მართლაცდა რა გამოლევს ჩვენს სამშობლოში მადლიან ადგილებს.
ამას წინათ კაზრეთის ხეობას ვსტუმრობდი. ეს ხეობა ბოლნისის რაიონშია. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერილობით, "ხეობა კაზრეთისა სამხრიდან მოერთვის მაშავერს, გამომდინარე ლოქისა.
ესეცა ეგრევე, ვითარცა ხეობა ბალიჭისა"... რომელიც "არს ვენახოვანი, ხილიანი და ყოვლითა ნაყოფიერი". წინათ კაზრეთის ხეობა, როგორც პოლიტიკურ-გეოგრაფიული ერთეული, შედიოდა ქვემო ქართლის შემადგენლობაში ("ქართლის ცხოვრებით" - იგივე "გაჩიან-გარდაბანი"). ძველი ბერძნული და სომხური წყაროები მას გოგარენე-გუგარქის სახელით იცნობენ.
ადრე შუა საუკუნეებში ეს მხარე საპიტიახშოში შედიოდა, ხოლო X-XI საუკუნეებში სამეფო მამულად იქცა.
კაზრეთის ხეობას გაივლიდა აგრეთვე ბოლნის-დმანისის ხეობების დამაკავშირებელი გზა, რომელიც, როგორც ჩანს, უძველესი დროიდანვე მოქმედებდა. ამ გზებზე შემონახული ძეგლები, როგორიცაა თვალედი ხიდი მდინარე დამბლუტზე, ბალიჭის მახლობლად, ბუჩუკუნის ციხე კაზრეთის მიდამოებში და სხვა მატერიალური კულტურის ნაშთები, მოწმობენ, რომ ეს გზები ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას შუა საუკუნეების განმავლობაში.
იქვე ახლოს, მდინარე კაზრეთის ხევის მარცხენა მხარეზე მონასტერი იყო, "დავით საგარეჯოს" სახელწოდებით. კაზრეთის აღმოსავლეთით, ტყიან მთის თხემზე მართლაც შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსი, მათ შორის მთავარი ტაძარი XII-XIV საუკუნეებისაა. მკვლევარ რუსუდან მეფისაშვილის აზრით, ამ ძეგლმა დასახელება მიიღო კაზრეთში VI საუკუნეში დაარსებული დავითგარეჯის მონასტრიდან. ტაძრის კარის წარწერაში აღნიშნულია, რომ ეკლესია ხელმეორედ აუგიათ ორბელიანის ძეს, მეფე გიორგი X-ის მდივანბეგს ერასტის (სულხან-საბა ორბელიანის ძმა) და მის მეუღლეს 1709 წელს. თვით კაზრეთის მიდამოებში XIX საუკუნეში ხელმეორედ დასახლებულან და მისთვის ტაბახმელა უწოდებიათ. მოგვიანებით, 1926 წელს, სოფელი 91 კომლამდე გაზრდილა და კაზრეთად იწოდებოდა. ნამდვილი კაზრეთის ნანგრევები, რომელიც მოზრდილ დასახლებას მოიცავდა, ახლანდელი კაზრეთის ცოტა ზემოთ მდებარეობს. სახელწოდება დაკავშირებულია კაზარ-თან, რაც სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, მწერს ნიშნავს. XIII საუკუნის დასაწყისში აქ მონასტერთან ერთად მდინარის მარჯვენა მხარეზე მდებარეობდა სოფელი ისპიანი. ისპიანს ახლაც უწოდებენ მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ახლოს მდებარე სამების ეკლესიის მიდამოებს.
კაზრეთის ხეობაშივე მდებარეობდა სოფელი ბაბილაშენი, რომელიც XIX საუკუნის დასასრულს ნასოფლარ სამტრედოს სახელით ყოფილა ცნობილი. ექვთიმე თაყაიშვილი აქვე მიუთითებს ეკლესიას, რომელიც, ლაპიდარული წარწერის თანახმად, 1697 წელს ყოფილა აგებული.
კაზრეთის განაპირა, თანამედროვე სასაფლაოზე აღმართულია ქვის დარბაზული ეკლესია, რომლის კედლებში ჩაშენებულია ჯვარსახოვანი ქვები. ეკლესიის ეზოში ადრექრისტიანული ხანის რელიეფით შემკული სტელა დევს. გორაკზე აღმართულია ადრეული ხანის საკულტო ადგილის მანიშნებელი სტელა.
საინტერესო არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა ბუჩურაშენის ეკლესიის მიდამოებში, დღევანდელი კაზრეთის კარიერზე, ტყიან ფერდობზე.
კაზრეთისა და მისი მახლობელი სოფლების შესახებ წერილობითი ძეგლები გვიან შუასაუკუნეებამდე არ მოგვეპოვება, მაგრამ ამ კუთხის წარსული ცხოვრების აღდგენა შესაძლებელი ხდება არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით.
XV საუკუნიდან კაზრეთის ხეობა დიდ სათავადოში - საბარათიანოში შედიოდა. XV-XVII საუკუნეებში საბარათიანო რამდენიმე სათავადოდ დაიშალა. მიწები, სათხიდან მოყოლებული კაზრეთამდე, სარდალ ზურაბს ერგო, რომელმაც აქ, სამტრედოში გააშენა რეზიდენცია. ასე ჩაეყარა საფუძველი ზურაბიშვილების სათავადოს.
არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ეკლესია XVII-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება, რასაც ადასტურებს ეკლესიის კარზე წარწერის თარიღი (1697 წელი).
სამების ტაძარი მდინარე კაზრეთულას მარჯვენა ნაპირზე, კარიერისკენ მიმავალი გზის პირას მდებარეობს. ეკლესია დიდხანს მოუვლელი იყო, რამაც ფრესკები გაანადგურა. თავად ტაძარი დიდი და დარბაზული იყო თავისი მინაშენებით. მთელი ნაგებობა დახურული ყოფილა კერამიკული კრამიტით. შესაძლოა ეკლესიის შეკეთების თარიღზე მოგვითხრობდეს ნიკოლოზ ბოლნელის 1672 წლით დათარიღებული წარწერა. იგი შესრულებული ყოფილა კედელზე შავი მელნით. წარწერა გადმოუწერია ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანს 1846 წელს. ექვთიმე თაყაიშვილს მოჰყავს ამ წარწერის ტექსტი: "მოიხენე, უფალო, წიაღსა შინა ცხოვრებასა ბატონიშვილი ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ წმინდასა ამას მონასტერსა... ჩემის მამის და დედის ბატონის ელენეს შესანდობლად, და ჩემის ცოდვილის თავის მოსახსენებლად ვინცა ამ მონასტერსა შიგან ჟამსა შეხვიდეთ, შენდობას ეტყოდეთ". წარწერაში მოხსენებული ნიკოლოზ მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ ბოლნელია, რომელიც ცნობილია ბოლნისის ტაძრის სამრეკლოს წარწერიდან. ამის გამო ექვთიმე თაყაიშვილმა დაასკვნა, რომ ტაძარი აგებულია XVII საუკუნის მეორე ნახევარში ნიკოლოზ ბოლნელის მიერ. ტაძრის აგების ხანა XIII საუკუნეა, ნიკოლოზ ბოლნელს კი ტაძარი შეუკეთებია, რაზედაც ზოგიერთი რელიეფის ხასიათი მიგვანიშნებს.
კაზრეთულას მარცხენა ნაპირზე, მაღლა, ტყიან ფერდობზე დგას კიდევ ერთი შესანიშნავი ძეგლი, მდიდარი დეკორითა და წარწერებით შემკული სათხის ეკლესია.
ძეგლი შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილმა. თბილისში ჩამოიტანა მისი კანკელი (იგი ამჟამად თბილისში ხელოვნების მუზეუმშია დაცული), რომლის წარწერაში მოხსენიებულია მეფე ლაშა-გიორგი.
სათხე ადგილის სახელია, რომელიც შემდეგ ტაძრის სახელს დაუკავშირდა. ეკლესია X-XI საუკუნეებს განეკუთვნება. ნაგებია მოყვითალო ქვით. ეკლესიას გარს ერტყა დიდი ქვებით მშრალი წყობით ნაგები გალავანი.
ძველი სოფელი კაზრეთი დაახლოებით დღევანდელი სოფლის წყაროდან ბატონიანთ სახლამდე ტერიტორიას მოიცავდა. უფრო ვრცლად საუბარი ჩემს მასპინძელს, ბატონ აბესალომ ყაფლანიშვილს ვთხოვე:
- კაზრეთი საკმაოდ დიდი სოფელი იყო. გეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს მადანი, რომელიც დღეს ამ რეგიონის მკვიდრთათვის საარსებო წყარო გახდა. აქაურების უმეტესობა დასაქმებულია. ანაზღაურებასაც არ ვუჩივით. შრომასთან ერთად ეკლესიურ ცხოვრებასაც არ ვივიწყებთ. კარგად მახსოვს, ბებიას როგორ დავყავდი ნახევრად დანგრეულ კაზრეთის სამების ტაძარში. მოქმედი არ იყო, მაგრამ სანთლის დასანთებად და სალოცავად მთელი სოფელი დადიოდა. კაზრეთის ხეობაში უამრავი ეკლესიაა. მისი მადლი გვეწევა კაზრეთელებს. 1992 წლიდან კარგა ხნის განმავლობაში ამ სოფლის გამგებელი გახლდით, როგორც შემეძლო, ისე ვეხმარებოდი ყველას... შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ საკუთარი მანქანით დამყავდა ხოლმე ტაძარში ჩემი თანამშრომლები. 1992 წლიდან ტაძარი ამოქმედდა, მოძღვარიც გვყავდა, მამა კვირიკე. მას შემდეგ ეკლესია არ დარჩენილა მოძღვრის, წირვა-ლოცვისა და მრევლის გარეშე. სოფელ ბალიჭში ამოქმედდა სამების ტაძარი. აქ მამა არჩილ ქიტიაშვილი მოღვაწეობს. ორივე სოფელს ავტობუსი ემსახურება. დიდ დახმარებას გვიწევს სააქციო საზოგადოება "მადნეულის" ხელმძღვანელობა. თავადაც ღრმად მორწმუნეები არიან და ყველანაირად გვიწყობენ ხელს კეთილ საქმეში.
მამიდაჩემი, ეთერ ყაფლანიშვილი, სამების ტაძარს წლების განმავლობაში უვლიდა. მაშინაც კი, როცა ტაძარი უმოქმედოდ იყო. ღვთისმსახურების განახლების შემდეგ მრევლი გახდა და ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებოდა. მრევლში სამების ხატს დავაბრძანებდით. გარდაცვალების წინა დღეებში ხატმა მასთანაც ინება მიბრძანება.
ძალიან მიხარია, რომ ჩემი ოჯახი ეკლესიურად ცხოვრობს, ჩემი პატარა შვილიშვილი სტიქაროსანია. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
ქალბატონი დოდო ჯაყელი სოფლის ექიმია. უძლურებაში მყოფ მოყვასს დახმარებას უანგაროდ უწევს. ცხოვრობს ეკლესიურად და ვერც წარმოუდგენია, როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა ღვთის სიტყვის და სიყვარულის გარეშე.
- ორი წელია, რაც მეუფე ეფრემი აკურთხეს ბოლნელ ეპისკოპოსად და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა. ის ყოველი კვირის მეორე შაბათს კაზრეთის წმინდა სამების ტაძარში აღავლენს ღვთისმსახურებას. ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მეუფის ქადაგება, შეუძლებელია, ეკლესიური ცხოვრების სურვილი არ გაუჩნდეს. მეუფე ეფრემის მოღვაწეობიდან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრი ადამიანი მოექცევა ღვთისკენ. თავიდან მხოლოდ ორი სტიქაროსანი გვყავდა. დღეს მათი რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.
თავიდან კაზრეთის სამების ტაძარს წინამძღვრობდა მამა კვირიკე, შემდეგ - მამა იაკობი, რომელიც ცამეტი წელია, წინამძღვრობს ტაძარს. მეუფის ლოცვა-კურთხევით ერთი წელია რაც სამების ტაძარში მამა არჩილი აღავლენს წირვა-ლოცვას. მამა არჩილი ბალიჭის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარიცაა.
კაზრეთი ძალიან ლამაზია, აქ მოსიყვარულე, კეთილი, ერთგული და თავმდაბალი ხალხი ცხოვრობს. აქ დავიბადე და გავიზარდე და საკმაოდ კარგად ვიცნობ კაზრეთელებს. ეკლესიამ ბევრი ადამიანი გაგვაერთიანა. როცა ერთად ვართ, ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით, ურთიერთობები მეტად გვიადვილდება, ახლობლები ვხდებით.
სოფელში ყველაზე დიდი გვარებია ჯაყელი და ყაფლანიშვილი. ჯაყელები ახალციხიდან დაახლოებით XIV-XV ს.ს.-ში გადმოსახლებულან. ქვემო ქართლში ჯაყელები მხოლოდ ჩვენს სოფელში სახლობენ.
წინათ ეკლესია არ იყო მოქმედი, მაგრამ ბებია ტაძარს არ ივიწყებდა, სანთელს თავად ქნიდა და ლოცულობდა კიდეც. შვილიშვილებიც დავყავდით სალოცავში. ბებიაჩემს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის ოთხი კლასი ჰქონდა დამთავრებული, სადაც საღმრთო სჯული უსწავლია და ბავშვობიდანვე ჩამინერგა ღვთის სიყვარული.
ბატონ აბესალომ ყაფლანიშვილის ოჯახში მცირე ხნით შევყოვნდი. დიასახლისი, ქალბატონი დოდო, კაზრეთის ბიბლიოთეკის გამგეა.
- 35 წელია, რაც ამ სოფლის რძალი გახლავართ. ძალიან მიყვარს აქაურობა. ბევრი ეკლესია-მონასტერია სოფლად, ბევრი ჯერ კიდევ აღსადგენი და მოსაწესრიგებელია. მადლობა ღმერთს, რომ კაზრეთში წმინდა სამების ტაძარი მოქმედებს. თანდათან მომრავლდა მრევლი და მოსალოცადაც დავდივართ სხვადასხვა ტაძარში. მამა იაკობის ლოცვა-კურთხევით და თაოსნობით ყოველ წელს დავდივართ გერგეტში.
მამა არჩილის მობრძანების შემდეგ ტაძარში ახალგაზრდობა გამრავლდა.
სოფელში აღსადგენია ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის საყდარი. მთაზეა აღმართული წვერის წმინდა გიორგი, კაზრეთის შესასვლელში სვეტიცხოვლის სახელობის ტაძარია, ნანგრევებადაა ქცეული დავითგარეჯის ტაძარი. მეუფე ეფრემის დიდი სურვილია სათხის მონასტრის აღდგენა. წელიწადში ერთხელ, სექტემბრის დასაწყისში, მოძღვართან ერთად მივდივართ და პარაკლისს ვიხდით ამ მონასტერში. ჩვენთანაც ხშირად ჩამოდის მრევლი სხვადასხვა ეპარქიიდან. ძალიან მინდა, ჩემი ერთ-ერთი შვილი მაინც გამოვიდეს მოძღვარი. ეს ჯერჯერობით არ მეღირსა. ყველა მიყვარს, ვისაც ანაფორა აცვია. ამოქმედებამდე ტაძარს ქალბატონი ეთერ ყაფლანიშვილი უვლიდა და პატრონობდა, მოსახლეობას ლოცვისკენ მოუწოდებდა. ტაძრის აღდგენის შემდეგ მამა იაკობის სულიერი შვილი გახდა. ღმერთმა მისი მსგავსი ადამიანები გვიმრავლოს.
ქალბატონი ელისაბედი რამდენიმე წელია სამების ტაძარში მესანთლედ მსახურობს. "ღმერთის სიყვარულით მოვედი ტაძარში. როცა შინ ვარ, ჩემი სული და გული ტაძრის გარშემო ტრიალებს. ეკლესიის გარეშე უკვე ცხოვრება მიჭირს. მეუფე ეფრემის ჩამობრძანების შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრება აღორძინდა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის", - მეუბნება ქალბატონი ელისაბედი.
ბატონი დავით ოძელაშვილი წლების განმავლობაში კაზრეთის სკოლას დირექტორობდა. პროფესიით ისტორიკოსია. წარსულიც კარგად ახსოვს და აწმყოზე საუბარსაც არ ერიდება.
- 1925 წელს შევედი სკოლაში, - ამბობს იგი, - მაშინ მთელ რაიონში ქართული სკოლა მხოლოდ კაზრეთში იყო. 1929 წელს აქ გაიხსნა საკოლმეურნეო ახალგაზრდობის შვიდწლიანი სკოლა. ამ სკოლაში სწავლობდნენ ბოლნისისა და დმანისის ქართული სოფლების ახალგაზრდები. 19 წელი ვმუშაობდი კაზრეთის სკოლის დირექტორად.
ერთხანს ბალიჭის სკოლის დირექტორადაც ვმუშაობდი. უამრავი თაობა აღიზარდა ჩემს თვალწინ.
ბატონი დავითის მეუღლემ, თამარ დემურაშვილმა, გაიხსენა კომუნისტების დრო: - ტაძართან ახლოს ვცხოვრობდი, როცა წირვა მიმდინარეობდა დედა ღვთისმშობლის ტაძარში, ფანჯრიდან ვუცქერდი ხოლმე.
ღმერთიცა მწამს და ხატიცა, ვენაცვალე იმის მადლსა და ძალასა. დღეს ისე ჭირს ცხოვრება, რომ უფლის რწმენის გარეშე ყოფნა არ შეიძლება.
ბალიჭი
სოფელში ალექსანდრე გაბიძაშვილს გავესაუბრე:- ბალიჭი მთიანი სოფელია, ესაზღვრება ერთი მხრიდან დაბა კაზრეთი, მეორე მხრიდან კი სოფლები: მაშავერა, დმანისი და ვარდისუბანი. სოფელს გადმოჰყურებს კვირაცხოველის მთა. ჩანს, ამ ადგილას ტაძარი იყო. ახლა აღმართულია დიდი ჯვარი და ყოველ კვირაცხოვლობას ამ მთაზე ავდივართ ხოლმე.
ბალიჭში ცხოვრობენ: ავქოფაშვილები, ბერიძეები, ციმაკურიძეები, ზელიმაშვილები, გორგაძეები, ნასყიდაშვილები და სხვა. სოფელში 284 ოჯახი სახლობს. უმეტესობა დასაქმებულია მადნეულის კარიერის კომბინატში და შპს "კვარციტში". ძირითადი შემოსავალი სოფელს აქედან აქვს, თორემ მწირი და ურწყავი მიწების იმედად ყოფნა გაგვიჭირდება.
სამების ტაძრის ამოქმედებამდე ტაძარში შესვლა და სანთლის ანთება ეზარებოდა ხალხს. უკვე ნელ-ნელა დაიწყეს ეკლესიაში სიარული. სოფელი ძალიან მადლობელია მამა არჩილის მობრძანებით. გამოცოცხლება დაიწყო ეროვნულმა და ქრისტიანულმა სულმა.
სოფელ ბალიჭში მამა არჩილი გვმასპინძლობდა. არც ისე დიდი ხანია, რაც ბოლნისის ეპარქიაში მსახურობს და ყველას შეაყვარა თავი. მამა არჩილს ვთხოვე, ეამბა, თუ როგორ შეუდგა ქრისტეს გზას.
- ჩემი ეკლესიური ცხოვრება სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ტაძრიდან დაიწყო. მამა დავით ისაკაძესთან დადიოდნენ ჩემი მეგობრები, ახლობლები. მისი ლოცვა-კურთხევით ცოტა ხანში დავიწყე მედავითნეობის შესწავლა, მოძღვარმა მასწავლებლად მომიჩინა გიორგი ლასურაშვილი, რომელმაც საფუძვლიანად შემასწავლა მედავითნეობა. ერთი წლის შემდეგ სტიქაროსანი გავხდი. მერე უკვე ეკლესიას აღარ მოვშორებივარ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოჯახური პირობების გამო უცხოეთში წავედი. ცოტა ხანში სამშობლოში დავბრუნდი. ისე, ლონდონშიც დავდიოდი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში. იქ მსახურობდა არქიმანდრიტი ქრიზოსტომოსი, რომელმაც დიდი სიყვარულით მიმიღო. მასთან ვეზიარებოდი კიდეც. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩემმა მოძღვარმა მაკურთხა სასულიერო სემინარიაში სწავლის გაგრძელებისთვის. სწავლის პერიოდში შევხვდი მეუფე ეფრემს. მას ვეხმარებოდი წიგნის კითხვაში, სტიქაროსნობაში. გარკვეულ პერიოდის შემდეგ მეუფემ იპოდიაკვნად, მერე დიაკვნად დამასხა ხელი. ორ თვეში კი მღვდლად მაკურთხა. ცოტა ხანი მეუფესთან ერთად ვმსახურობდი ბოლნისის სიონში. 2007 წელს, მარიამობის მარხვის ბოლოს, დამადგინეს კაზრეთის სამების მოძღვრად. ტაძრის წინამღვართან, მამა იაკობთან ერთად აღვასრულებდი ღვთისმსახურებას. მეუფის ლოცვა-კურთხევით, სოფელ ბალიჭის სამების ტაძარი აღვადგინეთ და დღეს წირვა-ლოცვა აქაც აღესრულება.
- მრევლი მომზადებული დაგხვდათ სოფელში?
- მადლობა ღმერთს, ბალიჭელებმა ძალიან თბილად მიმიღეს, კაზრეთში კი ისეთი მრევლი დამხვდა, რომ ხშირად მათგან ვსწავლობდი ბევრ რამეს. მამა იაკობს მართლაც ჩამოყალიბებული სულიერი შვილები ჰყავს. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კეთილად აეწყო. რაც შეეხება შემდგომ ურთიერთობებს, ისე იქნება, როგორც მოძღვარი წარმართავს. მრევლის აქტიურობაზეც ბევრია დამოკიდებული.
მოძღვარმა პირველ რიგში ალბათ ნდობა უნდა დაიმსახუროს მოსახლეობაში. თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიისკენ სავალ გზაზე არ დააბრკოლოს ისინი. დანარჩენს ყველაფერს ღმერთი მიხედავს.
- მამაო, რას უქადაგებთ მრევლს?
- 29 წლის ვარ და ჩემს დიდ სულიერებასა და გამოცდილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამიტომ ვცდილობ, რომ წმინდა მამების დარიგებები გავაცნო მრევლს. მე არ ვქადაგებ, წმინდა მამები ქადაგებენ.
- როგორ უნდა იცხოვროს თანამედროვე ადამიანმა?
- ისევე, როგორც ცხოვრობდნენ პირველი ქრისტიანები, ცოდვასთან ბრძოლით. ეს ძალიან ძნელია... სახარებაში ვკითხულობთ: "სასუფევლისკენ მიმავალი გზა ვიწროა და ამ გზაზე მცირედნი დადიან. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიაროთ ამ გზით. როგორ? ვიკითხოთ მამათა სწავლებები, სახარება თავისი განმარტებებით. რა თქმა უნდა, ჩვენ, ადამიანები, სუსტები ვართ და ხშირად ვცოდავთ, მაგრამ მთავარია, არ დავნებდეთ და ჩვენი სისუსტე ოცდამეერთე საუკუნით არ გავამართლოთ. თუ ასე იქცევა ადამიანი, მისთვის ღვთის წყალობა იოლი მოსაპოვებელი იქნება. თუ ადამიანი საკუთარი ცოდვის გამოსწორებას არ ცდილობს, დაიღუპება.
პირველ რიგში, ადამიანმა უნდა გამოიკვლიოს, რა არის ღვთის ნება. თუ ლოცვა-კურთხევით იცხოვრებს, უფალი სწორ ცხოვრებას ასწავლის. ღმერთმა გაკურთხოთ.