ხანძთა
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, 18 ოქტომბერს, ამ დიდი მამის სავანეში აღმოვჩნდებოდი.
ღამისთევის სადღესასწაულო ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ხონისა და სამტრედიის მთავარეპისკოპოს საბასთან (გიგიბერია) და სხვა სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. იმ დღეს წმინდა გრიგოლმა ერთად უამრავი მორწმუნე ქართველი შეკრიბა. ხანძთის ტაძარში, ღია ცის ქვეშ, სანთლის მოციმციმე შუქზე, ხმატკბილი გალობა ისმოდა. მრავალი ადამიანი ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და მადლით სავსეებმა, გულსევდიანებმა დავტოვეთ იქაურობა. მთვარიან ღამეში ბილიკებზე ჯაჭვისებურად მივყვებოდით ერთმანეთს და ვმადლობდით უფალს ამ დღისთვის. ხანძთის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები კლარჯეთში, მაღალმთიან სოფელშია, მას დღეს ფირნალი ჰქვია. უკანასკნელი 15 წელია, სამონასტრო კომპლექსს მრავალი დამთვალიერებელი სტუმრობს; მანამდე კი ხანძთა ჯერ დაკარგული, შემდეგ კი მიუღწეველი ადგილი იყო.
ხანძთის სამონასტრო კერისა და მისი დამაარსებლის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა, რომ არა გიორგი მერჩულეს აგიოგრაფიული თხზულება და მისი ერთადერთი ხელნაწერი (XI ს.), რომელიც იერუსალიმის საპატრიარქო წიგნთსაცავის ქართულ ხელნაწერთა ფონდშია დაცული. პირველად მას 1845 წელს ნიკო ჩუბინაშვილმა მიაკვლია, ხოლო 1902 წელს იერუსალიმში ქართული ხელნაწერების გამოსავლენად მივლინებულმა ნიკო მარმა გადმოიღო და 1911 წელს გამოაქვეყნა. ნიკო მარმა გადაწყვიტა, ხანძთელის დაარსებული კლარჯეთის სავანეებიც მოეძია და მასალა ხელნაწერთან ერთად გამოეცა. ამ მიზნით მან 1902 წელს ექსპედიციაც მოაწყო და, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველაზე მეტად ხანძთის იდენტიფიკაციის დროს დაიბნა. ალბათ ამის მიზეზი ის გახდა, რომ სხვა მონასტრების სახელებისგან განსხვავებით ხანძთის ტოპონიმი უკვე დაკარგული იყო. ხანძთად კარჩხალას ხეობაში მდებარე ნუკას საყდარი მიიჩნია, ფორთის სამონასტრო კომპლექსი კი შატბერდად, მაგრამ მაინც ალღო სხვას კარნახობდა და გულწრფელად წერდა კიდეც შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურებში: "სად არის შატბერდი? მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლი იწოდებოდა ხანძთელად, რომ ხანძთა მისი პირმშოა, შატბერდი ჩემს წარმოდგენაში რატომღაც უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული გრიგოლთან. ის, როგორც მე მეჩვენება, უფრო მეტად ელოლიავებოდა შატბერდის მონასტერს, ვიდრე ხანძთას... მე სიამოვნებით ვაბიჯებდი მონასტრის კარის ზღურბლს, სულიერად ამაღლებული და ცრემლებამდე შეძრული იმ აზრით, რომ შევდიოდი ძველ განმანათლებელთა ინტიმურ კუთხეში".
მონასტერი გრიგოლ ხანძთელმა VIII საუკუნის ბოლოს დააარსა. პირველად, დაახლოებით 782 წელს, როცა მან ეს ადგილი ღვთის კარნახით იხილა, აქ მარტოდმყოფი ბერი ხუედიოსი დახვდა. ბერმა გრიგოლს სთხოვა, მის გარდაცვალებამდე დაეცადა და მხოლოდ შემდეგ წამოეწყო აქ სამონასტრო მშენებლობა. გრიგოლი ასეც მოქცეულა: ორი წელი მან ოპიზაში დაჰყო, შემდეგ კი ოპიზელი ბერების მიერ მიცემული იარაღებითა და დახმარებით შეუდგა უკვე საკუთარი მონასტრის მშენებლობას. მერჩულეს თანახმად, მათ საეკლესიოდ ადგილი დაავაკეს და პირველად ძელის - ხის ეკლესია ააშენეს, შემდეგ ძმათა სენაკები და ბოლოს გრიგოლის საყუდელი და სატრაპეზო. მალევე, აშოტ კურაპალატის სიცოცხლეშივე, ეს ეკლესია შეცვალეს პირველი ქვის ეკლესიით, რომელიც ადგილობრივი დიდებულის, გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური და მორალური შეწევნით აიგო. სამაგიეროდ, ხანძთა დაფანჩულთა საგვარეულო საძვალე უნდა გამხდარიყო, ხოლო დაფანჩულთა ოჯახის ხსენება ლოცვის დროს სამუდამო ვალდებულებად იქცა.
ხანძთის სამონასტრო კომპლექსში საკმაოდ ბევრი შენობის ნაშთია შემორჩენილი. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი არაა გრიგოლის დროინდელი, მონასტერი XVI საუკუნემდე განაგრძობდა სიცოცხლეს და, შესაბამისად, განახლებას.
რაც შეეხება ყველაზე ადრეულ ნაგებობებს, გრიგოლის დროინდელად შეიძლება მივიჩნიოთ ქვის დიდი სატრაპეზო, რომელმაც ალბათ პირველი ხის სატრაპეზო შეცვალა, გალავნის ნაწილი, ეკლესიის დასადგმელად ბაქანისთვის ამოყვანილი კედლის ქვედა ნაწილი, სატრაპეზოსთან არსებული სენაკების ნაშთები, ასევე, არქაული ფორმებით გამორჩეული და დიდი მასიური ქვის ლოდებით ნაგები პატარა დარბაზული ეკლესია წყაროს თავზე. რა თქმა უნდა, ინფორმაცია გრიგოლის დროინდელ არქიტექტურაზე მკვეთრად გაიზრდება არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შემდეგ.
სამრეკლოების მშენებლობა საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება. ხანძთის სამრეკლო ერთ-ერთი ადრეულია და საკმაოდ კარგად შემორჩენილიც. აქ დაცულ წარწერაში მოხსენიებულია სამრეკლოს მაშენებელი მარკოზი. ეს წარწერა ხანძთის სწორი იდენტიფიკაციის ერთ-ერთი საბუთიც გახდა, რამეთუ სინას მთაზე დაცული ერთ-ერთი ხელნაწერის თანახმად, ხანძთის სამრეკლოს მაშენებლად მარკოზი მოიხსენიება.
ხანძთის მთავარი ეკლესია მთავარმოწამე გიორგის სახელზე აგებული გუმბათიანი ტაძარია, რომლისადმი ინტერესი დღეს ძალიან დიდია; ის ერთ-ერთი ყველაზე სრულად დაფიქსირებული ქართული ძეგლია თურქეთის ტერიტორიაზე. არსებობს XIX ს-ის ბოლოს შესრულებული ა. პავლინოვისეული ანაზომები, ვ. ჯობაძის ჩანახაზები, ასევე დეტალური ანაზომები შესრულებული დ. ხოშტარიას ექსპედიციების დროს არქიტექტორ ნ. და გ. ბაგრატიონების მიერ გასული საუკუნის 90-იან წლებში; დაბოლოს, უკვე ნგრევის წინ, ნოემბერში შესრულებული ახალი ანაზომები თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებით; ამავე დროს, ის აურაცხელი ვიდეო თუ ფოტომასალა, რომელსაც ყველა ექსპედიცია თუ დამთვალიერებელი იღებდა. ამ მხრივ ტაძრის სრული რეკონსტრუქცია და მისი ფაქტობრივად პირვანდელი სახით აღდგენა სრულიად შესაძლებელია. ის უკვე გრიგოლის შემდეგ, X ს-ის I ნეხევარში, 910-20-იან წლებში აშენებულა აშოტ კუხისა და მისი მემკვიდრის, გურგენის მმართველობის ხანაში. მშენებლობის მომსწრე ყოფილა გიორგი მერჩულე, მისმა თხზულებამ კი ამ ტაძრის შენების ამბავი და მისი ხუროთმოძღვრის, ამონას სახელიც დაგვიტოვა.
ხანძთის გუმბათიანი ეკლესია დომინირებს მთელ გარემოზე. გიორგი მერჩულეს სიტყვები, რომ ამონა "სიბრძნით სრულიად მაშენებელი" ოსტატი იყო, უტყუარი ფაქტია. ხანძთის ეკლესია იმ დროისათვის გამორჩეული ძეგლია როგორც ხარისხით, ისე ტიპოლოგიურად და ცალკეული ელემენტების გამოყენებით. მაგალითად, ეს ჩახაზული ჯვრის ტიპის ნაგებობაა, როდესაც ჯვარი მართკუთხა გეგმაშია ჩაწერილი. ეს ტიპი კლარჯეთში პოპულარული არასოდეს ყოფილა, თუმცა ამ ტიპის კლასიკურ ნიმუშს, წრომის ეკლესიას თუ გავიხსენებთ, ნათელია, თუ რა განზომილებებით აზროვნებდა ამონა. აღმოსავლეთით სამნაწილიანი საკურთხეველია, ღრმაბემიანი აფსიდითა და მართკუთხა ფორმის პასტოფორიუმებით, რომელთა დანიშნულება ტრადიციულად მარცხნივ - სამკვეთლოსი, მარჯვნივ კი სადიაკვნესი უნდა იყოს.
კლარჯეთის არქიტექტურა, განსხვავებით მეზობელი ტაოს არქიტექტურისგან, სადაც უხვადაა ფიგურული თუ ორნამენტული რელიეფი, უფრო სადა და ასკეტურია. რელიეფები არ არის, ერთადერთი ჯვარი, რომელიც მხოლოდ წითელი ქვითაა გამოყვანილი და არ გააჩნია არანაირი ორნამენტაცია, აღმოსავლეთი ფასადის ფრონტონის ქვეშ სარკმლის თავზე იყო ჩასმული. რადგან ამ მხრიდან ეკლესია ფაქტობრივად მიუდგომელია და მისი დანახვა მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი, ვ. ჯობაძე თვლიდა, რომ მას არა დეკორატიული, არამედ საკრალური ფუნქცია ეკისრებოდა და ის მოასწავებს მაცხოვრის მეორედ მოსვლას, რასაც კაცობრიობა ძრწოლითა და შიშით აღმოსავლეთიდან მოელის. ვახტანგ ჯობაძე აღმოსავლეთის სარკმელს მეორედ მოსვლის ხილვის სარკმელს უწოდებს, ჯვარი კი ქრისტეს წინამორბედია. მისი განმარტებით, წითელი ფერის შერჩევაც მეორედ მოსვლის სიმბოლური გაცხადებაა, რამეთუ წითელი ფერი ნიშნავს ქრისტეს დაღვრილ სისხლს და ესქატოლოგიურ ცეცხლს, რომელიც ხილულ სამყაროს მოევლინება. ხანძთაში რამდენიმე წარწერის ფრაგმენტიც იყო, რომელთა უმრავლესობა დაკარგულია. ორი ფრაგმენტი თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, ხანძთის მონასტერი იყო ქართული განათლებისა და მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი VIII-X საუკუნეებში. ხანძთაში მოღვაწე პირთაგან წმინდა გრიგოლ ხანძთელის გარდა აღსანიშნავია: ქართლის კათალიკოსი არსენ დიდი, მაკარი ლეთეთელი, გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ, ხანძთაში დაწერა 950 წელს "ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა", ხანძთის წინამძღვარი თევდორე და მისი ძმა იოანე, საბა იშხნელი, თევდორე ნეძველი და ქრისტეფორე კვირიკეწმინდელი, ეფრემ მაწყვერელი, არსენ საბაწმინდელი, ილარიონ იერუსალიმელი და მრავალი სხვა. ხანძთაში შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელნაწერი სახელგანთქმული ხანძთის ოთხთავის ჩათვლით.
დოლისყანა
დოლისყანა მდებარეობს მდინარე იმერხევის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს. სოფელს დღესHამამლო ჰქვია. გიორგი მერჩულეს ცნობით, აქ ეკლესია აშენდა წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს, ხოლო "დოლისყანაი მონასტრად უკუანას იქმნა", ესე იგი მოგვიანებით დაარსდა. როგორც ფასადზე განთავსებული სამშენებლო წარწერები გვამცნობს, ეს ტაძარი მეფე სუმბატის მეფობის ხანაშია აშენებული, ესე იგი 954-958 წლებს შუა, რასაც ძეგლის სტილისტური ანალიზიც ადასტურებს. ვახტანგ ბერიძე მიიჩნევს, რომ მეფე სუმბატის დროს გადაკეთდა ან ხელახლა აშენდა წმინდა გრიგოლის დროინდელი ეკლესია. დღეს სამონასტრო ნაგებობათაგან მიწის ზემოთ აღარაფერი ჩანს. თავად ეკლესია კი კარგად არის დაცული, რაც იმითაა გამოწვეული, რომ აქ უკანასკნელ დრომდე მუსლიმანური სალოცავი - ჯამე იყო განთავსებული. დოლისყანის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ტაო-კლარჯეთში ფართოდ გავრცელებული ვარიაციაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითა და დამხმარე სათავსებით; დასავლეთით მას მინაშენი აქვს, ხოლო სამხრეთით - გალერეა; ორივე ძლიერ დანგრეულია, ჩრდილოეთით კი ეკლესიას ვიწრო გრძელი სათავსი ედგმის. როგორც ჩანს, ყველა ეს სათავსი ეკლესიის თანადროულია. სარკმლის შუა წელზე ორივე მხრივ წარწერებიანი ფიგურული რელიეფებია გამოქანდაკებული: მარცხნივ - მიქაელ მთავარანგელოზის ფეხზე მდგომი ფიგურაა, მარჯვნივ, უფრო ფართო ფილაზე - გაბრიელ მთავარანგელოზი, მის წინ, ნახევარფიგურა მედალიონში - გაბრიელ დეკანოზი, რელიეფების ოსტატი, ხოლო მათ ქვემოთ - ურო, მარცხნივ - ღია ფერის ქვაზე ამოკვეთილია ღმრთისმშობლის მცირე ზომის ხატისებრი გამოსახულება, მარჯვნივ კი ექვსქიმიანი ვარსკვლავი - დავითის ფარი. მთელი ამ სისტემის ზემოთ ჯვრის ორნამენტირებული გამოსახულებაა. ეკლესიის გუმბათის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მოთავსებულია მაღალი ფიგურული რელიეფი ქტიტორისა ეკლესიის მოდელით ხელში და შესაბამისი წარწერით: "ქრისტე, ადიდენ მეფე ჩუენი სუმბატ". ეკლესიის ფასადებზე არის სხვა რელიეფებიც. სამხრეთ კედელში ჩადგმული ფილა - მზის საათი - გასულ წელს გაუჩინარდა. დოლისყანის მთავარი ტაძარი შიგნით ბოლო დრომდე ორ სართულად იყო გაყოფილი, პირველ სართულზე ხოჯას სათივე ჰქონდა. სწორედ აქ, საკურთხევლის ნახევარწრიულ კედელზე, საკმაოდ კარგად არის შემონახული კედლის მხატვრობის I რეგისტრი მრავალი წარწერითურთ. საწყობს არც ბუნებრივი და არც ელექტროგანათება არ გააჩნია. ამიტომ ფრესკებზე დაკვირვება მხოლოდ ფარნის შუქზე, თანაც ყელამდე თივაში, ერთობ რთული იყო. აქვე არის არაბული წარწერის ფრაგმენტი. დოლისყანის საკურთხევლის მოხატულობა უნახავს ნ. მარს, რომელმაც იგი გამოსცა კიდეც თავის დღიურში.იშხანი
"და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ", - წერს გიორგი მერჩულე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში".იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუქცევია ახალ შენობაში. იშხანი ცენტრალურგუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე. ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრულ განადგურებას.
იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. "სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა", - ამბობდნენ ძველ ტაოში. სამწუხაროდ, ეს ფრესკები ჟამთა სიავისა და ადამიანთა მიერ სრულიად განადგურებულია. უკეთ დაცულია კედლის მხატვრობა გუმბათის მიდამოებში, სადაც საკმაოდ კარგად ჩანს ზაქარია წინასწარმეტყველის აპოკალიფსური ჩვენება - ანგელოზთა მიერ ჯვართამაღლებისა და ოთხი ეტლი სხვადასხვა ფერის ცხენებითურთ. წარმოდგენილია აგრეთვე ანგელოზთა დასი, წმიდანები და წინასწარმეტყველები.
როგორც ფრესკის ფრაგმენტული წარწერიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და მისი ძმა, დავით მაგისტროსი, შემდგომში დავით დიდი, ტაოს კურაპალატი. მათ იშხნის ტაძარი მოხატეს X საუკუნის II ნახევარში, არა უგვიანეს 966 წლისა.
ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ მეფე დემეტრე I-ს იშხნის ტაძრისთვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისთვის შეუწირავს დემეტრეს პაპას, მეფე გიორგი II-ს და მის მამას, მეფე დავით აღმაშენებელს. ამ შემოწირულობების გამო იშხნის მთავარეპისკოპოს ეგნატის განუჩენია მეფე დემეტრესთვის აღაპი და ტაძარში დაუკიდია სამი კანდელი - დემეტრე მეფის, მისი დის, თამარ დედოფლის (შირვან-შაჰის, აღსართანის მეუღლის) და დემეტრეს შვილების - მეფე დავითისა (1154-1155) და მეფე გიორგი III-ისთვის (1155-1184).
საყურადღებოა აგრეთვე XII საუკუნის ლამაზი მხედრული წარწერა. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია ბაგრატიონთა შორის პირველი "ქართველთა მეფე" ადარნერსე II (923) და მისი ოთხი შვილი. გურგენ მეფის მიერ აშენებული პატარა ეკლესია დაზიანებულია.
იშხნის საეპისკოპოსო კათედრა მოღვაწეობას განაგრძობდა თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგაც და საბოლოოდ მხოლოდ XVII საუკუნეში გაუქმდა.
იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესტიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქრული ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
ქაჯეთის ციხე
ქაჯეთის ციხეს ვახუშტი ბატონიშვილი შეცდომით ციხე-ქალაქ წუნდასთან აიგივებდა. ეს ციხე მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს და მისთვის "მრისხანე ციხე" უწოდებია. ციხესთან რაბათის არსებობას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. აქვე უნდა ყოფილიყო სოფელი საბადური. ამჟამად ეს ტოპონიმი დაკარგულია. ჯერ კიდევ 1943 წელს ლეონ მელიქსეთ-ბეგი ვარაუდობდა, რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი და არა - ალამუთის ციხე. ციხეს გარს აკრავს დაახლოებით 30-35 მეტრი სიმაღლის მასიური გალავანი.
"მესხური დავითნის ქრონიკაში" ქაჯის ციხე აქტიურ მოქმედებათა ობიექტია. მან, როგორც ექვთიმე თაყაიშვილმა შენიშნა, დიდი როლი ითამაშა თურქების მიერ საქართველოს ამ ნაწილის დაპყრობის დროს. საბოლოოდ ქაჯის ციხე დაიპყრეს ლალა-ფაშას საქართველოში გამოლაშქრების დროს, 1578 წელს, როდესაც ქაჯის ციხის მთელი გარნიზონი განადგურებულ იქნა. ამ დროიდან არის, ალბათ, ქაჯის ციხე აოხრებული და მისი რაბათი უმოსახლოდ დარჩენილი. თურქებმა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავს, ქართული "ქაჯის-ციხე" თარგმნეს და უწოდეს მას ხეყტვინ-კალა.
გასულ ნომერში შემოგთავაზეთ გიორგი კალანდიას მიერ ნაამბობი ტაო-კლარჯეთის ქართული სოფლებისა და იქ მცხოვრები გურჯების შესახებ. ამჯერად სოფელ ჰაირიეზე მოგითხრობთ:
ჰაირიე
არ გვინდა, ბურსის ვილაიეთი ისე დავტოვოთ, რომ სოფელი ჰაირიე არ ვნახოთ. აქ გამორჩეული მოღვაწის აჰმედ ოზქან მელაშვილის საფლავია. ეს ის მელაშვილია, ინეგოლის ქალაქის თავმა მამია დუმბაძემ მადლობით რომ მოიხსენია. მართლაც, მელაშვილმა აქაურების თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და ამაღლებას დიდი ღვაწლი დასდო. კულტურული კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან - ეს იყო მელაშვილის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი. 1968 წელს მან თურქულ ენაზე დაბეჭდა წიგნი "გურჯისტანი - კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, ისტორია, ფოლკლორი". სწორედ ამ გამოცემით შეიტყო უამრავმა ქართველმა თავისი წარმომავლობა და ისტორიული სამშობლოს არსებობა. დღესაც კი, როდესაც თურქეთი ყველაზე ახლო და ერთგულ მეზობლად იქცა, საზღვრები თითქმის გახსნილია და ერთმანეთთან დასამალი თითქმის აღარაფერი გვაქვს, მით უმეტეს, ისტორიულ თემებზე მსჯელობას აღარ ვერიდებით, აჰმედ მელაშვილის სახელი საქართველოში კვლავ თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცის. ამაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული მხარეა დამნაშავე.
მწერალ ფრიდონ ხალვაშის 2007 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "ომრი" აღწერილია 1968 წელს ქართველ მწერალთა მოგზაურობა თურქეთში და აჰმედ მელაშვილთან შეხვედრის რამდენიმე საინტერესო და ამაღელვებელი ეპიზოდი: სადაც აკრძალეს საქართველო, აჰმედმა იქ იქართველა. ის იყო გამხდარი, აჩრდილად ქცეული კაცი, ფიჩხად მდგარი. თან კოჭლობით დასდევდა, თან ერიდებოდა, საქმე გონჯად არ წასვლოდათ. ორი ქართველი თურქეთისა და რუსეთის უშიშროების თანამშრომლების გააქტიურებულ მზერას უფრთხოდა და ლამის მალულად შეხვდა ერთმანეთს - ჯერ ორი წუთით, შემდეგ ერთი საათით, მოახერხეს და მომავალ ჟურნალს სახელიც შეურჩიეს - "ჩვენებური". შემდეგ სხვა ჩვენებურები გააცნო, თანაც მოასწრო თავისი ტკივილი გაეზიარებინა, მოახერხა სტუმრებისათვის "ჩვენებურების გადარჩენილი ჩვენებურობა" ეჩვენებინა.
აჰმედის შემყურე ქართველი მწერალი საკუთარ თავს გამოუტყდა: "მთელი მუსლიმური საქართველოს ტკივილი ამ ერთ კაცშია თავმოყრილი.
ჩვენ, საქართველოს ქართველები, რაგინდ ვიპატრიოტოთ, მელაშვილის გვერდით ვეღარაფრად გამოვჩნდებით.
უფრო გულახდილი ვიყო? - იქ, ბურსაში, იმ ერთი მღელვარე საათის განმავლობაში, აჰმედ მელაშვილისგან საქართველოს სიყვარული უფრო მეტად ვისწავლე, ვიდრე მანამდე - შინ".
მელაშვილისვე შთაგონებით ითარგმნა ქართული ისტორიული რომანების მთელი სერია. 1977 წელს აჰმედ ოზქანმა ჟურნალ "ჩვენებურის" გამოცემა დაიწყო. უმძიმეს წლებშიც კი საზღვრის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ქართველების ერთმანეთთან დაკავშირებას, ფოლკლორული საღამოებისა თუ შეხვედრების მოწყობას ახერხებდა. თუმცა სიმი 1980 წელს გაწყდა - აჰმედ ოზქან მელაშვილი მოკლეს. მისი მოღვაწეობა თურქეთის ექსტრემისტული ძალებისთვის მიუღებელი იყო...
სოფლის მცხოვრებლებმა მთავრობისაგან დახმარება მანამ ვერ მიიღეს, ვიდრე 1895 წელს პატარა მეჩეთი არ ააგეს. ისლამისადმი ერთგულება მაშინდელ ოსმალეთში დახმარების მიღების მთავარი პირობა იყო.
სოფელში ყველა გვარს თავისი უბანი დაუარსებია - ხინკილაძეებს ხინკილეთი, კირკიტაძეებს კირკიტეთი, მალაყმაძეების უბანს კი ჯამბაზები ჰქვია.
ჰაირიეში, რომელსაც აქაურები ხშირად ხეირიესაც ეძახიან, ვიწრო ქუჩებია. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ხალისიანი, გულღია ხალხი ცხოვრობს. სოფელში შესვლისთანავე მეგზურის პოვნა არ გაგვჭირვებია. სოფელი ჰუსეინ ფელვანეშვილმა გაგვაცნო:
- რა გაგნებიო? გემრიელობაა, კარქობაა. ამ ქედის უკან თურქები არიან. ჩვენ რომ მოვსულვართ, იქ ვმჯდარვართ. არ მოწონებიან, იქიდან ამდგარან, აქ ჩამოსულან.
ჩვენს საუბარს სხვებიც შემოუერთდნენ. მათ საქართველოს ტელევიზიის წარმომადგენლები პირველად იხილეს, ამიტომ ის გვითხრეს, რაც გულზე დარდად აწევთ.
- ჩვენებური კითხვა არ ვიცით, კითხვა გვინდა. ამა, ვინმე არ გვასწავლის ამას. მე რაცხა ვიცი, იმას ვასწავლი. ბაღნებმა ლაპარაკი იცის, ლაპარიკ ვასწავლით ლამაზად. მერე ბაღანა გებნება: რაფერ დაწერავ ამასო, ერთი დაგვანახეო? ზურგ მუუშვერთ ბაღანას, არ ვიცით.
ეს მენურია თალიბაშვილია, აწუხებს, რომ ქართულად წერა-კითხვა არ იცის და შვილის კითხვას, ეს ქართულად როგორ უნდა დავწეროო, ვერ პასუხობს... მენურია ნამდვილი ქართველია, ეს გარეგნობაზეც ეტყობა და ხასიათზეც. როცა სოფლის მცხოვრებნი უგზოობის გამო აჰმედ მელაშვილის საფლავთან მისვლაზე ხელის აღებას გვირჩევდნენ, თალიბაშვილმა გამოსავალი მალე იპოვა, რამდენიმე წუთში ტრაქტორით გაჩნდა და წინ გაგვიძღვა.
სასაფლაოს შესასვლელშივე შევჩერდით: "აჰმედ ოზქან (მელაშვილი) 1922-1980". თურქულენოვანი წარწერა აქვს საფლავს. მენურია თალიბაშვილი მოკლედ და სევდანარევი ხმით გვესაუბრობდა, თუმცა ერთი ფრაზითაც ცხადი გახდა, ვინ იყო აქაურებისთვის აჰმედ მელაშვილი.
- ჩვენი გურჯები ალამანიას (გერმანიას) ამან გააგზავნა. მოკვდა და იმის უკან ჩვენი სოფელი მოკვდა. ამან ერთი გურჯულაი კასეტი გამეიყვანა, სიმღერები, ისინი დეგვირიგა. რაცხა ვიცით სიმღერები, იმიდან დევისწავლეთ პაწა. იმის უკან აღარც გამოსულა გურჯულაი სიმღერები.
საფლავთან რამდენიმე წუთს გავჩერდით. ის თითქმის მთის წვერზეა და მუჰაჯირთა სოფლები ხელისგულივით მოჩანს.
...გზა უნდა განვაგრძოთ, სანახავი და გადასაღები უამრავია. საღამოს უკვე ზღვის პირას, ქალაქ იალოვაში ვართ. აქ ყველაფერი ძალიან ლამაზია, ლურჯი ცა და ასეთივე ლურჯი ქალაქი. ბორნის მოლოდინში ნაპირზე ვსეირნობთ. აქვე მდგარი ჯიხურებიდან და სავაჭრო დახლებიდან ნაცნობი საუბარი გვესმის. ლაზები არიან. ისინიც საუკუნის წინ მუჰაჯირობის გამო საკუთარი ფუძიდან აყრილან და სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც ზღვის ნაპირას დასახლებულან. ლაზებს იქვე გამოველაპარაკეთ, მათი თავგადასავალი გვაინტერესებს. მევლუდ ქუიუმჯუმ გვითხრა:
- ამ ხალხზე ამბობენ, რამდენადაც ვიცი, 93 წლის მუჰაჯირები არიანო, ომის დროს წამოვიდნენ. იმას მერე აქ ცხოვრობენ და კარგადაც ცხოვრობენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში