ყვიბისი
ყვიბისი
ბორჯომის ხეობის სოფელი ყვიბისი ძველად სამხრეთ საქართველოს ისტორიულ მხარეში - სამცხეში შედიოდა (სამცხის ტერიტორიის ნაწილი ტაშისკრიდან დვირამდე, სადგერისა და გუჯარეთის ხეობები თორის მხარედ იწოდებოდა). სამცხე შიდა ქართლს ტაშისკართან ესაზღვრებოდა.

ყვიბისის წარსულზე ბატონი ბაკურ გელაშვილისგან ბევრი რამ გავიგეთ. მისი გადმოცემით, მესხეთის ისტორიული სოფლების, მათ შორის ყვიბისის შესახებ ცნობები ძირითადად XIV-XVI საუკუნეებიდან მოგვეპოვება. სოფელ ყვიბისის სახელი, მისი ფუძის "ყვიბ-ყუიბ"-ის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა იბერიულ-კავკასიური ფუძეენიდან მომდინარეობს. ძველად "ყვიბირი", "ყვიბარი" მომცრო ჭურს აღნიშნავდა და ყვიბირისი, ყვიბ-ისი შეიძლება ის ადგილი იყო, სადაც ასეთ ჭურებს ამზადებდნენ. სოფლის ძველი სახელის ფუძე დადასტურებას პოულობს ქისტურშიც. ქისტურში "ყუი" ის ჭურჭელია, რომელშიც კარაქს ამზადებდნენ, ხოლო "ყვიბარ" ისაა, ვინც ამ ჭურჭლით კარაქს ამზადებს.

უხუცესთა გადმოცემით, ყვიბისში ძველად ვენახები საკმაოდ ყოფილა, რასაც სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნი ათეულობით ქვევრიც მოწმობს და ალბათ უფრო სარწმუნოდ პირველი ვერსია უნდა მივიღოთ სოფლის სახელწოდების წარმოქმნის შესახებ, რადგან გამორიცხული არაა, რომ სოფლის მოსახლეობა ძველად ყვიბარების დამზადებაში ყოფილიყო დახელოვნებული. სოფლის სახელწოდების შესახებ სხვა გადმოცემაც არსებობს. ყვიბისელ ანთიმო ტალახაძეს თავისი ბაბუისგან მოუსმენია, რომ "თავიდანვე ჩვენი სოფლის ტერიტორია ძალიან ქვიანი იყო და სოფელსაც "ქვებისს" ეძახდნენ, შემდეგ "ქ" თანდათანობით "ყ"-დ შეცვლილა, ე - ი-დ".

ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ათეულობით სოფელს ჩვენი ხეობისას გარკვეული დროის მანძილზე დიასამიძეები ფლობდნენ. მათი მამული აწყურის საეპისკოპოსოში შედიოდა. სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა სიაში, რომელსაც ისტორიკოსი თედო ჟორდანია 1125 წლის ქვეშ ათავსებს, ნათქვამია: "მაწყვერელი გვირგვინ-ბისონიანი არს, მისი სამწყსო ყვიბისი და სადგერი არს, სულ აწყვერი, დიასამიძის სახელი, ახალციხე და ახალციხის წყლის დაღმართი გურიის წარდგომამდე". ყვიბისს აწყურის საეპისკოპოსოში ათავსებს ვახუშტი ბატონიშვილიც. აწყურშიც, - წერს იგი, - "არს ეკლესია დიდმშენი მშვენივრად ქმნული, გუმბათიანი, ყოვლად ღვთისმშობლისა. იჯდა მიტროპოლიტი, მწყემსი ყვიბისს-კორტანეთის ზეითსა, მტკვრის ჩრდილოეთსა".
1266 წელს სამცხე-საათაბაგო უშუალოდ მონღოლთა სახელმწიფოს დამორჩილდა. სამცხის პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან ერთად დაიწყო სამცხის თავადთა ხელშეწყობით ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაც. ამ ბრძოლაში დიასამიძეთა სახლიც მონაწილეობდა. ათაბაგის მარცხის შემდეგ დიასამიძეებსაც მოუნანიებიათ თავიანთი შეცდომა და 1443 წელს ვარამ დიასამიძეს ერთი გლეხი ყვიბისიდან მცხეთის სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს. დოკუმენტში ვკითხულობთ: "ქრისტე, ეს წიგნი გკადრე (მცხეთას) და ქართლისა კათალიკოს შიოს ჩუვენ, დიასამიძემან ვარამ და ჩემთა შვილთა ავთანდილ და დიასამ. მას ჟამსა, ოდეს ეშმაკისა ნებითა ასეთი რამე სასჯულო საქმე წამეკიდა, რომე თქუენ გამიწყერით და პატიჟით ყუიბის (ყვიბის) ერთი გლეხი მოგახსენეთ მისითა მამულითა". სხვა წყაროებიდანაც ირკვევა, რომ ვარამ დიასამიძეს ერთი გლეხი ყვიბისიდან თისელის მონასტრისთვისაც შეუწირავს. "და შემოვწირე მე, დიასამიძემან ვარამ, აღნიშნულია აღაპში - ყუიბისს ზურაბის ძე სააღაპედ საუკუნოდ ჩემსა მონასტერსა. ვერ მოგიშალო ვერსა ჟამ შიგან ვერ მე და ვერცა ჩემის გვარის კაცმა, ვერცა გადიდებისა თუისა და ვერცა დამცრობისათვის, და შეგუკვეთე ბეგრად ოცდაოთხი თავჩაფი ღუინო წმინდა". ეს ცნობა განსაკუთრებით იმითაა საინტერესო, რომ ერთ გლეხს, ზურაბის ძეს თისელის მონასტრისთვის ოცდაოთხი თავჩაფი ღვინის გადახდა შეეძლო. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროის ყვიბისში ვენახს საკმაოდ დიდი ფართობი უნდა ჰკავებოდა და ის დიდი ქვევრები, რომლებიც სოფელშია აღმოჩენილი, ადგილობრივი დაწურული ღვინით ივსებოდა. ყოველივე ეს კიდევ ამყარებს სოფლის სახელწოდების წარმოშობის ზემოხსენებულ ვერსიას.

1609 წლის ტაშისკარის ბრძოლაში გიორგი სააკაძის მიერ ოსმალთა დამარცხების შემდეგ, 1612 წლიდან საქართველოს სამეფო საზღვარმა ტაშისკარიდან დვირზე გადაინაცვლა.Aამ დროიდან ქართლის მეფეები ხელს უწყობდნენ ხეობის სოფლების ხელახლა დასახლებას. 1595 წელს შედგენილ დავთარში "რაისაგან ცარიელად" (მოსახლეობისგან დაცარიელებულ) დასახელებულ სოფლებს შორის ყვიბისიცაა დასახლებული.

პაპუნა ორბელიანი წერს: "მოვიდა ათასი ლეკი ქვეითი ავალიშვილების მამულში, ხეობაში აიღეს ყვიბისის ციხე, მერე მიადგნენ ჭობისხევის ციხესახლს".

KARIBCHEროგორც ჩანს, სოფელ ყვიბისს საკუთარი ციხეც ჰქონდა და 1757 წელს ლეკთა შემოსევის დროს სოფლის მოსახლეობას მისთვის შეუფარებია თავი, მაგრამ ციხე - იმდენად გაუმაგრებელი, მისი დამცველები კი ისეთი მცირერიცხოვანნი ყოფილან, რომ ათასი ლეკისათვის წინააღმდეგობა ვერ გაუწევიათ, ციხის აღების შემდეგ, ცხადია, ცოცხლად გადარჩენილ ციხეში მყოფთ ლეკები ტყვედ წაიყვანდნენ. დღეს სოფელში ზუსტად არავინ იცის, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ყვიბისის ციხე. მიუხედავად ამისა, არსებობს მოსაზრება, თითქოს ციხე სოფლის განაპირას, ახლანდელი წმინდა ელიას სალოცავის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

ტაძრები
ღვთის მადლით, სოფელ ყვიბისში, რამდენიმე ტაძარი აუგიათ ჩვენს წინაპრებს. მათ შორის არის ბერის საყდრების, მთავარანგელოზის, წმინდა გიორგის და კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიები.

მთავარანგელოზის ტაძარი
მთავარანგელოზის ტაძარი მიეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. დგას სოფელ ყვიბისის განაპირას, შემაღლებულ ადგილას, მისი მშენებლობის ზუსტი თარიღი არ მოგვეპოვება, მაგრამ ისტორიკოსთა აზრით, XII საუკუნეში უნდა იყოს აშენებული. ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია, მოიხატა დავით გელაშვილის და ადგილობრივი ხელმძღვანელობის დახმარებით. დღეს აქ ღვთისმსახურება აღესრულება.

KARIBCHE

წმინდა გიორგის ტაძარი
წმინდა გიორგის ტაძარი ყვიბისის სასაფლაოს ტერიტორიაზეა. ტაძრის სამხრეთის კართან ამგვარი წარწერა იკითხება: "მომხდარმან სიკვდილმან მარცხათ მომცა ხე და მან ჩემსა მამულში საკოჭავში მსწრაფლ მიმაქცია მიწად მემკვიდრე ბორჯომის ხეობისა თავადი ქაიხოსრო ავალის-ძე ავალოვ და განმაშორა საყვარელსა მეუღლესა ნინს სამსა ძესა და სამსა ასულსა, საყვარელო მეუღლე ჩემო, ნუ სწუხ ჩემთ, არამედ იზრუნვე განახლებულს ყვიბისის ეკლესიაში, სთხოვე ყოველთა შენდობა მიბრძანებდნენ, გარდავიცვალე მაისის ერთსა 1851 წელს". როგორც ირკვევა, ქაიხოსრო ავალიშვილს განუახლებია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ძველსავე ადგილზე. წარწერაში არ ჩანს, რომელ წელს დაიწყო ან რა სახის სამუშაოები ჩაუტარდა ეკლესიას, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ 1851 წლამდე დაიწყო ეკლესიის განახლება, რადგან ამ წელს გარდაიცვალა ქაიხოსრო ავალიშვილი.

კვირაცხოვლის ეკლესია
კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრში მდებარეობს. ტაძრის მშენებლობა 1997 წელს დაიწყო და 2004 წელს, 23 ნოემბერს, გიორგობას დასრულდა. ტაძარი მოხატა ემზარ გოგოლაძემ.

ბერის საყდრები
ბერის საყდრები ყვიბისის აღმოსავლეთით 4 კმ-ზე მდებარეობს ნასოფლარ ბერის საყდრების მიდამოებში. იგი აგებულია X-XI საუკუნეებში. მის მშენებლობას წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, თევდორესა და ქრისტეფორეს სამცხეში მოღვაწეობას უკავშირებენ. სხვა ეკლესია-მონასტრებთან ერთად, რომლებიც იმჟამად აშენდა გრიგოლ ხანძთელის და მისი მოწაფეების ძალისხმევით, ბერის საყდრებსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა ბორჯომის მხარის სულიერად აღორძინებაში.

ამ კომპლექსში აგებული ყოფილა წმინდა გიორგის სახელობის უგუმბათო ეკლესია, რომელსაც ჟამთასვლამ თავისი კვალი დაამჩნია. დღეს იგი ჩვენამდე ნანგრევების სახითაა მოღწეული.

ბერის საყდრების მონასტერი ერთ-ერთი უდიდესი სალოცავი უნდა ყოფილიყო ბორჯომის ხეობაში. "ყველაზე დიდი სალოცავი აქ არის ბერის საყდრის მონასტერი", - აღნიშნავს ისტორიკოსი დევი ბერძენიშვილი. ამ სალოცავის უდიდეს წარსულსა და მნიშვნელობაზე მეტყველებს თვით ტაძრის ტერიტორიაზე მიმობნეული ნაგებობათა მრავალი ნაშთი. იქვეა ბერების საცხოვრებელი სენაკები, რომლებიც მშრალი ქვითაა ნაშენი. ამ სავანეში მყოფი ბერები სარჩოს ნაწილს ალბათ სოფლის გლეხებისგან იღებდნენ, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რამდენი ბერი ემსახურებოდა ამ საყდარს.

ამ დიდებულ მონასტერს მისი წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრიას (ტარიადისი) დახმარებით ვესტუმრე. აქ არის ნანგრევებად ქცეული წმინდა გიორგის ტაძარი. მამა ანდრიას იქვე წმინდა ათანასე ათონელის სახელზე მცირე ზომის ტაძარი და ბერებისთვის საცხოვრებელი ხის სენაკებიც აუგია. მონასტერში უფლის სადიდებელ ლოცვას მღვდელმონაზონი ათანასე და მორჩილი ბექა აღავლენენ.

მამებს "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე. მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრიამ მიამბო:

- ჩვენი ოჯახი თბილისში ცხოვრობდა. ერთხელ ჩვენი მეზობლის ბიჭები დაინტერესდნენ ეკლესიური ცხოვრებით და მკითხეს, - ღმერთი თუ გწამსო. მწამს-მეთქი. ერთ-ერთს სახარება ჰქონდა და მისი კითხვა დავიწყეთ. უფრო ღრმად რომ ჩავწვდომოდი სახარებისეულ სიბრძნეს, სიონის ტაძრის ეზოში მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. თან მსახურებას ვესწრებოდი. პირველი აღსარება მამა ზურაბ ანთაძეს ჩავაბარე. უწმინდესს მაშინ პირველად შევხვდი. მუშაობაში ჩართულ ახალგაზრდებს მარტყოფში, მონასტრის მშენებლობაზე წასვლა შემოგვთავაზა (ამ დროს მარტყოფში გავიცანი მეუფე იობი (ელგუჯა) და მისი და, სამონაზვნე შუშანიკი (ნინო), მაშინ ერის ადამიანები იყვნენ). ეს ადგილი მოგვეწონა და უწმინდესმა კურთხევა მოგვცა დასარჩენად. გამიხარდა და ჩემი ეკლესიური ცხოვრებაც ასე დაიწყო. მერე გამახსენდა, რომ ბებიაჩემის პაპა ანდრია (კიურჯიევი) მღვდელი იყო. მამა ანდრია წალკაშია დასაფლავებული. ამბობენ, მას უხრწნელი ხელი აქვსო...

თავიდან დავდიოდი სიონის ტაძარში. შემდეგში ჩვენმა ოჯახმა წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში მამა ანტონ გულიაშვილთან დაიწყო ლოცვა. ამ პერიოდში ძალიან მიყვარდა სიარული. ბეთანიის მონასტერში ვრჩებოდი ხოლმე და ვშრომობდი შეძლებისდაგვარად. ჩემი შუათანა ძმა, მამა აბიბოსი ჯარიდან რომ ჩამოვიდა, მეზობლის შემოთავაზებით მივიდა მამა ვიტალისთან (სიდორენკო). მამა ვიტალიმ მას ლოცვანის წიგნი გამოუგზავნა. ცოტა ხანში ჩემმა მშობლებმაც ალექსანდრე ნეველის ტაძარში, მამა ვიტალისთან დაიწყეს სიარული. მე კი ავიღე კურთხევა და წავედი მორჩილად წალკაში, მამა დიმიტრისთან, ახლა უკვე სქემარქიმანდრიტ საბასთან. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ უწმინდესმა ფოკაში წასასვლელად მაკურთხა. ორნი გაგვგზავნა. მაშინ ფოკაში ორი ვაგონი იდგა და იქ ვცხოვრობდით 1988 წლიდან 1991 წლამდე, აღსარების ჩასაბარებლად ჩამოვდიოდი მამა ვიტალისთან. მაშინ ფოკაში იყო ძალიან რთული პერიოდი. მიხაროდა თბილისში უწმინდესთან და მამა ვიტალისთან შეხვედრა. შემდეგ ათონის მთაზე წასვლის სურვილი გამიჩნდა და ავიღე კურთხევა უწმინდესისგან. სამი თვე მონასტერს ვარჩევდი. ბოლოს ათანასე ათონელის ლავრაში გავჩერდი. ფინანსური პრობლემა შემექმნა და ამიტომ ერთი თვით ტრაპეზარად დამნიშნეს, მერე ერთმა ბერმა მორჩილად დარჩენა შემომთავაზა.

უწმინდესის კურთხევით, მსოფლიო პატრიარქს გაუგზავნეს წერილი და ოფიციალურად მიმიღეს მორჩილად ათანასე ათონელის ლავრაში. მამა პაისი ცხოვრობდა ათონის მთის ცენტრში - კარიესთან. თავის პატარა სენაკში ეკლესია ჰქონდა. სითბოთი და სიყვარულით იღებდა მიმსვლელს. საუბარში ისე გაიღიმებდა, თითქოს შინაგანად რაღაცას გრძნობდა და თან ნუგეშით გავსებდა - ათონის მთაზე წასვლამდე ზაგორსკის მონასტერში მოვხვდი არქიმანდრიტ ნაომთან. მაკურთხა, მივსულიყავი მამა პაისისთან და რასაც მეტყოდა, ისე მოვქცეულიყავი. მამა პაისისთან მისვლამდე ცხრა თვე მონასტერში მორჩილებას ვასრულებდი. ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. მითხრა, - შენი ადგილი საქართველოშია. აქ ბევრი მამაა, შენ კი საქართველოში უფრო მეტ საქმეს გააკეთებ, იქ უფრო სჭირდებათ ბერებიო.

ათონელი მამები საქართველოს ნაკლებად იცნობდნენ. თავიდან მკითხეს, საიდან ხარო. რომ ვუთხარი, ფოკიდან, წმინდა ნინოს მონასტრიდან-მეთქი, გაოცდნენ. ფოკას კი არა, წმინდა ნინოსაც არ იცნობდნენ. რომ მოვუყევი წმინდა ნინოს ცხოვრება, დაინტერესდნენ. ათონზე გავიცანი მოხუცი მოღვაწე მამა მაქსიმე. მას ნანახი ჰყავდა ათონზე მოღვაწე ბოლო ქართველი მამები. მამა მაქსიმე ივერიის მონასტერთან ახლოს ცხოვრობდა, ძალიან უხაროდა, როცა ათონზე ქართველების ჩამოსვლის ამბავს გაიგებდა. ხშირად იხსენებდა იოანე ღვთისმეტყველის სენაკში ქართველების ცხოვრებას. წუხდა, რომ რაღაც პრობლემების გამო დატოვეს წმინდა მთა და საქართველოში დაბრუნდნენ. უყვარდა საქართველო. ბეთანიის მონასტერიც მოულოცავს და უწმინდესსაც შეხვედრია. მამა მაქსიმე 85 წლისა გარდაიცვალა.

ჩემს მშობლებს ბერად და მონაზვნად აღკვეცა სურდათ და ეს მამა ვიტალის უთხრეს. მან უწმინდესთან გაგზავნა. უწმინდესმა შესთავაზა მამაჩემს, გამხდარიყო სასულიერო პირი. მამაჩემი გიორგი უწმინდესმა მალე დიაკვნად აკურთხა. ცოტა ხანში მღვდლად დაასხეს ხელი და გაგზავნეს წალკის რაიონის სოფელ ბეშთაშენის ეკლესიაში. ერთი წლის შემდეგ უწმინდესმა მშობლებს ბერობის და მონაზვნობის კურთხევა მისცა. მამა ვიტალიმ აღკვეცა მამაჩემი კონსტანტინეს სახელით, დედაჩემი - ელენეს სახელით. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედაჩემი აღიკვეცა დიდ სქემაში და გახდა სქემმონაზონი ევგენია. ამ დროს ჩემი ძმა, მამა აბიბოსი, და ის მორჩილი, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობდა ფოკაში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა ვიტალიმ სიონის ტაძარში ბერად აღკვეცა. მამა ვიტალი 1992 წელს გარდაიცვალა. ერთი წლის მერე ჩამოვედი საქართველოში და უწმინდესის კურთხევით, 1994 წელს მეუფე დანიელმა სვეტიცხოვლის ტაძარში აღმკვეცა ბერად მე და ჩემთან ერთად ახლანდელი: არქიმანდრიტი მიქაელი (შიომღვიმის წინამძღვარი), მეუფე ისაია, იღუმენი ელისე (რომელიც იყო ფოკის წინამძღვარი) და მისი ძმა, არქიმანდრიტი ბენიამინი (მარტყოფის წინამძღვარი). აღკვეცის დროს მამაჩემმა, მამა კონსტანტინემ გადამაფარა მანტია. როცა ანდრია დამარქვეს, მამას ცრემლი მოერია, - პაპის სახელი ჩემზე გადმოვიდა. ნახევარი წელი სვეტიცხოველში ვიმსახურე დიაკვნად, მერე საპატრიარქოში. მეუფე სერაფიმეს თხოვნით და უწმინდესის კურთხევით, მეთხუთმეტე წელია, ბორჯომში ვმსახურობ.

როდესაც ვქმნიდით ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან დედათა მონასტერს, ყოველთვის მქონდა სურვილი პარალელურად დამეარსებინა მამათა მონასტერი. ბევრი რამ გამეგო ბერის საყდრებზე. თავიდანვე ძალიან მომეწონა იქაურობა და მომინდა, მონასტერი აღმედგინა. ღვთის წყალობით, დავდგით ხის საცხოვრებელი სენაკი. ახლა მონასტერში მღვდელმონაზონი ათანასე და მორჩილი ბექა ცხოვრობენ. როდესაც დავიწყეთ მამათა მონასტრის დაფუძნება, მეუფე სერაფიმეს წინადადებით, ვყარეთ კენჭი, რომელი მეუდაბნოე მამის სახელზე გვეკურთხებინა მონასტერი. ამოვიდა წმინდა ათანასე ათონელის სახელი. ღვთის მადლით და წყალობით ავაშენეთ წმინდა ათანასე ათონელის სახელობის მყუდრო ეკლესია. აქ დღეს უკვე აღევლინება ღვთისმსახურება.

მონასტერს თავისი მეურნეობა აქვს. მოსავლიანი ადგილია და შეიძლება მონასტერმა თავი ირჩინოს, გამოვიყვანეთ წყალი და ახლა გვსურს წმინდა გიორგის ეკლესიის ძველი ნანგრევები აღვადგინოთ.

***
მონასტერი არის სავანე, სადაც ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს უფალი და სურვილი აქვს თავისი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნას. თავის ცხოვრებას ლოცვაში, მარხვაში ატარებს. იკრიბებიან ძმები, მსურველები, ვისაც ქალწულებრივი ცხოვრებით სურს ცხოვრება და განშორება ამ ცხოვრების ამაოებისაგან. არსებობს მონასტრული ცხოვრების ორი წესი: იდიორითმული (მხოლოდ ტაძარში იკრიბებიან ერთად, ხოლო დანარჩენი ცხოვრების განაწესით ცალ-ცალკე არიან) და კინოვიალური (ლოცვა, ტრაპეზი და კველანაირი მორჩილება ერთად სრულდება). კინოვიალური მონასტრის დამაარსებელმა პახუმი დიდმა და მოღვაწე დიდმა მამებმა - ანტონი, მაკარი დიდმა და სხვებმა დაგვიტოვეს ცხოვრების წესი, რომელსაც უნდა მიჰყვნენ ბერები.

KARIBCHEმონასტერს გამოცდილი წინამძღვარი უნდა ჰყავდეს, რადგან სულიერად რჩევა-დარიგებები მისცეს მონასტრის წევრებს. მონასტერი არა მარტო გარეგნული შემოსვით და გარეგნული გამრავლებით გამოირჩევა, არამედ მონასტერის წევრები უნდა ცდილობდნენ, რომ მოჩილებით, თავმდაბლობით და მოძღვრის დახმარებით სულიერად ზრდა განიცადონ.

ღვთის მადლით ჩვენ გვყავს უწმინდესი, რომელიც თავისი ლოცვით, დარიგებით ყველას გვზრდის და სულიერ ცხოვრებას გვასწავლის. მონასტერი უპირველეს ყოვლისა დამყარებულია მორჩილებაზე, იმიტომ, რომ თვით უფალი იყო მორჩილების მაგალითი. ,,მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე. ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ". (მათე 26.39) - ამაზეა დაფუძნებული მთელი მონასტრული ცხოვრება. მონასტერში ადამიანი ღვთის სიყვარულით მოდის. უფლის სიყვარულს კი სჭირდება ღვთის შიში, რათა ღვთის შიშით შეასრულო ღვთის ნება. ღვთის შიში ადამიანს ყოველთვის აკონტროლებს იმისათვის, რომ არ დაუშვას შეცდომა. თუ შეცდომას უშვებს, ის ყოველთვის სინანულით, განცდით ცდილობს გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და უბრუნდება იმ გზას, რომელსაც უფალი ჩვენგან ითხოვს. ადრე საქართველოში თითქმის ყველა ოჯახიდან ერთ-ერთი მიდიოდა მონასტერში და თავისი ლოცვით ეხმარებოდა ერს და დღეს რიცხვი მსურველებისა ბევრად შემცირდა და ღმერთმა ინებოს, რომ გაიზარდოს რიცხვი ბერ-მონაზვნობისა, რამეთუ სიძლიერე მართლმადიდებლობისა და ერისა ყოველთვის დამოკიდებულია მონასტრულ, სულიერ ცხოვრებაზე.

მღვდელმონაზონი ათანასე: - დავიბადე 1975 წლის 18 აპრილს. ჩემი ოჯახის წევრები ეკლესიური ცხოვრებით არ გამოირჩეოდნენ. მე შედარებით გვიან მივედი ეკლესიაში, ისიც განსაცდელის გამო. სულიერად შეჭირვებული ვიყავი. თუმცა ბავშვობაში შინაგანად ყოველთვის ვფიქრობდი ეკლესიურ ცხოვრებაზე. დიდი ბებია მყავდა მორწმუნე და ხშირად ვრჩებოდი ხოლმე მასთან სახლში. ძილის წინ ყოველთვის ლოცულობდა და პირჯვარს ისახავდა. ამის შემყურეს ბავშვობიდან ჩამესახა უფლის სიყვარული. ჩემი წინაპარიც სასულიერო პირი იყო. მღვდელი ილია გორის რაიონში მოღვაწეობდა. ალბათ ჩემი წინაპრების მადლით გავხდი მოძღვარი. წმინდა სერაფიმე საროველის წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო გამიჩნდა ბერობის სურვილი. ჩემი ახლო მეზობლისგან გავიგე, რომ ბორჯომში ჩამოსული იყო მამა ანდრია (ტარიადისი) და მასთან წასვლა მირჩია. 2001 წელს, აღდგომის დიდი მარხვა იყო და პირველად მოვისმინე მამა ანდრიას ქადაგება. ძალიან მომეწონა. მასთან დავრჩი, აღსარება ვთქვი. ცხოვრებაში ბევრი დაცემაც მქონდა, მაგრამ ღვთის მადლით და მამა ანდრიას ლოცვით ისევ გამიგრძელებია ეკლესიური ცხოვრება.

ერთხელ მამა ანდრიამ მითხრა, მონასტერში წასვლა ხომ არ გინდაო. სურვილი კი მაქვს, მაგრამ ვერ გადავწყვიტე-მეთქი. 2007 წელს მამა ანდრიას ლოცვა-კურთხევით დავიწყე მონასტრული ცხოვრება. ჩემი ოცნება იყო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა. მაშინ მამა ანდრიამ დაიწყო ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრის ეზოში წმინდა ელენეს და კონსტანტინეს ტაძრის მშენებლობა, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. შინაგანად უდიდეს სიხარულს განვიცდიდი, მავიწყდებოდა ყველანაირი დაღლა. მეუფე სერაფიმე ჩვენთან ხშირად ამოდიოდა ხოლმე. ერთხელაც მამა ანდრიას ჩემზე უთხრა, - ფოკაში გავუშვათ, იქ დიდ გამოცდილებას მიიღებსო. მეუფე სერაფიმე თავადაც ფოკის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. ფოკაში რვა თვე ვიცხოვრე. შემდეგ ბორჯომში ჩამოვედი, მწვანე მონასტერში ცხრა თვე გავატარე. ორი წლის შემდეგ კაბოსანი მორჩილი გავხდი. ოთხი თვე რუის-ურბნისის ეპარქიაში ვიყავი დროებით მორჩილად არქიმანდრიტ ზაბულონთან. 2009 წელს ჩამოვედი ბორჯომში და დავსახლდი ბერის საყდრებში. თავიდან ხის ეკლესია ავაშენეთ, ღვთისმსახურებას იქ ვატარებდით. ბერად აღკვეცის შემდეგ ათანასე ათონელის სახელი მეწოდა.

მორჩილება უფალთან ყველაზე ახლოს მისასვლელი გზაა. პირადად მე როცა რაღაცაში არ დავემორჩილე მოძღვრის კურთხევას, ვგრძნობდი, რომ სულიერად წინ ვერ მივდიოდი. ამ დროს სულიერად უფრო სუსტდები, ამიტომ ღვთის გზამდე უმოკლესი გზა არის მორჩილებით ცხოვრება. მით უმეტეს, ბერისთვის ეს აუცილებელია. პერიოდულად ვმსახურობ ბორჯომის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. 2010 წელს ღვთისმშობლობას მღვდლად მაკურთხეს. ამჟამად მონასტერში ორი წევრი ვართ. ვცდილობთ, ღვთის წყალობით, მამა ანდრიას ლოცვა-კურთხევით ვიცხოვროთ. ჩვენს მონასტერს ვუსურვებ გამრავლებას, სულიერად ამაღლებას. დიდ მარხვაში ვართ და ღმერთმა ქნას, რომ ისეთი სინანული მოგვცეს, როგორიც წმინდა მამებს ჰქონდათ.

მორჩილი ბექა გოგრიჭიანი: - დავიბადე 1992 წლის 11 ნოემბერს. ჩემი ოჯახი არ იყო მორწმუნე. მამა ავარიით დაიღუბა და ღვთის წყალობით მას შემდეგ დაიწყო დედამ ეკლესიაში სიარული, ღვთისკენ მოექცა. მეც ამას მთხოვდნენ, მაგრამ ალბათ ყველას და ყველაფერს თავისი დრო აქვს. ღვთის წყალობით, მეც მივედი ეკლესიაში, დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. გავიცანი მამა ანდრია, შემდეგ სტიქაროსანი გავხდი. მანამდე მცირე ხნით ჩამოვშორდი ეკლესიას, განსაცდელები შემხვდა, მაგრამ ღვთის წყალობით გამეხსნა გონება და ისევ ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. მამა ანდრიას ლოცვა-კურთხევით, ერთი კვირით მონასტერში მამა ათანასესთან დავრჩი. მამა ანდრიამ მკითხა, რას იტყვიო. მონასტრული ცხოვრება მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ-მეთქი. მითხრა, რამდენი ხანიც გსურს, იმდენ ხანს დარჩი მონასტერშიო. ერთი წელი მომცა გამოსაცდელად. ღვთის წყალობით, ერთ წელიწადში გავმტკიცდი რწმენაში. შემდეგ მოძღვარმა შემმოსა მორჩილის კაბით.

- რას გავალდებულებს მონასტრული ცხოვრება? როგორ წარმოგედგინა მონასტერი და როგორი დაგხვდა?

- ბერის საყდრები ჩემთვის პირველი მონასტერია. სხვაგან არსად ვყოფილვარ. გამოცდილებაც არ მქონდა. როგორსაც ვფიქრობდი, ისეთი დამხვდა. რაც მთავარია, სიყვარულია, ლოცვა, მარხვა, ურთიერთგაგება.

- მონასტერში რისთვის მოდიან ადამიანები?

- სულის საცხოვნებლად და ერის ხალხის სამაგალითოდ. ერში შეიძლება შენი ნაკლი და ცოდვები ვერ დაინახო, მაგრამ მონასტერში და საძმოში შენს ცოდვებს და უარყოფით თვისებებს მეტად ხედავ. სულის ცხონება, რა თქმა უნდა, ერშიც შეიძლება, მაგრამ უფლის სიყვარულით მოხდა ჩემი მონასტერში წასვლა. ცოტა ხნით რომ გამოვდივარ მონასტრიდან, მენატრება ხოლმე ბერის საყდები. ძალიან კარგ პერიოდში მომიწია იქ ყოფნა. მამა ათანასეს ბერად აღკვეცას მოვესწარი, მაშინ დავიწყეთ წმინდა ათანასე ათონელის სახელობის ეკლესიის მშენებლობაც. წმინდა მამები ამბობენ: მონასტერში თუ სწორად იცხოვრა ბერმა და მონაზონმა, ის ადგილი სამოთხეს ემსგავსებაო. ბერ-მონაზვნები მაგალითის მიმცემნი უნდა იყვნენ ერისთვის, მრევლისთვის. სულიერი წარმატება კი ლოცვით, თავმდაბლობით მიიღწევა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat