- მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაშლილია საციციანოს ერთ-ერთი ისტორიული სოფელი წრომი. XII საუკუნის ანონიმი ავტორის თხზულების, "წამებაი და ღვაწლი წმინდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისა", მიხედვით წრომის დასაბამი V ს-ის იქით უნდა ვეძიოთ. ერთ დროს დიდი ქალაქური დასახლებიდან დღეს პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე სოფელი დარჩენილა. წმინდა არის წრომის ადგილები, რამეთუ წმინდა რაჟდენის სისხლით არის მორწყული, ღმერთისაგან დალოცვილი და კურთხეულია. მრავალ ჭირს გაუძლო ჩვენმა სალოცავმა, ჰყავდა უთვალავი მრევლი, მტერიც მიუღია და მოყვარეც. საქონლის სადგომად გაუხდიათ. მისი უზადო ფრესკები დაუთხრიათ, ხატები შეუბილწავთ და კედლები კირით გაუთეთრებიათ. წირვა აუკრძალავთ. გუმბათი დაინგრა, კედლები ჩამოშვავდა...
ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ჩრდილოეთით გორას იქით და სამწევრს ზევით არის მონასტერი ყოვლადწმინდისა წრომისა, გუმბათიანი, მშვენიერი". ტაძრის მთავარ სარკმელთან მოთავსებული წარწერით დგინდება მისი თარიღი - 626-634წ.წ., ერისმთავრის სტეფანოზ იპატოსის დრო. სტეფანოზ იპატოსი ცნობილი სტეფანოზ II-ა, რომელმაც ააშენა ტაძარი. ძველი წარწერებიდან დღეისათვის მხოლოდ ეს გადარჩენილა. ისტორიკოსმა თედო ჟორდანიამ შემოგვინახა ტაძრის წარწერის ფრაგმენტები, საიდანაც ვიგებთ, რომ "ესე ჯვარი ძლიერი მამაოს თაბორის ლოცვითა აღვმართეს სალოცავად". მისივე აზრით, ეს იყო კათალიკოსი თაბორი, რომელიც ცხოვრობდა სტეფანოზის დროს და რომლის ლოცვა-კურთხევით აღუმართავთ ჯვარი. თედო ჟორდანიას ერთ-ერთი სვეტის პირზე უნახავს კიდევ ერთი წარწერა: "სახელითა ღვთისათა წმინდისა რაჟდენისაი".
წმინდა რაჟდენი ეწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისა სპარსთა მიერ, "ქართლსა შინა სოფელსა შინა წრომს", - ვკითხულობთ წამებაში.
ტაძრის საკურთხეველი შემკული ყოფილა ფოთლოვანი ორნამენტის მოზაიკით ქრისტეს გამოსახულებით, მას მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, გრაგნილზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, მარჯვენით აკურთხებს ორივე მხარეს, გვერდით ანგელოზნი ედგნენ, საკურთხევლის სარკმლის თავში სამი მედალიონი ყოფილა. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავი იყო. მოზაიკაზე იყო წარწერაც. აქვე იყო ფრესკული მხატვრობა, ქრისტეს დიდების კომპოზიცია, რომელიც ამაღლების თემას უკავშირდება. მოზაიკამ დღემდე ფრაგმენტების სახით მოაღწია და გადარჩენის მიზნით 1932 წელს გადაიტანეს ხელოვნების მუზეუმში.
1731 წელს ტაძარი დააზიანა ლეკთა თავდასხმამ. ბოლოს კი 1940 წელს მესამე მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა ძეგლი. სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი.
მტრის შემოსევის დროს ამ დიდებულ ტაძარს თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა, წრომის მოსახლეობა თავს აფარებდა მის გალავანს. გალავანი დღესაც აქვს ტაძარს გარშემოვლებული. აქვეა წყაროც.
გერმანული ენის პედაგოგმა ნელი ლომიძე-ჩუტკერაშვილმა გვიამბო:
სოფლის უხუცესების გადმოცემით, თურმე წრომის ტაძარში წირვა-ლოცვა და ჯვრისწერაც სრულდებოდა. მღვდელი მამა ნიკოლოზ დავითაშვილი ყოფილა. მისი ვაჟი, მიხეილი, მიშა, სტალინთან ერთად სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში. მიშა, სოსო და მათი ამხანაგები თურმე ხშირად ჩამოდიოდნენ წრომში.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელი წრომი გაშენებული იყო მყუდრო ადგილას და გარშემო მრავალი ცოხე-კოშკი იცავდა, მაინც არაერთხელ გადაქცეულა ბრძოლის ასპარეზად.Aამის უტყუარი მოწმეა სოფლის დასავლეთით მდებარე მინდორი "ნალასტევი", სადაც არაერთხელ უპოვიათ მხვნელ-მთესველებს ჩონჩხი და საბრძოლო იარაღები.
მეომრები მტრების შემოსევების დროს ტაძრის გალავანში გროვდებოდნენ და ხმლებს ეკლესიის კედლებზე ლესავდნენ. ტაძრის აღმოსავლეთ კედელს ახლაც ატყვია ნალესის კვალი.
ისტორიული წყაროებიდან ვიცით, რომ ციციშვილები XIV ს-ის II ნახევარში ტაოდან გადმოსულან ქართლში და მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ხაშურისა და ქარელის რაიონებში, ძამის ხეობაში მკვიდრდებიან. მათ დაიკავეს ძამის ციხე და აქედან დაიწყო საციციანოს როგორც სათავადოს ისტორია. დროთა განმავლობაში საციციანოს საზღვრები გაიზარდა და უკვე XVII საუკუნისთვის მასში 70 სოფელი შედიოდა. მათ შორის: ყელეთი, მიწობი, თაგვეთი, რბონა, თხილნარა, წრომი, ხცისი, ხალები, ღართა, დამჩხეულა, ძამა და სხვა. იყო დრო, როცა წრომი ქსნის საერისთაოშიც შედიოდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ქსნის ერისთავები დროთა განმავლობაში აფართოებდნენ თავიანთ სამფლობელოებს. თავად ციციშვილს ჯავახეთიდან წრომში გადმოუსახლებია მურჯიკნელები, ჩუტკერაშვილები. სხვადასხვა დროს კი აქ დასახლებულან სარალიძეები, მაისურაძეები, ციცქიშვილები, შუბითიძეები, ბერაძეები, ქურდაძეები, მიქელაშვილები.
***
1912 წელს წრომში სამკლასიანი კერძო სკოლა გაუხსნია თავად ლევან ციციშვილს. მასწავლებლად მუშაობდა მისი მეუღლე ნადია ციციშვილი. სკოლაში სწავლობდა 25-30 მოსწავლე. 1914 წელს გაიხსნა ოთხკლასიანი სკოლა, რომლის პირველი მასწავლებელი გრიგოლ ტაბატაძე გახლდათ. სკოლის შენობა სოსო მურჯიკნელის სახლში იყო, შემდეგ კი მამა ნიკოლოზ დავითაშვილის სახლში და თავადვე ასწავლიდა საღვთო სჯულს. შემდეგ სკოლა კონსტიტუციით გამოეყო ეკლესიას და გადაიტანეს თავად ტატიშვილის ბინაში. 1931 წელს გაიხსნა შვიდკლასიანი სკოლა. ხოლო 1940 წელს ააგეს სკოლის ახალი შენობა. სკოლის პირველი დირექტორი გახლდათ ელენე ჩიკვაიძე.სოფელში რამდენიმე ადგილას აღმოჩნდა გოგირდოვანი ცხელი წყალი. მოსახლეობა მას იყენებს როგორც სამკურნალო, ისე სამეურენო საქმიანობისათვის.
წრომში რამდენიმე უბანია. პატიკაანთ უბანში ვინმე პატიკას უცხოვრია. იგი ბერაძეების წინაპარი ყოფილა. ამ უბანში ბერაძეების გვარისშვილები დღემდე ცხოვრობენ.
ბებიაანთ უბანში მურჯიკნელები ცხოვრობენ. მათი წინაპარი ბებიაქალი ყოფილა. უბანს მის პატივსაცემად დარქმევია სახელი.
ტოპონიმები
ლევანის ფარდი - სოფლის აღმოსავლეთით სახნავ-სათესი ადგილია. თავად ლევან ციციშვილს ეკუთვნოდა და მიწას მისი სახელი შერქმევია. ბოსლეთი - ამ ვაკე-ადგილას ძველად ბოსლები ყოფილა.
ქარის მიწა - სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, ბოსლეთის გვერდზე. ხშირად აქ ძლიერი ქარი ქრის.
ხაროები - ამ ადგილას ყოფილა ქვითკირის ორმოები ხორბლის შესანახად.
სოსო პაპას ნაწისქვილარი ეწოდება ადგილს, სადაც ყოფილა წყლის წისქვილი. ამ წისქვილში დიდი ხნის განმავლობაში მეწისქვილედ მუშაობდა სოფლის მკვიდრი სოსო მურჯიკნელი.
კვახიჭამია - სახნავია სოფლის თავში, სადაც ოდესღაც მოჰყავდათ სხვადასხვა ჯიშის კვახი. ამჟამად აქ ხეხილის ბაღია გაშენებული.
მარინეს ვარდი - ამ ადგილას წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ნანგრევებია. გადმოცემით, იგი აშენებულია VII-VIII საუკუნეებში. ტაძრის აღმშენებლის ასულს მარინე რქმევია და ამიტომაც აუგია ტაძარი წმინდა მარინეს სახელზე.
ნადარბაზევი - სოფლის სამხრეთით, თრიალეთის ქედის კალთაზეა. ძველად იგი ხალხის თავშეყრის ადგილი ყოფილა. გადმოცემით, ამ ადგილას თამარ დედოფალს აუშენებია დარბაზი, სადაც ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე უხდებოდათ საუბარი. ამჟამად აქ ცხოვრობს ციცქიშვილების და სხილაძეების რამდენიმე კომლი.
დედა ღვთისა - ნადარბაზევის თავზე მდებარეობს. ამ ადგილს ჩამოუდის კონიახევის რუ. წინათ, თურქების შემოსევის დროს, აქ მტრის რკალში მოქცეულა ჩვენი ჯარი. განსაცდელში ჩავარდნილ მეთაურს ულოცია: "დედაო ღვთისა, შენ დაგვიფარე განსაცდელისაგან და მოგვეც ძალა გამარჯვებისაო!" ამის მერე ჯარს გაუმარჯვია მტერზე, რის გამოც იმ ადგილას ააშენეს ეკლესია, სადაც ხალხი სალოცავად მიდიოდა. მერე ახლომახლო მცხოვრებნი ბარში ჩამოსახლებულან, ხოლო ამ ადგილს წმინდა ალაგს უწოდებენ.
ტრადიციული სახლები
- თუ სოფელში აღმოსავლეთიდან შემოხვალთ და გზის მარცხენა მხარეს ჩამწკრივებულ სახლებს ცნობსმოყვარე თვალით შეხედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ ხის ორსართულიან, აივნიან სახლს, თავისი დროის კვალობაზე ალბათ ყველაზე ლამაზია, - გვიყვება ქალბატონი ელისო.XIX ს-ის II ნახევრიდან საქართველოში ასეთი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი, რომელშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. მნიშვნელოვან ელემენტად კი ხის გრძელი აივანი ჰქონდა. ტრადიციულად ქართველი ხალხის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი სოფელი იყო. ეს საუკუნოვანი სახლიც ძლიერი ფესვია მათი, ვინც აქ დაბადებულა. დაფრთიანებულს კი მიზეზთა გამო დაუტოვებია.
1903 წელს დიდი სიდუხჭირეა. სამი ძმა, ანდრო სულეიმანაშვილის შვილიშვილები: იასონი, სანდრო და დიმიტრი მაინც ახერხებენ ორსართულიანი, ექვსოთახიანი სახლის მშენებლობას.
ხუთ თაობამდე აღვადგინე მათი გენეალოგია. ყველაზე მეტი ამ სახლის ისტორიის შესახებ აკაკი სულეიმანაშვილმა და მისმა ძმამ იცოდნენ.
სახლი სამ ნაწილად გაუყვიათ, ორ-ორ ოთახად, მაღლა-დაბლა. საძირკვლად კირქვა უხმარიათ, სახურავად - წითელი კრამიტი, მასალად კი თელა და მუხა. ალბათ ამიტომაც დგას დღემდე ასე მკვიდრად. დროთა განმავლობაში ზოგი გადაუკეთებიათ.
დღესდღეობით ამ გვარის გამგრძელებელი სოფელში ხუთი ოჯახია. ისინი სიამოვნებით მიყვებიან ისტორიას თავიანთი წარმომავლობის შესახებ: გადმოცემით, ვახტანგ VI-ის შთამომავალი ქალი სათათრეთში შვილთან ერთად წაუყვანიათ. მისი ვაჟი იქ სულეიმანად მოუნათლავთ, ბედის წყალობით, ისინი კვლავ დაბრუნებულან საქართველოში. სულეიმანის შთამომავლებს გვარად სულეიმანაშვილი მიუღიათ. სულეიმანს ჰყოლია ორი ვაჟი - თომა და ფხაჭია. თომა მანგლისში დამკვიდრებულა, ფხაჭია კი ამ უძველეს სოფელში დასახლებულა. ამიტომ სულეიმანაშვილებს ხშირად ფხაჭიაანებსაც ეძახიან წრომში. მანგლისში დღესაც ცხოვრობენ სულეიმანაშვილი თომაანი.
ერთ-ერთმა მემკვიდრემ საოცარი პატარა ყუთი გვაჩვენა. მასში ალბათ "ვეფხისტყაოსანი" ინახებოდა. მასზე კიდევ უფრო პატარა ზარდახშაში კი ძვირფას სამკაულებს, თვლებს და ათას წვრილმანს ინახავდნენ.
თავადი ლევან ციციშვილი
სოფელში ყველაზე ცნობილი და მდიდარი თავადი ციციშვილები იყვნენ. უკანასკნელი ციციშვილი, ლევანი, XX ს-ის დასაწყისში სახლობს სოფელ წრომში. ის სამეფო კარის ერთგული თავადის, დავით ციციშვილის შთამომავალია. მისი მამა, ამირიდონი დავითის შვილიშვილია, რომელსაც ცოლად ჰყავდა ერეკლეს ასული მარიამი. ერეკლემ დავითს ქალაქის სარდალმოურავობა უბოძა და სიძედაც მოიკიდა. ამით მან ციციშვილების წინააღმდეგობა შეამცირა.საციციანოს სათავადოს ჩამოყალიბებაზე ცნობას გვაწვდის იოანე ბაგრატიონი: "ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდგან მოსრულნი. ძველადვე მდიდარნი კაცნი და ესენნი მოვიდნენ და დაეშენნენ ახალციხის ნაწილსა ადგილსა შინა ფანასკერტად წოდებულსა. ამათთა შთამომავლობათა უკუეთ მსახურეს მეფესა თამარს და იყვნენ მეგობარცა სპასპეტის მხარგრძელის ზაქარიასი და ამის შუამდგომლობით უბოძა მეფემან თამარ თავადობაი და ადგილისა მის ფანასკერტისა ზედა მხედველობაი და მამულნი მუნ.
უკანასკნელ დროსა მეფისა ბაგრატისასა იყო წარჩინებული მხედართა წინამძღომი ზაქარია ფანასკერტელი, რომელსაც უწოდნენ ზაზად და ამან უკუე იმსახურა დროსა მოსვლისა ლანგ თემურისასა, რომელიცა ბრძოდა მეფესა და ვინაიდგან წარჩინებულ იქნა ზაზა ფანასკერტელი, აიძულა მეფემან და გარდამოასახლა საქართველოსა შინა და მიუბოძა მძოვრეთისა ხეობასა შინა სოფლები. შემდგომად ამისა მოკვდა რა ზაზა, დარჩა ძე ციცით წოდებული, რომელმანცა მეფესა კონსტანტინეს ფრიად მსახურა სხვათა ბრძოლათა შინა და ჯილდოდ ამისა მეფემან უბოძა შვილთა ამისთა და თვით მას გუარად ციციშვილობა და აგრეთვე სახლისკაცთა და განაყოფთა ამათთა და მუნითგან იწოდებიან ციციშვილებად".
ციციშვილები XIV ს-ის II ნახევარში ტაოდან მოდიან ქართლში და მკვიდრდებიან მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ახლანდელი ხაშურისა და ქარელის რაიონებში, ძამის ხეობაში.
საციციანო კარხანიდან ტაშისკარამდე ვრცელდებოდა. მასში 70-მდე სოფელი შედიოდა. ერთ-ერთი ისტორიული სოფელია წრომიც.
ლევან ციციშვილის მამა, თავადი ამირიდონ ციციშვილი, დიდი ადგილ-მამულების პატრონი, მდიდარი თავადი იყო. სამწუხაროდ, მალე გარდაიცვალა და მის ქვრივს, ქეთევანს, მარტო მოუხდა შვილის აღზრდა - ლევანი 6 წლისა დაობლდა. დედამ იგი მიაბარა ტფილისის რეალურ სასწავლებელში, იქიდან კი გაგზავნა საფრანგეთში. უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ლევანი დაბრუნდა სამშობლოში. ის აქტიურად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. მოხუცები "კეთილ ბატონად" მოიხსენიებენ. ის იყო ალალი, მართალი კაცი, უყვარდა სამშობლო და მზად იყო, გლეხებისათვის გადაეცა მიწა, სახნავი და საერთო ადგილები.
ციციშვილების ოჯახის სტუმართმოყვარეობა თურმე ყველას აკვირვებდა, ცნობილი იყო მათი სუფრა, მურაბები, კანფეტები და შოკოლადები. გლეხების გამასპინლება არ ავიწყდებოდა ლევან ციციშვილს. წრომელები ამბობენ, რომ იგი დღიურად 250 გლეხს აპურებდა. ლევანი დიდი მონდომებით ცდილობდა გლეხებისათვის წერა-კითხვის სწავლებას. 1912 წელს თავისსავე ბინაში გახსნა სამკლასიანი სკოლა, მასწავლებლად თავისი მეუღლე ნადია ციციშვილი მუშაობდა. სწავლა ფასიანი იყო, იხდიდნენ სწავლის ქირას. ცნობილია, რომ 25-30 მოსწავლე სწავლობდა ამ სკოლაში. მან პირველმა შემოიტანა და გაავრცელა მანქანა-იარაღები. მათი საშუალებით ამუშავებდა საკუთარ მამულებს და მეზობელ გლეხებსაც ასწავლიდა ტექნიკის გამოყენებას.
***
ეკატერინე ლევან ციციშვილის ცხოვრების ხანმოკლე, მაგრამ ძვირფასი ფურცელია. იგი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და დატოვა ორი ულამაზესი გოგონა - მარიამი და ანასტასია. თავადმა ლევანმა 1908 წელს ცოლად შეირთო ნადეჟდა ილიას ასული ხერხეულიძე, თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის წოდება ჰქონდა. ლევანს მასთან ორი შვილი ჰყავდა - ქეთევანი და ამირიდონი. ლევანის ვაჟი ამირიდონ ციციშვილი სწავლობდა კიევის ინსტიტუტში. ის სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს ფრონტზე და დაიღუპა.თავადი ლევან ციციშვილი 1905 წლის რევოლუციის დასაწყისში დააპატიმრეს. იჯდა გორის ციხეში, მეტეხში. ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ 1909 წელს ისევ დააპატიმრეს წრომის სკოლისა და კოოპერატივის დაარსების გამო. ლევან ციციშვილის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. თავადს ღამის 10 საათზე თავს დაესხნენ ყაჩაღები და სიცოცხლეს გამოასალმეს.
...ხავსი მოსდებია წრომის ეკლესიის ეზოში მოკრძალებულ ადგილას მდგარ ძალიან უბრალო საფლავის ქვას, რომელიც მეუღლემ დაადგა ლევან ციციშვილს, მაგრამ სიტყვებს, რომელიც მასზე ამოუკვეთიათ, მნიშვნელობა არ დაუკარგავს, არა მარტო მისი შეფასებისას, ვისაც ეკუთვნის, არამედ საერთოდ მაღალადამიანური ურთიერთობების შესაფასებლადაც:
"დრო და ჟამი ამ მწუხარებას განმიქარვებს, მაგრამ შენისთანა მეგობარს მე ვეღარ ვპოვებ ჩემს სიცოცხლეში. ნუგეშად ისღა დამრჩენია, რომ შენი საყვარელი მარო და ტასო ღირსეულად აღვუზარდო დედა სამშობლოს და მით უკვდავყო შენი სახელი ამქვეყნად".
XVIII საუკუნის 50-60-იან წლებში ციციშვილები სამეფო კარს უნათესავდებიან. ცნობილია, რომ ერეკლე II-ის ასული მარიამი ცოლად ჰყავს დავით ციციშვილს, ქალაქის სარდალმოურავს. მეფემ მას ერთგულებისათვის მისი ბიძაშვილის ზაქარიას ყმა და მამულები უბოძა.Lლევან ციციშვილი კი თავად დავით ციციშვილის შვილთაშვილია. მისი მამა ამირიდონი - დავითის შვილიშვილი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში