1893 წლის "ივერია" კი წერს: "ყვარელი დიდი სოფელია მთელს კახეთში განთქმული საუკეთესო წითელის ღვინითა. ამ სოფელში რამდენიმე სამრევლოა. ერთმა ამ სამრევლოთაგანმა, რომელსაც ეკუთვნოდნენ ადგილობრივნი მემამულენი თ. ჭავჭავაძენი, განიზრახა სამრევლო ეკლესიის აშენება. ნებართვის შემდეგ საძირკველი ჩაჰყარა და კედელიც ამოიყვანა რამდენიმე არშინზე.Aამ დროს თავადს ნ. ზ. ჭავჭავაძეს მოუკვდა ძმა. გარდაცვლილის დასაფლავება ძმამ ისურვა ახლად დაწყებულს ეკლესიაში და სამაგიეროდ, იკისრა მთელს ეკლესიის დამთავრება და გამშვენება საკუთარი ხარჯითა. საყდრის კურთხევისას მობრძანდა ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი ალავერდისა ბესარიონი, რომელმაც გრძნობით აღსავსემ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: "სული ჩემი აღივსების ნეტარებითა და გული მითქვამს სიამოვნებასა, ვხედავ, რა მშვენიერს ხელოვნებით აღნაგებსა ეკლესიასა და გადამეტებულის თავდადებით მის ღირსეულად შემკულსა. რა არის ესა, თუ არ შესრულება მაცხოვრის სიტყვისა, რომელიც ამბობს: "უკეთუ გაქვნდეს სარწმუნოება, ვითარცა მარცვალი მდოგვისა, არავითმცა მთასა ამას, აღიფხვარ და დანერგე ზღვასა შინა, ისმინოს თქვენი" (ლუკ. 17,6). როგორ შეძლო კაცმან ერთეულსა თვისსა სიცოცხლესა ეგოდენი ნაყოფის გამოღება, თუ არა სარწმუნოებითა თვისითა? მარადის ყოფილან და იქნებიან დიდნი საქმენი ნაყოფად რწმენისა!
მოვედით, საყვარელნო დანო და ძმანო ჩემნო, დატკბით სულითა სიამოვნებით, რამეთუ ნაშენი ესე არის ღირსეული სამყოფელი სამებისა და ერთარსებისა ღვთისა! მოვედით და მიიღეთ მღვდელ-მთავრისგან წრფელი და გულითადი მოლოცვა ეკლესიისა და ამის დამთავრების გამო. მოვედით გულით განწმენდილნი და გონებით ამაღლებულნი, რამეთუ ამიერიდან ადგილი ესე არის სახლი ღვთისა, რომელსა შინა შეიძლება მხოლოდ ღვთისადმი ამაღლებულის გონებით განწმენდილის გულით ლოცვა. "სახლსა ჩემსა სამლოცველო ეწოდოს" (მათე 21,13), ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. გახსოვდეთ, რომ ლოცვა საერთო, ლოცვა ბევრთაგან ღვთისადმი მიმართული, ძლიერია უფლის წინაშე: "უკეთუ ორნი თქვენთაგანი შეითქვნეს, რომელიცა ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათასა, რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა". გახსოვდეთ, გულსა თქვენსა მტკიცედ ჩაინერგეთ, რომ ერთადერთი ადგილია ეკლესია, რომელსა შინაც შეძრწუნებულნი მიიღებენ შვებასა, შეწუხებულნი ნუგეშსა და შემდრკალნი ჭეშმარიტისა მსვლელობასა.
ამიერიდგან გაიგონოთ თუ არა ზარის ხმა, მიაშურეთ ეკლესიასა საერთო ლოცვისათვის. გახსოვდეთ, ვინც იმ დროს, რომელიც დანიშნულია საერთო ლოცვისათვის, გაატარებს დალხინებაში, გაატარებს უდროოდ სმასა და ჭამაში, იგი მოქმედია სამის მომაკვდინებელისა ცოდვისა: იგი არის უარის მყოფელი უკვდავისა სულისა თვისისა, რადგანაც არა ზრუნავს მისთვის, არის მაგალითითა თვისითა წამბილწავი უმანკოსი და ნორჩისა თაობისა. მესამედ იგი არის მტერი თვითვეულისა მეზობლისა თვისისა და ყოველთა მოძმეთა თვისთა, რადგანაც საერთო ლოცვას არ უერთებს თვისსა ლოცვასა.
მოვედით, პატიოსანნო მსმენელნო, ჩემთან ერთად ნიკოლოზ ზურაბის ძის დიდხანს, სიმრთელით და ბედნიერებით სიცოცხლისათვის ვილოცოთ. შევთხოვოთ ღმერთსა, განამრავლოს მისთანანი ჩვენში. გარდამოავლინოს უფალმან ანგელოზი ძლიერი, ანგელოზი მცველი და წინამძღოლი თქვენთვის, რომელთა მიიღეთ შრომა და მონაწილეობა ეკლესიისა ამის აღშენებაში. გვასმინოს ჩვენც ძლევა შემოსილება კეთილთა საქმეთა მარადის და თქვენ, ყოველნო აქა მდგომარენო, "კვერთხი ძლიერებისა გამოგივლინოთ უფალმან სიონითა, ამიერიდგან და უკუნისამდე, ამინ".
სტუმრად ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში
მართლაც ყოველმა კაცმა უნდა მოინახულოს წმინდა ილია მართლის დიდებული სახლ-მუზეუმი, წმინდა მამის ხელშენახები ნივთები და კიდევ ბევრი სხვა რამ. მასპინძლობა მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ზურიაშვილმა გაგვიწია. - ყოველ ერს აქვს თავისი წმიდათაწმიდა ადგილი - დიდ წინაპართა ნააკვნარი, რომელთაც მოკრძალებით ეთაყვანება. ჩვენც გვაქვს კრძალვით სახსენებელი დიდებული ადგილები, მაგრამ ყვარელი მაინც სხვა არის, რადგან აქ დაიბადა დიდებული მამულიშვილი, რომელსაც "ერის წყლული აჩნდა წყლულად" და ღმერთთან იმიტომ ლაპარაკობდა, რომ წასძღოლოდა "წინა ერს", - მიამბობს ქალბატონი თამარი.
"იქნებ არც ერთ მსოფლიო გენიას არა ჰქონდეს იმოდენა მსოფლიო მნიშვნელობა თავისი ერისათვის, რამდენიც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსათვის", - წერდა იაკობ გოგებაშვილი. მადლიერმა შთამომავლობამ მისი დაბადების ადგილი წმიდათაწმიდა ადგილად შერაცხა, თვით ილიას წმინდანის შარავანდი დაადგა თავზე და ღირსეულ ქართველ წმინდანთა შორის ღირსეული ადგილი მიუჩინა. მისი ნათელი საუკუნეებს გადასწვდება მომავლის საიმედოდ. ყვარლის ცენტრალური ქუჩა ილიას სახელობისაა. ერთ სკოლას მისი სახელი ჰქვია, წმინდა ილია მართლის სახელზე აგებულია ლამაზი პატარა ეკლესია. ილიას მუზეუმში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულთ სიამაყითა და ღირსების გრძნობით უყვებიან ილიაზე, მის ყვარლელობაზე, დიდ ქართველობაზე. მემორიალურიMმუზეუმი 1937 წელს გაიხსნა. საგამოფენო დარბაზში მემორიალურ ნივთებთან ერთად ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ილიას ცხოვრება და შემოქმედება ყვარლიდან წიწამურის ტრაგედიამდე. შუა ეზოში დგას XV-XVI სს-ის საგვარეულო კოშკი, სადაც დაიბადა ილია ჭავჭავაძე, შორიახლოს არის მშობლებისეული სამოთახიანი სახლი, თონე, უნიკალური მემორიალური ნივთებითა და ეთნოგრაფიული მასალით. აქვეა ხუთასწლოვანი კაკლის ხე.
1987 წლის 2 აგვისტოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერის მამა წმინდანად შერაცხა და მას შემდეგ იგი წმინდა ილია მართლად იწოდება. უწმინდესმა ბრძანა: "თითქოს ილიაზე განმეორდა იერემია წინასწარმეტყველისადმი თქმული უფლის სიტყვები: "ვიდრე გამოხვიდოდი შენ საშოდან, მე განგწმინდე შენ, წინასწარმეტყველად ხალხთა დაგადგინე შენ". მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოისა და შეუდგა გოლგოთის აღმართს".
***
ყვარელში ყველაფერი ილიას სახელთან არის დაკავშირებული. ჩვენი ქალაქი გადაურჩა წყალდიდობებს - ილიამ ააშენა აქ პირველი დამბები, აქაურობას იფარავს და იცავს წმინდა ილია მართალი. ყვარელს საამაყო აქვს ისიც, რომ წმინდა ილია მართალთან ერთად აქ იყვნენ აბიბოს ნეკრესელი, ქეთევან წამებული, გრიგოლ ფერაძე, რომელიც ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ტაძარში გაიზრდა, ასევე დედა თამარ მარჯანიშვილი. მუზეუმის დირექტორობას პედაგოგობას ვუთავსებ. ჩემს მოსწავლეებს პირველ რიგში ყვარლის სიყვარულს ვასწავლი.მუზეუმში წარმოდგენილია ილიას მთელი ცხოვრება და შემოქმედება. მუზეუმში იმართება გამოფენებიც. ყოველ ილიაობას ხატვის კონკურსს ვატარებთ - ბავშვების თვალით დანახული ილია. გამარჯვებულ ბავშვებს ეძლევათ ჩვენს მუზეუმში ერთწლიანი უფასო აბონემენტი - შეუძლიათ დაათვალიერონ სახლ-მუზეუმი. ვატარებთ კონკურსს "ვკითხულობთ ილიას". 2 აგვისტო ილიას წმინდანად შერაცხვის დღეა და ამასთან დაკავშირებით ჭავჭავაძეების საგვარეულო, იოანე ნათლისმცემლის სახელობის კარის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბენიამინი ატარებს ხოლმე ღონისძიებას.
ზოგჯერ ყვარლელები ვერც ვაცნობიერებთ, ვის ნატერფალზე დავდივართ.
ჩემი გვარის - ზურიაშვილების წარმომადგენლები მთელი სამი საუკუნე ილიას გვარისშვილებს ყველანაირ შრომაში, ბრძოლაში ედგნენ გვერდით. ჩემი წინაპარი ყოფილა ილიას გამნათლავი დანიელ ზურიაშვილი.
ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ჭავჭავაძეებისა. ტრადიციისამებრ, დაბადებისთანავე მოუნათლავთ მშობლებს. ბავშვის ნათლობა ერთი უპრეტენზიო, იმ დროისათვის საკმაოდ დაფასებული ყვარლელისათვის უთხოვიათ, რომელიც ნათლისმცემლის შობის ეკლესიაში მსახურობდა.
"თავად პოდპორუდჩიკს გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეს და ჰსჯულიერსა ცოლსა მისსა მაგდანა ქრისტეფორეს ასულს დაებადათ ვაჟი ილია, სახლი გაუნათლე და ნათლისცემა სრულვყავ ამავე სოფლის ნათლისმცემლის შობის ეკლესიის მღვდელმან ბლაღოჩინმა დანიელ იოსების ძე ზურიაშვილმან", - იუწყება ისტორიული ჩანაწერი.
რატომ მაინცდამაინც ზურიაშვილმა? გრიგოლ ჭავჭავაძის მარჯვენა ხელი და ერთგული თანამებრძოლი იყო ყვარელში სიმამაცით და ვაჟკაცობით ცნობილი ზურაბ ზურიაშვილი, რომელიც გრიგოლის მხარდამხარ იბრძოდა და არაერთხელ გადაურჩენია მისი სიცოცხლე საკუთარი ჭრილობების ფასად. სწორედ მისი პატივისცემისა და დაფასების ნიშნად შეურჩევიათ თავადებს დანიელ ზურიაშვილი.
ილიას მომნათლავის წინაპრებს საკუთარი საგვარეულო კოშკი და საგვარეულო ეკლესიაც ჰქონიათ ჯვარი პატიოსნის სახელზე აგებული. მოგვიანებით ეკლესიის ეზო თავადთა სასაფლაოდ გადაქცეულა. იმ ეკლესიის ეზოში დაუსაფლავებიათ ილიას და კოტე მარჯანიშვილის მშობლებიც. ჯვარი პატიოსნის ეკლესია 1987 წელს ხელახლა აღადგინეს და დღეს იგი კვლავ ღვთის სამსახურშია. ეკლესიის გახსნის დღეს პირველები ზურიაანთ შთამომავლები გაინათლნენ.
მოძღვარი
დეკანოზი ბენიამინ ჩიქორლიშვილი იოანე ნათლისმცემლის საგვარეულო ეკლესიის წინამძღვარია. მოძღვარი საუბარზე დამთანხმდა.- ჩემთვის ყვარელი ძალიან ძვირფასია. ილიას იდეებზე გავიზარდე. ილია იყო საქართველოს უგვირგვინო მეფე, სულიერი მამა და მეორე სვეტი დავით აღმაშენებლის შემდეგ.
***
ყვარლელი ჭავჭავაძეები კახეთის მეფის, ლევანის კარზე 1529 წელს დაწინაურდნენ. ეს ტაძარი შუა საუკუნეებისაა. XIX საუკუნის ბოლოს ნიკო ჭავჭავაძემ ჯვარ-გუმბათოვანი სახით განავრცო. ძალიან მდიდრულად მორთული ტაძარი ყოფილა. ტაძრის ჭაღში თურმე ასი კელაპტარი ეტეოდა და ბროლის მძივებში ელვარებდაო, - იგონებს ელენე ჭავჭავაძე. დაბრძანებული იყო ძვირფასი ხატები, ზოგი შემოწირული, ზოგიც ნაჩუქარი - პეტერბურგიდან და მოსკოვიდან. 16 აპრილს, ლაზარეს შაბათს, განახლდა ღვთისმსახურება იოანე ნათლისმცემლის ტაძარში. ყვარელში ორმოცამდე ტაძარია. XIX საუკუნის ციხესიმაგრის მეორე სართულზე ილია დაიბადა, ლეკებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს. აქვეა შუა საუკუნეების ციხე. ცნობილი ყვარლის ალყის დროს, რომელიც აღწერილია ისტორიაში, თავი გამოუჩენია ილიას წინაპარს, ბესპან ჭავჭავაძეს. ლეკებმა ალყა შემოარტყეს ციხეს. მეციხოვნეებს გაუთავდათ ტყვია-წამალი და ერეკლე მეფეს უნდა შეეგზავნა. ამის საქმის შესრულება უთავია ბესპან ჭავჭავაძეს. მრავალი ბრძოლა ახსოვს ამ ციხე-გალავნის კედლებს. მტრის შემოსვლას მეციხოვნეები ცეცხლით ანიშნებდნენ სამების ტაძარში გამაგრებულებს, იქიდან გრემის ტაძარს, მერე - ნეკრესის მონასტერს და ასე აგებინებდნენ ერთმანეთს მოახლოებულ განსაცდელს. კიდევ არის აბაშის ციხე, ჯვრის ციხე, ყვარლის ტბის აღმოსავლეთით. მრავალი ციხე-კოშკი და სიმაგრე, ცხრაკარას და აღდგომის ეკლესიები შესასწავლია და აღსადგენია.
***
16 წლისა მოვედი ეკლესიაში და 30 წლისამ ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში.Aაქ ვისწავლე პირველად სიყვარული სამი მთავარი საუნჯის - ენის, მამულის, სარწმუნოებისა. ილია ხომ ამბობდა, თუ ამ საუნჯეს არ ვუპატრონეთ, რა ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობასო. სკოლის დამთავრებისთანავე მოვედი ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში. აქ ვიმსახურე ორი წელი. მერე გამიწვიეს სამხედრო სამსახურში გერმანიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისევ მუზეუმში, ექსკურსიამძღოლად დავიწყე მუშაობა. მაშინდელი პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაუსწრებელზე, ზოგად ტექნიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. რადგანაც მუზეუმში ვმსახურობდი, დავამთავრე ასევე მეორადი ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის განხრით და გერმანული ენის ორწლიანი კურსები.Mმერე ყვარელში ამოქმედდა იოანე ნათლისმცემლის ჭავჭავაძეების საგვარეულო ეკლესია, სადაც ილია არის მონათლული. სამრევლო ტაძარი არ ჰქონდა ყვარელს და მაშინ დაღესტნის გენერალ-გუბერნატორმა საკუთარი ხარჯით ააშენა ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. 1988 წელს ვიყავი ამ ტაძრის პირველი მნათე, მედავითნე. ჩვენმა ტაძარმა ოთხი მოძღვარი გამოიცვალა. მუზეუმის დირექტორის, ზურაბ ჭავჭავაძის თხოვნით და საკუთარი შინაგანი სურვილის კარნახითაც ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში და გავხდი მოძღვარი. 1990 წლიდან დღემდე, 20 წელზე მეტია იოანე ნათლისმცემლის ტაძარში ვმსახურობ. ვარ მიტროსანი დეკანოზი. სასულიერო პირს თავისი ტვირთი აქვს. მოძღვარი შუამავალია ღმერთსა და ადამიანს შორის. მოძღვარი უნდა იყოს მაგალითი თავისი ცხოვრებით. იდეალური მოძღვარი არ არსებობს, ზოგს სხვა ნიჭი აქვს, ზოგს - სხვა. ზოგი კარგად ქადაგებს, ზოგი კარგად წერს, ზოგი კარგად იღვწის. შეიძლება არაფერს ამბობდე, მაგრამ საკუთარი ცხოვრების წესით მრევლს მაგალითს აძლევდე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვარს.
ძალიან გაგვიხარდა, როდესაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სხვა ეპარქიებთან ერთად აღდგა ჩვენი ეპარქიაც. მეუფე სერგის (ჩეკურიშვილი) მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ ეპარქიაში მრავალი ტაძარი აღდგა და აშენდა. მეუფის ლოცვა-კურთხევით და შემწეობითUგალამაზდა ნეკრესი, გრემი. გაიხსნა ხარების დედათა მონასტერი. ლაგოდეხში, მეუფის რეზიდენციაში აშენდა წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის ტაძარი, სამების ტაძარი ღვინის ქარხანასთან. ყვარელში სამი მამათა მონასტერია. გრემში სასულიერო სემინარია ფუნქციონირებს. გვაქვს სასულიერო გიმნაზია.
ეკლესიურ ცხოვრებას რატომ იწყებს ადამიანი? სულის გადასარჩენად. სული იმიტომ გვაქვს, რომ გავზარდოთ, სწორად გვეჭიროს და ღმერთის სიყვარულით ვკვებოთ. ღმერთი სიყვარულია და ერთმანეთს უნდა ვასწავლოთ სიყვარული უფლისადმი და სიყვარული ადამიანებისადმი. გადავირჩინოთ სულები - ზიარებით, ლოცვით. ერთმანეთის თანადგომით გადავარჩინოთ ჩვენი და მოყვასის სულები. ხალხს ვეტყოდი იმას, რომ სანამ დროა,) გონს მოეგონ, მოვიდნენ ეკლესიაში და მოინანიონ თავიანთი ცოდვები, იცხოვრონ ეკლესიურად და სული გადაირჩინონ.
ღმერთმა დაგლოცოთ. წმინდა ილია მართალმა დალოცოს სრულიად საქართველო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში