გასულ ნომერში "კარიბჭის" მკითხველს გავაცანი ჩხოროწყუს რაიონი, სოფლები - თაია და ახუთი. ამჯერად კი სოფელი ზუმი გავიცნოთ. ეს ულამაზესი სოფელი მეტად მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ დაიბადა ბეთანიაში მოღვაწე მამა, მღვდელმონაზონი ვასილ ფირცხელავა.
ათეიზმის ეპოქაში, რელიგიის მძიმე დევნილობის დროს, ღმერთი გვიგზავნიდა რჩეულ შვილებს, რომლებიც არ ეგუებოდნენ უსამართლობას და დიდ სულიერ გმირობას სჩადიოდნენ. სწორედ ამ დიდმა მოღვაწეებმა ტანჯვა-წამებისა და თავგანწირვის ფასად გადაარჩინეს ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მოღვაწეა მამა ვასილ ფირცხელავა.
ღვთის წყალობით და მამა ვასილისავე ლოცვა-კურთხევით, შევეცდები, გაგაცნოთ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, თანაც იმ სახით, როგორც თავად მამა ვასილს თავისივე ხელით აქვს დაწერილი. მამა ვასილის ბიოგრაფიას საპატრიარქოს არქივში დაცული მასალებით ვიგებთ.
"დავიბადე 1923 წელს, 3 (16) იანვარს ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ ზუმში, საშუალო გლეხის ოჯახში.
ჩემს სოფელში დავამთავრე შვიდწლიანი სკოლა.
1937 წელს შევედი ზუგდიდის პედაგოგიურ სასწავლებელში, მესამე კურსიდან სწავლა გავაგრძელე წალენჯიხის პედაგოგიურ სასწავლებელში, რომელიც დავამთავრე 1940 წელს. შევედი ქალაქ სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში 1942 წლის სექტემბერში.
ღვთის სასწაულთმოქმედებითი მოვლენის ხილვით გავხდი ღვთის მორწმუნე, მანამდე ურწმუნო ვიყავი. 1948 წელს სარწმუნოება ღვთის არსებობისადმი სულ განმიმტკიცდა. ჩემს სულიერ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა 1941-45 წლების სამამულო ომმა, რომელსაც მილიონობით საბჭოთა ადამიანი შეეწირა და მათ შორის ჩემი სამი უფროსი საყვარელი ძმა: შოთა, მიხეილი (შახი) და შალვა (შალიკო).
მეწყალვიან სამამულო ომში დაღუპულნი, რადგან მათ ზიარება და სინანული არ მიუღიათ და სამშობლოსთვის კი თავი დადეს! დიდად საჭიროა მათი სულებისთვის დახმარება წირვით და ლოცვით. ამიტომ ვნატრობ იმ დღეს, როდესაც ღვთის წყალობით მივიღებ წირვის უფლებას, რათა მოვიხსენო ისინი ჩემი ცოდვილი და მწიკვლევანი ბაგით წირვაში.
სავსებით შევიცანი სოფლის ამაოება 1948 წელს. ცხოვრება კაცისა ამ ქვეყანაზე მეტად მცირეა და ამ მცირე ხნის შემდეგ კი მიწაში მატლებთან უნდა განისვენოს. ყოველივე სიმდიდრე კაცმა მისდა უნებლიეთ აქ უნდა დატოვოს სიკვდილის გამო. ამიტომ კაცის ამქვეყნიური დიდება და მატერიალური სიმდიდრე მოჩვენებითად და სიზმრად ჩანს ზეციური, მარადიული დიდების წინაშე. სული ხორცზე მეტია, ამიტომ გონივრული და ბრძნულია, სულისთვის ვიზრუნვიდეთ უფრო მომეტებულად. სული უკვდავია, იგი სიკვდილს არ ემორჩილება, რადგან უკვდავი ღმერთის ნაწილია. ამიტომ სრულიად ჩემი ნებით დავტოვე სოფლის ამაოება და შევუდექი ღმერთს - აბსოლუტურ სიმართლეს, მიუწვდომელ ნათელს, უსაზღვრო ბედნიერებას, უკვდავსა და მარადიულს, მიუწვდომელ სიბრძნეს და მიუწვდომელ მეცნიერებას. ეს მოხდა 1954 წლის 22 მაისს. ამ დღეს გამოვედი სოფლიდან და მივედი ბეთანიის უდაბნოში მწირ ბერად. 1954 წლის 26 ივლისს ბეთანიის მონასტერში მაღალღირსმა მამამ, იღუმენმა გიორგიმ (მხეიძე) მიკურთხა ჩოხა. 1955 წლის 24 იანვარს ბეთანიის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე) იღუმენი გიორგის თანაშეწევნით შემმოსა მცირე სქემა. 27 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკმა ხელი დამასხა იეროდიაკვნად.
1952 წელს დავამთავრე სოხუმის მ. გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1953 წელს ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა და მივიღე წარჩინებული დიპლომი.
ბეთანიის მონასტრის მწირი ბერი და ამავე მონასტრის იეროდიაკვანი ვასილი (ფირცხელავა), 28 იანვარი, 1955 წელი, სიონი".
1955 წლის 10 აპრილს, ბზობა დღეს, პატრიარქმა მელქისედეკ III-მ მამა ვასილს მღვდელმონაზვნად დაასხა ხელი.
მამა ვასილი მღვდელმსახურებას ბეთანიაში შეუდგა. მამა იოანესა და მამა გიორგის მორჩილებაში დიდ სულიერ ძალასა და გამოცდილებას ეზიარა, მალე მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა: ღვთისთვის სიტყვა მაქვს მიცემული, რომ მამა იოანესა და მამა გიორგის ვემსახურო, ჩემს ან მათ გარდაცვალებამდე მონასტერი არასოდეს დავტოვოო. მამა ვასილი ორივეს ანგელოზებს უწოდებდა და მათთან ყოფნას ღვთის დიდ წყალობად თვლიდა.
მღვდლად კურთხევის შემდეგ მშობლიურ სოფელშიც ჩადიოდა. გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას, ხალხს რწმენას უღვიძებდა. ქადაგებდა არა მარტო ზუმში, ჩხოროწყუშიც, ზუგდიდშიც. გაბედულად აღასრულებდა საეკლესიო საიდუმლოებებს, განსაკუთრებით - ნათლობას. ნათლავდა უანგაროდ, ძირითადად ღამით, საკუთარ სახლში. მის ეზოში კათაკმეველთა რიგი იდგა, ყველას უნდოდა მისგან მონათვლა, რადგან წმინდა კაცად მიიჩნევდნენ. მამა ვასილი არასდროს უნახავთ განმოსილი. მიუხედავად მთავრობის მუქარისა, ზუგდიდში, ლენინის დიდი ძეგლის წინ საბერო ჩოხითა და ჯვრით ისე თამამად გაივლიდა ხოლმე, რომ ყველას უკვირდა.
მამა ვასილს სალოცავი კუთხე ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა. უკვე მღვდელმონაზონს დედამისი გულისტკივილით შესჩივლებს: ჩვენთან აქტივისტი კომუნისტები მოვიდნენ (ორი ქალი, თანამდებობის პირები), ხატების კუთხე დაარბიეს, სიწმინდეები ფანჯრიდან გადაყარეს. მე ღვთისმშობლის ხატი გულში ჩავიკარი და მხოლოდ მისი გადარჩენა მოვახერხეო. მაშინ მამა ვასილს უთქვამს, - ამის ჩამდენს ღვთის რისხვა არ ასცდება და ძვლებიც ისე დაეშლება, როგორც ეს ხატები დაიშალაო. მართლაც, იმ ქალთაგან ერთ-ერთი, სრულიად ჯანმრთელი, მოულოდნელად ძვლების დაშლით დასნეულებულა და მალევე გარდაცვლილა. ხოლო მეორეს, დასნეულებულს, მამა ვასილისთვის მუხლმოყრით შენდობა უთხოვია და დანაშაული მოუნანიებია.
მამა ვასილს ბეთანიის მონასტრის კარიბჭის თავზე პატარა სენაკი ჰქონდა, სადაც თავის ქალა და ძვლები ეწყო, რათა ამქვეყნიური ცხოვრების ამაოება მუდმივად ხსომებოდა. მონასტერში ხშირად ამოდიოდა ბერი გაბრიელი (ურგებაძე). მამა გაბრიელს და მამა ვასილს ერთი სულიერი მოძღვარი ჰყავდათ - წმინდა იოანე-გიორგი მხეიძე. მამა გაბრიელი ასე იხსენებს მამა ვასილს: "ბოლო დროს ისე ასკეტურად ცხოვრობდა, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა. ვუყურებდი, გამჭვირვალე სხეული ჰქონდა, როცა ქადაგებდა, მისი სხეული მზის სხივებს ატარებდა. ანგელოზი იყო, მუდმივი მლოცველი წმინდანი".
მამა ვასილმა ბეთანიის მონასტერში 8 წელი დაჰყო. 1961 წელს 38 წლის მღვდელმონაზონი მოწამებრივად აღესრულა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალაქიდან მონასტერში მიმავალ ბერს გზაზე ოთხი კაცი დახვდა და ისე სასტიკად სცემეს, რომ მონასტრამდე ძლივს მიაღწია. გაჭირვებით სუნთქავდა და სისხლს აღებინებდა, ხველებით სული ეხუთებოდა. მკურნალობაზე უარი თქვა, ჭლექი შეეყარა. მამა ვასილი სრულ სამღვდელო შესამოსელში, წმინდა ხატებთან ლოცვის დროს აღსრულებულა. მამა რაფაელის (კარელინი) გადმოცემით, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე თავის მოძღვარს, მამა გიორგის სთხოვდა, როცა მოვკვდები, ბეთანიის მონასტერში, მამა იოანეს გვერდით დამმარხეთო. მამა გიორგიმ იმ ადგილას მართლაც გაუთხარა სამარე, მაგრამ ანდერძი ვერ აღუსრულა: წესის აგების დღეს სამეგრელოდან ჩამოსულმა ნათესავებმა და თანასოფლელებმა ცხედრის წასვენება მოითხოვეს, რამაც მონასტერში შეკრებილი ხალხი აღაშფოთა. მაშინ მამა გიორგის უთქვამს: ვიცნობ ამ ხალხს. თუ ძალას დაატანთ, შეიძლება სისხლიც დაიღვაროსო და აღარ შეწინააღმდეგებია... სადაც არ უნდა იყოს მისი სხეული, ის სულით ჩვენთანაა. ის ორგზის მოწამეა, ამისთვის ორმაგ ჯილდოს მიიღებსო, - ამბობდა შემდეგ.
ბერის ანდერძი იყო, დაეკრძალათ ბეთანიის მონასტერში, მისი სულიერი მოძღვრის, წმინდა იოანეს (მაისურაძე) გვერდით. მაგრამ მისი სურვილი არ აღსრულდა...
მრავალი წლის შემდეგ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა მამა ვასილის გადმოსვენებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელსაც უძღვება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). მამა ვასილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წარმოსაჩენად მათ მოიძიეს, შეისწავლეს და გამოსცეს საარქივო მასალები - მთავარი მიზანი კი გახლავთ მამა ვასილის ანდერძის შესრულება.
სოფელ ზუმში სტუმრობა მამა ვასილის ბერად აღკვეცის თარიღს მივუსადაგეთ... მის საფლავზე თავმოყრილი ერი და ბერი ერთად ლოცულობდა ღირსი მამის სულისთვის. ორმა მღვდელმთავარმა - მეუფე შიომ და ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა - მამა ვასილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა სამღვდელოებასთან ერთად. ბოლოს კი მათი ქადაგება იქ მყოფთათვის სანუგეშოდ იქცა.
მეუფე შიო: - დღეს, როცა ვდგავართ წმინდა ადამიანის საფლავთან, ალბათ ვფიქრობთ იმ პერიოდზე, როდესაც ჩვენს ეკლესიას დევნიდნენ. ერთეულების ღვაწლმა გადაარჩენა ბერ-მონაზვნობა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა. ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი გახლდათ მამა ვასილი, რომელიც მოღვაწეობდა დიდი წმინდანების გვერდით. გვჯერა, რომ მისი სული არის ცხონებული და სასუფევლიდან გვლოცავს. შევეცადოთ, რომ მივბაძოთ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რამეთუ ეს არის გზა ხსნისა და გზა სასუფევლისკენ მიმავალი... ღმერთმა ინებოს, რომ მამა ვასილიმ თავისი მოძღვრების და თანამოღვაწეთა გვერდით დაივანოს.
მეუფე ეფრემი: - იმ პერიოდში ადამიანი რომ ყოფილიყო სასულიერო პირი, ანაფორა და ჯვარი ეტარებინა, მარტო ეს ითვლებოდა გმირობად. მამა ვასილი გახლდათ იმ დროისთვის ერთ-ერთი მანათობელი, რომელიც ათასობით ადამიანს უფლისკენ მიმავალ გზას უკვალავდა. ბედნიერი და კურთხეულია ქართველი ერი, რომ ჰყავდა ასეთი შვილები, გმირი წინაპრები. განსაკუთრებით კურთხეულია ეს კუთხე, სამეგრელო, სოფელი ზუმი, სადაც მამა ვასილი აღიზარდა, ეზიარა უფლისა და სამშობლოს სიყვარულს. ჩვენ, ყველანი, მისი შთამომავლები ვართ და მის ნაკვალევზე დავდივართ. ღმერთმა ინებოს, რომ მისმა სულმა აწ უკვე ლოცვით გააგრძელოს მოღვაწეობა ზეციურ საქართველოში, მისი სული უფალმა წმინდათა თანა დაამკვიდროს.
მამა ვასილის, ამ ტკბილი ბერის საფლავის მოსალოცად ხშირად ჩადიან თბილისიდან მომლოცველები. შარშან ზაფხულს სოფელ ზუმში მიმავლებმა გზად მოწამეთის მონასტერიც მოილოცეს, მამა გიორგი ბასილაძე მოინახულეს და ამცნეს უწმინდესის ლოცვა-კურთხევა მამა ვასილის ანდერძის აღსასრულებლად. მამა გიორგის უთქვამს: საფლავის გახსნა არ გამომაპაროთ, მე აუცილებლად იქ უნდა ვიყოო. როცა ამას წინათ ზუმში მიმავალმა მომლოცველებმა ვნახეთ მამა გიორგი, გახარებულმა დაგვლოცა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევის აღსრულება გვისურვა.
იმ დღეს ჩხოროწყუში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო... სოფელ ზუმის, ხაბუმესა და მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე გამოსასვლელად ემზადებოდნენ რაიონის კულტურის სახლში. მეტად საპასუხისმგებლო მისია იტვირთეს - მამა ვასილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წარმოჩენა. უწმინდესთან შეხვედრამ დიდი სტიმული მისცა ბავშვებს. შარშან პატრიარქმა მამა ვასილის თანამემამულე მოსწავლეები, პედაგოგები და მამა ვასილის ნათესავები ისტუმრა. უწმინდესმა ბრძანა: "ვიყავი სტუდენტი სასულიერო სემინარიისა, როცა მოღვაწეობდნენ მამა ვასილი, მამა იოანე, მამა გიორგი. ეს იყო ისეთი დრო, როდესაც იდევნებოდა ეკლესია. თვითონ მამა ვასილსაც უჭირდა და მისი ოჯახიც წინააღმდეგი იყო იმისა, რომ სასულიერო პირი, ბერი ყოფილიყო. მაგრამ იმდენად მტკიცე ნებისყოფა ჰქონდა, რომ ბოლომდე დარჩა ბერი და ბეთანიაში მოღვაწეობდა.
სამწუხაროდ, ისეთი მთავრობა იყო, ისეთი ზეწოლა, რომ ოჯახმა საერო ტანსაცმელი ჩააცვა და ისე წაასვენა. მისი სული გაიხარებს ბეთანიაში დაბრუნებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის".
პედაგოგი გიორგი თოდუა:
- მთელი ჩვენი კუთხე ელოდება იმ დღეს, როდესაც ბერის ანდერძი აღსრულდება - მამა ვასილს ბეთანიის მონასტერში გადაასვენებენ: ზუმში მამა ვასილის საფლავი წმინდა ადგილია, უჩვეულო მადლსა და სითბოს ასხივებს, მას ხალხი სიყვარულით უვლის. მამა ვასილი მათთვის ძალიან ახლობელია, სათაყვანებელი და ძალმოსილი მოძღვარია, ხშირად დაცვასა და შემწეობას სთხოვენ. ის, რომ რაიონმა უკეთ გაიცნო მამა ვასილი, მისი მოწამებრივი ცხოვრება და ღვაწლი, ზუმის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების გულმოდგინების შედეგიცაა.
მამა ვასილის შესახებ მოსაზრებას გვიზიარებს მენჯის მთავარანგელოზთა მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა): - მამა ვასილი ავად იყო, მიატოვა საავადმყოფო და მოხუც ბერებთან ბეთანიაში მიდიოდა, ყურადღებას აქცევდა, არაფერი დაემართოთო.
მორჩილი ზოია (შუშანია): - მამიდაჩემი, იღუმენია ფასტო, მამა ვასილის სულიერი დედა იყო. მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს მამა ვასილი. ძალიან მიხაროდა მისი გამოჩენა. საოცარი პიროვნება იყო...
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს დირექტორი ნანა ჯანგულაშვილი: - შთამბეჭდავი იყო უწმინდესის სიტყვები, დიდი გულისტკივილით წარმოთქმული: "საერო ტანსაცმელი ჩააცვეს და საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს, ბერის გადმოსვენებით მისი სული გაიხარებსო". უწმინდესის ლოცვა-კურთხევა გვაძლევს ძალას, მივყვეთ მამა ვასილის ანდერძს. სოფელ ზუმში ჩასვლას დიდი სულიერი მღელვარება სდევდა თან. პანაშვიდი აღესრულა ბერის საფლავზე, სადაც მამა ვასილის ნათესავები, ახლობლები, თანასოფლელები მოთმინებით ელოდნენ თბილისიდან და სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ სტუმრებს. მღვდელმთავრების მიერ ჩატარებული პანაშვიდი, ქადაგება იწვევდა ამაღლებულ განწყობას, სიხარულს, ეს სიხარული რაიონის კულტურის სახლში გადაგვყვა, სადაც ჩვენს თვალწინ გადაიშალა საოცარი სურათი: ჩაბნელებულ დარბაზში, ანთებული კელაპტრების ფონზე თეთრ სტიქარებში შემოსილი ბავშვები, როგორც თეთრი ანგელოზები, გულიდან ამოსული სიტყვებით გვიყვებოდნენ მამა ვასილის ცხოვრებას. მექმნებოდა განცდა, რომ ჩვენც ნელ-ნელა მივყვებოდით მის ცხოვრებისეულ გზას. მინდოდა სათითაოდ ჩამეკრა ეს ბავშვები გულში და მოვფერებოდი. შემთხვევითი არ არის, რომ მამა ვასილის ცხოვრების წარმოჩენა მოხდა ბავშვების უმანკო გულების მიერ. ამ ბავშვებმა ნახევარი საუკუნით დახშული კარი გააღეს.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სკოლის დირექტორს ქალბატონ ნონა ფირცხელავას, მასწავლებელს, გულნარა ლემონჯავას და მთელ პედაგოგიურ კოლექტივს იმ უდიდესი შრომისა და მრავალდღიანი მეცადინეობისათვის, რითაც ყველას დიდი სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭეს. ისინი დიდ საერო საქმეს აკეთებენ და ნამდვილად ჭეშმარიტი მამულიშვილები არიან. მადლობა მათ!
არ შემიძლია არ აღვნიშნო ერის და ბერის ერთობა, ამ დღეს ჩვენთან ერთად ბრძანდებოდნენ ბატონი მერაბ შელია და რაიონის დეპუტატი ბატონი ედიშერ ჯალაღონია. მინდა მადლობა ვუთხრა მათ თანადგომისათვის. ეს ერთობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანა სერიოზული განსაცდელის წინაშე დგას.
მამა გიორგი (მხეიძე) ამბობდა: "მამა ვასილი ორგზის მოწამეა, ამისთვის ის ორმაგ ჯილდოს მიიღებსო". ვფიქრობ, მეორე ჯილდო - ეს ხალხის სიყვარული და აღიარებაა, რწმენაში განმტკიცება, რაც ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ სამეგრელოს ამ ლამაზ კუთხეში.
საოცარია, იმ დროს, როდესაც მამა ვასილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, სულ რამდენიმე კილომეტრში საშინელმა ქარიშხალმა გადაუარა სამეგრელოსა და იმერეთის დიდ ნაწილს, აქ კი ნამდვილი გაზაფხული იდგა, საფლავზე სანთლები მშვიდად იწვოდა, თითქოს ჩვენს სითბოსა და სიყვარულს, საზეიმო განწყობილებას თვით ღმერთი მფარველობდა.
შეიძლება მივიჩნიოთ, რომ იმ დღეს იმ კუთხეში საქართველოს გაბრწყინება დაიწყო.
- როდის მოხდება მამა ვასილის ანდერძის აღსრულება?
სოციოლოგი - ბატონი ლეონ ფირცხელავა:
- პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2008 წელს შექმნილ კომისიას დაევალა, შეესწავლა ყველა საკითხი მამა ვასილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, მამა ვასილის სურვილი იყო დაეკრძალათ მამა იოანეს (მაისურაძე) გვერდით. მამა გიორგის ძმის შვილიშვილი, გიორგი მხეიძე იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 1957 წელს მამა ვასილი სთხოვდა მამა გიორგი მხეიძეს, რომ იგი დაეკრძალათ თავისი სულიერი მოძღვრის მამა იოანეს გვერდით. მამა გიორგიმ მამა ვასილის გარდაცვალებისას საფლავიც კი გაუთხარა, მაგრამ ის მშობლიურ კუთხეში გადაასვენეს ნათესავებმა.
მამა გაბრიელმა (ურგებაძე) მამა იოანეს გვერდით დაკრძალა თავისი სულიერი მოძღვარი მამა გიორგი (მხეიძე). მამა გაბრიელი ამბობდა: "მამა გიორგი მე თვითონ ჩავაწვინე სამარეში და გულზე სახარება და ჯვარი დავადე. იგი უხრწნელი წევს საფლავში, მე ვხედავ ამას. გახსენით მისი საფლავი, რა უნდა უხრწნელ მამას მიწაში". ამიტომ სანამ წმინდა მამა გიორგის საფლავი არ გაიხსნება, მამა ვასილს ვერ გადმოვასვენებთ, ანუ რეალურად ორი ანდერძი უნდა აღვასრულოთ - მამა გაბრიელისა და მამა ვასილისა. ამ საკითხთან დაკავშირებით 2009 წლის 17 იანვარს საპატრიარქოში შევხვდით უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს. პატრიარქმა წმინდა გიორგის (მხეიძე) საფლავის გახსნაზე თანხმობა განაცხადა.
- მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი მელიქიძე: "თუ ამოიყვანეთ ასეთი უხრწნელი ნაწილები, ეს დიდი მადლია, ეს დიდმნიშვნელოვანი საქმეა, ესე იგი რაღაც საუკეთესო შემობრუნება მოხდა, ამას ახლავს ყოველივე დადებითი, რაღაც ცვლილება, რაღაც ძვრა, გარდაქმნა კეთილი. ეს საქართველოსთვის დასაწყისი იქნება კეთილად შემობრუნებისა. ღმერთმა დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთ, ეს მადლისმიერი საქმე გამობრწყინებულიყოს და დაძრულიყოს, ყოველივე კეთილად წარმართულიყოს სულის საცხოვნებლად".
საყურადღებოა საპატრიარქოს სიწმინდეების დაცვისა და მოძიების განყოფილების თანამშრომლის ვარდიკო არაბულის შეფასებაც: - საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ტრადიცია საფლავების გახსნის და პატივის მიგებისა. მონასტრებში დღემდეა შემორჩენილი მოღვაწე მამათა წმინდა ნაწილები. მათ შორის ბეთანიაში, დავითგარეჯში, მარტყოფში, ქოზიფაში.
ასე იხსენებენ მამა ვასილს მისი თანასოფლელები:
მამა ვასილი სოფლის გზაზე რამდენიმე თანასოფლელთან ერთად მიდიოდა და მათ ღვთის სიტყვას უქადაგებდა, ცდილობდა, ისინი ღვთის არსებობაში დაერწმუნებინა. სიტყვით ვერაფერს გახდა. გზაზე სწრაფად მომავალი მანქანა გამოჩნდა. უეცრად ბერი მისკენ გაემართა და ბორბლებში შეუვარდა, მაგრამ არაფერი ვნებია. ფეხზე წამომდგარმა სამოსიდან მხოლოდ მტვერი ჩამოიბერტყა. გაფითრებული მძღოლი პირჯვრის წერით გადმოვიდა კაბინიდან. როდესაც მამა ვასილს ჰკითხეს, რატომ გააკეთე ესო, უპასუხა: ხალხისთვის მინდოდა ღმერთის ძალა დამენახვებინაო.
ერთ-ერთ ზაფხულს თურმე დიდი გვალვა დაიჭირა, ორ თვეზე მეტი იყო, რაც ცას ნამი არ მოსწყვეტოდა. სოფელში ჭები შრებოდა, მოსავალი ფუჭდებოდა. შეწუხებულმა ხალხმა მამა ვასილს სთხოვა, რომ წვიმისთვის ელოცა. მამა ვასილმა დარბევას გადარჩენილი ღვთისმშობლის ხატი ხელში აიყვანა და ხალხთან ერთად მდინარე ხობისწყლის ნაპირას ჩავიდა. როგორც იხსენებენ, ბერმა ჯერ ხატი წყალში განბანა, შემდეგ კი ილოცა.
უჩვეულო შემთხვევამ ყველა გაახარა: მოწმენდილ ცაზე საიდანღაც ღრუბლები შეიყარა და ნანატრი წვიმაც წამოვიდა. ამის შემყურე ხალხი ღმერთს ადიდებდა და ბერს მადლობას უხდიდა.
სოფელ ზუმის მკვიდრნი მადლობას სწირავენ უფალს, რომ მათი კუთხის შვილია მამა ვასილ ფირცხელავა. ამ არცთუ პატარა და მოხდენილ სოფელს საინტერესო ისტორია აქვს. სოფელ ზუმის სახელწოდება კი დაკავშირებულია ადგილის აზომვასთან. გადმოცემით, გლეხები სრულად არ იხდიდნენ კულუხს (ვენახის გამოსაღები). მანუჩარ დადიანს უბრძანებია, მთლიანად აეზომათ აქაურობა. სოფელს სახელიც აქედან მიუღია.
ზუმში ყველაზე გავრცელებული გვარია ლემონჯავა. ლემონჯავების მიერაა სოფელში დამკვიდრებული დღეობა ამაღლება, რომელიც აღდგომის მეორმოცე დღეს იმართება. ამ დღეს ლემონჯავების ოჯახში სტუმართმრავლობაა. ამ გვარის შემდეგ სოფელში გავრცელებული გვარებია: გელანტია, ნაჭყებია, ფირცხელავა, ჩიქოვანი, კვარაცხელია, ბერაძე, შოგირაძე, შენგელია, მანჯგალაძე, თოდუა, ბასილაძე, დადიანი, ჯალაღონია, ღვინჯილია, ჯოლოხავა, სოხაძე, გახარია, ძაძამია, ბუკია, ჩიქობავა, დარასელია, მებონია და სხვა. გვარის მიხედვით კომპაქტურად დასახლებული ადგილებია: სალემონჯაო, საგელანტიო, სანაჭყებიო, საკვარაცხელიო.
ზუმი სადადიანოში შედიოდა და აქაურობას თავადი ჩიქოვანები მართავდნენ.
დღეს სოფელ ზუმს ისევე უჭირს და ულხინს, როგორც საქართველოს სხვა სოფლებს. აქაურები გულისტკივილს გვიზიარებენ. ბატონი ედემ ფირცხელავა: - სამუშაო რომ იყოს, უკეთესობისკენ წავიდოდა ჩვენი ცხოვრება. ღმერთზე ვართ მინდობილი და ვცხოვრობთ ისე, როგორც შეგვიძლია. ერთადერთი შემოსავალი - თხილია.
მამა ვასილის სისხლხორცეული ნათესავი ვარ. კარგად მახსოვს მამა ვასილი. ერთხელ შარვალი ამიკაპიწა მუხლამდე, ფეხები დამბანა, სახეზე მირონი წამისვა და მომნათლა. უთქმელი და ღვთისნიერი იყო. ჩვენი სოფლის მფარველია მამა ვასილი.
ზუმის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნონა ფირცხელავა: - ჩვენს სკოლაში 160 მოსწავლე სწავლობს. აქვე გვაქვს მოწყობილი სამლოცველო. შევთხოვ უფალს, რომ ჩვენი ბავშვები ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად აღიზარდონ. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ წინაპრების მიერ ნაანდერძევი ქრისტიანული რწმენა.
მამა ვასილს თუ წმინდანად შერაცხავენ, ჩვენთვის, მისი თანასოფლელებისთვის, უდიდესი ბედნიერება იქნება. ზუმში ჯერჯერობით არ გვაქვს მოქმედი ტაძარი, მაგრამ ღვთის შეწევნით, მალე გვექნება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი