ქართულ მატიანეში ამ კარს "არაგუის კარი" ეწოდება. ისტორიკოსი ლეონტი მროველი აღწერს ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზებს და ამბობს: "არის ზღვის კარი - დარუბანდი და არაგუის კარი, რომელი არს დარიალანი". იოანე საბანისძე "აბო თბილელის ცხოვრებაში" მოგვითხრობს, რომ არაბების მიერ დევნილმა ნესრე ქართლის ერისთავმა "განვლო კარი ოვსეთისაი, რომელსაც დარიალან ერქუმის". წინათ დარიალის ხეობაში მიუდგომელი ციხე მდგარა. ვახუშტი ბატონიშვილი ამის შესახებ წერს: "არს დარიელა არაგვის აღმოსავლეთით კიდესა ზედა, მეფის მირვანის მიერ აშენებული, შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოვსთათვის, რათა უმისოთ ვერღარა ვიდოდენ".
V საუკუნეში დარიალის სიმაგრეები ოსებმა გადმოლახეს. ვახტანგ გორგასალმა დაამარცხა მარბიელნი და დარიელის კარი გაამაგრა. "ხოლო დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელსა დარიანისად ეწოდა და აღაშენა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და დაადგინნა მცველად მახლობელნი-იგი მთეულნი: არა ხელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაღთა, თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა".
VI საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელები გაბატონდნენ და მეფობაც მოსპეს, მემატიანის თქმით, ისინი მაშინვე შესდგომიან ჩრდილოეთის გზის გამაგრებას. "ხოლო ქართლი უმეტესად დაიპყრეს სპარსელებმა და კავკასიანთა შევიდეს და კარნი ოვსეთისანი აიგნეს და იგი მთიულნი გომარდად (მცველად) დაადგინეს". მთიულებს დაკისრებული ჰქონდათ დარიალის სიმაგრის დარაჯობა. მათ შორის პირველობა მოხევეებს უნდა ჰქონოდათ, ვინაიდან დარიალის სიმაგრე ამ არეალში მდებარეობდა. ჩანს, ციხის ასაგებად და დასაცავად მოსახლეობა ადრევე უნდა გაჩენილიყო, დაახლოებით ახ.წ.აღ.-ით I საუკუნეში და მთიულები ეწოდებოდათ. ეს სახელწოდება ხევის მოსახლეობას XI საუკუნემდე შერჩა, მხოლოდ თამარ მეფის დროს მოიხსენიეს პირველად მოხევეებად. მემატიანეს თქმით, როდესაც მთაში ამბოხება დაიწყო, მათ წინააღმდეგ თამარმა მოუწოდა "ყოველთა მთეულთა დვალთა, ცხრა-მზმელთა, მოხევეთა" და სხვა. ამ დროიდან ეს კუთხე უკვე ცნობილია ხევის სახელწოდებით.
დარიალის ციხე დარიალის ხეობაშია. ციხის ქვითკირის კედელში გამოჭრილია სათოფურები.
ერთადერთი და ძნელად მისასვლელი გზა ჩრდილოეთიდან აქვს. ამისთვის საჭიროა აზვირთებულ თერგზე გასვლა და ციხის მაღალი გალავნის გადალახვა. გალავნის შიგნით მეორე გალავანი იწყება და ციხემდე ადის. მისი კოშკი მთელ ხეობას გასცქერის. გალავანში სადგომების ნანგრევებია. ერთ-ერთ კედელში თაღიანი გასასვლელია, საიდანაც გზა თერგზე ჩადის. ამ ვიწრო ბილიკით, რომელიც წინათ გვირაბით ყოფილა ამოშენებული, ციხეში წყალი ამოჰქონდათ.
დარიალის ციხე გასცქერის ბახტრის კოშკს. ის წინათ დარიალის ციხის საფარი იყო. იქვეა ბახტრის წმინდა გიორგის სალოცავი.
ღალანგურობა
ნიშის უმრავლესობა მაღლა მთაზეა აღმართული. ერთ-ერთია კარკუჩასა და ართხმოს შორის ღალანგურის მთაზე ღალანგურის წმინდა გიორგის ნიში. ის როდისაა აგებული, არავინ იცის. მის სიძველეს ადასტურებს გათხრების შედეგად აღმოჩენილი შიგნიდან ნალესი კედელი და არაერთი ნივთი. ნიშის ქვევით ტბაა, ტბის უკან კი ვრცელი ვაკე, სადაც ღამისთევით ასული მლოცველი დაიბანაკებდა და მთელ ღამეს ცეკვა-სიმღერაში ატარებდა.
დილას დეკანოზები დღესასწაულს იწყებდნენ წმინდა გიორგის დიდებით ამწყალობებდნენ მლოცველს, მოიხსენიებდნენ მიცვალებულთა სულებს. იკვლებოდა საკლავი - ძირითადად კურატი, რომელსაც მხვეწარი (მლოცველი) სამი წლით ადრე დანიშნავდა ღალანგურის სახელზე და მესამე წელს დასაკლავად ამოჰყავდა. იმართებოდა დიდი ტრაპეზობა, ცხენების ჯირითი. ხალხი ერთობოდა და შემდეგ მწვერვალიდან დაბლა ეშვებოდა.
ძველ ტრადიციას აქაურები ძნელად ღალატობენ. კვლავაც უამრავი ხალხი ამოდის წმინდა გიორგის სადიდებლად და დაილოცებიან ხოლმე:
"პირველად ღმერთი ვახსენეთ,
ის უფრო დიდებულია,
მერმე ის წმინდა გიორგი,
ყველაში წილდებულია".
დღეს, როდესაც ხევში მღვდელმსახურება დღითიდღე ძლიერდება, სულიერებასთან დაკავშირებულ ბევრ სასიკეთო საქმეს დაედო სათავე.
ხევის მდინარეები
დარიალის ციხის ახლოს მდებარე თერგს ერთვის მდინარე დევდორაკი, რომელიც სათავეს იღებს მყინვარიდან, ხოლო დევდორაკის პირდაპირ იწყება ხდის ხეობა, რომლის მთელ სიგრძეზე მოედინება მდინარე ხდის წყალი ანუ ქისტურა. მისი სათავიდან შესაძლებელია ხევსურეთში გადასვლა. თერგის მეორე მხარეს, სტეფანწმინდაში შესვლამდე, კვეთს მდინარე ყურო. იგი მდინარე ჩხერის პირისპირ თერგს ერთვის.
თერგის მარცხენა მხარესაა ნასოფლარად ქცეული ძველი არშა. მას გვერდზე ჩამოუდის ჩხატის წყალი. აქედან ბილიკით ავდივართ არშის ციხეში.
მდინარე თერგის მარჯვნივ კოშკების ნაშთებით მდიდარ სოფელ სნოს ჩამოუდის სნოს წყალი ანუ ხევის შავი არაგვი. სოფელ ახალციხის ახლოს სნოს წყალს უერთდება ართხმოს წყალი. მის სათავეში მიტოვებული სოფლებია ართხმო და მიგუდა.
არშის ახალი დასახლების ზემოთ, სოფელ გარბანს და სოფელ სიონს მიჯნავს მდინარე ტერხენა.
ჯვრის გადასასვლელზე ორი წყლის - მთის წყლის და თეთრი წყლის ნაერთს ბიდარა ჰქვია.
მარხვის ტრადიცია ხევში
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა). ამას ერქვა მარხვა. ყოველი კვირის ბოლოს ოჯახის უფროსი მას თითო ფრთას მოაცლიდა, რაც მარხვის ერთი კვირის გასვლას ნიშნავდა. ოჯახში მარხვის შენახვა ევალებოდა ყველას. თუ ბავშვი სახსნილო საჭმელს მოითხოვდა, უფროსები ურტყამდნენ ტომარას, საიდანაც ნაცარი ცვიოდა და ბავშვებს ეუბნებოდნენ - "მარხვა გაბრაზდაო". კვერცხი ყველა ოჯახში წითელ პარასკევს იღებებოდა და ეს დღე მძიმე უქმით აღინიშნებოდა. კვერცხების შეღებვისას უფროსები მოზარდებს ასე ეუბნებოდნენ:
"დღეს წითელი პარასკევი,
ხვალ შაბათი თენდება,
ხვალეზე რომ კვირა მოვა,
მარხვა გაჩანჩალდება".
ლაზარეს შაბათს ხარშავდნენ ლობიოს და ხორბალს მიცვალებულთათვის. სანამ ლობიო არ მოიხარშებოდა, მოხევეები არ ტრაპეზობდნენ, ბავშვებს კი ასე ასწავლიდნენ:
"აღდგომისა შაბათსაო
მკვდარნი წავლენ ტაბაკსაო,
ვინცა იმას არ იმარხავს,
გაუსკდება დედასაო".
აღდგომას იკვლებოდა საკლავი და ცხვებოდა ქადა. აღდგომის ტრაპეზს ერთად აღნიშნავდა საგვარეულო.
მამაწმინდობა
ხევში, ისევე როგორც ყველა კუთხეში, ქრისტიანული დღესასწაულები აღინიშნება. აღდგომიდან მეთორმეტე კვირას სოფლებში - ფხელშესა და გორისციხეში აღნიშნავდნენ მამაწმინდობას. გადმოცემის მიხედვით, ადრე მამაწმინდის მთავარი ნიში რუხეს ყოფილა, აქ ქალებს მისვლა ეკრძალებოდათ. შემდეგ ნიში წვერთას (წვერთა მამაწმინდა), ბოლოს კი გორისციხეში ჩამოუტანიათ. ზუსტად არავინ იცის, რას უკავშირდება ეს დღესასწაული. ერთ-ერთი ვერსიით - რუხეში მოღვაწე სასულიერო პირის სახელს. თუ ეს მართლაც ასეა, წვერთაში ეკლესიაც უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა (მაშინ სოფელ აჩხოტის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ) მრევლთან ერთად რუხეს ჯვარი აღმართა და პარაკლისი აღავლინა. მამაწმინდობას მოხევეები ყოველ წელს აღნიშნავენ. ფანშეტი
ეს სოფელი სტეფანწმინდასა და სიონს შორის, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირას მდებარეობს. ამ ადგილას, მარჯვნივ თერგს ერთვის სნოსწყალი. ამ ორი ხეობის შესაყარში აუგიათ საყარაულო კოშკები, რომლებიც დღესაც კი მიუვალია. აქ კოშკების ორი ჯგუფია. ერთი ქვემოთ, დღევანდელი სოფლის ადგილასაა და მეორე - ზემოთ, სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალი მთის ფერდობზე, სადაც ადრე სოფელი ფანშეტი ყოფილა, ხოლო გასულ საუკუნეში ძირს ჩამოსულან შიშიანობის გამო. ერთი კოშკი მდგარა თერგსა და სნოსწყალს შორის, ამჟამად იგი სანახევროდ დანგრეულია, აქ სოფელი აჩხოტია.
ამ ხეობაში კოშკების ჯაჭვია, აქედან ჩანს და ნიშანს აძლევდნენ სტეფანწმინდის, აჩხოტისა და სიონის კოშკებს. ახლა ფანშეტში ორი კოშკია. ერთი მათგანი დგას თითქმის გზისპირას, მეორე კი - ჩრდილოეთით. პირველი კოშკი დგას პიტალო კლდეზე და მეტად პროპორციული ნაგებობაა.
მეორე კოშკი დაზიანებულია. ეტყობა, ისიც პირველის მსგავსი იყო. კოშკები აგებული უნდა იყოს თოფის შემოღებამდე. სოფელ ფანშეტში სამი გვარი ცხოვრობს: საბაური, სამქანაშვილი და ჩონიაშვილი. თითოეულ მათგანს თავისი საგვარეულო კოშკი აქვს. მათგან საყურადღებოა სამქანაშვილების კოშკი.
გადმოცემით, ეს კოშკი სამქანაშვილების წინაპარს სამქანას აუშენებია. სამქანა კავთისხევიდან გადასულა ხევში.
გადმოცემით, სამქანას და გერგეტში ყოფილა ჩონიაშვილზე გათხოვილი. იგი დაქვრივებულა და სამქანას შვილებიანად ფანშეტში წამოუყვანია. ობლები აქ დაზრდილან და შემდეგ ბიძას მამულში შესცილებიან. სამქანა იძულებული გამხდარა, ჩონიაშვილებისთვის ფანშეტის მესამედი დაეთმო. ჩონიაშვილებს აქ თავიანთი კოშკი აუგიათ, იგი დღესაც დაცულია.
ფანშეტში დღეს რამდენიმე ოჯახიღა შემორჩა. აქ ახალგაზრდებს და ბავშვებს ძნელად შეხვდები. ძველად სოფელი სხვა ადგილას ყოფილა. ფანშეტი საბაურების გვარს ეკუთვნოდა. საბაურებს შავი ჭირი შეყრიათ. ერთი ფშაველი ფეხმძიმე რძალი მამის სახლში წასულა და გადარჩენილა. უკან დაბრუნებული თავიანთი გვარის ციხეში დაბინავებულა და იქ შესძენია ვაჟი.
სოფელში ძალიან კარგი, წყნარი ხალხი ცხოვრობს. ერთმანეთის მიმყოლნი, კარგი მეზობლობა და ურთიერთობა იციან, - მეუბნება ერთი მასპინძელთაგანი, - აქ მშრომელი ახალგაზრდობაა. ბევრს უმაღლესი აქვს დამთავრებული, სამსახური კი არა აქვთ, ფიზიკურად შრომობენ. ამიტომ ვერც მრავლდებიან, თითო-ოროლა შვილი ჰყავთ.
- ცალქალამანიძეები ვართ ჩვენა, კასპის რაიონის სოფელ თვალადიდან. იქიდან წამოსულმა ცალქალამანიძემ ხატიც თან წამოიღო, რომელიც ოცდაათი წელია მაბარია, - მითხრა მთარ სამქანაშვილმა, - თავიდან ჩვენი გვარის კაცი ვარდისუბანში დასახლებულა, გვარი სამქანიძედ გადაუკეთებია. ლეკების შემოსევების დროს თავს არშის ციხეს აფარებდა. მამრე დასახლებულა ფანშეტში, საბაურების გვერდით და ციხე აუშენებია, ბერძნები უშენებდნენ. მშენებლები მამა-შვილი ყოფილა. ერთ დღეს გადმოვარდნილ ქვას მოუკლავს შვილი. სიკვდილის წინ დაუბარებია, საბერძნეთში არ წამიყვანოთ, აქაურები მაინც მამიგონებენო. რომელი ქვაც მოხვედრია, მამას გაუთლია და შვილისთვის გულზე დაუდევს.
- ზამთარში როგორ ახერხებთ ცხოვრებას?
- ზამთარში ძალიან დიდი გაჭირვებაა. შარშან ორი კვირა ვერ გავდიოდით მეორე სოფელში. ღმერთმა დაგვიფაროს და, ავად რომ ვინმე გახდეს, გაძნელდება აქედან გაყვანა. ათიოდ კომლიღა დავრჩით. სკოლა არა გვაქვს, ჭირს ცხოვრება...
გერგეტის სამება
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის. ტაძარი წინათ მოხატული ყოფილა, ტაძარში დაცულია ორი ძველი ხატი, "კუბოს კარად" წოდებული. ხატები ფიცარზეა დაწერილი. ერთს "საავდროს" უწოდებენ, მეორეს - "სადაროს". საავდროზე გამოსახულია ხარება, შობა, მირქმა და ნათლისღება, "სადაროზე" - ჯვარცმა, ყოვლადწმინდა სამება, აღდგომა, თომას გვერდის განხილვა, ლაზარეს აღდგინება და მაცხოვრის იერუსალიმში შესვლა. გვალვაში გერგეტელები საავდრო ხატს ტაძრიდან გამოაბრძანებენ და წყაროს წყალში განბანენ, ავდარში კი "სადარო" გამოაქვთ. თქმულება სამების ტაძრის აშენებას თამარ მეფეს მიაწერს. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, წმინდა სამების მთაზე ანდრია მოციქულს ქრისტიანობა უქადაგია და ჯვარიც აღუმართავს. წინათ აქ მონასტერიც ყოფილა. შიშიანობის დროს აქ ამოჰქონდათ მცხეთის ტაძრის საგანძური. აქვე ყოფილა დაცული ნინოს ჯვარიც, რასაც ვახუშტიც ამოწმებს: "გერგეთის ზევით არის მყინვარის კალთასა ზედა მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესვენა ნინოს ჯვარი, შვენიერ ნაშენი, შვენიერ ადგილსა". 1749 წელს რომანოზ ბატონიშვილს ჯვარი მოსკოვში წაუღია და ბაქარ ბატონიშვილისთვის გადაუცია. სიწმინდე მხოლოდ 1801 წელს დაბრუნდა საქართველოში.
ღვთის წყალობით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აღდგა გერგეტის წმინდა სამების ტაძართან არსებული მამათა მონასტერი. იქ მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა და ტაძრის კარი ყოველი მომლოცველისთვის ღიაა.
ბეთლემი
სამებიდან გზა ბეთლემისა და მყინვარწვერისკენ მიდის. ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა. ვახუშტი ბეთლემს ასე აგვიწერს: "მყინვარის კლდესა შინა არიან ქვაბნი გამოკვეთილნი, ფრიად მაღალსა კლდესა და უწოდებენ ბეთლემს, გარნა საჭიროდ ასავალი არს; რამეთუ არის ჯაჭვი რკინისა გარდმოკიდებული ქვაბიდამ და მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა, მდგომს უსვეტოდ, უსაბლოდ და სხვათაცა საკვირველთა, არამედ მე ვდუმებ".
შორს, ერთ მაღალ კლდეზე, ბეთლემის ჯვარი მოჩანს, მაგრამ მასთან მისასვლელი გზა და კვალი უჩინარია.
ჟამთასვლამ ბეთლემში ყველაფერი წალეკა. მისი სენაკები და გამოქვაბულები დაიქცა და მოიშალა, მხოლოდ ანდეზიტის ერთ დიდ ლოდზეა შემორჩენილი ქვის ჯვარი. ამ ლოდს სამხრეთით მიშენებული ჰქონია სამლოცველო, რომელიც უკვე ჩამოქცეულია. მხოლოდ სასანთლე და ორი ქვის ბოძი დგას, აიაზმის ქვის ჭურჭელი და მარხილის ნაწილი. ამ მარხილით ბერები თურმე შეშას ეზიდებოდნენ. ჩრდილოეთით ორი მრგვალი სენაკის ნანგრევია. შემორჩენილია ძველი შენობის ორი კედელი, რომელსაც ირმის საწველს უწოდებენ. მოხევეების რწმენით, ბეთლემი სასწაულმოქმედია და შემოგარენში მონადირეს თოფის სროლის უფლება არ აქვს. იტყვიან, ბეთლემი დააბრმავებსო.
თქმულება სტეფანწმინდაზე
სტეფანწმინდელებს წინათ ყუროს მთის ძირას, დავაკებაზე უცხოვრიათ. მახლობლად, წითელ ეკლესიაში მდგარა სტეფანე ბერი. ერისკაცობაში ღრუბელა რქმევია და გვარად ფიცხელაური ყოფილა. დაქვრივების შემდეგ ბერად შემდგარა სტეფანეს სახელით. ჯერ ბეთლემის უდაბნოში უმოღვაწია, სადაც ხალხს მისთვის წითელი ეკლესია აუშენებია. ერთხელ დიდი ნიაღვარი მოვარდნილა და ყუროდან ტალახი წამოსულა. სტეფანეს დროზე შეუტყვია მოსალოდნელი უბედურება, სეტყვისგან თავდასაცავად თავზე კოდი გადაუხურავს, კოშკში შევარდნილა და ზარების რეკვა აუტეხია. ხალხი მიმხვდარა, რაც მოელოდა და გახიზნულა, სოფელს კი სტეფანეს ღვაწლის აღსანიშნავად სტეფანწმინდა დაარქვეს.
ახალციხე
სოფელ სნოს ზემოთ, სამიოდე კილომეტრის მოშორებით, გზას კვეთს პატარა მდინარე. სწორედ ამ გადაკვეთის ადგილასაა სოფელი ახალციხე. სოფელს უძველესი ტაძრის მადლი იფარავს. IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში თამარ მეფის დროინდელი ჯვარია შემორჩენილი. მოზრდილ ჩარჩოში ჩასმული ხის ჯვარი ვერცხლის ფირფიტებითაა შემოსილი, რომელსაც ძველი ქართული, ნახევრად გაცრეცილი წარწერა ამშვენებს. ტაძარი მოქმედია და აქ ღვთისმსახურებას მღვდელმონაზონი იოანე აღასრულებს. ღვთისმშობლის ტაძრის მოლოცვის შემდეგ გზაში ას წელს მიღწეული ლაზო (ლაზარე) პაპა ვნახეთ.
- 1945 წლიდან ამ სოფელში ვცხოვრობ. მანამდე ვცხოვრობდი ჩეჩენ-ინგუშეთში, სოფელ ბალთაში. იქიდან წამიყვანეს ომში და დაჭრილი დავბრუნდი ახალციხეში. იმ დროს ჩვენი სოფელი სულ სხვანაირი იყო. უფროსის სიტყვა ეყურებოდა ყველას. დღეს ასე აღარ არის.
- ლაზარე პაპა, კარგი რა გახსოვთ თქვენი ცხოვრებიდან?
- კარგი ჯეელობა მახსოვს... მშრომელი ახალგაზრდა ვიყავი. ვმუშაობდი, ფულიც ბევრი მქონდა და დროს, როგორც მინდოდა, ისე ვატარებდი.
- ძველი სოფელია ახალციხე?
- მთელ რაიონში ოთხი ძველი სოფელია - ახალციხე, ფანშეტი, სიონი და სნო.
- რა გვარის ხალხი ცხვრობთ?
- ბუჩუკურები, ქერაშვილები, ფიცხელაურები, ჩაბაიძეები. მე ბუჩუკური გახლავართ. ჩვენი გვარის ხალხს წინათ თავისი ციხესიმაგრე ჰქონია. ნელ-ნელა შევმცირდით, გაიკრიფა ხალხი, აღარ დგება აქა. ზამთარში შეიძლება ათი სულიღა დავრჩეთ. სხვა რა გზა გვაქვს, ვუმკლავდებით აქაურ პირობებს. ზამთარში შეიძლება სამი კვირა სოფელი ჩაკეტილი იყოს.
წინათ ჩვენი სოფლის გვარის ხალხი ქერაშვილები და ბუჩუკურები ერთმანეთში ქალს არ თხოულობდნენ. ახლა ეს ტრადიცია დაირღვა. შეიცვალა ყველაფერი...
- ტაძარში დადიხართ?
- მამა იაკობი რომ მსახურობდა ჩვენს ტაძარში, დღეს არ ვაცდენდი. რაც ის წავიდა, აღარ დავდივარ. მოძღვარი კი გვყავს, მამა იოანე, მაგრამ მამა იაკობთან ვიყავი შეჩვეული. განა მამა იოანე ცუდი იქნება? მაგრამ რაღაც ვეღარ დავდივარ. აღსარებასაც ვეუბნებოდი და ვეზიარებოდი კიდეც. როცა ღმერთს ვახსენებ ხოლმე, სულ სხვაგვარად ვხდები. თითქოს ჯანმრთელობაც მემატება. ყოველ დილა-საღამოს ვლოცულობ და ვახსენებ ქრისტე ღმერთს, უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მუდამ ვთხოვ საქართველოს გადარჩენას.
ჩვენი სოფლის წყალგაღმა სოფელი ქოსელია - მანდ ფიცხელაურები ცხოვრობენ. ორი კომლიღა დარჩა. ზამთარში კი მარტო ერთი კაცი რჩება. მე გავდივარ და ვსაუბრობთ ხოლმე. სოფელი ქოსელი ერთი კაცის ამარად დარჩა.
ხევში, სამწუხაროდ, ბევრია ასეთი სოფელი, რომელსაც პატრონი დღემდე არ გამოსჩენია.
დანარჩენ სოფლებზე საუბარი შემდეგისთვის შემოვინახოთ...