში". 1724 წელს საბა თან გაჰყვა მოსკოვში ვახტანგ VI-ს, რომელსაც უნდოდა, დახმარება ეთხოვა პეტრე პირველისთვის. საბა 1725 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა მოსკოვში, ქართველთა ახალშენ სვეხსვიატსკოეში, დარეჯანის სასახლეში, 67 წლისა, სვეხსვიატსკოეს მართლმადიდებლური ტაძრის ეზოში. მოგვიანებით, XX საუკუნის 30-იან წლებში, საბას საფლავი დაიკარგა - მეტრო "სოკოლის" მშენებლობის დროს მისი საფლავი სხვაგან გადაიტანეს...
სულხან-საბას ჰყავდა შვიდი ძმა და სამი და. ძმები საეკლესიო მოღვაწეები იყვნენ. საერთოდ, ორბელიანთა ეს ოჯახი დიდ კულტურულ კერას წარმოადგენდა. მისი ძმები: ნიკოლოზ თბილელი, ზაალ-ზოსიმე და დიმიტრი - კალიგრაფები იყვნენ. 1724 წელს ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვა სამივე - ნიკოლოზი, ზაალი და დიმიტრი. სულ შვიდი ორბელიანი მიჰყვებოდა ვახტანგს.
სულხან-საბას პირველი მეუღლე დაკრძალულია ფიტარეთის მონასტერში. მეორე მეუღლე სამცხის მფლობელის მანუჩარ ათაბაგის შვილიშვილი თამარი შეირთო დაქვრივებიდან ოთხი წლის შემდეგ, 1687 წელს. ბერობიდან რომ დაბრუნდა სულხან-საბა საერო საქმიანობაში, მისი მეორე მეუღლე ცოცხალი იყო. ის მეუღლის თანხმობით წავიდა დავითგარეჯში. შვილი არც ერთ მეუღლესთან არ შესძენია.
ორბელიანების სასახლის ნაშთებმა მოაღწია XX საუკუნის 30-იან წლებამდე. იქ დაწყებითი სკოლა ყოფილა. მიტოვებული ყოფილა ეს სკოლა. შემდეგ დაანგრიეს კიდეც.
ვახტანგ ორბელიანს, სულხან-საბას მამას, 1683 წელს ტანძიაში აუშენებია წმინდა ნიკოლოზის სახელობი კარის ეკლესია, რომელიც დღემდე პირვანდელი სახით არის მოღწეული. შარშან ზაფხულს სახურავი შეუცვალეს. ტაძარი 2007 წლიდან ამოქმედდა. ჩვენი მოძღვარი არის იღუმენი ექვთიმე.Mმე მისი სულიერი შვილი ვარ.
ტანძიაში 1987 წლიდან სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული სვანები ვცხოვრობთ, 120 ოჯახი. ტანძიელების ორმოცი ძირძველი ოჯახი დაგვხვდა. დღემდე ერთად სიამტკბილობით ვცხოვრობთ სხვადასხვა გვარისშვილები - დადვანები, ბერიანები, გიგანები, ცინდელიანები, სუბელიანები, მარგიანები, ყიფიანები, იოსელიანები... ძირძველი ტანძიელები არიან ახობაძეები, აბრამიშვილები, ბიძინაშვილები, ოქრიაშვილები... ტანძიაში ამჟამად 160 ოჯახი ცხოვრობს. მთავრობის მხრიდან ყურადღება არ გვაკლია. შარშან ბეტონის გზა გაგვიკეთდა. ძალიან ვწუხვართ, რომ ფიტარეთის მონასტერისკენ გზის არ არის. ეგებ, გამოჩნდეს ვინმე კეთილი ადამიანი და დაგვეხმაროს... მამა ექვთიმე ცხენით ახერხებს მონასტერში სიარულს.
რეკონსტრუქცია გაუკეთდა პაპუნა ორბელიანის მიერ აშენებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს. ტაძარი მოქმედია და მამა ექვთიმე აღავლენს ღვთისმსახურებას. აშენდა ასევე მთავარანგელოზის ტაძარი, წმინდა გიორგის ტაძარი. ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის გამორჩევის შემდეგ სულიერი ცხოვრების წინსვლა იგრძნობა. ჩვენს ეპარქიას მრევლი ეკლესია-მონასტერი შეემატა. რწმენაში ძლიერდება ხალხი. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა სუფევდეს, ტანძიელები გავმრავლდეთ...
ნაზი ოქრიაშვილი: - წინანდელთან შედარებით დღეს უკეთესი პირობები გვაქვს. ოჯახიდან თითო ადამიანი დასაქმებულია. მართალია, ძალიან მცირე ხელფასებია, მაგრამ ვცხოვრობთ. ტანძიაში დღეს მოხუცებიღა შემორჩნენ სოფელს.
გვახარებს ის, რომ აღდგა ჩვენი სალოცავები. ყველაზე დიდი სიმდიდრე ეს არის ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის. მადლობლები ვართ უფლისა, რომ ჩვენს ეპარქიას მეუფე ეფრემი მღვდელმთავრობს და ასეთი საუკეთესო მოძღვარი გვყავს - მამა ექვთიმე. რწმენა დაუბრუნდა ხალხს. ბოლო წლებში ავტობუსი დაგვინიშნეს. სვანები ჩამოგვისახლეს და სოფელიც გაიზარდა. დევნილებიც დასახლდნენ ტანძიაში. ძირითადად სოფლის მეურნეობით ვცხოვრობთ. მიწებს ვამუშავებთ, საქონელს ვუვლით. პირადად მე 90 ლარი მაქვს, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ, მცირედი შემოსავალი მაინც მაქვს.
თამილა აბრამიშვილი-მარგიანი: - ტანძიას გარშემო აზერბაიჯანული სოფლები აკრავს. ერთადერთი ქართული სოფელია ტანძია, რომელიც სოფელ ქვეშის ზემოთ მდებარეობს. აზერბაიჯანელებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი სურვილია, ტანძიაში დასაქმდეს აქ დარჩენილი ახალგაზრდობა. ძალიან გვინდა, რომ სოფელში საავადმყოფო გვქონდეს. ერთი თვის წინ დაგვინიშნეს სოფლის ექიმი, ექთანი, მაგრამ მათ ოთახი არ აქვთ გამოყოფილი, არც სათანადო ინვენტარი გააჩნიათ...
ძირძველ, ისტორიულ სოფელში ვცხოვრობთ, ორბელიანების მიწა-წყალზე. ძალიან საამაყოა ასეთი წინაპრების ალაგზე ცხოვრება. ღვთის იმედით ვარსებობთ და ასე იმედიანად შევყურებთ მომავალს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში