ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელ მოსახლეობას საერთო სახელი "მთეულნი" ეწოდებოდა. მთეულნი კახეთის ჩრდილოეთით, არაგვისა და თერგის ხეობაში სახლობდნენ, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი საკუთარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ყოფა-ცხოვრების შესაფერისი ტრადიციული სახელიც ჰქონდა. ამ მხარის უკიდურესი სამხრეთით, მდინარე ივრის დასავლეთ მხარეს მდებარეობდა "ერწუ" ანუ "ერწო". ერწოს ზემოთ იორზე იყო "თიანეთი", რომელიც ადრიდანვე არა მარტო ქალაქურ დასახლებას, არამედ მთელ კუთხეს ერქვა. გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოველთა მთებზე შეფენილი იყო "ფხოეთი". ფხოეთი, იგივე ფხოვი, XV ს-მდე ფშავისა და ხევსურეთის ზოგადი სახელი იყო. ამდენად, სამღვდელმთავროს გეოგრაფიული საზღვრები ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის ისტორიულ კუთხეებზე - ფშავსა და ხევსურეთზე (ადრეული წერილობითი ძეგლების მიხედვით - "ფხოვზე") და ერწოსა და თიანეთზე (გარკვეულ პერიოდში ეს მხარე "ჟალეთის ქვეყნის" სახელით იყო ცნობილი).
***
თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში შემავალ კუთხეთა საერთო ქართული წარმომავლობისა და აქაური მოსახლეობის უმჭიდროესი გენეტიკური სიახლოვის მიუხედავად, IV ს-ში წმინდა მეფე მირიანისა რელიგიურ რეფორმას ყველა ერთნაირი განწყობით არ შეხვედრია. მემატიანის ცნობით, წმინდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ "მოუწოდეს მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ; ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება; ფხოველთა დაუტევეს ქუეყანაი მათი და გარდავიდეს თუშეთს", ხოლო ერწო-თიანელებზე უწყებულია, რომ "მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს". ფშავ-ხევსურთა გაქრისტიანება მიეწერება მირიანის ძეს მეფე ბაქარს: "ესე არს მორწმუნე, ვითარცა მამამისი მირიან, და ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა", და ცოტა მოგვიანებით წმინდა მღვდელმთავარ აბიბოს ნეკრესელს: "რომელნიმე უკანასკნელ მოაქცივნა წმიდამან აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოზმან". აქაური მოსახლეობის საბოლოო გაქრისტიანება და საქართველოს საპატრიარქოსადმი მათი სრული საეპარქიო-ორგანიზაციული დაქვემდებარება წმინდა დავით აღმაშენებლის და თამარის ეპოქებს უკავშირდება. თუმცა გაცილებით ადრე, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს აქ დაფუძნდა ეპარქია, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით "ჟალეთი", იგივე "ბერ" ანუ ჩელეთია. ჟალეთს "გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი, და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და ხერკისა. მოგვიანებით, ჟალეთის დამცრობის შემდეგ, როდესაც იგი მხოლოდ "ჟალეთის ქვეყნის" პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, აღნიშნული სამღვდელთმთავროს ტერიტორიები ხარჭაშოს კათედრას დაქვემდებარებია.ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიები მუდამ მცხეთის საკათალიკოსოს გამგებლობაში ითვლებოდა.
ქვეყნის საერთო ძნელბედობის გამო ხალხმრავლობით გამორჩეული მთის კუთხეები მოსახლეობისაგან იცლებოდა, მათი მასიური დაცარიელება რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საუკუნეთა ნაცადი ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესის მოშლის შემდეგ დაიწყო.
XIX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ - კახეთ-ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა.
1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენისას განახლდა წილკნის ეპარქიაც, რომელიც აერთიანებდა აღმოსავლეთ საქართველოს "მთეულთ" - მთიულეთს, გუდამაყარს, ხევს, ფშავს, ხევსურეთს, ერწო-თიანეთსა და სხვ.
2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა და ტერიტორიების საფუძველზე დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიის ამგვარი სახელწოდება - "თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის" - არ გვხვდება საქართველოს საეკლესიო წარსულიდან, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინათ გაუქმებული "ჟალეთის", შემდეგ კი ძველი "ხარჭაშოს" ეპარქიის განახლებას ნიშნავს (ხარჭაშოს ეპისკოპოსი "ხარჭაშნელად" იწოდებოდა).
წმინდა სინოდის განჩინებით და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ახლად დაარსებული ეპარქიის მღვდელმთავრად კრებამ გამოირჩია ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქიის აჩხოტის და წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე). 2005 წლის გაზაფხულზე მეუფე იეგუდიელს ბოლნისის სამწყსო ერწმუნა, ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოლნელ მთავარეპისკოპოს თადეოზს - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიისა.
***
ფშავის თითოეული კუთხე-კუნჭული მნახველებზე საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. საოცრად ლამაზი ბუნება და წმინდა სალოცავები კი იქაურობას მეტ მადლს ჰფენს. ფშავის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია მაღაროსკარი. აქვეა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის უძველესი ტაძარი, სადაც ერთ დროს ვაჟა-ფშაველას მამას, მამა პავლე რაზიკაშვილს უმსახურია. მაღაროსკარში ამავე ტაძრის წინამძღვარმა მამა კახაბერ მესხმა წამიყვანა. ღვთისმსახურებას სხვადასხვა სოფლებიდან მოსული მრევლი ესწრებოდა. ღვთის რწმენა და სიყვარული იმდენად აქვთ სულსა და გულში გამჯდარი, რომ საკმაოდ მოშორებული სოფლებიდანაც კი მოდიან ტაძარში აქაურები. წირვის შემდეგ ერთ მრევლთაგანს - ბარბარე წოწკოლაურს "კარიბჭესთან" საუბარი შევთავაზე.
- უკანა ფშავში დავიბადე, სოფელ მუქოში - ახლა სულ დაცლილია. 84 წლის გავხდები. გვარად წოწკოლაური ვარ. დიდი მოქმედი ეკლესია გვქონდა, ჩემს მშობლებს იქ დაუწერიათ ჯვარი. კომუნისტები რომ შემოვიდნენ, დაამხეს სრულად და გააძევეს მოძღვარიც. პატარა ვიყავ, მაგრამ ეს დრო კარგად მახსოვს. ეკლესია კი არ დაუნგრევიათ. ჩემი მშობლები, ბებო, პაპა დადიოდნენ ეკლესიაში. გერმანიის ომი რომ დაიწყო, მარტო დავრჩით ობლები. მამა-ბიძები ომში წავიდნენ. სამივენი იქ დაიხოცნენ. დედამ ხუთი შვილი მარტოკამ გაგვზარდა. დედამთილ-მამამთილი ჰყავდა მოხუცები. ისინიც შეინახა. მე უფროს რომ ვიყავ, ცოტა მალე გამათხოვეს. მაღაროსკარში გოგნელაშვილის გვარის კაცზე დავოჯახდი. შვილიშვილები მყავს, გოგოები. ერთი სასულიეროში სწავლობს.
წინათ უფრო უკეთესად ცხოვრობდა ხალხი. ვისაც რა შეეძლო, ყველა მუშაობდა. ახლა უმაღლეს ცოდნისები არიან და სულ აგრე არიან უმუშევრად. ჩემს შვილებსაც რაღაცები აქვთ ნასწავლი და ვერსად მუშაობენ. კაპიკ ფულს ვერ იღებენ ვერსაიდან. პენსიონერებს რაღაცას გვაძლევენ. საქონლის ყოლა არ არის ადვილი და არც შემოსავალია მაქედან.
ყველა თემსა თავისი სალოცავი ჰყავდა. მაგალითად, ჩვენი გვარის, წოწკოლაურების სალოცავი ღვთისმშობელი იყო. ჩემი მეუღლის - საბაურების სალოცავი მიქაელ მთავარანგელოზია. ყველა სალოცავს თავ-თავის დღეობები ჰქონდა.Aახლა ზოგი ამბობს, რომ ეგ წარმართულიაო და ხატებში სიარული არ არის სწორიო, მარტო ტაძარში უნდა იაროთო. მაგრამ ადრეც ეგრე იყო და ახლაც ეგრეა, მაინც არ იშლიან. მაშინ მოძღვარი სად მყავდა, შვილო. არც ჯვარდაწერილი ვარ. მე და ჩემმა მეუღლემ ეგრე ჯვარდაუწერლებმა ვიცხოვრეთ და შვილებიც ისე გვყავ.
წინათ, მანამ ტაძარი მოქმედებდა, მონათვლა, ჯვრისწერა, მიცვალებულის გაპატიოსნება სრულდებოდა. იმის მერე სულყველაფერი მაისპო. ჩემი შვილები აქ, შინ არიან მონათლულები. შინაც მოგვყავდა მოძღვარი. აქაური, ჩარგლელი იყო, მამა მიხეილ მთიბელაშვილი. ჩემი მეუღლის ნათლია იყო მამა მიხეილი. კარგი კაცი იყო. მუქოს ტაძარში წირავდა. ახლაც არის ის ტაძარი, სახურავ გამოუცვალეს. კარგად მახსოვს მამა მიხეილის დარიგებები. ამას ამბობდა, ნათელ-მირონი გწამდეთო. ცუდი არაფერი ჩაიდინოთო - ცოდვა, მკვლელობაო. რაც მაღაროსკარში ამოქმედდა ეკლესია, სულ დავდივართ. აბა, რაღას მოვასწრებ, დღეს თუ ხვალ მოვკვდები, შვილო.Aადრევეცა გვწამდა ჩვენ ოჯახშია. კიდეცა ვმარხულობდით. რაც ეკლესია ამოქმედდა, სულ ვიცავ მარხვებს ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით.
მაღაროსკარის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ვაჟა-ფშაველას მამა მსახურობდა. ხევსურეთშიაც მსახურობდა მამა პავლე. უქადაგებდა იმათ. მაგეებს ბევრად არა სწამდათ ხატი და მღვდელი. მე წაკითხვით ვიცი, რომ აქა ყოფილა პავლე რაზიკაშვილი.
ღმერთ იყოს თქვენი მფარველი, ღმერთი გწყალობდეთ სახლშიც, კარშიც, მგზავრობაშიცა, მუშაობაშიცა. სულ დალოცვილები იყავით. გწამდეთ კარგად და არც ღმერთ მოგიძულებთ. ილოცეთ თქვენაცა, შვილო.
ვაჟა ზურაბაშვილი: - ჩემი გვარი სოფელ გულალაურთადან მოდის. წინათ ქისტები დასცემიან პაპაჩემს. დაუჭრიათ და 28 წლისა დაღუპულა. ბებიას ოთხი შვილი თან წამოუყვანია და აქეთ დასახლდნენ.
ჩემთვის ფშავი მთელი სიცოცხლეა. წმინდა სალოცავებითაც გამოირჩევა ჩვენი კუთხე. ადრე უმოქმედოდ იყო, დღეს თანდათან იწყება წმინდა სალოცავების ამოქმედება. საბედნიეროდ, ხალხი შემობრუნდა ეკლესიისკენ. მადლობა ღმერთს, ამოქმედდა მაღაროსკარის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. გვყავს მოძღვარი - მამა კახაბერი. ტაძარი მოსახატია. ღვთის წყალობით, ალბათ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და დაგვეხმარებიან. მრევლიც თანდათან მოგვემატება და ფშავლებში ღვთის რწმენა ღრმავდება. ეს ტაძარი იმითაც არის გამორჩეული, რომ აქ მოღვაწეობდა ვაჟა-ფშაველას მამა, მამა პავლე რაზიკაშვილი. მამა პავლე აღავლენდა აქ ღვთისმსახურებას. მამა პავლე ეწინააღმდეგებოდა წარმართობის მიმდევარ ხალხს და მათ მოუწოდებდა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ შემობრუნებულიყვნენ. სამწუხაროდ, ხალხში მაინც შემორჩა ძველი გადმონაშთები.
მაღაროსკარის საკრებულოში სხვადასხვა სოფლები შედის. მოსახლეობა შემცირებულია. უმეტესობამ ქალაქებს და უცხო ქვეყნებს მიაშურა. როგორც ყველგან, აქაც უჭირს მოსახლეობას და თავის გადარჩენას სოფლის გარეთ ცდილობენ. რამდენიმე სოფელი ისე დაიცალა, რომ იქაურობა მთლიანად ტყემ მოიცვა. ძალიან მინდა, რომ ჩემი სოფლის ყველა მკვიდრი ეკონომიურად გაძლიერდეს და ყველანაირი პირობა ჰქონდეს იმისთვის, რომ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება შეძლოს.
თინა ჟიჟიაშვილი-ბეყოშვილი: - შვიდი კილომეტრია მაღაროსკარიდან ჩვენს სოფლამდე. ღვთისმსახურებას მაღაროსკარში ვესწრებით. ჩვენთან მოქმედი ტაძარი არ არის. ღვთის მადლით, გვაქვს იმედი და რწმენა, რომ მომავალში ამოქმედდება. მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელად ვართ და საარსებო საშუალება გვაქვს. ყველაფერი უფლის ნებაა. რაც ტაძარში დავდივარ, სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ. ტაძრიდან შინ სულიერად ამაღლებული ვბრუნდები.
- ძალიან კარგი მოძღვარი გვყავს, მამა კახაბერი, - მითხრა ნანული ლაშქარაშვილმა, - ჩემი სოფელი ხორხი მაღაროსკარიდან 30 კილომეტრითაა მოშორებული, მაგრამ ვცდილობ, მაღაროსკარში ღვთისმსახურებას არ გამოვაკლდე. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდეთ, ჩემი მშობლები მორწმუნეები იყვნენ, მარხულობდნენ და ჩვენც, ბავშვებს გვავალებდნენ მარხვის შენახვას. დიდად აღვნიშნავდით ხოლმე აღდგომას, მარიამობას, გიორგობას, შობა-ახალ წელს. ჩვენში უფრო მეტად ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ ხოლმე, რადგან მარხვა ხსნილდებოდა.
მაღაროსკარში გახლავართ გამოთხოვილი. შვიდი შვილის დედა ვარ. მრავალშვილიანობა ტრადიციულად მოგვდგამს. ძალიან ადრე დავქვრივდი და ოჯახს მარტო ვუძღვები. შვილის გარდაცვალების შემდეგ უფრო მოვექეცი ღვთისკენ. ძალიან მინდა, რომ ჩემმა შვილებმაც იცხოვრონ ეკლესიურად. რატომღაც უჭირთ ახალგაზრდებს ტაძარში შემოსვლა. ვლოცულობ, რათა სარწმუნოებისკენ შემობრუნდეს ჩვენი ხალხი. ჩვენთან ჭირსა და ლხინში ყველანი ერთად არიან, მაგრამ ტაძარში მოსვლა უჭირთ, განსაკუთრებით მამაკაცებს.
პირველი აღსარება თბილისში, პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში ჩავაბარე მამა არჩილ მინდიაშვილთან. მას შემდეგ მამა არჩილის სულიერი შვილი ვარ. მადლობელი ვარ მისი ქადაგებებისა, რომლის დახმარებითაც სწორად ცხოვრებას ვსწავლობ. ადამიანი რაც არ უნდა წესიერი იყოს, აუცილებელია, ეკლესიურად ცხოვრობდეს, აღსარებას ამბობდეს და ეზიარებოდეს.
მარინე გოგნელაშვილი: - სტუმარმასპინძლობა ტრადიციული ვიცით ფშავში. შეიძლება ყოველთვის დიდებული პურმარილი ვერ გავშალოთ, მაგრამ მთელი გულით და სიყვარულით ვუმასპინძლებთ. აქაურები ხასიათით ცოტა მძიმენი ვართ. მაღაროსკარში ცხოვრობენ ბეყოშვილები, ლაშქარაშვილები, წოწკოლაურები, გოგნელაშვილები, ლოსეურაშვილები, ნაყეურები და სხვები. ყველაზე ვრცელი გვარი თურმანაულებია. სოფელში მოქმედებს სკოლა, ბაგა-ბაღი, ადგილობრივი საკრებულო. სოფელში ექიმი გვყავს. უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით სოფელში გაიხსნა ხელოვნების სტუდია, რომელსაც ქალბატონი აღაზა ღუდუშაური ხელმძღვანელობს. სტუდიაში ასწავლიან ხელსაქმეს, თექაზე, გობელენზე მუშაობას, ქარგვას, ქსოვას...
ქალბატონი აღაზა გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია "ფშავის" თავმჯდომარე. პარალელურად - მაღაროსკარში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დაარსებულ ხელოვნების სტუდიას ხელმძღვანელობს. ასევე გახლავთ თბილისის წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგი.
- ჩვენი ორგანიზაცია დაახლოებით ოთხი წელია, რაც დაფუძნდა, - ამბობს ქალბატონი აღაზა, - ორგანიზაციის მიზანია, ფშავში ხელისუფლებასთან ერთად შეძლებისდაგვარად დაძლიოს მიგრაციისა და სხვა პრობლემები. გვაქვს წესდება, რომელიც ფშავში არსებული პრობლემების გათვალისწინებით ჩამოვაყალიბეთ.
თიანეთის რაიონის გამგეობის დახმარებით, ჩვენმა ორგანიზაციამ სოფელ შარახევში დაწყებითი სკოლა გახსნა, რამაც საშუალება მისცა რამდენიმე ადამიანს, დასაქმებულიყო. რაც მთავარია, მცირეწლოვანმა ბავშვებმა დაიწყეს სკოლაში სიარული. ღვთის წყალობით, მოვახერხეთ, რომ სოფელ შარახევში გაგვეყვანა სასმელი წყალი. ჩვენი პროექტის განხორციელებამდე მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო სასმელი წყლის უქონლობის გამო. მანამდე ისინი მდინარის წყლით სარგებლობდნენ. ორგანიზაციამ გააკეთა პროექტი, რომლის წყალობითაც მოხდა მისი დაფინანსება და დღეს მოსახლეობა მარაგდება სასმელი წყლით. ჩვენი შემდეგი პროექტია მაღაროსკარში, ფშავის ადმინისტრაციულ ცენტრში ხელოვნების სტუდიის გახსნა, რომელიც ითვალისწინებს ხალხური რეწვის ტრადიციების აღდგენა-აღორძინებას, ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას და დასაქმებას. ცხადია, მათ თავად უნდა შექმნან ნაწარმი, რომლის რეალიზაციაც თავად უნდა შეძლონ. დიდი სურვილი გვაქვს, არ დაიკარგოს ტრადიცია და მოხდეს ხალხური რეწვის აღორძინება. ხელოვნების სტუდიაში მუშაობენ საკმაოდ გამოცდილი პედაგოგები, მათ შორის ქალბატონი ლია ანიაშვილი, ქალბატონი ელისო არაბული. მათ საკმაოდ დიდი და სერიოზული გამოცდილება აქვთ ხალხური ტრადიციული ხელოვნების დარგში და ყველაფერს მომავალ თაობებს გადასცემენ.
ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ვფიქრობთ, ფშავში განვავითაროთ საოჯახო ტურიზმი. კარგი იქნება ტრადიციული ოჯახების მასპინძლობა და ყველა იმ კულტურული მემკვიდრეობის ჩვენება, რაც დღემდე შემონახულია ჩვენი წინაპრების მიერ. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, გლობალიზაციის ეპოქაში ყოველმა კუთხემ შეინარჩუნოს თვითმყოფადობა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ვცდილობთ, შევასრულოთ ეს ყოველივე.
ხელოვნების სტუდიაში სწავლობენ ფშავის სოფლებიდან მაღაროსკარის სკოლა-პანსიონში მოსწავლე ბავშვები, დაახლოებით 50-ზე მეტი. სწავლასთან ერთად ვცდილობთ საკვებით, ტანსაცმლით თუ სამედიცინო დახმარებით გავუწიოთ ჰუმანიტარული დახმარება. ცხადია, ეს ყველაფერი საპატრიარქოს ბაზაზე ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საქველმოქმედო საქმეში სამთავროს დედათა მონასტრისა და საპატრიარქოსთან არსებული დედათა მონასტრის წვლილი.
ჩვენი ორგანიზაციის წევრები რამდენჯერმე ჩამოვედით სოფელ ჩარგალში და ადგილობრივ მოსახლეობას დავეხმარეთ. ვიყავით ასევე სოფელ შარახევში, მაღაროსკარში. ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად ყურადღება მივაქციოთ ფშავის ყველა სოფელს, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს ნუგეში ვცეთ...