კალა
სვან კაცს მშობლიურ კუთხეზე ფიქრი ოდითგან მოსდგამს. ამაში უფრო დამარწმუნა გასული საუკუნეების გაზეთების გადათვალიერებამ.
1904 წლის გაზეთი "ცნობის ფურცელი" ვინმე სვანის წერილს გვთავაზობს: "სვანეთის შესახებ მხოლოდ შემთხვევით თუ დაიბეჭდება რამე, ისიც მოკლედ, თორემ არც სვანეთზე და საქართველოს არც სხვა რომელსამე შორეულ კუთხეზე სასურველი მიმოხილვა, არათუ გამოკვლევა, არ დაბეჭდილა. ჯერ არ დამდგარა ის სასურველი ხანა, როცა ქართველთა ყოფა-ცხოვრება ყოველმხრივ იქნება გამოკვლეული. როგორც დიმიტრი ბაქრაძე ამბობს, რაც გინდა ბევრი ეძიოთ საბუთებში, ვერ ნახავთ სვანეთის შესახებ საბუთებს. შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ სვანეთის არქეოლოგიურ-ისტორიული ავლადიდება ჯერჯერობით გამოურკვეველია.
როგორც კი გადახვალთ მშვენივრად გადაჭიმულ ლატფარის უღელტეხილს, წალკოტით და სუნნელოვან ყვავილებით შემკულს, თქვენ წინ გადაიჭიმება მოკაშკაშე კავკასიონის ქედი, სპეტაკ თოვლით მოსილი. მას მხარს უმშვენებს იმის პირდაპირ აღმართული თოვლიანი სვანეთის ქედი, მათ შუა უფრო დაბალი მთები ფარასავით გაფანტულან და ამშვენებენ არე-მარეს. აქეთ თეთრის ზოლივით მიიკლაკნება აქაფებული ენგური თავის მრავალი ტოტებით და ხან აქ შეეტაკება კლდეს, ხან იქ. მთა ჰკვირობს: ნუთუ ენგურს შეუძლია მოსცილდეს ასეთ ბუნებას, ნექტარის სიტკბოებით აღსავსე ჰაერს და მუდამ სპეტაკ ლაჟვარდოვან ცას. ამ ყინულიან კოლოფში, რომელსაც აქვს მხოლოდ ორი გასავალი კარი - "ტვიბერი" და "ლაფტარი" - იმერეთისკენ და ერთი ჭუჭრუტანა სამეგრელოსკენ, ძველიდან ძველად ცხოვრობენ სვანები ანუ "შვანარ", "შანები", როგორც თავის თავს ეძახიან სვანები. სცხოვრობენ პატარ-პატარა სოფლებში, თითო სოფელი შედგება 4-9 პატარა სოფლისგან. თვით ეს პატარა სოფელი ზოგჯერ შედგება მხოლოდ ერთი გვარეულობისაგან, რასაც სვანები "თემს" ეძახიან. შორიდან რომ გადაჰხვალთ სვანურ სოფლებს, დიდხანს თვალს ვერ მოაშორებთ და სულ შესცქერით იმ თავისებურ შენობებს, რომლებსაც ასე ბლომად კაცი ნახავს მხოლოდ სვანეთში. ეს არის მშვენიერი, მაღალი ოთხკუთხიანი ციხე: ციხის სიმაღლე ზოგჯერ 10 საჟენს აღემატება.
როგორც კი შეხვალთ სოფლებში, დაათვალიერებთ სახლებს, გზებს, იტყვით, რომ ეს ხალხი საომრად ყოფილა მომზადებული და მუდამ მტერს ელისო. დიახ, როგორც ხალხური თქმულება ამბობს, დიდებულმა თამარ მეფემ, რომელიც მობრძანდებოდა სვანეთში, სოფელ უშგულში, დღემდის დარჩენილ თავის ოთხკოშკიან სასახლეში, დაგვივიწყა და ჩვენში ცხოვრება აირიაო.
შენობების შემდეგ ყურადღებას იქცევს ეკლესიები თავისი ძვირფასი სამკაულით და ხალხის ტიპი და ჩაცმა-დახურვა. არ არის ისეთი სოფელი, სადაც 2-8 ეკლესია არ იყოს. ეკლესიები სავსეა ძველებური იარაღით, ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატებით, ხატებზე ქართულ-ბერძნული წარწერებია, არის ფარჩეულობა, ძველი ფული, ჯვრები, დროშები და სხვა ნივთეულობა. ეკლესიების სიმრავლე, მათი აგებულება გვარწმუნებს, რომ სვანები ძველთაგანვე ქრისტიანები ყოფილან. დიმიტრი ბაქრაძე ამბობს, სოფელ ლატალის ეკლესია ყოფილა სადარი მცხეთის ეკლესიისაო.
ტიპის მიხედვით სვანები ემსგავსებიან იმერლებს, რაჭველებს, თუმცა არის ისეთი სხვანაირი ტიპი, რომელიც მარტო სვანეთში მოიპოვება. ჩაცმულობა ძლიერ გაგიკვირდებათ. სადადიანო სვანეთში სვანი ჰგავს იმერელს, ზემო სვანეთში უშგულელი - ღებელ რაჭველს, ხოლო ქვემო სვანი - მეგრელს. ეს იმით აიხსნება, რომ სამუშაოდ, ფულის საშოვნელად სადადიანო სვანეთის სვანები მიდიან იმერეთსა და ქართლში, თავისუფალი სვანი უშგულელები - რაჭაში, ქვემო სვანები - სამეგრელოში.
წინათ სვანეთში ქალი და კაცი იცვამდა ქართულ კაბას. მამაკაცებს თავზე ეხურათ პატარა ქუდი - ფაფანაკი. დღეს ვერც ერთ სვანს ვერ შეხვდებით კაბაში მორთულს.
ძალიან, ძალიან ბევრი რამ ესაჭიროება სვანეთს. ვის აგონდება წიგნთ-საცავები ან სკოლები, ნეტა გზები ჰქონდეს, ფოსტა, ექიმი, საავადმყოფო. ამ ზაფხულს, ივნისში ტფილისიდან გამოვიწერე წიგნები და სვანეთში მოტანის ნაცვლად 5 სექტემბერს, როცა ქუთაისში ვბრუნდებოდი, ცაგერში დამახვედრეს. გაზეთებს და წერილებს ვინ ჩაგაბარებთ".
ამავე გაზეთში ვკითხულობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამბავს: "საქართველოს საექსარხოსოს საეკლესიო მუზეუმმა მიიღო ძვირფასი ხელთნაწერი სახარება - V საუკუნისა, სახარება დაწერილია ბერძნულ ენაზედ. იგი სვანეთში ერთ მონასტერში ყოფილა შენახული. იქიდან გადმოუტანიათ გელათში. როცა გელათიდან ეს ხელთნაწერი მუზეუმისთვის გამოუგზავნიათ, რაღაც შემთხვევით ხელში ჩაუგდიათ გერმანელებს. როდესაც მუზეუმს გაუგია, სად იყო სახარება, დაუბარებია და უკანვე მიუღია".
"ცნობის ფურცლის" 1903 წლის ნომერი გვამცნობს ახალ ამბავს: "ალექსანდრე ხახანაშვილი სვანეთისკენ გაემგზავრა. მასთან ერთად გაემგზავრნენ მღვდელი კარბელაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი და ფარმაციის მაგისტრი - ხატის მოყვარე - ტყეშელაშვილი. პირველი ძველი ხელნაწერებისა და ნაშთების განხილვაში უნდა დაეხმაროს მკვლევარს, მეორემ უნდა ფონოგრაფის საშუალებით გადაიღოს სხვადასხვა გალობა-სიმღერები და მესამემ შესანიშნავი ადგილებისა და ნაშთების ფოტოგრაფიული სურათები გადაიღოს".
კალა
სოფელი კალა და უშგული ოციოდე კილომეტრითაა ერთმანეთისაგან დაშორებული. ფეხითაც, ტყეში გაჭრილი ვიწრო ბილიკით, მოკლე გზით შეგიძლიათ მოხვდეთ კალაში. სოფელს მდინარე ხალდეშურა ჩამოუდის, რომელიც ბოლოს ენგურს უერთდება.კალის თემში შვიდი სოფელია: ვიჩნაზი, აგრაი, იფრარი, ხე, ხალდე, დაუბერი, ლალხორი. სოფლების უმეტესობა ფერდობზეა გაშენებული. სამანქანო გზის პირას მდებარეობს მხოლოდ ხე, ლალხორი და დაუბერი. კალიდან ლატფარის უღელტეხილით შეგიძლიათ ქვემო სვანეთში გადასვლა.
ლალხორიდან მოხვდებით იფარის მთავარანგელოზთა ეკლესიაშიც და ლაგურკის ეკლესიაშიც. ორივე მეფის მხატვარ თევდორეს, სვანეთის ფერწერული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მხატვრის, მიერაა მოხატული.
ზემო სვანეთში სტუმრობისას განსაკუთრებული შთაბეჭდილება მართლაც ამ სოფელმა დატოვა. ვიდრე სოფელ კალას მიუახლოვდები, მთის წვერზე მოჩანს ტაძარი, რომელიც ჩვენს წინაპრებს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელზე აუგიათ. მე, მამა თეოფანეს და აზა გულბანს მეთვალყურემ, ჯამბულ გულბანმა გაგვიღო ეკლესიის კარი. ისეთი სილამაზე ვნახე, რომ გულმა ვეღარ დაიტია. ამიტომაც მსურს გაგაცნოთ ყველაფერი მისხალ-მისხალ. თავი განძთსაცავში მეგონა. აღარ ვიცოდი, საიდან დამეწყო ამდენი სიწმინდის მოლოცვა.
ქალბატონ რუსუდან ყენიას წიგნში, "ზემო სვანეთი", ვკითხულობთ სოფელ კალას თემის სოფლების შესახებ: სვანეთის ფერწერული სკოლის განვითარების ხანა XI-XIII საუკუნეებია. ამ სკოლის მიღწევების ნიმუშია მეფის მხატვარ თევდორეს შემოქმედება, რომელმაც მოხატა სამი ეკლესია: იფრარის (1096 წ.) და ლაგურკის (1112 წ.) კალას თემში და ნაკიფარისა (1130 წ.) იფარის თემში.
მხატვარ თევდორეს პირველი ნამუშევარი იფრარის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობაა. კანკელის ასომთავრულ წარწერაში ვკითხულობთ: "სახელითა ღმრთისაითა მოიხატა და შეიმკო წმინდაი ესე ეკლესია (სალოცავად აზნაურთა) ამის ხევისა, ყოველთა დიდთა და მცირეთა, შვილთა და მომავალთა მათთა და სულისა მიცვალებულთა მათისა... მოიხატა 1096 ხელითა თევდორე მეფისა მხატვარისაითა".
მხატვრობაში სახარების მხოლოდ სამი სცენაა წარმოდგენილი: საუფლო დღესასწაულთა ციკლის დასაწყისი სცენები - ქრისტეს ამქვეყნად მოვლინება, განკაცება (ხარება, შობა) და მისი ღვთაებრიობის გამოცხადება (ნათლისღება).
იფრარის ეკლესია წმინდა მთავარანგელოზთა სახელობისაა და ამის შესაბამისად მხატვარმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო მათ გამოსახულებებს. ვედრების სცენაში ორი წმინდა მთავარანგელოზის ფიგურა სამეფო საზეიმო სამოსშია. კანკელზე გამოსახული არიან წმინდანები: წმინდა დედანი ბარბარე და ეკატერინე, წმინდა სტეფანე დიაკვანი და დიმიტრი, წმინდა კვირიკე და ივლიტა, აგრეთვე ღვთისმშობელი ყრმით და დედამისი, წმინდა ანა. საგულისხმოა წმინდა გიორგისა და წმინდა თევდორეს ცხენოსანი გამოსახულებანი.
სოფელ ხის პირდაპირ, მთის წვერზე ეკლესია დგას. სოფელ ლალხორიდან მისკენ ვიწრო ბილიკი მიემართება. ეკლესიის ეზოდან თვალწინ მთელი კალა გადაიშლება. აქედან დიდებული უშბა მოჩანს. ეკლესია წმინდა კვირიკეს სახელზეა აშენებული, სვანურად ლაგურკას ეძახიან. ლაგურკა სვანეთის მთავარი სალოცავი, მნიშვნელოვანი მონასტერი იყო. წმინდა კვირიკეს დღესასწაული 27 ივლისს აღინიშნება. აქ მთელი სვანეთის მოსახლეობა იყრის თავს.
მცირე ზომის დარბაზული ეკლესია მოყვითალო ფერის შირიმის ქვითაა ნაგები. დასავლეთით სამრეკლო აქვს მიშენებული. ეკლესიაში ყურადღებას იპყრობს მხატვრობის ფონზე მოელვარე, საკურთხევლის წინ, ქვის კვარცხლბეკზე აღმართული, ვერცხლის ოქროცურვილი დიდი ზომის ჯვარი ვერცხლის კონუსის ფორმის ფარფლიანი ქუდით; ეკლესია მხატვარმა თევდორემ 1112 წელს მოხატა, იფრარის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატვის 16 წლის შემდეგ, რასაც გვამცნობს კედლის ასომთავრული წარწერა.
ლაგურკის კამარაზე სახარების ოთხი სცენაა: შობა, ნათლისღება, ჯვარცმა და ჯოჯოხეთით წარმოტყვევნა.
თევდორემ წარმოადგინა ორი სცენა წმინდა კვირიკეს და დედამისის, წმინდა ივლიტას ცხოვრებისა. ორივე სცენა ასახავს წმინდანთა წამებას, რომლებმაც ქრისტიანული რწმენის უარყოფას სიკვდილი არჩიეს. ერთ-ერთი კომპოზიცია წარმოგვიდგენს პატარა კვირიკეს სიკვდილს; უღმრთო მეფე კარმა დაანარცხა იგი საყდრის საფეხურებზე წმინდა ივლიტას წინ. დედა ლოყაზე იკრავს შვილის ხელს და დასტირის მას.
ლაგურკის მოხატულობა ნაწილობრივ გადაწერილია გვიან შუა საუკუნეებში, რადგან მიწისძვრას ძლიერ დაუზიანებია. ამას გვაუწყებს წარწერა: "საყდარი ესე წმიდისა კვირიკესი, ოდეს მიწისა ძვრამან დაარღვია, მე, ანტონის შვილმა გიორგი, ახლად შევამკე". სწორედ ამ დროს ხელმეორედ, მაგრამ ძველი მოხატულობის მიხედვით მოხატეს საკურთხეველი და კანკელი.
ამჟამად კალას თემის ეკლესიების მთელი საგანძური ლაგურკის ეკლესიაშია თავმოყრილი. მათ შორისაა X საუკუნის ვედრების დიდი ჭედური ხატი. მასზე ქტიტორული წარწერაა, რომელშიც მოხსენებულია გიორგი დეკანოზი. იშვიათია ამ დროისთვის ფონზე გამოსახულების ფერხთით მოთავსებული წარწერა. ჩვეულებრივ, ქტიტორულ წარწერას ამ დროს ჩარჩოზე ათავსებდნენ, მოგვიანებით, XII საუკუნიდან, ვრცელი ქტიტორული წარწერები ხატის ვერცხლით მოჭედილ ზურგზეა მოთავსებული.
ვედრების ხატის წარწერა მოხდენილი, ლამაზი ასომთავრული ასოებითაა გამოყვანილი: "ქრისტე, შეიწყალე გიორგი დეკანოზი".
ხატი ორნამენტულ ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც მოიცავს მედალიონებს წმინდანთა ნახევარფიგურებით. ჩარჩოზე ერთი და იმავე გამოსახულების განმეორება (ამ შემთხვევაში წმინდა პეტრე და წმინდა ლუკა) X საუკუნისთვისაა დამახასიათებელი.
სვანი ოსტატები დიდი სიყვარულით ასრულებდნენ იმ წმინდანების გამოსახულებებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქრისტიანულ რელიგიას. ასეთი იყო წმინდა კვირიკეც. წმინდა კვირიკეს ხატები მხოლოდ სვანეთშია დაცული - ლაგურკამ წმინდა კვირიკეს სხვადასხვა დროის ათი ხატი შემოგვინახა. ტრადიცულად, მოწამეს ხელთ ჯვარი უპყრია. ეს ხატები საგანგებოდ ლაგურკის ეკლესიისთვის იყო შესრულებული.
ეკლესიაში ინახება X-XIV საუკუნეების ათობით ხატი, ჯვარი და სხვა საეკლესიო ნივთი. აქ ნახავთ სვანეთში გავრცელებულ აღსაყდრებულ ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდა მთავარანგელოზებისა და სხვა წმინდანთა გამოსახულებებს.
ეკლესიაში ინახება აგრეთვე უცხოური წარმოშობის ხატები. მათ შორისაა ბიზანტიური სანაწილე ხატი, "შალიანის ხატი", შემკული მინანქრით (ჯვარცმის კომპოზიცია), ჭედურობითა (კონსტანტინესა და ელენეს გამოსახულებები ჯვრის შესანახი ბუდით ორივე მხარეს და ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის სცენა) და ძვირფასი ქვებით, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეს სანაწილე, გადმოცემით, ჩამოუტანია სვანეთში შალიანს, რომელიც სამუშაოდ იყო ბარში ჩასული და სწრაფად დამთავრებული სამუშაოს საფასურში დამქირავებლისგან ეს ხატი მოუთხოვია. ხალხში დღემდე დარჩენილია რწმენა, რომ შალიანის ხატის განაბანი წყალი ავლენს ყოველივე ბოროტების ჩამდენს და მძიმე ავადმყოფს კურნავს, განბანილ ხატზე ხდებოდა დაფიცებაც. შალიანის ხატის ჩამონაბანი წყალი სოფლიდან სოფელში დაჰქონდათ სპილენძის სურით, რომელიც აქვე, ლაგურკის ეკლესიაში ინახება - იგი სასანური ხელოვნების ნიმუშია.
ფირზე აღბეჭდილი სიწმინდეები
სოფელ კალაში მდებარე წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის სიწმინდეებზე, ტაძრის წარსულსა და დღევანდელობაზე ფილმი ვნახე სვანეთში. რეჟისორი, ლაშა პირველი, იფარელია. მას მშობლიური სვანეთის სიყვარულმა გადააწყვეტინა ფართო საზოგადოებისთვის ეჩვენებინა უძველესი სიწმინდეები. ლაშას თავად გავესაუბრე. "ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველ ზაფხულს სვანეთში ვატარებდი. მიზეზთა გამო მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ მომიხდა წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოლოცვა. ფილმის გადაღებაც იქიდან დავიწყე. თურმე ამ ტაძართან წინათ დედათა მონასტერი იყო, სადაც იმერეთის მეფის, ბაგრატის ასული თეკლა აღუკვეციათ მონაზვნად. მას შემდეგ, რაც ღვთისმსახურება შეწყდა, ტაძარს ადგილობრივი მოსახლეობა იცავდა და იცავს. უდიდესი სიყვარულით პატრონობენ სიწმინდეებს.
მეუფე ილარიონს ჰკითხეს, - მონასტერი თუ არის სვანეთშიო. სვანეთი თავად მონასტერიაო, - მიუგო მეუფემ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სვანეთში სასულიერო ცხოვრება ჩქეფდა.
წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარს ლაგურკას ვეძახით, რაც ადგილმდებარეობას ნიშნავს, ფილმის სახელი, "ლიგურკე" - კვირიკობის დღესასწაულს. სვანეთმა შემოინახა ტრადიციული წეს-ჩვეულებები. წმინდა ხატების მიმართ კრძალვა მუდამ ჰქონდათ. ხატის წინ ვერავინ იცრუებდა, რადგან იცოდნენ, ღმერთი დასჯიდათ.
სვანეთის სიყვარულმა გადამაღებინა ფილმი. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით გადავიღე "ჯგრაგ" (წმინდა გიორგი). სვანები განსაკუთრებით ლოცულობენ წმინდა გიორგისა და წმინდა კვირიკესა და ივლიტას მიმართ. მადლობა უფალს, რომ მეუფე ილარიონი გამოგვიგზავნა მღვდელმთავრად. მისი ძალისხმევით მოსახლეობამ ჭეშმარიტება ირწმუნა და ღვთისმსახურებაში ჩაერთო.
ამოუწურავია სვანეთის თემა. მაქსიმალურად ვეცადე, ვიდეოფირზე აღმებეჭდა სვანეთის სიწმინდეები. წმინდა კვირიკეს და ივლიტას ტაძრის შესახებ ფილმის გადაღებისკენ უფრო მეტად ტაძრის მცველმა ლუკა ხარძიანმა მიბიძგა. ის ბიძად მეკუთვნოდა. სოფელში მის სიტყვას ფასი ჰქონდა. მახვში (თავკაცი) გახლდათ. მისმა ძმისშვილმა, ბესო ხარძიანმა დააფინანსა ფილმის გადაღება. რამდენიმე წლის წინ რუსეთში ჩატარდა მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. კვირიკესა და ივლიტას ტაძარზე გადაღებულმა ფილმმა პრიზიც მიიღო. უფალი თუ ინებებს, კიდევ გადავიღებ..."
სტუმრად გულბანებთან
წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოლოცვის შემდეგ ფრთხილად მივუყვებოდით ნაწვიმარ გზას კალასკენ. მარწყვობა იყო და ერთმა ჩვენმა თანამგზავრმა ბიჭუნამ მძივად ასხმული ტყის მარწყვი მომართვა. იმდენად ლამაზი იყო, დამენანა დაგემოვნება... სულიერად დაპურებულები კალაში გულბანების ოჯახმა მიგვიპატიჟა და ხორციელად დაგვაპურა. ოჯახის დიასახლისს გავესაუბრე. ქალბატონი დოდო მარგველანი: "ჩემი სოფელი კალა ოდითგანვე განთქმული იყო კარგი, მშრომელი ხალხით. კომუნისტების დროსაც მოწინავე გახლდათ რაიონში. რაც წყეულმა სტიქიამ დაგვაზარალა, მიგრაციამ იმატა. სოფელში 26 ოჯახია დარჩენილი. სკოლა კი არის, მაგრამ 4-5 ბავშვიღა სწავლობს... რაიონი, რაც შეუძლია, გვეხმარება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეუფე ილარიონის ძალისხმევით, ხალხმა ტაძარში სიარული დაიწყო. ღვთისკენ მოექცა ყველა. კალაში რამდენიმე გვარის ხალხი ცხოვრობს - ხარძიანები, მარგველანები, დადვანები, პირველები, გულბანები, გამყრელიძეები.
ხალდე მთლიანად დაცლილია... სოფელი განსაკუთრებით აღნიშნავს ტაძრის დღესასწაულს კვირიკობას. დაახლოებით XII საუკუნეში ქუთაისიდან მოაბრძანა ტაძარში გვარად შალიანმა წმინდა კვირიკეს ხატი. თურმე ერთ ოჯახს გასათიბი ჰქონდა გეგუთის მინდვრები. ოჯახის უფროსს უთქვამს, ვინც ამას გამითიბავს, დიდ საჩუქარს ვუბოძებო. ქუთაისში მყოფ სვან შალიანს სცოდნია, რომ იმ კაცის ოჯახში ინახებოდა წმინდა კვირიკეს ხატი და უთქვამს, - თუ ხატს მომცემ, გაგითიბავო. ასეც მოქცეულა და ხატიც მიუღია. მერე კალაში მოუბრძანებია. მთელი თემი შეყრილა ხატის დასაბრძანებლად. გაუხედნავ მოზვრებს მიაბეს მორი, ზედ წმინდა ხატი მიამაგრეს და გადაწყვიტეს, სადაც მოზვრები შეჩერდებოდნენ, იქ დაებრძანებინათ ხატი. ორი კვირა ეძებდა თემი მოზვრებს და იმ ადგილას წააწყდნენ, სადაც დღეს ტაძარია აგებული. ამიტომაც ააგეს იმ მაღალ ადგილას წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია. მოსახლეობა ძირითადად ტაძარს ციკნებსა და თხებს სწირავს. დიდგზაგამოვლილი ხატი თურმე ტიროდა. დასამშვიდებლად ხალხს რა აღარ შეუწირავს მისთვის. ბოლოს ციკანი მიუყვანიათ და სახეზე ღიმილი გადაჰფენია ხატს. მას შემდეგ ციკანს სწირავენ წმინდა კვირიკეს ტაძარს".
- მრავალი სიწმინდეა ტაძარში დაცული. კალაში დაახლოებით თერთმეტი ეკლესია გვაქვს. ამ ტაძრების საგანძური ლაგურკაშია თავმოყრილი უკეთ დასაცავად. მეუფე ილარიონის მობრძანების შემდეგ ღვთისმსახურება განახლდა.
სამწუხაროდ, სოფელი იცლება. ჭირს აქ ცხოვრება, - მიამბობს ჯაბა გულბანი, - წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის გასაღები ჩვენს ოჯახს აბარია და როგორც შეგვიძლია, ისე ვუწევთ სტუმრებს მეგზურობას. მიყვარს ჩემი სოფელი და მენანება, ასე რომ იცლება. ყველაზე მეტად უგზოობა გვაწუხებს. ზამთარში თვეობითაა ჩაკეტილი ეს ხეობა და მომხედავი არავინაა.
- კალა რატომ ჰქვია?
- რამდენიმე ვერსია არსებობს. კლდის ქვას ჰქვია კა. მეორე ვერსიით, კალა სპარსულად ციხესიმაგრეს ნიშნავს.
მეუფის ძალისხმევით მომრავლდნენ სასულიერო პირები და ხალხშიც რწმენა გაღვივდა. ჩვენი ოჯახიც შეძლებისდაგვარად ცდილობს, ეკლესიურად იცხოვროს. მამა თეოფანე ყველანაირად გვერდში გვიდგას. მადლობის მეტი რა გვეთქმის ჩვენი სამღვდელოებისადმი. იმედი და რწმენა გვაძლებინებს.
ბეჩო
ბეჩოს თემში ცხრა სოფელი შედის. მხოლოდ ჭოხულდსა და გულში შემორჩა ძველი ეკლესიები. მაღალ მთაზე აღმართული გულის ეკლესია ამჟამად დანგრეულია. ბეჩოს თემის სოფელი უშხვანარი უშბის ძირასაა გაშენებული.
ამ სოფელში ერთი ტრადიციული ოჯახი ცხოვრობდა, სადაც ჩერდებოდნენ ამ ორთავა მწვერვალის დასალაშქრად მიმავალნი. ოჯახის დიასახლისი, "დედა მაკრინე" (ასე ეძახდა ყველა მთამსვლელი) ულოცავდა გზას უშბისაკენ მთამსვლელებს: ჯაფარიძეებს, ხერგიანებს, ბარლიანებს, ჩართოლანებს...
წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის ეზო
ჭოხულდის მაცხოვრის ეკლესია (XIს.) სოფელში დგას. ის XIII საუკუნეში მოუხატავს ადგილობრივ სახელოსნოში განსწავლულ ოსტატს. ეკლესიაში ინახება მცირე ზომის წმინდა მთავარანგელოზის (XIII ს.) ხატი.
ეცერი
ბეჩოდან ეცერის თემი 10 კმ-ითაა დაშორებული. ეცერში ხუთი სოფელია: უღვალი, ბარში, ფხოტრერი, ცალანარი და ქურაში. უღვალის წმინდა გიორგის ეკლესია მცირე ზომისაა. მის ახლოს უფრიანების ოჯახი ცხოვრობს.
ეკლესიას ამშვენებს ლითონით მოჭედილი კარი. იგი შემკულია ცხოველთა გამოსახულებებით, ადამიანთა ფიგურებით. მსგავსი რამ საქართველოში არსად გვხვდება. ეკლესია XV საუკუნეშია აგებული და მაშინვე მოუხატავთ ადგილობრივი სასულიერო პირის, ანტონ უფრიანის დაკვეთით, რომელიც მამასთან, მიქაელთან ერთად კედელზეა გამოსახული.
უღვალის პირდაპირ, მაღალ ბორცვზე მოჩანს ფხოტრერის მთავარანგელოზთა ეკლესია.
ხეობაში მდებარე სოფელ ბარში დადეშქელიანების რეზიდენცია იყო. ჩვენ დრომდე მოაღწია გალავნით შემოზღუდული ციხესიმაგრის ნანგრევებმა მაღალი კოშკით. იქვეა ქურაში, რომლის პატარა, კოხტა ეკლესიაში დაცულია ხელნაწერი ოთხთავი. ეკლესია მოუხატავთ XI-XII საუკუნეების მიჯნაზე.
ეცერის თემის მთავარი - წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესია ფხოტრერის განაპირას, მაღლობზეა აღმართული. ეკლესიაში ინახება ხატები, რომლებმაც დაზიანებული სახით მოაღწია. შესრულების მაღალი დონით გამოირჩევა დიდი ზომის წმინდა იონას ჭედური ხატი და წყვილად გამოსახულ მთავარანგელოზთა XII-XIII საუკუნეების ფერწერული ხატი. მის ზურგზე ფერწერით დეკორაციული ქსოვილის იმიტაციაა მოცემული: გამოსახულია ერთმანეთზე გადაბმული დიდი წრეები, რომლებშიც ფასკუნჯისა და სპილოს ფიგურებია ჩასმული. ამგვარი ძვირფასი ქსოვილებით ამკობდნენ ხატებისა და დიდი ზომის ჯვრების ზურგებს.
ეცერის თემიდან გზა ბალქვემო სვანეთის ბოლო, ფარის თემში მიდის. მესტიის, ლენჯერის, ლატალის, ცხუმარის სიწმინდეებზე მომდევნო ნომერში ვისაუბროთ.